Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1167-1097-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. გ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ზ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ზ-ის (შემდეგში: მესაკუთრე, მოსარჩელე, აპელანტი) საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, ბ-ის ქუჩის №43-ში (საკადასტრო კოდი №... იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.1., ს.ფ.7) მიშენებულია დამხმარე ფართი 11.6 კვმ, რომელიც რეგისტრირებულია, ცალკე საკადასტრო ერთეულად (ბ-ის ქ. №39/41-ში/გ-ის ქუჩის №43-ში, საკადასტრო კოდი №... იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -ტ.1., ს.ფ.47; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 311-ე, 312-ე მუხლები).

2. მითითებული მიშენება 1975 წელს აწარმოა ბინის ყოფილმა მესაკუთრემ ე. ც-ემ (შემდეგში: ყოფილი მესაკუთრე), რომელიც არის ქ. გ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან კასატორი) მეუღლე და მასში მოაწყო სამზარეულო და აბაზანა-საპირფარეშო (იხ: ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალები - ტ.1., ს.ფ.23-26). მიშენებულ ფართობში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსარჩელის ბინიდან გამავალი კარის მეშვეობით, რომელიც მანამდე იყო ფანჯრისათვის განკუთვნილი ერთადერთი ღიობი (იხ: შენობის შიდა აზომვითი ნახაზი - ს.ფ.248; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 9 ივნისის №002896114 დასკვნა -ტ.1.,ს.ფ.249-258); მიშენებული ფართით სარგებლობდნენ მეუღლეები - ყოფილი მესაკუთრე და პირველი მოპასუხე, 2013 წლის 10 აპრილს პოლიციის მიერ, ახალი მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, გამოსახლებამდე (ტ.1., ს.ფ. 87).

3. მიშენებული ფართობი განთავსებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შემდეგში: ამხანაგობა, მეორე მოპასუხე) საკუთრებად რეგისტრირებულ 1149 კვმ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით №...); ამ ნაკვეთზე ამხანაგობის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2009 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან -7.1., ს.ფ.27).

4. მესაკუთრემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული საცხოვრებელი ბინა, 2012 წლის 22 ნოემბერს, შეიძინა საჯარო აუქციონზე. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, რომელიც წინ უძღოდა აუქციონს; კერძო აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული იყო სადავო მიშენებაც, როგორც ყოფილი მესაკუთრის (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) კუთვნილი საცხოვრებელი ბინის შემადგენელი ნაწილი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისას (ვებ-გვერდზე: Error! Hyperlink reference not valid. განთავსებული იყო სწორედ სადავო მიშენებაში (იხ: სააღსრულებო წარმოების მასალები - ტ.1., ს.ფ.187-196; სსკ-ის 3064 - ე, 3065 - ე მუხლები, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“საქართველოს კანონის, შემდეგში სააღსრულებო კანონის 71-ე, 75-ე მუხლები).

5. ამხანაგობის წევრთა (22 წევრი) 2013 წლის 9 ივლისის კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით (კრების ოქმი №21), ზემოხსენებული მიშენება მიეკუთვნა პირველ მოპასუხეს (იხ. ოქმი -ტ.1., ს.ფ.42), რის შემდეგაც ამ ქონებაზე 2013 წლის 23 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება (ტ.1.,ს.ფ.47; სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები).

6. საცხოვრებელი ბინის მესაკუთრემ 2014 წლის 6 მარტს სარჩელი აღძრა და მოითხოვა ამხანაგობის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებისა (კრების №21 ოქმი) და მის საფუძველზე პირველი მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული დამხმარე ფართის ჩანაწერის ბათილად ცნობა.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

8. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით №...) არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ საჯარო აუქციონის შედეგად შეძენილი, მანამდე ყოფილი მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდით №... არსებით შემადგენელ ნაწილს (სსკ-ის 150ე- მუხლი). სადავოდ ქცეული 11.6 კვმ დამხმარე ფართი - მიშენებული იყო მესაკუთრის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაზე და აუქციონის მასალებშიც იყო მოხსენიებული, როგორც ბინის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, მიშენება განთავსებულია ამხანაგობის (მეორე მოპასუხის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და, შესაბამისად, მისივე არსებით შემადგენელ ნაწილად მიიჩნეოდა, რომლის განკარგვაც თავისუფლად შეეძლო მესაკუთრეს - ამხანაგობას (იხ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში ამხანაგობის შესახებ კანონი, 28-ე მუხლი).

9.საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 149-ე, 150-ე მუხლების, ამხანაგობის შესახებ კანონის მე-3, მე-5 მუხლებით და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა არის იმავე მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი და არ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს. შესაბამისად, სადავო ქონებაზე იპოთეკა ვერ გავრცელდებოდა, იგი აუქციონზე არ გასხვისებულა და მისი შემძენი არ გამხდარა მესაკუთრე, არამედ - მის მესაკუთრედ დარჩა ამხანაგობა, რომელმაც, კანონით დადგენილი წესით, განკარგა იგი პირველ მოპასუხეზე. სადავო ფართის გამიჯვნა, მიუხედავად იმისა, რომ მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინიდან, დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობითაც შეიძლებოდა, რაც არ დაუკარგავდა მოსარჩელის კუთვნილ ქონებას ფუნქციურ დანიშნულებას.

10. საცხოვრებელი ბინის მესაკუთრემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

11.სააპელაციო საჩივარში მესაკუთრემ შემდეგ არგუმენტებზე მიუთითა: სადავო ქონებას, მის განკარგვამდე ამხანაგობის მიერ (იხ. ამ განჩინების მე-5 პუნქტი), ფლობდა თავად მესაკუთრე; პირველი მოპასუხე არასდროს ყოფილა ამხანაგობის წევრი. დაუსაბუთებელია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის კუთვნილი ბინისაგან სადავოდ ქცეული მიშენების გამიჯვნის შემთხვევაში, ქონებას არ დაეკარგებოდა ფუნქციური დანიშნულება; საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებდნენ, რომ სადავოდ ქცეული მიშენებული ფართი სწორედ მესაკუთრის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილი იყო 1975 წლიდან, როდესაც ამხანაგობა შექმნილიც კი არ იყო. სადავო ფართში მოწყობილია სამზარეულო და აბაზანა-საპირფარეშო, რაც, ამხანაგობის შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არ შეიძლება მიეკუთვნოს ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებას.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის წევრთა კრების 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება (კრების №21 ოქმი) და, მის საფუძველზე,საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე №...

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, სსკ-ის 150-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა: მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო მიშენება განთავსებულია სხვა სუბიექტის - ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე; ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმა - ყოფილმა მესაკუთრემ მიშენება შექმნა (კონსტრუქციულად დაუკავშირა) საკუთარ საცხოვრებელ ბინას და სარგებლობდა ამ ფართობით, სანამ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდებოდა ამხანაგობის საკუთრებად. ამდენად, სადავო ნაგებობა მანამდე იქცა ყოფილი მესაკუთრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის არსებით შემადგენელ ნაწილად, სანამ იგი, ფორმალურად, მოექცეოდა სხვა სუბიექტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

14. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე, კერძოდ: „თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა“. უდავოა, რომ ყოფილი მესაკუთრის წინააღმდეგ, ამხანაგობას ამგვარი პრეტენზია არ განუცხადებია; ამდენად, იგი უნდა შეგუებოდა შექმნილ ფაქტობრივ ვითარებას. სასამართლომ სააღსრულებო კანონის 75-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დანაწესზეც იმსჯელა, რომელთა თანახმად, სააღსრულებო წარმოებისას, გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე, იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე; ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან, ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე. ამდენად, იძულებითი აუქციონის შედეგად ყოფილი მესაკუთრის ქონების შემძენ მესაკუთრეზე სრულად გადავიდა შეძენილ ქონებასთან დაკავშირებით არსებული ყველა უფლება, მათ შორის, სადავო მიშენებაც. ამავე კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით; მოხმობილი ნორმის საფუძველზე გამოცემული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს გასაყიდი ქონების დასახელებას და მის მოკლე აღწერას; ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge.

15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეს წესი დაცული იყო და აუქციონის შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სარეალიზაციო ქონების აღწერილობაში მითითებული იყო ყოფილი მესაკუთრის კუთვნილი სადავო მიშენებაც, რითაც მოსარჩელეს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობა წარმოეშვა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებისადმი, რომ მის მიერ აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილების შედეგად, მოიპოვებდა საკუთრების უფლებას განცხადებაში აღნიშნულ სარეალიზაციო ქონებაზე. იძულებითი (საჯარო) აუქციონის შედეგად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (სააღსრულებო განკარგულების) საფუძველზე, იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესდა მოსარჩელის საკუთრების უფლება რეალიზებულ ქონებაზე, მათ შორის - სადავო მიშენებაზეც. უდავოა, რომ აუქციონის შედეგები პირველ მოპასუხეს ან ამხანაგობას, კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გაუხდიათ.

16. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობას არ შეეძლო, განეკარგა ქონება, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაში იყო. ამდენად, ამხანაგობის წევრთა 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, ასახული №21 ოქმში, წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო გარიგებას, რომელიც, სსკ-ის 54-ე მუხლის თანხმად, ბათილი გარიგებაა და, შესაბამისად, ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის - პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებას და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძველს.

17. პირველმა მოპასუხემ (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მან ასევე მიუთითა, რომ მოგვიანებით წარმოადგენდა დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს (იხ. ტ.2, - ს.ფ. 75), რაც არ წარმოუდგენია.

18.საკასაციო საჩივარი შემდეგ პრეტენზიებს ემყარება:

15.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 150-ე მუხლი, კერძოდ ის, რომ სადავო ფართობი მესაკუთრის ბინის არსებითი შემადგენელი ნაწილია, რაც უსაფუძვლოა, რადგან მოწინააღმდეგეს აქვს ორი სხვადასხვა ეზო და შესასვლელი. სადავო მიშენება დამოუკიდებელი საკადასტრო კოდითაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და მისი იურიდიული მისამართიც განსხვავდება მესაკუთრის საცხოვრებელი ბინის მისამართისაგან.

18.2. ამხანაგობამ მის მიწის ნაკვეთზე აშენებული ფართის შესახებ როგორც კი გაიგო, მოიწვია კრება და ნაგებობა საკუთრებაში გადასცა პირველ მოპასუხეს.

18.3. აუქციონზე გაიყიდა საცხოვრებელი სახლი საკადასტრო კოდით ..., რომელშიც არ შედის მიშენება, ვინაიდან სადავო ფართს სხვა კოდი და მისამართი აქვს.

18.4. ამხანაგობას არ განუკარგავს ქონება, რომელიც მესაკუთრემ აუქციონზე შეიძინა. მესაკუთრის ქონებაში სადავო ფართი არ შედის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხე მას ვერ დაარეგისტრირებდა საჯარო რეესტრში.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-772-733-2013, 27.01.2014წ., #ას-394-374- 2015, 16.10.2015წ.).

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც მოცემულია წინამდებარე განჩინების 13-16 პუნქტებში, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა - მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ შემადგენელი ნაწილი ისეთი ნაწილია, რომელიც თავისი ბუნებით დაკავშირებულია ნივთის დანიშნულებასთან. საცხოვრებელი ბინის ფუნქციიდან გამომდინარე, აბაზანა-საპირფარეშო და სამზარეულო აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს მასში ცხოვრება. შესაბამისად, მათ გარეშე საცხოვრებელი ბინა კარგავს დანიშნულებას, გარდა ამისა, შემადგენელი ნაწილი სივრცობრივ კავშირშია ნივთთან და ქმნის ერთ განსაზღვრულ ერთიანობას. ის გარემოება, რომ დამხმარე ფართს განსხვავებული საკადასტრო კოდი და მისამართი აქვს, ვერ შეცვლის მისი, როგორც ნივთის შემადგენელი ნაწილის სამართლებრივ ბუნებას.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა დადგინდა სადავო ფართის მესაკუთრის საცხოვრებელ ბინასთან განუყოფლობა, რაც სამართლებრივად შეფასდა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად, ამხანაგობის მიერ მისი განაწილება არა იმ პირზე, ვინც ნივთის მესაკუთრეა, არამედ სხვა პირზე, უკანონოა და გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

27. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ქ. გ-ეს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. ჯ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 765 ლარის (საგადასახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 16 ნოემბერი და საგადასახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 2015 წლის 11 დეკემბერი), 70% – 535.5 (ხუთას ოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე