Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1171-1101-2015 29 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობასა (შემდეგში გამგეობა, მოპასუხე, შემსყიდველი ან კასატორი) და შპს ''პ-ას'' (შემდეგში საწარმო, მოსარჩელე ან მიმწოდებელი) შორის 2014 წლის 30 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #1.1.13/30/31 (შემდეგში ხელშეკრულება), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2014 წლის 30 მაისიდან - 2014 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო მთლიანი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო - 2014 წლის 30 ოქტომბერს [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე მუხლი; იხ. ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტები, ტ. 1, ს/ფ 17].

2. ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, მათ შორის ს-ისა და ბ-ის ქუჩებზე, შიდა კვარტალური გზების ორმული შეკეთებისა და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე გამოყოფილი თანხები 1 552 469.76 ლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით, უნდა გახარჯულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დადგენილ ვადაში.

3. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა შესყიდვის ობიექტის გრაფიკით გათვალისწინებული მიწოდების ვადას, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%.

4. ხელშეკრულების 13.1 პუნქტით, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევდა საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.

5. ხელშეკრულების 13.2 პუნქტით, ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ განიმარტა მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებად, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

6. ხელშეკრულების 13.3. პუნქტის საფუძველზე, საწარმომ, 2014 წლის 11 ივლისს, წერილობით აცნობა გამგეობას ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის თაობაზე და, მოსული ნალექების გამო, სამუშაოების შეფერხების საფუძვლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკში ორ მისამართზე /ბ-ის №29, ს-ოს №28 და ს-ის №8, №9/ ითხოვა ვადის გაზრდა 15 დღით (ტ. 1, ს/ფ 31).

7. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ივლისის №12/1-238 წერილით (შემდეგში გარემოს სააგენტოს წერილი) დადგენილია, რომ 2014 წლის 2 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, წვიმდა: 2-4, 8-11, 16, 19- 20, 23- 25, 30 ივნისს და 1, 3, 6-8 ივლისს, სულ -19 დღე.

8. სამუშაოების დასრულების და მხარეთა ვალდებულებების თაობაზე, 2014 წლის 12 ნოემბრის აქტის (შემდეგში შესრულებულ სამუშაოთა აქტი) თანახმად, დგინდება, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული თითოეული მისამართის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა შესრულებულ სამუშაოებზე შპს ''ლ-ის'' მიერ დამოწმებული # 2 ფორმით და, ამის შემდეგ, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული თანხების საფუძველზე, კერძოდ: ბ-ის ქ. №29 და ს-ოს ქ. №28-ში შესრულებულ სამუშაოებზე სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ, ნაცვლად 104 098.44 ლარისა, შეადგინა 92 317.81 ლარი; ხოლო ს-ის ქ. №9 და ს-ის ქ. №8 -ში, ნაცვლად 100 458.29 ლარისა, 72 583.7 ლარით.

9. შესრულებულ სამუშაოთა აქტით (იხ. განჩინების მე-8 პუნქტი) დგინდება, რომ ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად, ორ მისამართზე, გრაფიკით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს 7025.89 ლარის გადახდა, კერძოდ: 1) ბ-ის ქ. №29 და ს-ოს ქ. №28 კორპუსების ეზოებში სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 20 ივლისს, მაგრამ დასრულდა 25 ივლისს, როცა გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №5 – 31 7352.45 ლარზე, ამ მისამართზე 5 დღით ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს 2307.95 ლარს; 2) ს-ის ქ. №9 და №8 კორპუსების ეზოებში, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 15 ივლისს, მაგრამ დასრულდა 28 ივლისს, როცა გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №6 – 72 583.70 ლარზე, 13 დღით ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს 4717.94 ლარს.

10. მიმწოდებელმა 2014 წლის 2 ოქტომბერს სარჩელი აღძრა შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა.

12. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 629-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

13. საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობდა. სასამართლომ შეაფასა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათი, მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების ქრონოლოგიური განვითარება და დაასკვნა, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენისათვის აუცილებელი წინაპირობები. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის, უხვი ნალექის, გამო.

15. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. აპელანტის შეფასებით, მოსარჩელის არგუმენტის გაზიარება იმის თაობაზე, რომ მან სამუშაოს შესრულების ვადის გადააცილა ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, უსაფუძვლო იყო, რადგან მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობა (იხ. განჩინების მე-7 პუნქტი) არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ამ გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, გარკვეულ პერიოდში, ჯამში სულ 19 დღე წვიმდა, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული ჰქონდა 43 დღე. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამუშაოს შესრულების განხორციელებისათვის ხელშემშლელ გარემოებას ადასტურებდნენ სხდომაზე დაკითხული მოწმეები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში; ამავე მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის კითხვაზე, თუ რამდენი დღე დასჭირდებოდათ მათ მოცემული სამუშაოების შესასრულებლად იმ შემთხვევაში, თუკი ნალექი საერთოდ არ იქნებოდა, განმარტეს, რომ იგივე სამუშაოების შესრულებას, კარგი ამინდის პირობებში, საშუალოდ მოანდომებდნენ 20-25 დღეს (მაშინ, როდესაც მათ ამ სამუშაოებისათვის გეგმა გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული ჰქონდათ ერთ შემთხვევაში - 46, მეორე შემთხვევაში კი - 43 დღე, ხოლო გარემოს სააგენტოს ცნობით, მხოლოდ 19 დღე წვიმდა); გარდა ამისა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების №1 დანართით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის პ.3, პ.15 მიხედვით გათვალისწინებული იყო, ასევე, წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც მოიცავს ისეთი სახის სამუშაოებს, რაც არ არის დამოკიდებული მეტეოროლოგიურ პირობებზე და მათ ჩატარებას ხელს ვერ შეუშლიდა წვიმის სახით ნალექი. აქედან გამომდინარე, გამგეობა, დაუსაბუთებლად მიიჩნევდა სასამართლოს შეფასებას, დაუძლეველი ძალის არსებობის უტყუარ მტკიცებულებად, გარემოს სააგენტოს წერილის მიჩნევასთან დაკავშირებით.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინებით გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათ საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.

19. მხარეეი არ დავობდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულების ფაქტზე, თუმცა, ვალდებულების შეუსრულებლობაში, საწარმოს საკუთარი ბრალის არ არსებობის მტკიცებულებად, გარემოს სააგენტოს წერილი მიაჩნდა.

20. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს მიერ წარმოდგენილი ცნობა (იხ. განჩინების მე-7 პუნქტი), ადასტურებდა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პერიოდში აღინიშნა უხვი ნალექი, სულ - 19 დღე. ამ გარემოების გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია; რაც შეეხება, გამგეობის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო ზოგადი, არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა სახის ნალექი იყო, ღამით იყო ნალექი, თუ დღისით. მითითებული არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა, ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მტკიცება, რომ საწარმოს მიერ წარდგენილი მეტეოროლოგიური ცნობის თანახმად, ნალექების მოსვლის თარიღებს შორის იყო შუალედები და ამ პერიოდში შესაძლებელი იყო სამუშაოების წარმოება, ვინაიდან, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, კერძოდ, მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის სამუშაოების წარმოება შეიძლებოდა, გამგეობას არ წარმოუდგენია. საწარმომ მიუთითა, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს განეკუთვნება ე.წ. ფარული სამუშაოები, რომლის დროსაც ხდება გრუნტის (მიწის) დატკეპნა, შემდეგ მიმდინარეობს მოხრეშვა და ბოლოს იწყება ასფალტის დაგება; ცხადია, რომ ნალექის პირობებში დატკეპნითი სამუშაოები ვერ ჩატარდებოდა, რადგან გამოიწვევდა გრუნტის ატალახებას და შესაბამისად, ვერც ასფალტის საფარი დაიგებოდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ზედაპირი იქნებოდა არასწორი და შესაბამისად, საბოლოოდ, შესრულებული სამუშაო იქნებოდა უხარისხო.

21. დადგენილია, რომ წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ საწარმოს წერილს გამგეობისადმი, ამ უკანასკნელის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

22. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 629-ე, მე-400, 361-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ, უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.

23. მხარეს, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

24. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, დადგენილ ვადაში, ვერ შეასრულა მისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, წვიმის უხვი ნალექის გამო; შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საწარმო მართებულად გათავისუფლდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შიდა კაპიტალური გზების ორმული შეკეთებისა და შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 7025.89 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

25. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამგეობამ ვერ უზრუნველჰყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, ხოლო წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიები არ იძლეოდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

26. გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

27. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგზე:

27.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოსათვის განსაზღვრული გეგმა-გრაფიკი წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

27.2. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა და სამუშაო შეასრულა ვადის დარღვევით;

27.3. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრებოდა პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5 %;

27.4. მოწმეთა ჩვენებები ადასტურებს, რომ მიმწოდებელს საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეესრულებინა ვადის დარღვევის გარეშე, შესაბამისად, 19 დღე ნალექის არსებობა არ წარმოადგენს ფორს-მაჟორულ გარემოებას, რის გამოც იგი უნდა გათავისუფლებულიყო პირგასამტეხლოს გადახდისაგან; ამასთან, სასამართლო უთითებს „უხვ ნალექზე“, ხოლო ცნობაში საუბარია „ნალექზე“.

27.5. საქმეში წარმოდგენილი მეტეოროლოგიური ცნობა არის ზოგადი ხასიათის, რომელიც რეალურად მწირ მონაცემებს შეიცავს და არ გამოდგება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ კომპანიას არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისა და საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

32. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

34.1. სსკ-ის 401 მუხლისა და მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების 13.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით შესრულებამ არ უნდა გამოიწვიოს საწარმოსათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ვინაიდან სამუშაოს დაგვიანება არ იყო გამოწვეული მიმწოდებლის ბრალით.

34.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმის მასალებით, უტყუარად დასტურდება, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წარმოიშვა ფორს-მაჟორი, რამაც შეაფერხა მიმწოდებელი, სამუშას დროულ შესრულებაში.

34.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების მე-20 პუნქტშია გადმოცემული და მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია.

34.4. სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შესძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი ანალიზი არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.

34.5. მტკიცებულებათა მოგვიანებით წარმოდგენასა და მოსარჩელის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 4 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა, საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას, მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა.

35. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისიწინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი.

36. სსსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 4 დეკემბერს წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტიცებულებები 22 ფურცლად (ტ. 2, ს/ფ 84-105), კერძოდ: საწარმოს მიერ შპს „ლ-ასადმი“ 2014 წლის 20 ოქტომბერს გაგზავნილი წერილი; გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 ივლისის წერილი საწარმოსადმი; 2014 წლის 11 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი N 448; საგადასახადო ანგარიშფაქტურა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განჩინების ასლი, საქმეზე N 2ბ/1109-15.

37. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. შპს "პ-ას" დაუბრუნდეს 2015 წლის 4 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 22 ფურცლად (ტ. 2, ს/ფ 84-105);

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე