Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1183-1113-2015 22 იანვარი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჭ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ას (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, ნ. მ-ას (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე) დაეკისრა მატერიალური ზიანის - 4650 ლარის გადახდა, რაც გამოწვეული იყო მოპასუხის მფლობელობაში მყოფი ავტომანქანის შეჯახებით საპირისპიროდ მოძრავ მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან (რომელიც არ იყო მისი საკუთრება და მინდობით ჰქონდა გადაცემული), რის გამოც ნივთი დაზიანდა („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 ნაწილი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 724-ე, 992-ე მუხლები); მოპასუხეს, ასევე, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 138.5 ლარის, წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი 500 ლარის, აუდიტორული მომსახურებისათვის - 250 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის - 280 ლარის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 53-ე მუხლი); მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 31.5 ლარი;

2. რაიონული სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, დასაშვებობის შემოწმების შემდეგ, მიღებულ იქნა წარმოებაში, ამასთან აპელანტს, სახელმწიფო ბაჟის - 186 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი წესით, რამდენჯერმე გაეგზავნა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელეს), როგორც სარჩელში მითითებულ მისამართზე - ქ.თ-ში, ჩ--ის ქ. №19-ში (ს.ფ. 1) 23.06.2014წ., ასევე საქმის მასალებში, კერძოდ სანოტარო აქტში მითითებულ მისამართზე: ქ.თ-ი, გ. ჩ-ას ქ. №19/2 - ში (ს.ფ. 98), სადაც 02.07.2014 წ. ორჯერ იყო მისული კურიერი, რომელიც ადრესატს ვერცერთ მისამართზე ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართი არასრული ან არასწორი იყო (ს.ფ. 187-188, 191-192). სააპელაციო სასამართლომ გზავნილი გაუგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელსაც - შ. კ-ას, რომელიც ამ უკანასკნელსაც ვერ ჩაჰბარდა და 03.07.2014წ. დაუბრუნდა სასამართლოს აღნიშვნით: ადრესატი იმყოფება უცხოეთში (ს.ფ. 190, 194-195).

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 10 ივლისს, მოწინააღმდეგის მიერ დადგენილ ვადაში, სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ 2015 წლის 2 ოქტომბერს წარადგინა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

7. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2015 წლის 21 აგვისტოს, არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და ითხოვს მის გაუქმებას (ს.ფ. 217-218).

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის მოწინააღმდეგის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მიიჩნია დაუშვებლად და განუხილველად დატოვა.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად საჩივრის ავტორი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2015 წლის 21 აგვისტოს, მან კი საპროცესო ვადის დარღვევით - 2 ოქტომბერს წარადგინა საჩივარი (იხ. ამ განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტები). სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სსსკ-ის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

10. სსსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საჩივრის მიღება სასამართლოს არ მიაჩნია დასაშვებად, მას გამოაქვს ამის შესახებ განჩინება, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. თუ მოსამართლეს საჩივარი არ მიაჩნია დასაშვებად იმის გამო, რომ გაშვებულია გასაჩივრების ვადა, არ შეავსო ხარვეზი, საჩივარი შემოიტანა არაუფლებამოსილმა პირმა და ა.შ. მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, მისი დაუშვებლობის გამო.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგემ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 2 ოქტომბერს ანუ გასაჩივრების 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც მისი საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია (იხ. ამ განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტები).

12. მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება, საჩივრის დაკმაყოფილება, ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

13.კერძო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტებზე:

13.1.სააპელაციო სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება საჩივარზე დართულ დოკუმენტებზე, რომლებითაც დგინდება, რომ რაიონულ სასამართლოში, მისი მოთხოვნის შემდეგ, 2015 წლის 21 სექტემბერს, ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ის გარემოება, რომ საჩივარში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 21 აგვისტო, 21 სექტემბრის ნაცვლად მექანიკური შეცდომაა.

13.2. კერძო საჩივრის ავტორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ე.ი. 21 სექტემბრიდან 10 დღეში, 30 სექტემბერს წარადგინა საჩივარი, რაც ადასტურებს, რომ საპროცესო ვადა არ დაურღვევია (ს.ფ.242).

13.3. საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ს. ძ-ა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მისთვის სააპელაციო საჩივრისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე არ უცნობებია. კერძოს საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასამართლომ 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება სწორედ ს. ძ-ას გაუგზავნა.

13.4.სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანით არსებითად დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რითაც მოსარჩელეს წაერთვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული და გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს

გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მან კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში წარადგინა საჩივარი და საპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა იგი განუხილველად.

18. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მომჩივანმა 2015 წლის 21 აგვისტოს ჩაიბარა, ხოლო საჩივარი კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 2 ოქტომბერს წარადგინა (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები.)

19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პრეტენზიას, გადაწყვეტილების 21 სექტემბერს ჩაბარების თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, საქმის მასალებში არ დევს ხელწერილი, განცხადება ან რაიმე სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა 21 სექტემბერს ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

20. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 76-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სამართალწარმოების მონაწილე პირმა, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა, შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და აცნობა სასამართლოს თავისი მისამართის ცვლილების შესახებ. კანონის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მიზნად ისახავს სამართალწარმოების მონაწილე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფას ისეთი მონაცემების ცვლილებისა და მათ შესახებ სასამართლოს ინფორმირების თაობაზე, რაც მხოლოდ მხარეს შეუძლია და არ არის დამოკიდებული სასამართლოზე, ამასთან გამიზნულია მხარეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად საქმისწარმოების თითოეულ ეტაპზე.

21. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტზე მითითებით, ვერ გაიზიარებს, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლოს უწყება უნდა გაეგზავნა ს. ძ-ასათვის, რადგან სწორედ ეს უკანასკენელი წარმოადგენდა აპელანტის ინტერესებს. საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ სასამართლომ გზავნილის ჩაბარება, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, სცადა როგორც მოსარჩელის, ისე მის წარმომადგენლისათვის - შ. კ-ასათვის, რომელზეც მარწმუნებელს მინდობილობა გაცემული აქვს 2014 წლის 25 დეკემბერს სამი წლით (ს.ფ. 15), ხოლო მისი გაუქმების სანოტარო აქტი, საქმეში არ არის წარმოდგენილი. კერძო საჩივრის ავტორს არც ის უცნობებია სასამართლოსთვის, რომ მხოლოდ მასთან და ს. ძ-ასთან უნდა ჰქონოდა სასამართლოს კომუნიკაცია. ასევე დაუსაბუთებელია, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მისი უფლება, სამართლიან სასამართლოზე, ხელყოფილია. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებული პროცედურული წესი მოდავე მხარეთათვის თანაბარ ვალდებულებას ითვალისწინებს, სამართალწარმოების დროულ და ეფექტიან ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება შეფასდეს ეროვნული სასამართლოს მიერ ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს თავისი საჩივრის განსახილველად სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად წინამდებარე განჩინების 9-10 პუნქტებში მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა განუხილველად აპელანტის მოწინააღმდეგის საჩივარი, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჭ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე