საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1192-1121-2015 22 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –ზ. ზ-ძის კანონიერი წარმომადგენელი თ. ო-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ზ-ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინება, ახალციხის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის განჩინება, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება (ძირითად სარჩელში), ალიმენტის ოდენობის გაზრდა და დამატებით ხარჯებში მონაწილეობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ. ზ-ძეს (შემდეგში: მოსარჩელე, ბავშვის მამა, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში, მოწინააღმდეგე მხარე) და თ. ო-ეს (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის დედა, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში, აპელანტი, კასატორი), ჰყავთ საერთო შვილი, 20.. წლის 27 ნოემბერს დაბადებული ზ. ზ-ძე (შემდეგში: შვილი, ბავშვი; ტ. I, ს.ფ. 14).
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 16.08.2013 წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება; არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მოსარჩელეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ასორმოცდაათი) ლარი, სარჩელის აღძვრიდან – 2013 წლის 18 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები).
3. განჩინების გამოტანის დროისათვის მოსარჩელე მუშაობდა სს „ფ-ოში“, ახალციხის სერვის ცენტრის საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე. მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 500 ლარს, დანამატი – 400 ლარს, ხოლო ბონუსი 400-დან 700 ლარამდე იყო. მოსარჩელე 2014 წლის 21 იანვრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
4. მოსარჩელე 2014 წლის 13 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ხ. ბ-ესთან (ტ. I, ს.ფ. 13).
5. ბავშვის მამამ 2015 წლის 16 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა ალიმენტის შემცირება (სსკ-ის 1221-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო მოპასუხემ, შვილის წარმომადგენელმა, იმავე წლის 29 აპრილს შეგებებული სარჩელით მოითხოვა ალიმენტის გაზრდა 300 ლარამდე (სსკ-ის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილი) .
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მას შეუმცირდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტი 30 ლარით და, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, მის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად, დაეკისრა 120 ლარის გადახდა. მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო ამ განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, იმაზეც იმსჯელა, რომ:
7.1. არასრულწლოვანი ბავშვი ამჟამად ცხოვრობს დაბა ასპინძაში, მოპასუხის მშობლებთან ერთად, იქვე დადის ბაგა-ბაღში, უფროსი ასაკის ჯგუფში, და ცეკვის წრეზე, სადაც გადასახადს არ იხდის.
7.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 აგვისტოს (N13276321-2/219-13წ.) განჩინების მიღების დროს მოპასუხე უმუშევარი იყო და არ ჰქონდა შემოსავალი. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების შემდეგ, ბავშვის დედამ დაიწყო მუშაობა და ამჟამად მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს.
7.3. საქმის განხილვის დროს ბავშვის მამა აღარ მუშაობს და შემოსავლის წყარო არ გააჩნია.
7.4. ბავშვი არც სარჩელის აღძვრის დროისათვის და არც საქმის სასამართლოში განხილვისას, თბილისში, არ დადიოდა ცურვაზე, ცეკვასა და ფეხბურთზე; შესაბამისად, ბავშვის დედა არ იხდიდა ამ თითოეულისათვის, ყოველთვიურად, 50–50 ლარს.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბავშვის მამა დასაქმებულია, ატარებს სარემონტო სამუშაოებს, საიდანაც აქვს შემოსავალი, ვერც ამ განჩინების 7.4. ქვეპუნქტში მითითებული ფაქტი დადასტურდა; ასევე, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია ყოველწლიურად ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე დასვენება. მითითებულ გარემოებებზე აპელირებისას, შეგებებული მოსარჩელე მარტოოდენ ზეპირი ახსნა–განმარტებით შემოიფარგლა და რაიმე კონკრეტული მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
9.მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება და ასპინძის მაგისტრი მოსამართლის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება, მოითხოვა მათი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
10. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარში შემდეგ პრეტენზიებზე მიუთითა:
10.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დაბა ასპინძა, რეალურად, ის თბილისში ცხოვრობს და ბაღშიც აღარ დადის, დასრულებული აქვს.
10.2. ბავშვის მამის ბანკიდან გათავისუფლება, არ ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია შემოსავალი. მოსარჩელეს არაოფიციალური შემოსავალი აქვს სარემონტო სამუშაოების განხორციელებით, ასევე, იგი მისდევს სოფლის მეურნეობას, თუმცა, ეს გარემოებები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
10.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ ბავშვი არ დადის ცურვაზე, არც ფეხბურთზე და ცეკვაზე.
10.4. სასამართლო უთითებს, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა ცნობა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ, როდესაც რეალურად წარდგენილი იყო ორი ცნობა, ასევე, კალკულაცია სამომავლო ხარჯებთან დაკავშირებით, რაც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის გამოწვეული.
10.5. სასამართლო არ მსჯელობს, თუ რა გონივრული ხერხით და რაზე დაყრდნობით გამოთვალა ალიმენტის თანხა, 120 ლარით როგორ იქნება უზრუნველყოფილი არასრულწლოვანის ინტერესები.
10.6. სასამართლო მხოლოდ იმაზე აპელირებს, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სამსახურიდან და აღარ აქვს შემოსავალი, მაგრამ არ ითვალისწინებს არასრულწლოვანის ინტერესებს: ასაკის მატებას რაც იწვევს მოთხოვნილებების ზრდას, ამიტომაც წარმოიშვა ალიმენტის გაზრდის საჭიროება. რაც შეეხება დამატებით ხარჯებში მონაწილეობას, ის არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული და მშობლის ვალდებულებაა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება.
10.7. დაუსაბუთებელია 2015 წლის 30 აპრილის განჩინება საქმის ახალციხის რაიონული სასამართლოსთვის გადაგზავნის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე–14 მუხლის საფუძველზე საქმე ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს განსჯადი იყო.
10.8. განსახილველ საქმეზე თვითონ არასრულწლოვანი უნდა იყოს მოპასუხე, ვინაიდან ალიმენტის მიმღები არის ბავშვი და არა მისი დედა. სსსკ-ის 101–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე არის არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი. სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე.
11.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
12. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს, უფლებებთან ერთად, აკისრებს საკუთარივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ალიმენტის გაზრდის მოთხოვნისას, მოსარჩელემ სარწმუნოდ და დამაჯერებლად უნდა დაამტკიცოს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
13. სასამართლომ მიუთითა, წინამდებარე განჩინების 7.4 ქვეპუნქტსა და მე-8 პუნქტში მითითებულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის განმარტებების გარდა, რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც კონკრეტულ ფაქტებს დაადასტურებდა, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
14. სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მეორე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
15. სსკ-ის 1212-1214-ე, 1221-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. აღნიშნული მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვ. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტი შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების ან მშობლის შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიზარდოს ალიმენტი.
16. მშობლებს სსკ-ის 1198-ე მუხლით ეკისრებათ ვალდებულება, რომ აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
17. სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას, მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ.
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ამ განჩინების 2-4 პუქტებში, 7.1.-7.4. ქვეპუნქტებში, მე-8 პუნქტში მითითებული გარემოებები, ამასთან, მოპასუხის მდგომარეობა, მოსარჩელესთან შედარებით გაუმჯობესებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია ქვემდგომი სასამართლოს მიერ ალიმენტის 120 ლარით განსაზღვრა.
19. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 1215-ე მუხლზე დაყრდნობით, განმარტა, რომ არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. აღნიშნული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეძლო (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
20. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია მაგისტრი მოსამართლის 2015 წლის 30 აპრილის განჩინება, რომლითაც სამოქალაქო საქმე #15724985-2/002-15 მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხის წინააღმდეგ ალიმენტის შემცირების შესახებ, მოპასუხის შეგებებულ სარჩელთან ერთად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
21. სასამართლომ სსსკ-ის მე-14 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული დავები მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, თუ აღძრულია სარჩელი ალიმენტის გადახდევინების შესახებ და ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, ბავშვის მამისათვის დაკისრებული ალიმენტის 150 ლარის შემცირება 50 ლარამდე, ხოლო ბავშვის დედის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელისათვის დაკისრებული 150 ლარიანი ალიმენტის 300 ლარამდე გაზრდას ეხებოდა, ასევე - მოპასუხისათვის დამატებით ხარჯის სახით, ყოველთვიურად, ცეკვის, ფეხბურთის და ცურვის გადასახადის, თითოეულისათვის 50–50 ლარის დაკისრებას, ბავშვის სრულწლოვანებამდე, ასევე, ზამთრისა და ზაფხულის ყოველ სეზონზე ბავშვის დასვენებისათვის, მოთხოვნილი იყო 150 ლარი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის საგანი აღემატებოდა 2000 ლარს და საქმე მართებულად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს განსახილველად.
22. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 85-ე, სსკ-ის 1212-1214-ე მუხლების საფუძველზე, კანონიერად მიიჩნია რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისის განჩინება, არასათანადო მოპასუხის შეცვლის შესახებ, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფდა, რომ კანონი თვითონ განსაზღვრავდა საალიმენტო ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტებს. განსახილველ დავაში ჩართული იყო ორივე მშობელი, რაც კანონიერი იყო და ისინი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყვნენ არასათანადო მხარეებად.
23. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა, რომ სსსკ-ის 101-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილის კანონიერ წარმომადგენელს და განსახილველ საქმეზე სათანადო მოპასუხე იყო. სასამართლომ იმაზეც მიუთითა, რომ თავდაპირველი სარჩელი მოსარჩელის წინააღმდეგ სწორედ მოპასუხემ აღძრა და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრება.
24. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს იმავე წლის 28 მაისის გადაწყვეტილება; იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას: ა) 2015 წლის 30 აპრილს, განსჯადობასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, ბ) რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მაისს არასათანადო მოპასუხის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე. მოპასუხე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა უსწორობის გასწორებაზე (ტ.2., ს.ფ.91).
25. საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ არგუმენტებზე:
25.1. გასაჩივრებულ განჩინებაში სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლები სახეზეა, კერძოდ: სასამართლო დადგენილ ფაქტებს მიიჩნევს ისე, რომ არც კი მსჯელობს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე. რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რამაც არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
25.2. განჩინება ემყარება არასწორ ფაქტებს, არაა მსჯელობა სააპელაციო საფუძვლებზე, არასრულწლოვანის ინტერესებზე; გადაწყვეტილების ფორმაც გაუმართავია, რაც, სსსკ-ის 394-ე მუხლით, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. განჩინებაში მითითებული არაა, რატომ არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები. განჩინება ფორმალურადაც გაუმართავია, კერძოდ, მოპასუხემ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, გაასაჩივრა საქმესთან დაკავშირებული სხვა განჩინებებიც, რომელთა თაობაზე სააპელაციო სასამართლო მსჯელობს განჩინების დასაბუთებისას, თუმცა, სარეზოლუციო ნაწილში არაა მითითებული დაკმაყოფილდა თუ არა ეს განჩინებები.
25.3. სასამართლო განჩინების დასაბუთებისას არ მსჯელობს არასრულწლოვანის ინტერესზე, არ გამოდის კანონის ნორმების დათქმიდან და ვერ ასაბუთებს, იქნება თუ არა უზრუნველყოფილი არასრულწლოვანის ინტერესები დადგენილი ალიმენტით .
25.4. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობელს ან, შესაბამის შემთხვევაში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
25.5. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
25.6. დასახელებული შიდა და საერთაშორისო ნორმებისა და სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი მოვალეობაა, რომელიც თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის შენარჩუნებას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან(სუსგ # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.).
30. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა, თუმცა, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია რადგან, ალიმენტის დადგენის შემდეგ, სსკ-ის 1215-ე და 1221-ე მუხლები, ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, იძლევა მისი შეცვლის შესაძლებლობას.
33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზოგადი შინაარსის პრეტენზიებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ, მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან, არის უმუშევარი და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. ამასთან, ასევე შეცვლილია მისი ოჯახური მდგომარეობაც, იგი საქმის განხილვისას რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება და ელოდება შვილს. რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მას გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავალი, რომელიც მოსარჩელის შემოსავალს ბევრად აღემატება. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, რომ მოსარჩელეს სხვა შემოსავლები გააჩნია.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ განჩინების მე-15 პუნქტში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან. გონივრულად და სამართლიანად მიაჩნია ალიმენტის შემცირება 30 ლარით (150 - დან 120 ლარამდე), რაც არ შეიძლება განხილული იქნეს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რადგან, ცხადია, რომ ყოველდღიურ ყოფაში, ბავშვის ასაკობრივ ზრდასთან ერთად მატულობს მოთხოვნები, თუმცა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწოვანის შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში (სსკ-ის 1197-ე მუხლი), ხოლო კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა ალიმენტის ცვლილების (გაზრდა ან შემცირება) შესახებ (სსკ-ის 1221-ე მუხლი), რაც, განსახილველ შემთხვევაში, დადასტურებულია სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის გათვალისწინებით, კასატორმა ვერ შეძლო, დაეძლია მოსარჩელის მოთხოვნის არგუმენტაცია და დასაბუთებული შედავება წარმოედგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებზე.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა წინარე განჩინებებზე, მაგრამ სარეზოლუციო ნაწილში არ ასახა შედეგი. აღნიშნული საკითხი საპროცესო ნორმის დარღვევას წარმოადგენს (სსსკ-ის 372, 249.5. მუხლები), რასაც არ მოჰყოლია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა (სსსკ-ის 393- ე მუხლის მე-3 ნაწილი) და კასატორის პერეტენზიები ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
36.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ზ-ძის კანონიერი წარმომადგენლის თ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე