საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1210-1137-2015 22 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. რ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საპროცესო ვადის აღდგენა, ხარვეზის შევსებულად მიჩნევა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. რ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს ”ს-ის” (შემდეგში: დამსაქმებელი, მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) 2014 წლის 5 დეკემბრის №15-02/1486 ბრძანება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს დაევალა მისი აღდგენა დამსაქმებლის აჭარისა და გურიის რეგიონალური ფილიალის საორგანიზაციო ჯგუფის ოპერატორის ტოლფას თანამდებობაზე; მოპასუხეს, ასევე, დაევალა მოსარჩელისათვის იძულებით გაცდენილი დროის შრომის ანაზღაურება, 2014 წლის 11 დეკემბრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 625 ლარის დაანგარიშებით (ტ. 2., ს.ფ. 88)
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დამსაქმებელს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 460 ლარი, რომლის გადახდის დოკუმენტი, განჩინების ასლის ჩაბარებიდან, 7 დღეში უნდა წარედგინა სასამართლოსთვის. მასვე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
4. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინების ასლი დამსაქმებელს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და იმავე წლის 6 ოქტომბერს ჩაჰბარდა მისი კანცელარიის თანამშრომელს - მ. ჩ-ეს (ტ.2., ს.ფ. 114).
5. დამსაქმებლის წარმომადგენელმა მ. ჯ-მა 2015 წლის 30 ოქტომბერს (ფოსტის მეშვეობით) სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარუდგინა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ, ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინება დამსაქმებლის კანცელარიაში შევიდა იმავე წლის 6 ოქტომბერს. დამსაქმებლის წარმომადგენელმა განცხადებაში მიუთითა, რომ, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დროულად ვერ მოხდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა და განცხადებას დაურთო 2015 წლის 30 ოქტომბრის საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის 460 ლარის გადახდის ქვითარი. განმცხადებელმა მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევა (ტ. 2., ს.ფ. 147-149).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად და უდავოდ მიიჩნია წინამდებარე განჩინების 3-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსება დასაქმებულს შეეძლო 2015 წლის 13 ოქტომბრის 24:00 საათამდე.
8. დასაქმებულმა, საპატიო მიზეზის მიუთითებლად, მხოლოდ 2015 წლის 30 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და გადახდის ქვითრის დედანი იმავე წლის 31 ოქტომბერს, 18 დღის დაგვიანებით წარუდგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
9. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 59-ე, 61-ე, 63-ე, 70-ე, 74-ე, 368-ე და 374-ე მუხლებზე.
10. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
11. სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან დამსაქმებელს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი არ შეუვსია და შუამდგომლობითაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის, ხარვეზის გამოსასწორებლად, დანიშნული ვადის გაგრძელების შესახებ, არ მიუთითებია საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად მისი დარღვევის საპატიო მიზეზზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
12. დამსაქმებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, საპროცესო ვადის აღდგენით, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
13. კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს წინამდებარე განჩინების 3-5 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლებით.
13.1. მომჩივანისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოხდა ბაჟის გადახდა განჩინებით დადგენილ ვადაში, მან, ვადის აღდგენის მოთხოვნით, დასაბუთებული განცხადებით მიმართა სასამართლოს.
13.2. საქმე თავისი შინაარსით რთული კატეგორიისაა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელიც შეუძლებელს გახდის შემდგომში მის აღსრულებას, საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკისათვის.
13.3. კერძო საჩივრის ავტორმა 2016 წლის 18 იანვრის შუამდგომლობით მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით, მხარეთა ჩართულობით განხილვა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დამსაქმებლის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ აღადგინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და შესაბამისად არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. საქმის მასალებით დადგენილია და მომჩივანიც ადასტურებს, რომ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში, დამსაქმებელს ხარვეზი არ შეუვსია და სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობით 18 დღის შემდეგ მიმართა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო ვადის აღდგენა საპატიო მიზეზის არსებობისას დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ კანონი პირდაპირ არ უთითებს მისი აღდგენის შეუძლებლობაზე. სასამართლოს აქვს პროცესუალური უფლებამოსილება, გააგრძელოს და არა აღადგინოს მის მიერ დანიშნული ვადა (სსსკ-ის 63-ე მუხლი), მიუხედავად იმისა, რომ ვადის გაგრძელებისა და ვადის აღდგენის საპროცესო მოქმედებებს ერთნაირი სამართლებრივი შედეგი აქვთ, ტერმინოლოგიური სხვაობა იმით აიხსნება, რომ სასამართლო მის მიერ დანიშნულ ვადას ვერ აღადგენს (მაგ. ხარვეზის შესავსებად, შესაგებლის წარმოსადგენად და ა.შ. დანიშნული ვადები), მას შეუძლია დანიშნული ვადის გასვლამდე გააგრძელოს ეს ვადა. აქედან გამომდინარე, ვადის აღდგენის შესახებ, შუამდგომლობის არსებობისას, მხარის მითითება ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე არსებითი და მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, როცა ობიექტურად არსებობდა ვადის აღდგენის შესაძლებლობა.
20. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი, როგორც შპს-ს სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებული იურიდიული პირი თვითონვე ადასტურებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საპროცესო ვადის გაშვების შემთხვევაში, ერთნაირი შედეგი დგება მხარისათვის, იქნება იგი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, თუმცა, სასამართლო იმასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ იურიდიულმა პირმა, რომელსაც არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსის პრობლემა არ ჰქონდა, სასამართლოს განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, მინიმალური სტანდარტი არ დაიცვა, რათა საკუთარი ინტერესების დასაცავად, განჩინებით დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამოეყენებინა კანონით დადგენილი შესაძლებლობა და, გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის, სასამართლოსთვის მიემართა საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა არათუ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად, არამედ საპროცესო ვადის გაშვებიდან 18 დღის შემდეგ წარუდგინა სასამართლოს განცხადება თანდართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დოკუმენტითა და მოთხოვნით, რომ ხარვეზი მიჩნეულიყო აღმოფხვრილად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა თუ არა საპატიო მიზეზზე და ეს მიზეზი შეფასდებოდა თუ არა საპატიოდ, რადგან სასამართლოს არ გააჩნდა ვადის აღდგენის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი. ამავე დასაბუთებით და სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით, საკასაციო სასმართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, რადგან აღნიშნული ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს განხილვის საგანს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი, კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ს-ის" შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ს-ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე