საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1284-1205-2015 22 იანვარი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლა და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ჯ- იმ” (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან კერძო საჩივრის ავტორი) 2015 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მერია, მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, მათ შორის 2013 წლის 04 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ # 208 ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) ვადის დარღვევის საპატიოდ ჩათვლისა და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვების ობიექტის დასრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. საწარმომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, საწარმოს სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული, ხოლო იმავე წლის 14 სექტემბრის განჩინებით, დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2015 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე (ს.ფ. 247).
5. საწარმოს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც მის წარმომადგენელს, ა. კ-ეს ჩაჰბარდა 2015 წლის 24 სექტემბერს, ხოლო მოწინააღმდეგეს - მერიის იურიდიული განყოფილების სპეციალისტს, ი. გ-ას, 2015 წლის 12 ოქტომბერს, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე, 276-ე, 278-ე მუხლები).
6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. იმავე დღეს, სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (სსსკ-ის 231-ე მუხლი).
7. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსსკ-ის 387-ე, 372-ე, 229.2-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში, 2015 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მოწინააღმდეგე მხარე, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით. მხარეებს სასამართლოსთვის არ უცნობებიათ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
8. სასამართლომ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გარემოება მიიჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
9. საწარმომ, კერძო საჩივრით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად, საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
10. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე, სასამართლო უწყება ჩაჰბარდა საწარმოს, ხოლო მის წარმომადგენელ ადვოკატს უწყება არ ჩაჰბარებია, ამ უკანასკნელისთვის საწარმოს დირექტორს სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ არ უცნობებია, რადგან თავად აპირებდა სასამართლოში გამოცხადებას.
11. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საწარმოს დირექტორი 2015 წლის 18 ოქტომბერს იმყოფებოდა ლანჩხუთში, საღამოს გახდა ავად და, 19 ოქტომბერს, დილით, 10:35 საათზე, მარცხენა თირკმლის მწვავე შეტევით გადაიყვანეს ლანჩხუთის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში, სადაც იმყოფებოდა დღის ბოლომდე. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.
12. კერძო საჩივარზე დართული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100), პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესზე დაუსწრებლობა, სსსკ-ის 215.3-ე მუხლის საფუძველზე საპატიოდ უნდა ჩაითვალოს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით საწარმოს კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ საწარმო, კანონით დადგენილი წესით, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ, თუმცა, მისი დირექტორი, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა სასამართლოში. ეს უკანასკნელი იმასაც ადასტურებს, რომ ადვოკატი სხდომის თაობაზე არ გაუფრთხილებია.
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და საპატიოდ ვერ მიიჩნევს მხარის გამოუცხადებლობას სასამართლო სხდომაზე იმ ვითარებაშიც კი, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დასტურდება დირექტორის ავადმყოფობა. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
18. ზემოხსენებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სასამართლოს ვალდებულებაა მხარის ან წარმომადგენლის გაფრთხილება სასამართლო სხდომის თაობაზე. ერთ-ერთი მათგანის ინფორმირებულობა, ნიშნავს, რომ მეორე სუბიექტიც გაფრთხილებულია, რითაც უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომის ჩატარება. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე იურიდიული პირია, მას შეეძლო, სასამართლო სხდომაზე გამოცხადება უზრუნველეყო სხვა თანამშრომლის ან ადვოკატის მეშვეობით (სსსკ-ის 93-ე მუხლი). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით კი დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია და თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ საწარმოს დირექტორმა საკუთარი ნებით არ მიიღო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა და მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები, ამიტომ საწარმოს წარმომადგენლის დაუსწრებლობა სასამართლო სხდომაზე, საპატიოდ ვერ ჩაითვლება.
19. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ-ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე