Facebook Twitter

№010210015794412

საქმე №ას-115-111-2016 08 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – თ-ხ-ი, ლ- კ-ია, ი- მ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები:

1. თ- ხ-მა, ლ- კ-იამ, ი- მ-მა (შემდეგში: „მოსარჩელეები“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრეს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „აპელანტი“ ან „ა(ა)იპ-ი“) მიმართ და მოითხოვეს:

- ლ. კ-იას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 01 აპრილის №38 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად, 1100 ლარის დაკისრება;

- ი. მ-–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 01 აპრილის №39 ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ-ის კოორდინატორის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად, 750 ლარის დაკისრება;

- თ. ხ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 01 აპრილის №40 ბრძანების ბათილად ცნობა, ამხანაგობის კოორდინატორის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის - 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად, 750 ლარის დაკისრება.

II. მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან (რეორგანიზაციის სახელწოდებით) გამომდინარე, ვინაიდან ა(ა)იპ-ში გაუქმდა ის თანამდებობები, რომლებზედაც მუშაობდნენ მოსარჩელეები. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. ლ- კ-იას, თ- ხ-ის, ი- მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

2. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 01 აპრილის №38 ბრძანება ლ. კ--იას ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის ტოლფასს თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1100 ლარის ოდენობით.

3. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 01 აპრილის №39 ბრძანება ი. მ--ის ა(ა)იპ-ის ამხანაგობის კოორდინატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა ა(ა)იპ-ის ამხანაგობის კოორდინატორის ტოლფასს თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 750 ლარის დაანგარიშებით.

4. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 01 აპრილის №40 ბრძანება თ. ხ-–ის ა(ა)იპ-ის ამხანაგობის კოორდინატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა ა(ა)იპ-ის ამხანაგობის კოორდინატორის ტოლფასს თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური ხელფასი 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 750 ლარის დაანგარიშებით.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ლ. კ---ია 2012 წლის 3 დეკემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა მოპასუხე ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1100 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №38 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა ორგანიზაციული ცვლილებები - საშტატო ერთეულის შემცირება.

7. ი. მ-–ი მუშაობდა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ა(ა)იპ-ის კოორდინატორის პოზიციაზე, 2015 წლის 5 იანვრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე - ა(ა)იპ-ის მუნიციპალური ერთეულის მიხედვით კოორდინატორის პოზიციაზე, ხოლო 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 01 აპრილამდე - ა(ა)იპ-ის კოორდინატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 750 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №39 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა ორგანიზაციული ცვლილებები - საშტატო ერთეულის შემცირება.

8. თ. ხ-ი 2012 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ა(ა)იპ-ის კოორდინატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 750 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №40 ბრძანებით ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა ორგანიზაციული ცვლილებები - საშტატო ერთეულის შემცირება.

9. თვითმმარველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის №195 განკარგულებით დამტკიცებული ა(ა)იპ-ის წესდების თანახმად, ა(ა)იპ-ი არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მართვაც ხორციელდება საქართველოს კანონმდებობის და აღნიშნული წესდების შესაბამისად. წესდების მე-7 მუხლის თანახმად, „ბათუმის კორპუსის” შემადენლობაში სტრუქტურულად შედის ადმინისტრაცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი, იურისტი, შესყიდვების კოორდინატორი, ამხანაგობების კოორდინატორი, საქმეთა მმართველი), სამეურნეო განყოფილება, დაგეგმვისა და სამუშაოთა წარმოების განყოფილება.

10. ა(ა)იპ-ის 2012 წლის 27 ივლისის №2 ბრძანებით დამტკიცდა ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის ფუნქციები, რომლებსაც წარმოადგენდა:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და მისი განვითარების ხელშეწყობა; ორგანიზაციის სახელით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, წევრებთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა და სასწავლო, სააგიტაციო-განმარტებითი მუშაობის განხორციელება; შესაბამის ორგანოებთან ერთად და საინიაციატივო ჯგუფების მონაწილეობით მრავალბინიანი სახლების ტექნიკური პასპორტებისა და მრავალბინიანი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციიის მომზადება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის კოორდინაცია, ბინათმესაკუთრეთა ამანაგობების წევრთა სწავლების კოორდინაცია; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშესაწყობად პროგრამებისათვის წინადადებების შემუშავება და დირექტორთან წარდგენა; ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმირებისა და საინფორმაციო მასალების გავრცელების უზრუნველყოფა; ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დირექტორის ცალკეული დავალებებისა და საქართველოს კანონმდებობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალებების შესრულება.

11. ა(ა)იპ-ის დირექტორის 2012 წლის 27 ივლისის №2 ბრძანებით ასევე დამტკიცდა ამხანაგობების კოორდინატორების ფუნქციებიც, რომლებსაც წარმოადგენდა:

-საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობის მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და განვითარების საკითხებში; სამსახურის სახელით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, წევრებთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა და სასწავლო, სააგიტაციო-განმარტებითი მუშაობა; შესაბამის ორგანოებთან ერთად და საინიაციატივო ჯგუფების მონაწილეობით მრავალბინიანი სახლების ტექნიკური პასპორტებისა და მრავალბინიანი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციიის მომზადება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამებისა და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი; ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და საქართველოს კანონმდებობით გათვალისწინებული სხვა უფლება- მოვალებების შესრულება.

12. ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 22 აგვისტოს №582 ბრძანებით დამტკიცდა ა(ა)იპ -ის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები, რომლის თანახმად, ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგი განისაზღვრა 41 საშტატო ერთეულით, რომელშიც შედიოდა ერთი დირექტორის მოადგილე და ოთხი ამხანაგობის კოორდინატორი.

13. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 07 თებერვლის №69 ბრძანებით ცვლილებები შევიდა ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 22 აგვისტოს №582 ბრძანებაში და ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგი განისაზღვრა 42 საშტატო ერთეულით კერძოდ, დაემატა დირექტორის მოადგილის კიდევ ერთი შტატი.

14. ა(ა)იპ-ის დირექტორის 2014 წლის 19 თებერვლის №15 ბრძანებით ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილეს, ლ-- კ--იას დაევალა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაცია.

15. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 24 თებერვლის №95 ბრძანებით ცვლილება შევიდა ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 22 აგვისტოს №582 ბრძანებაში და ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგი განისაზღვრა 43 საშტატო ერთეულით კერძოდ, ამჯერად დაემატა ამხანაგობის კოორდინატორის კიდევ ერთი საშტატო ერთეული.

16. ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 25 დეკემბრის №919 ბრძანებით კვლავ ცვლილება შევიდა ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 22 აგვისტოს №582 ბრძანებაში და საშტატო განრიგი განისაზღვრა ამჯერად, 55 საშტატო ერთეულით, კერძოდ, დაემატა ამხანაგობის კოორდინატორების საშტატო ერთეულები მუნიციპალური ერთეულების მიხედევით.

17. 2015 წლის 20 მარტს, ა(ა)იპ-ის დირექტორის მიერ ჩატარდა თათბირი, სადაც ა(ა)იპ-ის ყველა თანამშრომელი წერილობით იქნა გაფრთხილებული ა(ა)იპ-ში მოსალოდნელი ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაოდან გათავისუფლების და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

18. 2015 წლის 30 მარტს, ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებულ იქნა №პ/380 ბრძანება ა(ა)იპ-ის წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ა(ა)იპ-ის წესდების მე-7 მუხლი, რომლითაც განსაზღვრული იყო სტრუქტურა, ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

სტრუქტურა და სტრუქტურაში შემავალი თანამშრომლების რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად. თანამშრომელთა უფლებამოსილებები (თანამდებობრივი ინსტრუქციები) ა(ა)იპ-ის ფუნქციებიდან გამომდინარე განისაზღვრება დირექტორის სამართლებრივი აქტით-ბრძანებით. ა(ა)იპ-ის დირექტორს დაევალა აღნიშნული ბრძანებით განხორცილებული ცვლილებების შესაბამისად, კანონდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.

19. 2015 წლის 31 მარტს ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებული იქნა №226 ბრძანება ა(ა)იპ -ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ ქ. ბათუმის მერის 2013 წლის 22 აგვისტოს №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ-ის ახალი საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები, რომლის თანახმადაც, კვლავ გაიზარდა საშტატო ერთეული და ა(ა)იპ-ის საშტატო ერთეული განისაზღვრა 56 შტატით. აღნიშნული საშტატო განრიგით მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულები შეცვლილია და საშტატო განრიგი აღარ შეიცავს დირექტორის მოადგილის შტატს, მაგრამ დამატებულია განყოფილების უფროსების საშტატო ერთეულები.

20. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (მოპასუხე) განმარტა, რომ საწარმოში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად ა(ა)იპ -ის ფუნქცია არ შეცვლილა, მოსარჩელეთა თანამდებობებით გათვალისწინებული საქმიანობის სახეები კვლავ ხორციელდება, თუმცა იგი სრულდება სხვადასხვა საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირების მეშვეობით და კონკრეტული საშტატო ერთეული, რომლითაც სრულად იქნებოდა გათვალისწინებული ადრინდელი სამუშაოს შესრულება საწარმოში აღარ არსებობს.

21. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ, რომ მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ქ. ბათუმის მერის 2015 წლის 31 მარტის №226 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგი და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი.

ამდენად, მხარეებს შორის ძირითადი სადავო საკითხია ა(ა)იპ -ში რეორგანიზაციის ჩატარება.

სადავო საკითხის დადგენისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ-ი) გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, რომლის თანახმადაც, მოპასუხის საპროცესო ვალდებულებაა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს, რომ რეალურად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა მუშაკთა რიცხოვნობის შემცირება და მოსარჩელეები სწორედ ამ ორგანიზაციული ცვლილებების გამო, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

22. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

დამსაქმებლის მიერ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

23. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე წერილობითი მტკიცებულებებისა და მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის ადგილი ჰქონდა ა(ა)იპ-ის რეორგანიზაციას, რაც სამსახურების ცვლილებებში და სხვადასხვა სამსახურებში შტატების ოპტიმიზაციაში გამოიხატა.

საწარმოში არ არსებობს ახალი საშტატო ერთეულებით განსაზღვრული პოზიციების ფუნქციების განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი, რომლის შედგენის ვალდებულება საწარმოს დირექტორს გააჩნდა.

შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად იმგვარად შეიცვალა მოსარჩელეთა მიერ დაკავებული პოზიციებისათვის წაყენებული მოთხოვნები, რომ მოსარჩელეები მას ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

ამავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულების სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირება ან ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლებოდა მიჩნეულიყო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დადასტურდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი და არც ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ შესაბამის პოზიციებზე მოსარჩელეების მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობებზე არსებული მოთხოვნებიდან განსხვავებული მოთხოვნების არსებობა, რასაც მოსარჩელეები ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

საქმის მასალებით დადასტურდა საპირისპირო - შტატების გაზრდის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის უფლება მართლზომიერად იყო გამოყენებული, ხოლო სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოხატვაა, რომელსაც დასაქმებულთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოსდევს.

24. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ა(ა)იპ-ის გადაწყვეტილებები (ბრძანებები) მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბათილია, პირველი ინსტანიის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეები აღდგენილი იქნა ტოლფასს თანამდებობაზე, გამომდინარეობს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებიდან და დასაბუთებულია.

25. სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების ბათილობამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი განთავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. ამ გარემოების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეებს აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური ხელფასი 2015 წლის 01 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით, დასაბუთებულია.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და მოცემულ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითადად ემყარება იმავე გარემოებებსა და მოსაზრებებს, რასაც სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ:

- სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ უფლება-მოვალეობები, რასაც მოსარჩელეები ასრულებდნენ, თითქოსდა დღის წესრიგიდან არ ამოღებულა, კვლავ აქტიურია და იგი სრულდება სხვა საშტატო ერთეულების მეშვეობით.

- სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია ამავე კოდექსის 37-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, არანაკლებ 30 დღით ადრე შრომითი ხელშკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნით გააფრთხილოს დასაქმებული. მართალია, მითითებული მუხლი შეიცავს ასეთ ჩანაწერს თუმცა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 37-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშკრულების შეწყვეტისას, ასევე შესაძლებელია დამსაქმებელმა შეწყვეტის თაობაზე დასაქმებული გააფრთხილოს 3 დღით ადრე. განსხვავება მდგომარეობს დასაქმებულისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობაში. 30 დღით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ერთი თვის შრომის ანაზღაურებას, ხოლო 3 დღით ადრე გაფრთხილებისას - 2 თვის შრომის ანაზღაურებას.

- გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია ტოლფას სამუშოზე მოსარჩელეთა აღდგენის ნაწილშიც, ვინაიდან ა(ა)იპ-ში ასეთი ტოლფასი თანამდებობები აღარ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, გადაწყვეტილებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მსჯელობა, თუ კონკრეტულად რომელი თანამდებობები იყო მოსარჩელეთა მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობების ტოლფასი.

გარდა მისა, სასამართლო არ მსჯელობს იმაზე თუ,ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებული რომელი თანამდებობის პირის ან პირთ მიერ, ასევე, რომელი სამსახურის მიერ ხორციელდება ამჟამად ის უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მოსარჩელეები ასრულებდნენ გათავისუფლებამდე.

- კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელს, როგორც არასამეწარმეო არაკომერციულიურიდიულ პირს, აიძულებს მოსარჩელეთა სამუშაო ადგილზე აღდგენით დაასაქმოს იმავე მეტი ადამიანი, ვიდრე ეს განისაზღვრა დამფუძნებლის მიერ, თანაც იმ პირობებში, როდესაც საშტატო ნუსხას ამტკიცებს ბათუმის მერია.

- გარდა ამისა, გამოუვალი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისითაც, რომ ლ. კ--–-----იას ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენა ნიშნავს დამსაქმებლისთვის იძულებას დანიშნოს იგი იმ თანამდებობაზე, რა ფუნქციასაც ასრულებს დირექტორი და გადაუხადოს მას 1100 ლარი. რაც კასატორის მოსაზრებით, ნიშნავს ბათუმის მერიის ფუნქციებში უხეშ ჩარევას.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის საგანს გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობებზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება წარმოადგენს.

30. მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ლ. კ-ია 2012 წლის 3 დეკემბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა მოპასუხე ა(ა)იპ-ის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1100 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №38 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

- ი. მ-–ი მუშაობდა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ა(ა)იპ-ის კოორდინატორის პოზიციაზე, 2015 წლის 5 იანვრიდან 2015 წლის 16 თებერვლამდე - ა(ა)იპ-ის მუნიციპალური ერთეულის მიხედვით კოორდინატორის პოზიციაზე, ხოლო 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 01 აპრილამდე - ა(ა)იპ-ის კოორდინატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 750 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №39 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

- თ. ხ--ი 2012 წლის 5 აპრილიდან 2015 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა ა(ა)იპ-ის

კოორდინატორის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება განისაზღვრებოდა 750 ლარით. 2015 წლის 01 აპრილის №40 ბრძანებით ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ორგანიზაციული ცვლილებები (საშტატო ერთეულის შემცირება) , ქ. ბათუმის მერის 2015 წლის 31 მარტის №226 ბრძანებით დამტკიცებული ახალი საშტატო განრიგი და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტი.

ამდენად, სადავოა ა(ა)იპ-ში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელეთა მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება.

31. სადავო საკითხის მართლზომიერების შესწავლის მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის სამართლებრივ დანაწესზე: „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა“.

32. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ-ის საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე წერილობითი მტკიცებულებებისა და მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დადგენილია შემდეგი:

-ადგილი ჰქონდა ა(ა)იპ-ის რეორგანიზაციას, რაც სამსახურების ცვლილებებში და სხვადასხვა სამსახურებში შტატების ოპტიმიზაციაში გამოიხატა.

-საწარმოში არ არსებობს ახალი საშტატო ერთეულებით განსაზღვრული პოზიციების ფუნქციების განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი, რომლის შედგენის ვალდებულება საწარმოს დირექტორს გააჩნდა.

- არ დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად იმგვარად შეიცვალა მოსარჩელეთა მიერ დაკავებული პოზიციებისათვის წაყენებული მოთხოვნები, რომ მოსარჩელეები მას ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

- არც რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი დადასტურდა და არც ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ შესაბამის პოზიციებზე მოსარჩელეების მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობებზე არსებული მოთხოვნებიდან განსხვავებული მოთხოვნების არსებობა, რასაც მოსარჩელეები ვეღარ აკმაყოფილებდნენ.

საქმის მასალებით დასტურდება საპირისპირო, შტატების გაზრდის ფაქტი.

33. სსკ-ის 115-ე მუხლის რომლის თანახმადაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების ან დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის მიმართ ამა თუ იმ ღონისძიების გამოყენების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულთან მიმართებაში. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ ბრძანებაში მითითებული საფუძვლების კვლევის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა შტატების შემცირების (რეორგანიზაცია) მოტივით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელია შტატების შემცირების მოტივით (რეორგანიზაცია) მართლზომიერად გათავისუფლდნენ თუ არა მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობებიდან, ადგილი ხომ არ ჰქონდა დამსაქმებლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37.1. „ა“, სკ-ის 115-ე, მე-8.3 მუხლს და ბუნებრივია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას (30-ე მუხლი), ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს, მიღების კანონისმიერ საფუძვლად. ამგვარი ნების გამოვლენას მიუხედავად იმისა რა ფორმით არსებობს იგი აქტი, ბრძანება, გარიგება, სკ-ის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მის იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლება იქნეს მიჩნეული, კერძოდ ის, რომ განახლებული ფუნქციების შედეგად იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და ამდენად, დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი გარემოებები, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, არ დადასტურდა.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან კვალიფიკაციას, დამსაქმებლის მიერ არჩევანის გაკეთებისას გონივრული და დასაბუთბული კრიტერიუმით ხელმძღვანელობას, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია წონასწორობის დამყარება შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. ძლიერი მხარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა დაგვავიწყდეს სუსტი მხარის ინტერესები. მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

ნიშანდობლივია, რომ შრომით სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.

სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებითაც დადგინდებოდა რა მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მოსარჩელეთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება; რამდენად ობიექტურ და სამართლიან კრიტერიუმებს ემყარება დამსაქმებლის გადაწყვეტილება სამსახურიდან მათი გათავისუფლების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის ცალმხრივი ნების გამოხატვაა, რომელსაც დასაქმებულთან არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა მოსდევს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლა მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.

35. ბრძანების ბათილად ცნობის თამდევ სამართლებრივ შედეგად ასევე სწორად იქნა გამოყენებული სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი: „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“.

ასევე, სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. სშკ-ის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, სსკ-ის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

36. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო პრეტენზია ემყარება იმავე გარემობებს, რასაც ემყარებოდა სააპელაციო საჩივარი, რომელთან დაკავშირებით დადგენილ იქნა იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც ვერ უზრუნველყო სარჩელის უარყოფა.

37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1,560.00 ლარის 70% – 1.092 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 17 თებერვალს №.. საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1,560.00 ლარის 70% – 1.092 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური