Facebook Twitter

№330210014494146

საქმე №ას-135-131-2015 19 აპრილი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მესამე პირი - ო-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. შპს „ფ-მა“ (შემდგომში „მოსარჩელე“/ „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში „მოპასუხე“/„კასატორი“) მიმართ, მესამე პირი - ო-ე (შემდგომში „მესამე პირი“) რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების ძირითადი თანხის - 2, 800,000 ლარის და მიუღებელი შემოსავლის - 1,036,000 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 2009 წლის 06 აპრილს, საქართველოში დაფუძნდა შპს „ჯ--ტი'', რომლის 100%-იანი წილის მფლობელ, დამფუძნებელ პარტნიორსა და დირექტორს წარმოადგენს იო- ე-ა (წარმომავლობით ქართველი, ისრაელის მოქალაქე).

2010 წლის 29 სექტემბრიდან შპს „ჯ-ტის'' საფირმო სახელწოდებაა შპს „ფ-ი''.

კომპანიის დირექტორი აქტიურად ახორციელებს ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვასა და ქართულ ეკონომიკაში მის დაბანდებას. იგი წლების განმავლობაში მიიჩნევა ერთ-ერთ მსხვილ გადასახადის გადამხდელად. ე.წ „ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, იგი აქტიურად ჩაერთო ბიზნეს პროექტების განხორციელებასა და დაფინანსებაში. 2009 წლის 8 მაისს, შპს „ჯ-ტის'' სს „ს.ს.ბ.-ში'' არსებული მიმდინარე ანგარიშიდან, რომელზეც ირიცხებოდა 14,130, 000 ლარი, სპეციალურ აუქციონში გამარჯვებული - ო-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა - 2,800,000 ლარი.

3. საჯარო აუქციონის გამოცხადებაზე უფლებამოსილ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაიმე სახის აუქციონი არ გაუმართავს, არც მესამე პირს მიუღია და გაუმარჯვია მასში. შესაბამისად, არ მოუპოვებია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და არც ეს უფლება დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში მის სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ფლობს მოსარჩელის კუთვნილ - 2,800,000 ლარს.

4. ამასთან, მოსარჩელემ ვერ მიიღო ის ფინანსური შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა გადარიცხული თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, რომელიც სს „ს-ის“ ვადიან ანაბარზე განთავსების გზით, მას მოუტანდა მოგებას (წლიური საპროცენტო განაკვეთით - 9.25%, 4 წლის განმავლობაში მიიღებდა სულ მცირე - 1,036,000 ლარის ოდენობის სარგებელს).

II. მოპასუხის პოზიცია

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

6. მოპასუხის განმარტებით, 2009 წლის 23 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას განცხადებით მომართა მესამე პირმა, რომლითაც მოითხოვა 2009 წლის 24 აპრილს გამართულ სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღება. ამ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გამოტანილი იყო მიწის ნაკვეთი.

7. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ (პრივატიზების პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, „სპეციალური აუქციონში მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდებოდა ერთჯერადად, წერილობითი სახით. სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის - დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს“.

8. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ'' საქართველოს კაონინის 151-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მესამე პირმა აუქციონში მონაწილების მისაღებად „ბეს“ სახით გადაიხადა მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი - 101.40 ლარის 30% - 31.00 ლარი.

9. 2009 წლის 24 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს კომისიის მიერ მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე მესამე პირის მიერ ერთჯერადად შეთავაზებული ფასი გახლდათ - 5,600,000 ლარი, რის საფუძველზე, იგი გამოვლინდა გამარჯვებულად და კომისიამ გამოსცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №5. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან ერთ თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე, 20%-ს და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურში.

10. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაციისათვის.

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება (საქართველოს სახალხო ბანკის ამონაწერი ანგარიშიდან), რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველი იყო სპეციალურ აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირის ო. ა-ის მიწის ნაკვეთის ღირებულების საფასურის - 50%-ის გადახდა.

11. მესამე პირის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე მისი ხელმოწერაა, მან ნამდვილად მიიღო მონაწილეობა 2009 წლის 23 აპრილს გამართულ აუქციონში მცხეთის გამგებლის დავალების საფუძველზე. მისივე მითითებით, განისაზღვრა მიწის ფასიც, რაც უნდა შეთავაზებულიყო სპეციალურ აუქციონში გასამარჯველად. შემდგომ, გაიმართა აუქციონი და იგი გამოცხადდა გამარჯვებულად. იგი არ იცნობს მოსარჩელე კოპანიას და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

13. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ რომელმაც მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, 3,360,000 ლარი.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ჯ-ტი“, რომლის საფირმო სახელწოდებას 2010 წლის 29 სექტემბრიდან წარმოადგენს შპს „ფ-ი“, საქართველოში დაფუძნდა 2009 წლის 06 აპრილს და მის 100%-იან დამფუძნებელსა და დირექტორს წარმოადგენს ი. ე-ა.

16. 2009 წლის 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას განცხადებით მიმართა ფიზიკურმა პირმა ო. ა-ემ (შემდგომში „მესამე პირი“) და მოითხოვა 2009 წლის 24 აპრილის სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღება, რომელზედაც შემდგომი პრივატიზების მიზნით გამოტანილი იყო მცხეთის რაიონში, სოფელ წილკნის ტერიტორიაზე მდებარე, 13000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ო. ა-ემ აუქციონში მონაწილების მისაღებად „ბეს“ სახით გადაიხადა მიწის ნაკვეთის საწყისი ფასის - 101.40 ლარის 30%-ი 31.00 ლარი.

2009 წლის 24 აპრილს აუქციონზე მესამე პირი მიერ ერთჯერადად შეთავაზებულ იქნა ფასი - 5,600,000 ლარი.

17. 2009 წლის 24 აპრილს სპეციალური აუქციონის მომწყობმა კომისიამ გამარჯვებული მესამე პირი მიმართ გამოსცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №5.

18. 2009 წლის 8 მაისს, შპს „ჯ-ტის“ ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა - 2,800,000 ლარი, საფუძველი - სპეციალურ აუქციონში ოქმი №5, გამარჯვებული მესამე პირის მიწის ნაკვეთის ღირებულება.

19. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ ორგანიზებული აუქციონის გზით მესამე პირის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

20. დადგენილია, რომ პრივატიზების მიზნით გამოტანილი მიწის ნაკვეთის (აუქციონში გამარჯვების შედეგად დადგენილი) შესასყიდი საფასურიდან 5,600,000 ლარიდან გადახდილია მხოლოდ - 2,800,000 ლარი. უდავოა, რომ მესამე პირს მიწის ნაკვეთის ღირებულების დანარჩენი ნაწილი - 2,800,000 ლარი არ გადაუხდია.

21. საქმეში არსებული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსკ-ის“) 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შედეგად, სადაო თანხის გადარიცხვისას აპელანტის ნებაზე ზემოქმედების ფაქტი არ დადასტურდა.

22. უდავოდ დადგენილია, რომ სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებულ მესამე პირს უნდა გადაეხადა მიწის ნაკვეთის საფასური - 5 600 000 ლარი. ასევე, უდავოდ დგინდება, რომ ამ თანხიდან გადახდილი იქნა მხოლოდ 2 800 000 ლარი მოსარჩელის მიერ, ხოლო დანარჩენი ნაწილი გადახდილი არ არის. ასევე უდავოა, რომ აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით - 72.02.29.096 დღეის მდგომარეობით ისევ რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე და მასზე მესამე პირს საკუთრების უფლება არ წარმოშობია. შესაბამისად, გარიგება, რომლის დადების მიზნითაც მოსარჩელის მიერ გადარიცხული იქნა თანხა, არ შედგა.

23. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან ერთ თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურში. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკუთრებისა და იპოთეკის უფლებების რეგისტრაციისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ არ უბრუნდება.

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში სსკ-ის) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

25. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ არ უბრუნდება. ე.ი. გამარჯვებული პირის მიერ თანხის ვადაში გადაუხდელობას კანონმდებელი უკავშირებს შემდეგ შედეგებს - აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი „ბე“ არ უბრუნდება.

26. ის, რომ შპს „ფ-ის’’ მიერ სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხული 2 800 000 ლარი არ წარმოადგენს „ბეს“ სადაო არ არის. მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვრა - 101.40 ლარით და მესამე პირმა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბეს“ სახით გადაიხადა ამ თანხის 30% - 31.00 ლარის ოდენობით, რაც არ ექვემდებარება დაბრუნებას.

27. რაც შეეხება ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ მეორე შედეგს - აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადებასთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მესამე პირზე არ გაიცა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, რის გამოც, გარიგება, რომლის დადების მიზნითაც მოსარჩელემ გადარიცხა თანხა, არ შედგა. ის რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობის თაობაზე, პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. 2009 წლის 24 აპრილის სპეციალურ აუქციონს საბოლოო შედეგი არ მოჰყოლია და აუქციონზე გატანილი ქონება ისევ ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. სახელმწიფოს ქმედებების შეცილების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის, სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს მოცემულ შემთხვევაში, რატომ არ მოხდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ერთი თვის ვადაში თანხის გადაუხდელობის შედეგად აუქციონის შედეგების ბათილობის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

28. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (სსკ-ის 976–ე მუხლი).

29. მესამე პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ ოქმი №5-ის გამოცემას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში 2800 000 ლარის გადარიცხვის საფუძველი შემდგომში მოიშალა, რის გამოც, მოპასუხისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტი ექცევა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და შესაბამისად, მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

30. საკითხზე - რამდენად აქვს მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება და ხომ არ წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს მესამე პირი, პალატამ მიუთითა სსსკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღიძრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მონაწილეობდა ო. ა-ე. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა დავალიანების ძირითადი თანხის - 2 800 000 ლარის და მიუღებელი შემოსავლის - 1 036 000 ლარის გადახდა. უდავო იყო, რომ თანხა რომლის დაბრუნებასაც ითხოვდა მოსარჩელე წარმოადგენდა მის საკუთრებას და დღეის მდგომარეობით იყო სახელმწიფოს მფლობელობაში; მოსარჩელეს თანხა არ გადაურიცხია მესამე პირისათვის, თანხა პირდაპირ გადაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში. მესამე პირი ამ თანხაზე პრეტენზიას არ აცხადებდა, იგი მონაწილეობდა საქმის განხილვაში, იცნობდა სასარჩელო მოთხოვნას და თავის მხრივ დამოუკიდებელი მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს მიმართ, ვინაიდან იგი წარმოადგენდა სადაო თანხის მესაკუთრეს, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მესამე პირის სასარგებლოდ გადარიცხა თანხა არ წარმოადგენდა შპს „ფ--ის“ არასათანადო მოსარჩელედ ცნობის საფუძველს.

სსკ-ის 371-ე მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. კრედიტორს შეუძლია არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.

განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ ო. ა-ის ვალდებულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიული ორგანოს კომისიის მიერ მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე, გადაეხადა მის მიერ შეთავაზებული ფასი - ნაწილობრივ შესრულებული იქნა მოსარჩელის მიერ.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნის უფლების მქონეა მოსარჩელე. მესამე პირის მოსარჩელედ ან თანამოსარჩელედ გამოსვლა მოცემულ დავაში იქნებოდა ფორმალური ხასიათის მატარებელი. მესამე პირის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ მისი უფლებების დარღვევას ადგილი არ ქონია, მისი ქონებრივი სიკეთე სახელმწიფოს არ გადასცემია.

31. პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სწორად მიუთითა მოპასუხედ - სახელმწიფო, რომელიც ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, რადგან სსკ-ის 976-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე მოვალეა ის პირი, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და, შესაბამისად, უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოცემულ შემთხვევაში, თანხა გადაირიცხა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ხაზინაში. შესაბამისად, სახელმწიფო გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე.

32. სააპელაციო სასამართლო საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოთხოვნა 2 800 000 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით, მოპასუხისათვის 1 036 000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნა კი, უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, რადგან სსკ-ის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ფულად ვალზე გადახდილ უნდა იქნეს პროცენტი. საგნიდან მიღებული შემოსავალი უნდა დაბრუნდეს.

სსკ-ის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადებით გათვალისწინებულ ფულად ვალზე პროცენტის გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროს არსებობს კანონის იმპერატიული დათქმა, რომელიც დაკავშირებულია ამ ქონების (ფულის) თავისებურებებთან, ფულადი ვალდებულებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამ ქონების უნიკალური თვისება, რაც ნიშნავს იმას, რომ ფულადი სახსრები, როგორც საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლებელია გაცვლილ იქნეს ქონებრივი ურთიერთობების თითქმის ნებისმიერ ობიექტზე, რომლებიც ატარებენ სასყიდლიან ხასიათს ანუ ფულადი სახსრების საშუალებით შეიძლება დაიფაროს თითქმის ყველა ვალი. ზუსტად ამ თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანონ სარგებელი მის მესაკუთრეს. ამგვარი ქონების მიღებისას, უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიხედვით, მისმა მიმღებმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაადასტუროს, რომ ამ ქონებამ (ფულმა) მას არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რაშიც მას ბრალი არ მიუძღვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ შესაძლებელი იყო ფულად სახსრებს მოეტანა მიმღებისათვის სარგებელი, რაც მან ბრალეულად არ მიიღო მისი არასათანადოდ გაძღოლის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად, ასევე მოსარჩელისათვის სავარაუდო ზიანად მიაჩნია, გადასახდელი თანხის - 2 800 000 ლარის, წლიური 5 %-ის დაკისრება მოპასუხისათვის, მის მიერ მოთხოვნილი 4 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 560 000 ლარს.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

34. კასატორის მიუთითებს მოცემული დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის უმართებულობაზე და თავის საკასაციო პრეტენზიას იმით ასაბუთებს, რომ 2009 წლის 24 აპრილს მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მესამე პირი, რადგან მის მიერ იქნა შემოთავაზებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი ფასი. შესაბამისად, მასზე გაიცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №5. დასახელებული ოქმის საფუძველზე 2009 წლის 8 მაისს სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა თანხის ჩარიცხვა. ჩარიცხული თანხა შეადგენს შეთავაზებული საფასურის ნახევარს – 2 800 000 ლარს. თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი ანგარიშიდან. მითითებულ გარემოებათა და აგრეთვე, იმ მსჯელობის მიუხედავად, რომ საჭირო იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება და შეფასება, საქმე სამოქალაქო წარმოებით იქნა განხილული.

დავა არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს სწორედ დავის სპეციფიკიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნას წარმოადგენდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, რადგან მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულის მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები“, კერძოდ: სამინისტროს არ დაუდია ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის გამოც, სადავო თანხის მიღების საფუძველი არ გააჩნია სამინისტროს და შესაბამისად, სახელმწიფოს. როგორც მხარე, ასევე სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას წარმოადგენს. ასევე, ადმინისტრაციული წესით განსჯადი საკითხია ასევე ნებისმიერი საკითხი რომელიც ქონების პრივატიზებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს პრივატიზების პროცესის წარმატებით თუ წარუმატებლად დასრულების შედეგად.

საქმის განხილვისათვის აუცილებელ კომპონენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში. ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

35. კასატორის პრეტენზია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასაც ეფუძნება.

36. კასატორი მიუთითებს, რომ სსკ-ის მე–8 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ორგანოები იმ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, რომელიც არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო კანონმდებლობის შესაბამისად, გამოდის როგორც კერძო პირი შესაბამისი უფლებით და მოვალეობებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად მოტივს წარმოადგენს ის, რომ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების №5 ოქმს შედეგად საკუთრების უფლების გადაცემა არ მოყოლია და მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური აუქციონის, ღია აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე პირდაპირი უსასყიდლო გადაცემის ფორმით. ამავე კანონით იჯარით გაუცემელი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება ხორციელდება სპეციალური და ღია აუქციონის ფორმით. თუ იჯარით გაუცემელ მიწასთან დაკავშირებით მოწყობილ სპეციალურ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული, მხოლოდ მას შემდეგ არის შესაძლებელი ღია აუქციონის ჩატარება. ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სპეციალურ და ღია აუქციონებში გამარჯვებული პირი გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან ერთი თვის ვადაში იხდის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საფასურს ან საფასურის სულ მცირე 20%-ს და წარუდგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება მიწის ნაკვეთის საფასურში. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შესაძლებელია მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ–ნაწილ გადახდის შემთხვევაში – მიწისა და უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა და იპოთეკის ხელშეკრულების დადება საჯარო რეესტრში საკთრებისა და იპოთეის უფლებების რეგისტრაციისათვის. თუ გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, აუქციონის შედეგები ბათილად ცხადდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება.

დასახელებული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ პირი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. შესაბამისად, პირს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ვალდებულია განახორციელოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ცვლილება. მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირის მიერ გადახდილი იქნა მიწის ნაკვეთის ღირებულების ნახევარი, რაც „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლით განსაზღვრულ რეგულაციაში ექცევა. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ №5 ოქმს შედეგები არ მოჰყოლია, არ არის მართებული.

სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვებულ პირს მოთხოვნის უფლება არ აქვს. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში უძრავი ქონება აღირიცხება აუქციონში გამარჯვებული პირის სახელზე. სასამართლომ არ გამოიყენა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

37. კასატორი მიუთითებს, რომ ბაჟის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული.

38. თბილისის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პრივატიზების პროცესის დასრულება დაკავშირებულია თანხის გადახდასთან, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შედეგი არ დადგება. თუმცა, სასამართლომ არ გაითვალისწინა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნები. დასახელებული მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ პირი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში გადაიხდის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების საფასურის 50%-ს, მაშინ საფასური სრულად გადახდილად ჩაითვლება. მოცემულ შემთხვევაში, აუქციონი ჩატარდა 2009 წლის 24 აპრილს, ხოლო შეთავაზებული თანხის ნახევრის გადახდა განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2009 წლის 8 მაისს.

დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უძრავი ქონების სახელმწიფო სახელზე რეგისტრაცია აუქციონში მონაწილე პირისა და აუქციონის ჩამტარებელი ორგანოს შორის გადასაწყვეტი საკითხია, აუქციონში გამარჯვებული პირის გადასაწყვეტია, როდის აღირიცხება უძრავი ქონება მის სახელზე. თუკი ერთი პირი არ ასრულებს რაიმე ვალდებულებას, აღნიშნული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორს გააჩნია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თითქოს მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რადგან პრივატიზების პროცესი არ დასრულებულა. აღნიშნულ მოსაზრებას სამინისტრო არ ეთანხმება, რადგან როგორც აუქციონის ჩატარების დროისათვის, ისე დღეს მოქმედი ნორმების შესაბამისად აუქციონში გამარჯვებულ პირს საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ აუქციონში გამარჯვებული პირის სასარგებლოდ გადახდილია საფასურის ნახევარი, რაც კანონის შესაბამისად მიიჩნევა, რომ მხარეს საკუთრების უფლება წარმოეშვა და ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს შესაბამის ორგანოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 23 მარტის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

40. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

41. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2009 წლის 23 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიულ ორგანოს სპეციალური აუქციონის მომწყობ კომისიას განცხადებით მიმართა მესამე პირმა 2009 წლის 24 აპრილის სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით, როემლზედაც შემდგომი პრივატიზების მიზნით გამოტანილი იყო მცხეთის რაიონში, სოფელ წილკნის ტერიტორიაზე მდებარე, 13000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. მესამე პირმა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბეს“ სახით გადაიხადა მიწის ნაკვეთის საწყისი ფასის - 101.40 ლარის 30%-ი 31.00 ლარი.

- 2009 წლის 24 აპრილს აუქციონზე მესამე პირის მიერ ერთჯერადად შეთავაზებულ იქნა ფასი - 5,600,000 ლარი. იმავე დღეს კომისიამ გამარჯვებული მესამე პირის მიმართ გამოსცა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №5.

- 2009 წლის 8 მაისს, შპს „ჯ-ტის“ ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა - 2,800,000 ლარი, საფუძველი - სპეციალურ აუქციონში ოქმი №5, გამარჯვებული მესამე პირის მიწის ნაკვეთის ღირებულება. შპს „ჯ-ტის“ საფირმო სახელწოდებას 2010 წლის 29 სექტემბრიდან წარმოადგენს შპს „ფ-ი“.

- დადგენილია, რომ პრივატიზების მიზნით გამოტანილი მიწის ნაკვეთის (აუქციონში გამარჯვების შედეგად დადგენილი) შესასყიდი საფასურიდან 5,600,000 ლარიდან გადახდილია მხოლოდ - 2,800,000 ლარი, ხოლო მიწის ნაკვეთის ღირებულების დანარჩენი ნაწილი - 2,800,000 ლარი მესამე პირს არ გადაუხდია.

- დღეის მდგომარეობით, აუქციონზე გამოტანილი მიწის ნაკვეთი სარეგისტრაციო ნომრით: 72.02.29.096, რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე და მასზე მესამე პირის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.

32. მოსარჩელემ მოითხოვა გადარიცხული თანხის, როგორც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნება, რომლის დაბრუნებაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაეკისრა მოპასუხეს.

42. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის იხელმძღვანელა სსკ-ის 976-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან 2009 წლის 24 აპრილის სპეციალურ აუქციონს საბოლოო შედეგი არ მოჰყოლია და აუქციონზე გატანილი ქონება ისევ ირიცხება სახელმწიფოს სახელზე, სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი, რაც მოპასუხის კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

43. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორმა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 976-ე მუხლის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაში.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ანუ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ნორმაში მოყვანილი აბსტარქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი შემადგენლობის არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საკასაციო პალატა დავის სამართლებრივი შეფასებისას აღნიშნავს, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნება, ამდენად, უნდა განისაზღვროს შპს „ფ-ის“ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე.

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

46. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ უსაფუძვლოდ (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) მიღებული თანხის უკან დაბრუნება წარმოადგენდა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სადავო თანხა სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების დადგომის შედეგად, კერძოდ, დადგენილია, რომ 2009 წლის 8 მაისს, შპს „ჯ--ტის“ ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხა - 2,800,000 ლარი, საფუძველი - სპეციალურ აუქციონში ოქმი №5, გამარჯვებული მესამე პირის მიწის ნაკვეთის ღირებულება.

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობის თაობაზე, მოსარჩელის/აპელანტის მითითებას სადავო თანხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხვასა და მიღებაზე, სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს კონდიქციური ვალდებულების არსებობას.

47. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც მისი გაუქმებისა და შესაბამისად, სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველია.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ერთ-ერთი პრეტენზიად საგნობრივი განსჯადობის წესების დაუცველობასაც მიიჩნევს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და პირველ რიგში, განმარტავს, რომ დავა, რომელიც გამომოდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონომდებლობიდან არის ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსჯადი, ხოლო დავა, რომელიც გამომდინარეობს, სამოქალაქო სამართლის კანონომდებლობიდან არის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გასჯადი. ე.ი ამოსავალი პრინციპი დავის ხასიათს, მოთხოვნასა და საფუძველს უნდა ემყარებოდეს. აღნიშნული კი, უდავოდ წარმოადგენს განსჯადობის გარკვევის წინაპირობას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაკისრება. შესაბამისად, დავა სწორად იქნა განხილული სამოქალაქო სამართალწარმოების წესებით.

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე.

IX. სასამართლო ხარჯი

49. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

50. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ფ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო კასატორი. აღნიშნული თანხა შეადგენს საკასაციო საჩივრის ღირებულების (3,360,000 ლარი) 5%. თუმცა, ვინაიდან აღნიშნული თანხა აღემატება სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ.ბ) პუნქტით დადგენილ ზღვრულ ოდენობას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 8000 ლარით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ფ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ფ-ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8000 ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე