№330210014554726
საქმე №ას-173-168-2016 19 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს-ა“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ- ს-ე, მ- შ–ი, ც- შ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შრომითი დასახიჩრების მიუღებელ სარჩოზე უფლებამონაცვლედ ცნობა და სარჩოს მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები
1. ლ- ს-ემ, მ- შ-მა და ც-შ–მა (შემდეგში: „მოსარჩელეები“ ან „აპელანტები“) სარჩელი აღძრეს მოპასუხე სს „ს--ის“ (შემდეგში: „მოპასუხე საზოგადოება“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, რომლითაც, როგორც გარდაცვლილი ვ- შ–ის (შემდეგში: „მამკვიდრებელი“ ან „გარდაცვლილი“) უფლებამონაცვლეებმა მოითხოვეს მამკვიდრებლის კუთვნილი და მის მიერ სიცოცხლეში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 13,498.19 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან მამკვიდრებლის შვილები. თავად მამკვიდრებელი კი, მოპასუხე საზოგადოებაში მუშაობდა მემანქანის თანაშემწედ, რომელმაც 1965 წლის 07 მარტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა. მრავალი წელი იგი იღებდა ყოველთვიურ სარჩოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მოპასუხე საზოგადოება არ ახდენდა მამკვიდრებლის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას იმავე კატეგორიის მუშაკის - მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.
3. 2013 წლის 12 ივნისს მამკვიდრებელმა აღძრა სარჩელი მოპასუხე ორგანიზაციის მიმართ, სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების მოთხოვნით.
4. 2013 წლის 01 ივლისს გარდაიცვალა მამკვიდრებელი, რის გამოც, საქმის წარმოება სარჩელზე შეჩერდა მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე. დადგენილ ვადაში მემკვიდრეებს არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, რის გამოც, სარჩელი, სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით დარჩა განუხილველი.
5. წარმოდეგენილი სარჩელით მოსარჩელეებმა, როგორც მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა, პრეტენზია განაცხადეს მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მიუღებელი, კუთვნილი სარჩოს მიღებაზე.
II. მოპასუხის პოზიცია
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელი სარჩოს გადაანგარიშებისა და მიუღებელი სარჩოს სხვაობის მიღების შესახებ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია. მანვე მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება მიიჩნია, რომ მოსარჩელეები უფლებამონაცვლეებად არ ჩართულან გარდაცვლილის მიერ წამოწყებულ დავაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 92-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც, სარჩელი დარჩა განუხილველი.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საზოგადოებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 13,498.19 ლარის გადახდა.
10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 01 ივლისს.
- მოსარჩელეები არიან გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები, რომლებმაც, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, თანაბარ წილში საკუთრებაში მიიღეს სამკვიდრო: აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც მამკვიდრებელს ჰქონდა მესამე პირთა მიმართ) და პასივები, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისათვის.
10. პალატამ მიიჩნია, რომ მიუღებელი სარჩოს სხვაობის მოთხოვნის უფლება, რომელიც სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული მამკვიდრებელს, წარმოადგენს გარდაცვლილის სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს, კერძოდ, დადგენილ იქნა, რომ მამკვიდრებელმა 2013 წლის 12 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საზოგადოების მიმართ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელში, „სასარჩელო მოთხოვნის” შესაბამის გრაფაში მითითებულია მოთხოვნა: დაეკისროს მოპასუხე საზოგადოებას მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის ივნისის თვიდან ყოველთვიური სარჩოს - 1000 ლარის ოდენობით. სარჩელში, „მტკიცებითი შუამდგომლობების” გრაფაში მითითებულია შუამდგომლობა მოპასუხისაგან წერილობითი მტკიცებულების - 2010 წლის ივნისის თვიდან მოქმედი მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის და ამავე დროიდან, მის მიერ ყოველთვიურად მისაღები სარჩოს ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სარჩელში აღნიშნულია, რომ წერილობითი მტკიცებულების მიღების შემდეგ, მოსარჩელეს მიეცემოდა სარჩელის დაზუსტების საშუალება.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე 2014 წლის 01 ივლისამდე შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. გარდაცვლილის მემკვიდრეებს საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვის შესახებ სასამართლოსთვის არ მიუმართავთ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველი.
ამდენად, გარდაცვლილი მიიჩნევდა, რომ წლების განმავლობაში მოპასუხე საზოგადოება მას აყენებდა მატერიალურ ზიანს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ აღძრულ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნად მითითებულია მოპასუხისათვის მხოლოდ 2013 წლის ივნისის თვიდან სარჩოს გაზრდილი ოდენობის დაკისრება, მოსარჩელე სარჩელშივე შუამდგომლობდა მოპასუხე კომპანიისგან გასული პერიოდის მიუღებელ სარჩოსთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რათა საშუალება მისცემოდა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა გასული პერიოდის მიუღებელ სარჩოსთან დაკავშირებით.
სსსკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილით, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს.
ამდენად, საქმის განხილვის პროცესში, შესაბამის ეტაპზე, გარდაცვლილს, როგორც მოსარჩელეს გააჩნდა შესაძლებლობა მოთხოვნაც დაეზუსტებინა და სხვა სასარჩელო მოთხოვნებიც დაემატებინა, მაგრამ ამ მოქმედებების სავარაუდო განხორციელებამდე, სარჩელის აღძვრიდან დაახლოებით 20 დღეში იგი გარდაიცვალა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სიცოცხლეშივე ჰქონდა გამოხატული ნება 2013 წლის ივნისის თვიდან სარჩოს გაზრდილ ოდენობასთან ერთად მიეღო ასევე გასული პერიოდის სარჩოს სხვაობა, ანუ მას სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული სარჩოს სხვაობის მოთხოვნის უფლება.
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამკვიდრო მასაში შემავალ აქტივს. ხოლო ის გარემოება, რომ გარდაცვლილის მემკვიდრეებს №2/8188-13 საქმეში უფლებამონაცვლედ ჩართვის შესახებ სასამართლოსთვის არ მოუმართავთ და სარჩელი დარჩა განუხილველი, მემკვიდრეებს უფლებას არ ართმევს როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მეკვიდრეებმა მოითხოვონ მიუღებელი სარჩო, რომლის მოთხოვნის უფლებაც გარდაცვლილს სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული და წარმოადგენს სსსკ-ის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებას (აქტივს), რომელიც, როგორც სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობით გადაეცემა.
14. 2014 წლის 23 ივლისს მოსარჩელეებმა, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სასამართლოს მიმართეს სარჩელით მამის მიერ მიუღებელ კუთვნილ სარჩოზე უფლებამონაცვლედ ცნობისა და მიუღებელი სარჩოს მოთხოვნით.
15. საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე საზოგადოება მამკვიდრებელს წლების განმავლობაში, უხდიდა ყოველთვიურ სარჩოს. 2010 წლის ივნისიდან, მამაკვიდრებელი ყოველთვიურად (გარდაცვალებამდე) იღებდა სარჩოს 394 ლარის და 68 თეთრის ოდენობით. თუმცა, მემანქანის თანაშემწის ხელფასი 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენდა - 550,15 ლარს, 2011 წლის 01 მარტიდან 2012 წლის მარტის თვის ჩათვლით - 750 ლარს, 2012 წლის 01 აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით - 800 ლარს, ხოლო 2012 წლის 01 დეკემბრიდან - 1000 ლარს, რომლის გადაანგარიშებასაც მოპასუხე საზოგადოება არ ახდენდა.
16. 2010 წლის 01 ივნისიდან 2011 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში, მოქმედი მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, მამკვიდრებელს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 550.15 ლარის ოდენობით, რის ნაცვლადაც იღებდა 394.68 ლარს.
შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 155.47 ლარს.
ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2010 წლის 01 ივნისიდან 2011 წლის თებერვლის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 1399.23 ლარს.
2011 წლის 01 მარტიდან 2012 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში, მოქმედი მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, მამკვიდრებელს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 750 ლარის ოდენობით, რის ნაცვლადაც იღებდა 394.68 ლარს. შესაბამისად, ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 355.32 ლარს. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2011 წლის 01 მარტიდან 2012 წლის მარტის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 4619.16 ლარს (355.32 ლარი x 13 თვეზე).
2012 წლის 01 აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით მამაკვიდრებელს, ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 800 ლარი. აღნიშნული თანხის ნაცვლად, მოსარჩელე სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებდა 394.68 ლარს. ყოველთვიურად მოსარჩელე ვერ იღებდა 405.32 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 01 აპრილიდან 2012 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდში შეადგენს 3242.56 ლარს (405.32 ლარი x 08 თვეზე).
2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 01 ივნისის ჩათვლით პერიოდში მოქმედი მემანქანის თანაშემწის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით მამაკვიდრებელს ყოველთვიურად უნდა მიეღო სარჩო 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ნაცვლად, მოსარჩელე სარჩოს სახით ყოველთვიურად იღებდა 394.68 ლარს. ვ-შ-–მა ყოველთვიურად სარჩოს სახით ვერ მიიღო 605.32 ლარი. ამდენად, მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 01 ივნისამდე პერიოდში შეადგენს 4237.24 ლარს (605.32 ლარი x 07 თვეზე).
17. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეაფსებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ-ი), რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნის მომენტად მიჩნეული იქნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე - 2013 წლის 01 ივლისი.
18. სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
19. სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
20. სსკ-ის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
21. სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. პალატამ მიიჩნია, რომ მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლება, რომელიც მამკვიდრებელს სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით, წარმოადგენს სსკ-ის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებას (აქტივს), რომელიც, როგორც სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობით გადაეცემა. ამდენად, მოსარჩელეებს, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მეკვიდრეებს, გააჩნიათ მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლება.
22. სსკ-ით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
23. პალატამ მიიჩნია, რომ მამაკვიდრებელი უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიიღოს ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გარდაცვლილს გააჩნდა გადასაანგარიშებელი სარჩოს სახით 13 498.19 ლარის მოთხოვნის უფლება, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც აქტივი, შევიდა სამკვიდრო მასაში. ამდენად, მისი პირველი რიგის მემკვიდრეების სარჩელი 13 498.19 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე საზოგადოებამ.
25. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელეთა მოთხოვნის უფლების მართლზომიერებას იმ საფუძვლით, რომ სსსკ-ის 92–ე მუხლის საფუძველზე დავაში უფლებამონაცვლეები არ ჩართულან, ხოლო საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია ერთი (მიმდინარე) პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იმისათვის, რომ მემკვიდრე გახდეს გარდაცვლილი მამკვიდრებლის საპროცესო უფლებამონაცვლე, ამისათვის აუცილებელია, რომ მან უშუალოდ ამ პროცესის ფარგლებში (განსახილველ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში) მიმართოს სასამართლოს განცხადებით საქმეში მხარის (მოცემულ შემთხვევაში – მოსარჩელის) უფლებამონაცვლედ დაშვების შესახებ. ასეთი მოქმედება დადგენილ ვადაში მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ. ვინადან, მოსარჩელეები არ გახდნენ მამკვიდრებელ ვ-–-------- შ-----–---–ის საპროცესო წარმომადგენლები, მათ დაკარგეს შესაძლებლობა ყოფილიყვნენ მამკვიდრებელი მამის სადავო უფლების, სახელდობრ, სარჩოს მიუღებელი სხვაობის მიღების უფლების შესახებ დაწყებული სასამართლო პროცესის მონაწილე და მოეთხოვათ ამ უფლების დაცვა.
26. კასატორი არ ეთანხმება სამკვიდროს მიღების მარეგულირებელი ნორმების განმარტებასაც და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების არაკანონიერება და თუ რატომ უნდა გაუქმებულიყო იგი.
27. კასატორი სადავოდ ხდის სარჩოს გადაანგარიშებასაც და მიიჩნევს, რომ სარჩოს გადაანგარიშებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი დასამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. კასატორის მითითებით, აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების წესს და არა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას.
2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სარჩოს გადაანგარიშების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
28. კასატორის მოსაზრებით, მატერიალურ–სამართლებრივ თვალსაზრისითაც, ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, ანუ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს: რომ არა უბედური შემთხვევა, იგი ნამდვილად მიიღებდა შემოსავალს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც წარმოადგენს მოთხოვნა ფიქსირებული სტაბილური ხელფასის სახით მისი გაზრდის გათვალისწინებით.
ვინაიდან, მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა სარჩოს გადაანგარიშების გზით არაეფექტური და არაზუსტი გადაწყვეტაა პრობლემის, აღნიშნული საკითხის სირთულიდან არსებობს გამოსავალი, რაც კანონმდებელმაც გაითვალისწინა და მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებელმა საერთოდ გააუქმა სარჩოს უპირობოდ გადაანგარიშების წესი, ვინაიდან წინასწარ ზუსტად განსაზღვრა მიუღებელი შემოსავლისა მთელი ცხოვრების მანძილზე შეუძლებელია.
29. კასატორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ მხარის მიერ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ერთობლივად გასაცემი თანხის სარჩოს სხვაობა წარმოადგენს შემოსავალს და იქიდან გამომდინარე, რომ გადასახდელი თანხა წარმოადგენს სარჩოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–80 და 82–ე მუხლების თანახმად ის იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მოპასუხე საზოგადოება, როგორც ყოფილი დამქირავებელი, მოქმედი საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენს საგადასახადო აგენტს, რომელიც ახდენს საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას გადამხდელთათვის, მის დაკავებას და გადასახადის თანხის კანონმდებლობის შესაბამისად ბიუჯეტში გადარიცხვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
31. განსახილველ საქმეში სარჩელის საგანს გარდაცვლილი ვ. შ–ის კუთვნილი და მის მიერ სიცოცხლეში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 13,498.19 ლარის გადახდის დაკისრება წარმოადგენს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე საზოგადოებას მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 13,498.19 ლარის გადახდა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სამკვიდროს მიღების მარეგულირებელი ნორმების განმარტება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ როგორც ეს წინამდებარე საქმის მასალებითაა დადგენილი გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 01 ივლისს (სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები). სამკვიდრო მასაში სხვა ქონებასთან ერთად შედიოდა მოპასუხისაგან ერთობლივი მიუღებელი სარჩოს სხვაობის, 13 498.19 ლარის, მოთხოვნის უფლებაც, როგორც სამკვიდრო აქტივი (სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება). გ) უფლებამონაცვლეები გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეებს - შვილებს წარმოადგენენ (სსკ-ის 1336-ე მუხლი) დ) მათ კანონით დადგენილ ვადაში მიიღეს სამკვიდრო და, შესაბამისად, ნოტარიუსმა მათზე გასცა სამკვიდრო მოწმობა (სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები და 1499-ე მუხლი).
ამრიგად, ადგილი აქვს კანონის ძალით მოთხოვნის უფლების გადასვლას უფლებამონაცვლეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე მიუღებელი სარჩოს სხვაობის სახით შეადგენდა 13 498.19 ლარს. ამასთან, არ არსებობს ამ მოთხოვნის უფლებამონაცვლეზე გადასვლის გამომრიცხავი გარემოებები (სსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის („სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“) და 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების („მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლიობელის ხელში იყვნენ“) საფუძველზე, მოპასუხე ვალდებულია, გარდაცვლილის უფლებამონაცვლეს გადაუხადოს ერთობლივი მიუღებელი სარჩოს სხვაობა 13 498.19 ლარი.
32. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სარჩოს გადაანგარიშებასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 674.91 ლარის 70% – 472.43
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს--ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს - სს „ს-ას“ დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 12 თებერვალს №11955 საგადახდო დავალებით გადახდილი 674.91 ლარის 70% – 472.43 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური