Facebook Twitter

ბს-945-803-კ-04 24 თებერვალი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გასასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 4 ივლისს კასატორმა ა. წ-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც შემდეგი მოტივით მოითხოვა ქ. ქუთაისში... და ... მდებარე მის კუთვნილ ობიექტებზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა:

აღნიშნული ობიექტები, კერძოდ, ქუთაისში, ... მდებარე მუნიციპალური საწარმო-უნივერმაღი “.. ..ი” და ... მდებარე საწარმო “წ-ი” (აბანო ¹...) აუქციონზე შეძენილ იქნა უნგრეთის მოქალაქე მ. ბ-ს მიერ, თანახმად სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 13 დეკემბრისა და 12 ოქტომბრის ¹68 და ¹132 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებისა, რომელთა შესაბამისად, მ. ბ-ს სახელზე გაიცა ¹48/116-”ა” და ¹48/50-”ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. 1998წ. 9 დეკემბრისა და 1999წ. 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებებით კი მითითებული ობიექტები გადაეცა მ. ბ-ს მეუღლეს _ ა. წ-ს. საკუთრების მოწმობებისა და ჩუქების ხელშეკრულებების მიხედვით, ზემოაღნიშნული ობიექტები, კერძოდ, მუნიციპალური საწარმო უნივერმაღი “.. ..” განლაგებული იყო 1752,9 კვ.მ-ზე, ხოლო საწარმო “წ-ი” _ 1146,10 კვ.მ-ზე.

მოსარჩელის მითითებით, მან “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნაკვეთების მის საკუთრებად აღიარების მოთხოვნით მიმართა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ საკუთრების მოწმობების არ მიეცა ორივე ობიექტზე მიწის ნაკვეთის კანონიერი საზღვრების დარღვევისა და იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთებზე განლაგებული იყო სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შენობა-ნაგებობები. მოსარჩელის განმარტებით, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულმა სამსახურმა 2000წ. 16 იანვარს ¹3/123 წერილით აღიარა და წარმოადგინა სრულყოფილი გეგმა-ნახაზი, რომლის მიხედვით აღმასკომის 1968წ. 17 აპრილის ¹244 გადაწყვეტილებით გამოყოფილი და ათვისებულ იქნა 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ... მდებარე. ... ობიექტის საჭიროებისათვის კი გამოყოფილი იყო 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ა. წ-ის სარჩელი არ ცნო არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ და შესაგებელი მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაგებელის ავტორის განმარტებით, ქ. ქუთაისის პრეფექტურის 1991წ. 13 ნოემბრის ¹532 განკარგულებით იმერეთის ბ.იონთა კარის კულტურის ცენტრ “ო-ს” ნება დაერთო უნივერმაღი “.. ..ის” აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე აეგო ერთსართულიანი შერეული ტიპის მაღაზია და პროექტი შეთანხმებულ იქნა ქალაქის მთავარ არქიტექტორთან. ამ პერიოდში უნივერმაღი “.. ..ის” მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და ქალაქის პრეფექტურა უფლებამოსილი იყო გაეცა განკარგულება ... არსებული შენობის მშენებლობის შესახებ, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს შპს “ა.”.

... მდებარე ფართთან დაკავშირებით, შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ ... მდებარე 73,8 კვ.მ ქუთაისის მერიის 1999წ. 12 მაისის ¹143 ბრძანების მე-3 პუნქტის მიხედვით, დროებით ერთი წლის ვადით გამოეყო შპს “... 95”-ს. გარდა ამისა, სადავო ფართზე, ... მდებარე წყლის ჯიხურის განთავსების კანონიერება დასტურდება 1999წ. 21 ოქტომბრის ქონების ნასყიდობის ¹2 ხელშეკრულებით, რომელიც 1993წ. 19 ოქტომბრის აუქციონის ¹2 ოქმის საფუძველზე დაიდო ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსა და ო. კ-ეს შორის, რაც მემკვიდრეობით გადაეცა მის შვილს _ დ. კ-ეს, ხოლო წყლის ჯიხურის მიმდებარედ არსებული ფეხსაცმელების წმენდის ¹4 ჯიხურის კანონიერება დასტურდება 1993წ. ი. დ-ის სახელზე გაცემული საკუთრების ¹48-03-ა მოწმობით. ამდენად, შესაგებლის ავტორის მითითებით, აღნიშნული ჯიხურების პრივატიზება და ყიდვა-გაყიდვა მოხდა ორი წლით ადრე, სანამ ბ-ა მ. გახდებოდა ... მდებარე შენობის მესაკუთრე, ხოლო კანონი “ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” მიღებულია 1998წ. 28 ოქტომბერს და უკუქცევითი ძალა არ გააჩნია.

ა. წ-ის სარჩელი ასევე არ ცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

2002წ. 5 მარტს შპს “ა-მა” სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისში, ... მდებარე, მისი კუთვნილი შენობის მისასვლელი გზის სსკ-ის 247-ე, 253-ე მუხლების შესაბამისად, სამი სიგრძივი მეტრის ფარგლებში სერვიტუტით დატვირთვა. მოსარჩელის განმარტებით, მუნიციპალური საწარმო უნივერმაღი “.. ..ის” გვერდით, ... მდებარე შენობა საკუთრების უფლებით ეკუთვნის შპს “ა-ს”. მაღაზიას კარები აქვს სკვერის მხრიდან, თუმცა მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ტერიტორია სკვერს არ წარმოადგენს, იგი მოწესრიგებულ იქნა თავად მოსარჩელის მიერ, ხოლო შენობიდან სამი მეტრი არის მოასფალტებული, წარმოადგენს შენობის ერთადერთ შესასვლელს. შპს “ა-ს” აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელების უფლება მიეცა 1992 წელს, მასვე ეკუთვნის შენობა, შესაბამისად იგი არის მიწის მესაკუთრე და მასვე ეკუთვნის შენობამდე მისასვლელი გზაც.

ქუთაისს საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის განჩინებით ა. წ-ისა და შპს “ა-ს” სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად იმ მოტივით, რომ ორივე შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის სარჩელი დაკმაყოფიდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქუთაისში ... მდებარე 4000 კვ.მ და ქუთაისში ... მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე ა. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობების გაცემა, ხოლო შპს “ა-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ა-მა” და ქუთაისის მთავრობამ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩართულნი ქუთაისის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, ინდ. მეწარმეები “დ. კ-ე” და “ი. დ-ი”.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო შპს “ა-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილოება; ა. წ-ს უარი ეთქვა ქუთაისში, ... მდებარე 4000 კვ.მ და ... მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 და მე-4 მუხლები, რადგან პალატამ ქონების მართვის სამმართველოს მიერ გაცემული ¹48/50-”ა” საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ უნგრეთის მოქალაქე მ. ბ-ას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმო _ უნივერმაღი “.. ..” მდებარე ..., 1752,9 კვ.მ მიწის ფართობით, ხოლო მ. ბ-ასათვის პრივატიზებულ ქონებასთან ერთად 4000 კვ.მ-ის მფლობელობაში გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი.

პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ... არსებული, ყოფილი მუნიციპალური საწარმო “.. ..ის” მიმდებარე სადავო მიწის ნაკვეთში, 1991წ. 13 ნოემბრის ¹532 განკარგულების საფუძველზე გაცემული სათანადო პროექტით აიგო შენობა, რომელშიც ფუნქციონირებს შპს “ა.”, რის გამოც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ა. წ-ის მოთხოვნა ... მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძლოდ მიიჩნია ა. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქუთაისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გამოყოფის შესახებ, რადგან პალატის მითითებით, სადავო ნაკვეთზე მდებარეობს წყლის ჯიხური, რომელიც ეკუთვნის დ. კ-ეს, თანახმად 1999წ. 21 ოქტომბრის ხელშეკრულებისა, ასევე განთავსებულია ფეხსაცმელების ჯიხური, რომელიც საკუთრების მოწმობის თანახმად ეკუთვნის ი. დ-ს, ხოლო რაც შეეხება მ. ბ-ას, პალატის განმარტებით 1995წ. 13 დეკემბრის საკუთრების მოწმობით, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საკუთრების უფლება მოიპოვა მენიციპალურ საწარმო “წ-ზე”, რომელიც განთავსებულია 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და არა 3003 კვ.მ-ზე.

სააპელაციო პალატამ შპს “ა-ს” მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სერვიტუტის არსებობა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა სარგებლობის უფლებით გაიცემა აღმასრულებელი ორგანოს დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში კი ქუთაისის მერია წინააღმდეგია სერვიტუტით დატვირთოს შპს “ა-ს” შენობის მიმდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ა-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. წ-მა და შპს “ა-მა”.

ა. წ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი და სკ-ის 150-ე მუხლი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისში ... და ... მდებარე ობიექტები ა. წ-ის საკუთრებაა. კასატორის განმარტებით, სააპეოლაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, რადგან ერთის მხრივ პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკუთრების მოწმობაში ... გამოყოფილი მიწის ნაკვეთი შეადგენს 1752,9 კვ.მ, ხოლო ... მდებარე ნაკვეთი 1146,10 კვ.მ, თუმცა მოსარჩელეს ეთქვა უარი მთლიანად სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მიწათსრაგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის მოტივით.

შპს “ა-მა” საკასაციო საჩივრით მოითხოვა 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებად აღიარება და საჯაარო რეესტრში რეგისტრაცია, ასევე მისი შენობის წინ მდებარე ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა. კასატორის განმარტებით მას ქუთაისის პრეფექტის 1991წ. 13 ნოემბრის ¹532 განკარგულებით გამოეყო მიწის ნაკვეთი მაღაზიის მშენებლობისათვის, საპროექტო დოკუმენტაცია დამტკიცდა მთავარი არქიტექტურის 1992წ. 5 ივნისის ¹15 ბრძანებით, მშენებლობა დაიწყო 1992 წელს და დასტურდა 1995 წელს. შენობის ფართი რომელიც განთავსებულია სადავო ნაკვეთზე შეადგენს 104,92 კვ.მ-ს. კასატორის განმარტებით, აღნიშნული შენობა უდავოდ წარმოადგენს შპს “ა-ს” საკუთრებას და სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტით. ამდენად, კასატორის მითითებით, შპს “ა-ზე” საკუთრების უფლებით შენობის გადაცემასთან ერთად, მასზე ავტომატურად უნდა გადასულიყო საკუთრების უფლება 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

შპს “ა-ს” და ა. წ-ის საკასაციო საჩივრები არ ცნეს ქ. ქუთაისის მთავრობამ და ინდივიდუალური მეწარმეებმა დ. კ-ემ და ი. დ-მა მოითხოვეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულმა სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრების მათი დასწრების გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. წ-ისა და შპს “ა-ს” საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი ა. წ-ი სასამართლოში აღძრული სარჩელით “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ კანონის” სფუძველზე მოითხოვდა მის მიერ პრივატიზებულ ობიექტებზე (უნივერმაღი და აბანო) რიცხული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად რეგისტრაციას, რაც არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორ ა. წ-ის მოსაზრებას და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, გამოტანილია ზემოაღნიშნული კანონის არასწორი განმარტებისა და მტკიცებულებების სათანადო შესწავლა-გამოკვლევის გარეშე. კერძოდ, “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: “კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწითსარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი”, ხოლო ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსებული წესით არის დამაგრეუბლი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანოებთან შეთანხმებით.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1968წ. 17 აპრილის ¹244 გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის ვაჭრობის სამმართველოს უნივერმაღის მშენებლობისათვის გამოეყო ტერიტორია ... 0,4 ჰა. საქმეში წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ბ-ის შორის 1995წ. 12 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ¹68, რომლითაც აუქციონის წესით მ. ბ-მ 133978,80 აშშ დოლარად შეიძინა ქუთაისში, ... მდებარე უნივერმაღი “.. ..-ის” ქონება, მათ შორის 1752,90 კვ.მ-ის შენობა, რაზეც 1995წ. 13 ოქტომბერს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/57-”ა”. მოწმობაში მიწის ფართი მითითებულია 1752,9 კვ.მ ოდენობით. 1998წ. 9 დეკემბრის ჩუქების ხელშეკრულებით მ. ბ-ამ პრივატიზებული ქონება _ უნივერმაღი “.. ..” აჩუქა კასატორ ა. წ-ს. ამდენად, ... მდებარე უნივერმაღი “.. ..-ის” შენობა ამჟამად წარმოადგენს კასატორ ა. წ-ის საკუთრებას და “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ასევე, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. წ-ის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქვეშ მდებარე 1752,9 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ კანონიერია.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი მთლიანი 0,4 ჰა ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რადგან საქმეში არსებული უნივერმაღ “.. ..-ის” გეგმის მიხედვით, ... მდებარე 4000 ჰა. ნაკვეთზე, გარდა 1752,90 კვ.მ-ის უნივერმაღის შენობისა, განთავსებულია ოთხი სკვერი, სულ 1058 კვ.მ-ით. ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ცნობის მიხედვით, ... არსებული გაზონები აყვანილია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ბალანსზე. მოსარჩელის მითითებით, უნივერმაღის შენობის პრივატიზების შემდეგ, რადგან მიწის საკითხი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყვეტილიყო, მიწის საკუთრებაში გადაცემის მიზნით, გადაახდევინეს ... მდებარე მთლიანი 4000 კვ.მ-ის ღირებულება 1400 ლარი, რის საფუძველზეც იგი ითხოვს 4000 ჰა. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად: “მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი მიწის ნაკვეთების განკარგვა: საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები (მოედნები, ქუჩები, გასასვლელები, გზები, საწარმოები) და დასასვენებელი ადგილები (პარკები, ტყე-სკვერები, ხეივნები, დაცული ტერიტორიები)”. ამდენად, პარკები და სკვერები წარმოადგენენ საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთებს, რომელთა კერძო საკუთრებაში გადაცემა გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით. ამ თვალსაზრისით სასამართლოს არ უმსჯელია, ამიტომ პრივატიზებული უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის ნაწილშიც საქმე გამოსაკვლევია და არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს.

კასატორი სასამართლოში აღძრული სარჩელით ასევე ითხოვდა ქუთაისში, ... მდებარე 3003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, რაც არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ. საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. ბ-ას შორის 1995წ. 13 დეკემბერს დადებული პრივატიზების შესახებ ¹132 ხელშეკრულებით, მ. ბ-ამ 72081,79აშშ დოლარად შეიძინა ... მდებარე მუნიციპალური საწარმო “წ-ი” (აბანო ¹2), რაზეც 1996წ. 5 იანვარს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/116-”ა”, სადაც მითითებულია, რომ 1146,10 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მ. ბ-ამ 1996წ. 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით მუნიციპალური საწარმო “წითელი ხიდი” აჩუქა ა. წ-ს და ამდენად, კასატორი ა. წ-ი საწარმო “წ-ის” მესაკუთრეა. საკასაციო პალატა უნივერმაღ “.. ..ის” ანალოგიურად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ასევე მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს ა. წ-ის საკუთრებაში არსებული საწარმო “წ-ის” მიერ დაკავებული 1146,1 კვ.მ ნაკვეთის კასატორის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი, ხოლო რაც შეეხება დანარჩენი ნაკვეთის, სულ 3003 კვ.მ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, ამ ნაწილში საკასაციო პალატის აზრით, საჭიროა მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რადგან განსხვავებით უნივერმაღისა, საქმეში არც საწარმო “წ-ის” გეგმა არ არის წარმოდგენილი და გაურკვეველია რომელ 3003 კვ.მ ითხოვს კასატორი და რის საფუძველზე.

საკასაციო პალატის აზრით, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე შპს “ა-ს” საკასაციო საჩივარი, რომელიც განთავსებულია ... და რომელიც სასამართლოში აღძრული სარჩელით ითხოვდა მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვას, რადგან ერთადერთი მისასვლელი გზა აქვს უნივერმაღის მხრიდან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეილებით არც შპს “ა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვის შესახებ, რაც უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რადგან შპს ,.ა.” ითხოვს სერვიტუტით იმ ნაკვეთის დატვირთვას, რომლის საკუთრებაში რეგისტრაციასაც ითხოვს ა. წ-ი, სერვიტუტის საკითხი უნდა გადაწყდეს ა. წ-ის სარჩელის გადაწყვეტასთან ერთად და ამ ეტაპზე შპს “ა-ს” სარჩელის ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივად შეუძლებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. წ-ისა და შპს “ა-ს” საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან საჭიროა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. წ-ისა და შპს “ა-ს” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.