№100210016001006506
საქმე №ას-247-235-2016 27 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – სს „ლ-ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მეორე კასატორი – თ--ს-ძე (მოსარჩელე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა; განაცდურის ანაზღაურება; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ-- ს-ძემ (შემდეგში: „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“ ან „დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სს „ლ-ის (შემდეგში: „მოპასუხე“ ან „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“ ან „ბანკი“) მიმართ და მოითხოვა: ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, 2015 წლის 14 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის მისი ყოველთვიური ხელფასის - 400 ლარის ოდენობით დაკისრება; შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება 4,000 ლარის ოდენობით, ხოლო დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნების 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე 2010 წლის სექტემბრიდან მუშაობდა მოპასუხის დაქვემდებარებაში მყოფ ფილიალში, სალაროს გამგედ. 2015 წლამდე წინა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რამდენჯერმე განახლდა შრომითი კონტრაქტი მასსა და ბანკს შორის. 2013 წლის 03 სექტემბერს გაფორმდა ბოლო შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2015 წლის 13 მაისს მოსარჩელე გაეცნო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის №21 პ.შ. ბრძანებას სამუშაოდან მისი დათხოვნის თაობაზე. მოსარჩელემ სადავო გახდა ბრძანების მართლზომიერება.
II. მოპასუხის პოზიცია:
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოსარჩელის მითითება მის მიზანმიმართულ შევიწროებასთან, ბრძანების ჩაუბარებლობასთან და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით უარყო. მანვე მიუთითა შიდა მონიტორინგის სამსახურის წლიური შემოწმების გეგმის გათვალისწინებით შედგენილ 2015 წლის 11 მარტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული უთანხმოება მმართველთან, რასაც შეესწრნენ მონიტორინგის თანამშრომლები. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადაო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2376 (ორი ათას სამას სამოცდათექვსმეტი) ლარი და 05 (ხუთი) თეთრის ანაზღაურება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში - მოსარჩელემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში - მოპასუხემ, გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
5. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებელ თანხაზე - 2376,5 ლარზე პირგსამტეხლოს - 0.07% დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2376.5 ლარზე 0.07% - 1053.6 ლარი. დანარჩენ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 20 აგვისტოს, მხარეებს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება. მოცემული ხელშეკრულება საბოლოოდ განახლდა 2013 წლის 03 სექტემბრის №... ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით, რომლითაც დასაქმებულმა აიღო ვალდებულება განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შესახებ, ხოლო ბანკმა აიღო ვალდებულება დასაქმებულისათვის სამუშაოს შესრულების ანაზღაურების გადახდის შესახებ.
7. ხელშეკრულების 5.2. მუხლის „ა” და „ბ” პუნქტებით მხარეებმა გააკეთეს შემდეგი შინაარსის დათქმა: ა) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია სამუშაო კვირის განმავლობაში იმუშაოს ხელშეკრულების 3.2.3.1. ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სამუშაო საათებზე მეტ ხანს ან/და არასამუშაო დღეებში (ზეგანაკვეთური სამუშაო). კორპორატიული სახელმძღვანელოთი განისაზღვრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი, ოდენობა და სხვა დამატებითი პირობები, კერძოდ: ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურებულიყო ალტერნატიული საშუალებით, დამატებითი დასვენების დროის მიცემით.
8. შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა კორპორატიული სახელმძღვანელო - ბანკის მიერ შემუშავებული შინაგანაწესი, ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ დასაქმებულის მოვალეობები განისაზღვრება შინაგანაწესით, ხელშეკრულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციით. დოკუმენტი წარმოადგენს მომსახურების ხარისხის სტანდარტს ბანკის წინა ხაზის ყველა დასაქმებულისათვის. სტანდარტის დაცვა სავალდებულოა წინა ხაზის ყველა დასაქმებულისათვის და მისი დაუცველობა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.
9. ხელშეკრულებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე ბანკში განსაზღვრულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რვა საათიანი სამუშაო დღით და ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს კვირაში 40 საათს. შინაგანაწესით განისაზღვრება, რომ ბანკში სამუშაო იწყება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან 09 საათამდე და 30 წუთამდე შუალედში და მთავრდება 18 საათზე. შაბათ დღეს სამუშაო დღე იწყება 9 საათიდან 09:30 საათამდე შუალედში და მთავრდება 15 საათზე. დასვენების დრო შეადგენს 1 საათს 13 საათიდან 15 საათამდე შუალედში, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
10. ზეგანაკვეთურ სამუშაოს წარმოადგენს ბანკსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებით დასაქმებულის უფლებამოსილება შეასრულოს სამუშაო დროის იმ მონაკვეთში, რომელიც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობას (კვირაში 40 საათს).
11. ტ.1. ს.ფ. 49-ზე განთავსებული ბრძანებით დადგენილია, რომ ბანკის გენერალური დირექტორის, 2015 წლის 5 მარტის ბრძანებით, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური, კორპორატიული სახელმძღვანელოს დარღვევის გამო (თანამშომლების მიმართ უხეში დამოკიდებულება).
12. ტ.1. ს.ფ. 51-ზე განთავსებული 2014 წლის 29 ივლისის ბანკის გენერალური დირექტორის №332 ა.დ. ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური კორპორატიული სახელმძღვანელოს დარღვევის გამო.
13. ს.ფ. 52-62-ზე განთავსებულია მოსარჩელის ახსნა განმარტებების ასლები, რომელიც მოსარჩელის მიერ არის შედგენილი, ბანკის ფილიალის მმართველისადმი, მუშაობის პერიოდში მის მიერ დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
14. 2015 წლის 6 აპრილის ახსნა განმარტებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ: ”მ/წლის 4 აპრილს რამოდენიმე კლიენტს მოვემსახურე პირადობის მოწმობის მოთხოვნის გარეშე, რადგან კლიენტების უმეტესობას ვიცნობ და დროის მოგების მიზნით, რადგან რიგის დადგომაზეც მმართველის მხრიდან არაერთხელ მიმიღია საყვედური სიტყვიერი. გთხოვთ აღნიშნული შეცდომა ჩამითვალოთ საპატიოდ”.
15.. ს.ფ. 54-ზე განთავსებული, 2015 წლის 16 აპრილით დათარიღებული ახსნა განმარტების შინაარსი შემდეგია: „მოგახსენებთ, რომ მ/წ 16 აპრილს, კლიენტმა თავის ქვითრებთან ერთად მომაწოდა დატოვებული ქვითრები და მთხოვა გადამეხადა ცალ - ცალკე, მე ავუხსენი, რომეს ასე არ შეიძლებოდა, რაზედაც კლიენტი შემედავა და მეც მომიხდა კლიენტთან შეკამათება”.
16. ს.ფ. 55-ზე განთავსებული, 2015 წლის 8 აპრილის ახსნა - განმარტების თანახმად: „მოგახსენებთ, რომ მ/წ 4 აპრილს, სალაროსთან მოვიდა ახლობელი ბავშვთან ერთად, რომელმაც მთხოვა გადამეხადა ტურის თანხა, როცა ავუხსები, რომ ამ ოპერაციას ჩემი სალარო ვერ აკეთებდა, მთხოვა თანხა გადამეხადა მე, რადგან ბავშვთან ერთად ვერ ახერხებდა დალოდებას. ბუკლეტთან ერთად მომაწიდა 20 ლარიანი და ხურდაც მაშინვე დავუბრუნე 6 ლარი, და 14 ლარი დავადე ბუკლეტს, რომ შესვენებისას გადამეხადა აღნიშნული თანხა და გადავიხადე კიდეც ოპერატორთან. ვიცი, რომ ჩემი ქმედება ეწინააღმდეგება სალაროს წესებს, მაგრამ აღნიშნული შეცდომა გთხოვთ ჩამითვალოთ საპატიოდ.
17. ს.ფ. 60-ზე განთავსებულია 2014 წლის 8 ივლისით დათარიღებული ახსნა - განმარტება. დოკუმენტის თანახმად თ- ს-ძ განმარტავს შემდეგს: „მოგახსენებთ, რომ მ/წლის 4 ივლისს, ვესახურებოდი კლიენტს ნ- ბ-ს. საბუთის შექმნისთანავე ვკითხე კლიენტს თუ რა დავალიანებებს იხდიდა, შეკითხვაზე მიპასუხა, რომ სურდა ყველა დავალიანების სრულად დაფარვა. მეც გამოვართვი თანხა და დავადასტურე საბუთი. ამის შემდეგ მობრუნდა და განაცხადა პრეტენზია, რომ ნაწილი თანხისა უკვე ჰქონდა გადახდილი სხვა ოპერატორთან, რამდენიმე წუთის წინ, რაც პროგრამაში არ იყო ასახული. ამაზეცგამოთქვა ჩემს მიმართ პრეტენზია და მიუხედავად არაერთი ახსნისა მომაყენა სერიოზული სიტყვიერი შეურაცხყოფა, რისი მოწმეც გახლავთ რამოდენიმე კლიენტი და თვით თანამშრომლებიც, რადგან არ მომცა მუშაობის საშუალება გამოვიძახე დაცვის პოლიცია, რამაც ჩემი აზრით განმუხტვის მაგიერ უფრო დაძაბა სიტუაცია. კერძოდ, კლიენტმადაწერა ყალბი ჩვენება თითქოსდა მე მივაყენე სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც არ ვეთანხმებოდი და მიუხედავად არაერთი თხოვნისა, რომ ყველა წესის დაცვით მომხდარიყო ამ კლიენტის გადაყვანა ან საჭირო ზომების მიღება (და ეს არ იყო ამ კლიენტიდან პირველი შემთხვევა თითქმის მის ამქცევას უკვე აქვს სერიული ხასიათი), რატომღაც ეს ასე არ მოხდა, ფილიალის მმართველმა კლიენტის პრეტენზია გადააგზავნა შესაბამის სამსახურში და როცა ეს გავიგე, მეორე დილით გაცხარებულმა დავრეკე დაცვის პოლიციაში იმ მოტივით, რომ გავსაუბრებოდი დაცვის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გამოძახებული იყვნენ შემთხვევის დროს და დამეზუსტებინა ყველა პროცედურის დაცვით მოხდა თუ არა იმ ქალბატონის ბანკიდან გაშვება. გთხოვთ ზემოაღნიშნული ფაქტი ჩამითვალოთ საპატიოდ. ვინაიდან ჩემთვის როგორც ერთ ერთი რიგითი თანამშრომლისათვის მნიშვნელოვანია ბანკის ინტერესების დაცვა”.
18. ს.ფ. 61-ზე განთავსებულია „პრეტენზიების მიღების განაცხადი”, 2014 წლის 4 ივლისით დათარიღებული, რომლითაც მოქალაქე ნ. ბ-ი იტყობინება, რომ 4 ივლისს გადასახადის გადასახდელად მივიდა ბანკში, ნაწილი გადასახადისა გადაიხადა, ნაწილის გადასახდელად დაბრუნებულს თ- ს-ძემ თავიდან გადაახდევინა მის მიერ გადახდილი თანხაც და დაფარა ასევე დარჩენილი გადასახადი. კლიენტი გამოთქვამდა პრეტენზიას იმის გამო რომ მას თანხა ერთიდაიგივე გადასახადისთვის ორჯერ გადაახდევინეს, ასევე აღნიშნავდა, რომ თ-- ს-ძემ მას მიაყენა შეურაცხყოფა, დაუწყო ყვირილი და გამოუძახა პატრულს. კლიენტი ასევე აღნიშნავდა, რომ თ-- ს-ძე მას ასევე მოექცა რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული პრეტენზიის ბარათთან ერთად საქმეში განტავსებულია იმავე კლიენტის ნ- ბ–ის 2014 წლის 5 ივლისის ახსნა - განმარტება, რომლითაც ეს უკანასკნელი მიმართავს სს ”ლ-ის” ჭ--ის ფილიალის მმართველს და აღნიშნავს, რომ ”პრეტენზიის მიღების ბარათი” მის მიერ 2014 წლის 4 ივლისს შევსებუი იქნა აფექტის მდგომარეობაში. . .”
19. ს.ფ. 63-ზე განთავსებულია, 2014 წლის 17 ნოემბრის ”პრეტენზიის მიღების განაცხადი” შევსებული მოქალაქე ე-ი ლ-ის მიერ. განაცხადში აღნიშნულია შემდეგი: ”14 ნოემბერს მსურდა გადამეხადა გადასახადები. დავდექი რიგში სალაროსთან, ჩემი რიგი, რომ მოვიდა, მოლარეს გაუწოდე ფული და ქვითრები, მან როდესაც დახედას ჩემს პირადობას, უშვერი სიტყვებით მომმართა, გააჭირვეთ საქმე პენსიონრებმა, როდესაც პენსიას აიღებთ მაშინ გადაიხადეთ გადასახადები, მე მას აუხსენი, რომ პენსიას არ ვღებულობ დღეს. მაგრამ მან ჯერ მოიმიზეზა კომპიუტერი გამოირთოო და ვერ ვმუშაობო, და ახალ მოსულ ახალგაზრდას გამოართვა ქვითრები, მე შენიშვნა მივეცი, მან მიპასუხა შენი ქვითრის ნომრები არ შედის და მომაყარა ფული და ქვითრები თან ყველა გააფრთხილა პენსიონრებს არ ვემსახურები წადითო. სალაროს გამგემ თ-- ს-ძემ”.
20. საქმეზე შეკრიბილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის მიმართ ბანკის მომხმარებლებს გააჩნდათ პრეტენზიები მის მომსახურებასთან დაკავშირებით.
21. ბანკის შიდა მონიტორინგის სამსახურის 2015 წლის 11 მარტის დასკვნით დადგენილია, რომ 2015 წლის 10 მარტს ჭ--აში ნინოშვილის ქუჩის №13-ში მდებარე ბანკის ჭ--ის ფილიალში შიდა მონიტორინგის სამსახურმა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად აღმოაჩინა შემდეგი ტიპის დარღვევები: მოსარჩელე მომსახურების პროცესში ღეჭავდა საღეჭ რეზინს, არ ეკეთა ბეჯი და ფრჩხილებზე ჰქონდა მკვეთრი ფერის ლაქი. სამსახურმა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ზედმიწევნით არ დაიცვა ს.ს. ,,ლ --ის” კორპორატიული სახელმძღვანელოს და მომსახურების სტანდარტის სავალდებულო წესები. ასევე 2015 წლის 10 მარტს მონიტორინგის განხორციელებისას ფილიალის მმართველის ოთახში ადგილი ჰქონდა მმართველ ს. ნ-ესა და მოსარჩელეს შორის შელაპარაკების ფაქტს და არკვევდა საყვედურის დაკისრების მიზეზებს. მოსარჩელე საუბრობდა მაღალი ტონით და მოითხოვდა განმარტებებს. სამსახურმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა 2014 წლის 04 თებერვლის §248 ოქმით დამტკიცებული კორპორატიული სახელმძღვანელოს დადგენილი წესი თანამშრომლებთან ურთიერთობის შესახებ. მონიტორინგის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გაეცა რეკომენდაცია მოსარჩელეზე სუბორდინაციის, კოლეგიალურობისა და ეთიკის ზოგადი ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
22. დადგენილია, რომ კვალიფიკაციის კუთხით მოპასუხეს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია. 2014 წლის 11 მაისის ტესტირებით მან მიიღო 80 პროცენტი შეფასება.
23. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 მაისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 14 მაისიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტებით ნაღდი ფულის მიღება-გაცემისას კლიენტთა იდენტიფიცირების თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, 2013 წლის 03 სექტემბრის №1555 ინდივიდულური შრომითი ხელშეკრულებით და შრომითი აღწერილობით (დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები) მისთვის დაკისრებული მოვალეობების, კლიენტის მომსახურებისას ბანკში მოქმედი იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურების უხეში დარღვევის, ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოთი დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევის გამო.
24. საქმეში განთავსებული ჭ-ის ფილიალის საცავის გაღება დახურვის საათების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთურად შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა დღეში საშუალოდ 1,5 საათი, ხოლო შაბათ დღეს 5 საათი.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა თვეში 320 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო საათში შეადგენს 1,33 ლარს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის ნამუშევარი დღეების ინფორმაციისა და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ 2014 წელს 365 დღიდან უქმე დღე, რომელიც დასვენების დღეს არ ემთხვევა არის - 11, კვირა არის - 52 დღე, შვებულება -24, საავადმყოფოს ფურცელი - 7, შაბათი - 52 საბოლოოდ სამუშაო დღე შაბათის გარდა - 219 დღე, ხოლო დანარჩენი ორი წელი 226 დღე.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია იმის შესახებ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო გამოანგარიშებული უნდა იქნეს სამ წელზე, სამ წელზე ადრე პერიოდზე მოთხოვნა კი, ხანდაზმულია.
25. დადგენილია, რომ ერთი თვის მანძილზე, მოსარჩელისათვის ზეგანაკვეთური
ნამუშევრის სახით გადასახდელ თანხას შეადგენს 78,47 ლარი. (იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ დღეს იგიძე მუშაობდა ზეგანაკვეთურად 5 საათს, ხოლო სამუშაო დღეს 1.5. საათს, ხოლო ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით საათში ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1.33. ლარს).
26. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნული დაყოვნებული თანხის, 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი:
რამდენს შეადგენს 2012 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 12 მაისის ჩათვლით ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხის 0.07% ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 წელზე გაანგარიშებით, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი თვის ბოლოს მისაღები თანხა შეადგენდა თვეში 78.47 ლარს?.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 98 იანვრის დასკვნის თანახამად დადგენილია, რომ ზეგანაკვეთური შრომითი ანაზღაურება, თუ შეადგენს თვეში 78,47 ლარს, მაშინ მისი ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 წელზე გაანგარიშებით, კერძოდ, 2012 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 12 მაისის ჩათვლით მასზე დარიცხული 0.07%-ის თანხა შეადგენს 1053.6 ლარს.
27 დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის დარღვევა.
28. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის ”ზ” პუნქტის თანახმად: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ ერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, ამასთან შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა.
საქმეზე შეკრიბილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ ბანკის მომხმარებლებს გააჩნდათ პრეტენზიები მის მომსახურებასთან დაკავშირებით. თავად მოსარჩელის მოხსენებითი ბარათით დადგენილია, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა კლიენტის მომსახურებისას ბანკში მოქმედი იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურების უხეშ დარღვევას.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მოპასუხე ორგანიზაციას ჰქონდა კანონიერი საფუძველი შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისა.
რაც შეეხება გათავსუფლებადე მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთურ ნამუშევარს აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან:
სშკ-ის მე-14 მუხლის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
სშკ-ის მე-17 მუხლის შესაბამისად ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ, სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით . ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მუშაობდა ზეგანაკვეთურად, როგორც შაბათ დღეს ისე, სამუშაო დღეებში და გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ერთი თვის მანძილზე, თ- ს--ძისათვის ზეგანაკვეთური ნამუშევრის სახით გადასახდელ თანხას შეადგენს 78,47 ლარი.
სშკ-ის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულებას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 98 იანვრის დასკვნის თანახამად დადგენილია, რომ ზეგანაკვეთური შრომითი ანაზღაურება, თუ შეადგენს თვეში 78,47 ლარს, მაშინ მისი ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 წელზე გაანგარიშებით, კერძოდ 2012 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 12 მაისის ჩათვლით მასზე დარიცხული 0.07%-ის თანხა შეადგენს 1053.6 ლარს.
პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგელოდ უნდა დაკისრებოდა დამატებით დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის სახით 1053,6 ლარის გადახდა.
29. რაც შეეხება 3 წელზე ადრე პერიოდზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 128-ე მუხლის თანახმად. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. კოდექსის 130-131-ეე მუხლების თანახმად: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
VI. კასატორების მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
31. პირველი კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმავე გარემოებებს, რასაც სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელო ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესთან დაკავშირებით. კერძოდ კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.18 პუნქტის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ არ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაო საათების შემდგომ: ა) ბანკის წერილობითი მითითების გარეშე სამუშაოს შესრულება ან/და საკუთარი ინიციატივით სამსახურში ყოფნა. ბანკის მხრიდან მოსარჩელისათვის რაიმე სამუშაოს შესრულებაზე წერილობით მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად თუ მოსარჩელე ვერ ასწრებდა მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მონაკვეთში, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
- კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორადაა დაანგარიშებული ვადაგადაცილების პროცენტიც.
32. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2015 წლის 13 მაისის № 21 ბრძანების ბათილად ცნობის, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან ბანკის ჭ---ის ფილიალის სალაროს გამგის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის, და იძულებითი განაცდურისა და მოსარჩელის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის ანაზღაურების ნაწილში იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
- კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 4 აპრილს, უხეშად დაირღვა ,,კორპორატიულ სახელმძღვანელოში დადგენილი შინაგანაწესი. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც თანამშრომლებთან მოსარჩელის უხეშ დამოკიდებულებას დაადასტურებდა, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც თანამშრომელთა მიერ შედგენილი საჩივარი მოსარჩელის წინააღმდეგ. კასატორი არ ეთანხმება მონიტორინგის სამსახურის დასკვნასაც (იხ., საკასაციო საცივრის საფუძვლები).
- კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაანგარიშების ნაწილშიც და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, ექსპერტიზამ არასწორად დაიანგარიშა დაყოვნებული თანხის ოდენობა.
- კასატორი სადავოდ ხდის სახელმწიფო ბაჟის ოდენობასაც და მიაჩნია, რომ სასამართლომ ხელოვნურად შეკრიბა სახელმწიფო ბაჟი მისი ოდენობის გასაზრდელად. კასატორის მოსაზრებით, სამსახურში აღდგენა ლოგიკურად გამომდინარეობს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი, ხოლო 28 მარტის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ორივე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
23. პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და შრომის ანაზღაურების ყოველი დღისათვის პროცენტის დაკისრების ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან და შინაგანაწესიდან გამომდინარე ბანკში განსაზღვრულია ხუთ დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, რვა საათიანი სამუშაო დღით და ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაოს ხანგრძლივობა შეადგენს კვირაში 40 საათს. შინაგანაწესით განისაზღვრება, რომ ბანკში სამუშაო იწყება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან 09 საათამდე და 30 წუთამდე შუალედში და მთავრდება 18 საათზე. შაბათ დღეს სამუშაო დღე იწყება 9 საათიდან 09:30 საათამდე შუალედში და მთავრდება 15 საათზე. დასვენების დრო შეადგენს 1 საათს 13 საათიდან 15 საათამდე შუალედში, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთურად შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა დღეში, საშუალოდ, 1,5 საათი, ხოლო შაბათ დღეს 5 საათი. მოსარჩელის ხელფასი კი, შეადგენდა თვეში 320 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო საათში - 1,33 ლარს.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოსარჩელის ნამუშევარი დღეების ინფორმაციისა და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ 2014 წელს 365 დღიდან უქმე დღე, რომელიც დასვენების დღეს არ ემთხვევა არის - 11, კვირა არის - 52 დღე, შვებულება -24, საავადმყოფოს ფურცელი - 7, შაბათი - 52 საბოლოოდ სამუშაო დღე შაბათის გარდა - 219 დღე, ხოლო დანარჩენი ორი წელი 226 დღე.
ერთი თვის მანძილზე, მოსარჩელისათვის ზეგანაკვეთური ნამუშევრის სახით გადასახდელი თანხაა 78,47 ლარი. (იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ დღეს იგიძე მუშაობდა ზეგანაკვეთურად 5 საათს, ხოლო სამუშაო დღეს 1.5. საათს, ხოლო ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით საათში ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1.33. ლარს).
24. რაც შეეხება მეორე კასატორის პრეტენზიას ზეგანაკვეთური სამუშაოს სამ წელზე ადრე პერიოდის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სსკ-ის 129-ე მუხლზე, რომლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სამ წელზე მეტი პერიოდის მოთხოვნაზე მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით, დასაბუთებულია და ამ ნაწილში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით სადავოდაა გამხდარი დაყოვნებული თანხის, 0.07 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სასამართლოს დასკვნა. პირველი კასატორი უსაფძვლოდ მიიჩნევს დაყოვნების პროცენტის მისთვის დაკისრებას, ხოლო მეორე კასატორი კი, სადავოდ ხდის დაყოვნების ყოველი დღისათვის პროცენტის ოდენობას და მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა არასწორად იქნა განსაზღვრული.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია სახეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 98 იანვრის დასკვნით დადგენილია, რომ ზეგანაკვეთური შრომითი ანაზღაურება, თუ შეადგენს თვეში 78,47 ლარს, მაშინ მისი ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3 წელზე გაანგარიშებით, კერძოდ 2012 წლის 12 მაისიდან 2015 წლის 12 მაისის ჩათვლით მასზე დარიცხული 0.07%-ის თანხა შეადგენს 1053.6 ლარს.
26. მეორე კასატორი სადავოდ ხის გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობასაც, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიუთითებს წინამდებარე განჩინების 11-19; 21-ე პარაგრაფებზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის მიმართ ბანკის მომხმარებლებს გააჩნდათ პრეტენზიები მის მომსახურებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 13 მაისის ბრძანებით კი, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ნაღდი ფულის მიღება-გაცემისას კლიენტთა იდენტიფიცირების თაობაზე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, 2013 წლის 03 სექტემბრის №1555 ინდივიდულური შრომითი ხელშეკრულებით და შრომითი აღწერილობით (დასაქმებულის ძირითადი მოვალეობები) მისთვის დაკისრებული მოვალეობების, კლიენტის მომსახურებისას ბანკში მოქმედი იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურების უხეში დარღვევის, ასევე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელოთი დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევის გამო.
27. საკასაციო პალატა არ ეთანხმება მეორე საკასაციო საჩივრის მითითებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა:
- სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;
- გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენა;
- 2015 წლის 14 მაისიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიური ხელფასის სარგოს ანაზღაურება;
- შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება და
- დაყოვნების ყოველი დღისათვის, დაყოვნების 0,07 პროცენტის გადახდის დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებით მოცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მოთხოვნა, როგორც მეორადი მოთხოვნა, წარმოადგენს უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ბრძანების თანმდევ სამართლებრივ შედეგს. მითითებული მოთხოვნებიდან მოსარჩელე ბრძანების ბათილად ცნობისა და გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან ამ ნაწილში, იგი არ წარმოადგენდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე პირს. ნორმის დანაწესით მხოლოდ ხელფასის და სხვა შრომის ანაზღაურების მოთხოვნებზე თავისუფლდებიან მოსარჩელეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
26. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
42. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით დავებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი სტაბილური პრაქტიკა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ლ-ს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
თ- ს-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ლ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. თ- ს-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. კასატორს - სს „ლ--ს“ დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 10 მარტის №5110777391 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
4. კასატორს - თ-ს-ძეს დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით 2016 წლის 24 მარტის №9695312 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური