Facebook Twitter

№010258915950676

27 აპრილი, 2016 წელი

№ას-400-380-2015 q.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. გ.ი, ხ. ა.ი, ა. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთის მიკუთვნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები:

1. 2013 წლის 10 იანვარს სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ქ.-მა (შემდეგში: მოსარჩელე) დ. პ.-ის, ნ. გ.ის, ხ. ა.ის და ა. ა.-ის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა: დ. პ.-თან 2011 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების, 2011 წლის 13 ნ.მბერს დ. პ.-სა და გ.ს შორის დადებული შეთანხმების, გ.სა და ხ. ა.ს შორის დადებული შეთანხმების, ხ. ა.სა და ა. ა.-ს შორის 2012 წლის 01 ოქტომბერს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა; მობილური ტელეფონის ნომრის .. მიკუთვნება.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წელს შპს ,,ჯ.ის” მიერ გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე შეძენილ იქნა ტელეფონის ოქროს ნომერი .., რომლის მფლობელიც იყო მოსარჩელე. ინდექსის შეცვლის შემდეგ ნომერი გახდა ... 2011 წელს მითითებული მობილურის ნომერი გაითიშა, რაც განპირობებული იყოთ იმით, რომ იგი შემთხვევით იყო პორტირებული შპს ,,მ.იკომის” მიერ სხვა მფლობელის - დ. პ.-ის სახელზე.

3.მითითებული ნომრის თაღლითურად გასხვისების ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რის შედეგად გამოიკვეთა დ. პ.-ის დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა ვინაიდან ნომერი არ იყო დაყადაღებული იგი გასხვისებულ იქნა გ.ზე. თავის მხრივ, გ.მა იგი გაასხვისა ხ. ა.ზე, რომელმაც ნომერი განკარგა ა. ა.-ზე.

4. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ კეთილსინდისიერ შემძენებად, ვინაიდან ნივთის მესაკუთრეს ნივთის გასხვისების თაობაზე არ გამოუვლენია ნება და იგი მისი მფლობელობიდან გავიდა მისი ნების საწინააღმდეგოდ.

II. მოპასუხის პოზიცია:

5. დ. პ.-მა ცნო სარჩელი და დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

6. გ.მა, ხ. ა.მა, ა. ა.-მა კი, სარჩელი არ ცნეს.

III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დ. პ.-თან 2011 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 14 ნ.მბერს დ. პ.-სა და გ.ს შორის დადებული შეთანხმება ტელეფონის ნომრის გადაფორმების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი გ.სა და ხ. ა.ს შორის 2011 წლის 12 დეკემბერს დადებული შეთანხმება ტელეფონის ნომრის გადაფორმების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ხ. ა.სა და ა. ა.-ს შორის 2012 წლის 01 ოქტომბერს დადებული შეთანხმება ტელეფონის ნომრის გადაფორმების თაობაზე; აღიარებულ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება მობილური ტელეფონის ნომერზე ....

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

8. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

10. შპს ,,ჯ.ის” ქსელში ჩართული ე.წ ,,გოლდ ნომრის” ... მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე.

11. 2011 წლის 14 სექტემბერს დ. პ.-მა შეადგინა აქტი ზ/ა სააბონენტო ნომრის პორტირებაზე.

12. 2011 წლის 14 სექტემბერს დ. პ.-თან, როგორც ზ/ა სააბონენტო ნომრის მესაკუთრესთან დაიდო ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ.

13. 2011 წლის 14 ნ.მბერს დ. პ.-სა და გ.ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ/ა სააბონენტო ნომრის მესაკუთრე გახდა გ.ი.

14. 2011 წლის 12 დეკემბერს გ.სა და ხ. ა.ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზ/ა სააბონენტო ნომრის მესაკუთრე გახდა ხ. ა.ი.

15. 2012 წლის 1 ოქტომბერს მოპასუხეებს ხ. ა.სა და ა. ა.-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სააბონენტო ნომრის ... მესაკუთრე გახდა ხ. ა.ი.

16. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე, კერძოდ, მან შეიძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს. ამდენად, ნივთის განკარგვის თაობაზე გარიგების ნამდვილობის ძირითად პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ნება.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 მარტის განაჩენით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნების გამოვლენას კუთვნილი სააბონენტო ნომრის გასხვისების თაობაზე, ხოლო დ. პ.-მა აღნიშნული ნომერი მოიპოვა მართლსაწინააღმდეგოდ.

17. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. პ.-მა სააბონენტო ნომერი მოიპოვა მართლსაწინააღმდეგოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოძრავ ნივთებთან მიმართებით, შემძენის კეთილსინდისიერება ვერ გადაფარავს საჯარო წესრიგით განმტკიცებულ ქცევის წესებს, რომ ნებისმიერი გასხვისება-განკარგვა უნდა მოხდეს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე, ხოლო დანაშაულებრივი გზით ნივთის გასვლა მესაკუთრის მფლობელობიდან არ იცავს ნივთის შემძენს სავინდიკაციო სარჩელისა თუ არარა გარიგების შედეგებისაგა ამდენად, აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, კანონმდებლის ნება ცალსახა და ცხადია – სამოქალაქო ბრუნვა უნდა განხორციელდეს ლეგიტიმურ საფუძვლებზე.

18. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ იურიდიული ფიქციის საფუძველზე, მოძრავი ნივთზე გავრცელდეს უძრავი ნივთის სამართლებრივი რეჟიმი, საჭიროა შესაბამისი ნორმატიული ბაზის არსებობა, რომლითაც მისი (მოძრავი ნივთის ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) გასხვისების (შეძენის) რეგისტრაცია მოხდება საჯარო რეესტრში და არა უბრალოდ გარკვეული ორგანიზაციის (კერძო, თუ საჯაროსი) სიებში. ცხადია, არც ჯ.ის და არც მ.ის სიები, სადაც ხდება მობილური ტელეფონის მესაკუთრეთა ნომრების აღრიცხვა, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას (იგი პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს) და მათი შედარება საჯარო რეესტრის ინსტიტუტთან უადგილოა.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

19. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა.

20. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს კასატორები იმავე საფუძვლებს ამყარებენ, რასაც სააპელაციო საჩივარს, კერძოდ, მიუთითებენ, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მითითება ნების გამოვლენის ნაკლზე წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 158-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

კასატორები აღნიშნავენ, რომ სადავო შემთხვევაში, გარიგების ობიექტს წარმოადგენდა მობილური ტელეფონის ნომერი, რაც მოძრავი ნივთს განეკუთვნება. თუმცა იგი მაინც უნდა გაიმიჯნოს ტიპიური მოძრავი ნივთისაგან, რადგან მათი მფლობელები სპეციალურად რეგისტრირდებიან, როგორც სატელეკომუნიკაციო კომპანიის აბონენტები. შესაბამისად, ამ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია ასეთად რეგისტრაცია კონკრეტული კომპანიის ნომრების რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმცია, რომელიც სამოქალაქო კოდექსითაა გათვალისწინებული შესაძლებელია მობილური ტელეფონის ნომრებზეც გავრცელდეს. მიუხედავად ამისა, საქმის განმხილველმა სასამართლომ კასატორები უსაფუძვლოდ მიიჩნია არაკეთილსინდისიერ შემძენებად.

სამოტივაციო ნაწილი:

VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:

21. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით.

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

23. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნების გამოვლენას კუთვნილი სააბონენტო ნომრის გასხვისების თაობაზე, ხოლო დ. პ.-მა აღნიშნული ნომერი მოიპოვა მართლსაწინააღმდეგოდ (იხ., თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 მარტის განაჩენი).

24. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები თავიანთ საკასაციო პრეტენზიას კეთილსინდისიერების ფაქტზე ამყარებენ და აღნიშნავენ, რომ მათ შეიძინეს სატელეფონო კომპანიის რეესტრში რეგისტრირებული უფლება, რაც ამყარებს რეგისტრირებული პიროვნების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების ზემოთ მითითებულ პრეტენზიას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებელი მოძრავი და უძრავი ნივთების მიმართკეთილსინდისიერი შემძენის დაცვის განსხვავებულ წინაპირობებს ადგენს. სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის საფუძველს მოკლებულია იმგვარი შენაძენი, თუმდაც კეთილსინდისიერების ფარგლებში იყოს განხორციელებული, როდესაც მესაკუთრეს ნივთი მოჰპარეს ან მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდა

გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ნების გამოვლენას კუთვნილი სააბონენტო ნომრის გასხვისების თაობაზე, ხოლო დ. პ.-მა აღნიშნული ნომერი მოიპოვა მართლსაწინააღმდეგოდ - დანაშაულებრივი გზით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემძენი ვერ იქნება დაცული კეთილსინდიერი ქცევის სტანდარტით, რამდენადაც, მესაკუთრის ნების არარსებობა მოძრავი ნივთის განკარგვის მიმართ, გამორიცხავს კასატორების მიერ აპელირებულ ფაქტს.

26. ხოლო კასატორების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაზეც უნდა გავრცელდეს საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების მიმართ არსებული პრეზუმცია, რადგან სადავო მობილური ტელეფონის ნომერიც რეგისტრირებულია კონკრეტული კომპანიის ნომრების რეესტრში და შესაბამისად, განსხვავდება ტიპიური მოძრავი ნივთების სამართლებრივი რეჟიმისაგან (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები), ვერ იქნება გაზიარებული.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 185-ე მუხლის შინაარსით, რომლის საკანონმდებლო მიზანს შემძენის ინტერესების დაცვა და ამდენად, უძრავი ნივთების ბრუნვის სტაბილურობა წარმოადგენს, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. განსახილველი ნორმა, მისი ფართოდ განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა და ამდენად, მისი სფეროს იმგვარად გაფართოება, რომ მასში კონკრეტული სატელეკომუნიკაციო კომპანიის რეესტრში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის რეგისტრაციას მოაზრებოდეს ეწინააღმდეგება ნორმის ნორმატიულ, შინაარსობრივ და ისტორიულ განმარტებას და გაზიარებული ვერ იქნება.

27. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგა

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მოძრავი ნივთების გასხვისების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2,050.00 ლარის 70% – 1,435.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ.ის, ხ. ა.ის და ა. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს - ნ. გ.ს, ხ. ა.ს და ა. ა.-ს დაუბრუნდეთ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 02 ივნისს №... საგადახდო დავალებით პ. ს.ს სახელით ი. კ.ს მიერ გადახდილი 2,050.00 ლარის 70% – 1,435.00 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ბაქაქური