№010210015711881
საქმე №ას-1199-1127-2015 13 აპრილი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ლ- ფ-ი, ი- ბ-ე, თ- ფ-ი, ნ-შ-ე, მ- გ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ-ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები
სს „ვ-იამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ლ-ფ-ის, ი- ბ-ის, თ-- ფ-ის, ნ- შ-ისა და მ- გ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1. მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 15281,02 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 8385,19 აშშ დოლარი, პროცენტი - 1553,16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5342,67 აშშ დოლარი.
2. დავალიანების გადახდევინების მიზნით, ქ. ბ-–ი, კ-ის ქ№2-ში (ს/კ: №0----) მდებარე ი-- ბ--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. ასევე, დაგირავებული მოძრავი ნივთების, კერძოდ, ქ. ბ--ი, კ---ის ქ№2-ში მდებარე საოჯახო ნივთებისა და ლ-- ფ----ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის, რომლის მახასიათებლებია: სახელმწიფო ნომერი O--, გამოშვების წელი - 1998, მოდელი - IVECO LD 240 E 38 FP, ფერი - მწვანე 6/8, ტიპი - სატვირთო ბორტიანი, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - B--, რეალიზაცია.
3. უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაფარვის შეუძლებლობის პირობებში, გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.
II. მოპასუხის პოზიცია
4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სს ვ--იას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) მოპასუხეებს: ლ- ფ-ს, ნ- შ-ეს, თ-- ფ-ს და მ- გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 10472.35 აშშ დოლარის (საიდანაც, ძირითადი თანხაა - 8385.19 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1553.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 534 აშშ დოლარი) გადახდა სს ,,ვ- -იას” სასარგებლოდ;
ბ) დავალიანების გადახდევინების მიზნით, დადგინდა ქ.ბ–ი, კ-ის ქუჩა №2-ში, ს/კ:№0--მდებარე, ი-- ბ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
ასევე, ქალაქ ბ-ი, კ–ის ქუჩა №2-ში მდებარე, ი- ბ-ის საკუთრებაში არსებული დაგირავებული მოძრავი ნივთების: საოჯახო ნივთების და ლ- ფ-ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანის (მახასიათებლები: სახელმწიფო ნომერი O--, გამოშვების წელი - 1998, მოდელი - IVECO LD 240 E 38 FP, ფერი - მწვანე 6/8, ტიპი - სატვირთო ბორტიანი, საიდენტიფიკაციო ნომერი - W--, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - B----) რეალიზაცია.
მითითებული საგნების რეალიზაციის შეუძლებლობის, ან რეალიზაციიდან მიღებული თანხით დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში, დადგინდა, დავალიანების გადახდევინება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
6. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. ლ- ფ--მა, ი-----–- ბ--ემ, თ-- ფ-----მა, ნ- შ---ემ და მ-გ-ემ წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დარიცხული პროცენტის - 1553,16 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 535 აშშ დოლარის ნაწილში. ხოლო სს „ვ--იამ“ კი, - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს - 4808.67 აშშ დოლარის დაკისრება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: ლ--ფ--ის, ი- ბ-ის, ნ-შ-ის, თ- ფ-ის, მ- გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8. სს ,,ვ- -იას” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ვ-- იას” სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. ლ- ფ-ს, ნ-- შ--ეს, თ-- ფ-----ს და მ-- გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 4808.67 აშშ დოლარის გადახდა სს ,,ვ-- -იას” სასარგებლოდ.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2008 წლის 10 ივნისს სს ,,ვ- --იამ” გაუხსნა საკრედიტო ხაზი ლ---- ფ-----ს 50000 აშშ დოლარის ოდენობით, 5 წლის ვადით (იხ: გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე - ტ.1,ს.ფ.14, 15).
- ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2010 წლის 20 მაისს დაიდო №7618225105 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,ვ -იამ” ლ- ფ--ს ასესხა 20650 აშშ დოლარი, 1826 დღის ვადით, წლიური 23% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამასთან, ხელშეკრულების 6.1.1 პუნქტის თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა დავალიანების (ძირი თანხის, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს) დაფარვა მსესხებლისაგან, თუ ეს უკანასკნელი არ დაფარავდა ვადაში გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას, სულ მცირე, ორჯერ და ბანკის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში არ იქნებოდა დაფარული საკრედიტო დავალიანება (იხ: ხელშეკრულება - ტ.1,ს.ფ.16-19).
- აღნიშნული საკრედიტო ვალდებულებები უზრუნველყოფილ იქნა:
ა) ი-- ბ--ის კუთვნილი უძრავი ნივთის (მდებარე, ქალაქ ბ–ი, კ--ის ქუჩის №2-ში, ს/კ: №0--) იპოთეკით დატვირთვით (იხ: ტ.1,ს.ფ.24-26);
ბ) ლ- ფ-ის კუთვნილი ავტომანქანის (სატვირთო ბორტიანი IVECO LD 240 E 38 FP, სახელმწიფო ნომრით O--, გამოშვებული 1998 წელს, მწვანე (6/8) ფერის, ს/ნ: W-, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - B--) გირავნობით დატვირთვით (იხ: ტ.1,ს.ფ.20, 21);
გ) ი-- ბ-ის კუთვნილი, ქალაქ ბ-ი, კ-ის ქუჩის №2-ში განთავსებული საოჯახო ნივთების გირავნობით დატვირთვით (იხ: ს.ფ.22, 23);
დ) მ-- გ--ის, ნ-შ-ის და თ- ფ-ის მიერ ნაკისრი სოლიდარული თავდებობებით; თითოეული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 44410.51 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ: ტ.1,ს.ფ.27-29).
- ლ-- ფ--მა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები, რისი სამართლებრივი შედეგების შესახებაც სს ,,ვ- -იამ” განახორციელა მსესხებლის, თავდებებისა და იპოთეკის (გირავნობის) საგნის მესაკუთრე პირთა ინფორმირება, შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა-ჩაბარებით და ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესების სახით (იხ: ტ.1,ს.ფ.30-53). დამატებით ვადაშიც ვალდებულებები ლ- ფ--ს არ შეუსრულებია, რის შედეგადაც მსესხებლის დავალიანება სს ,,ვ-- -იას” მიმართ, სარჩელის შემოტანის დროისათვის, შეადგენდა 15281.02 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი დავალიანებაა - 8385.19 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1553.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5342.67 აშშ დოლარი (იხ: ლ--ფ-ის გადახდების ისტორია - ტ.1,ს.ფ.54-56).
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თანხების დაანგარიშების წესს მოპასუხეები არ შედავებიან: მათი პრეტენზია მიმართული იყო 2010 წლის 20 მაისს განხორციელებული რესტრუქტურიზაციის მიმართ. თუმცა, მოპასუხე მხარეებს არ მოუთხოვიათ 2010 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაიმე საფუძვლით.
12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელი ეფუძნებოდა 2010 წლის 20 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემმა - სს ,,ვ- იამ” გასცა მსესხებელზე - ლ-- ფ-ზე სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
13. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას; შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბანკო კრედიტის გამცემმა სწორედ ამ წესის დაცვით შეწყვიტა ლ---- ფ-----თან საკრედიტო ურთიერთობა და მოითხოვა დავალიანების სრულად დაფარვა. იმ პირობებში, როცა მოპასუხე მხარე არ ეცილებოდა დავალიანების დაანგარიშების წესს. ასევე, არ მიუთითებდა საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სამართლებრივი საშუალებების (გირავნობა, იპოთეკა, სოლიდარული თავდებობები) გამოყენების დაუშვებლობაზე, ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებდა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეში ასევე სადავო იყო ის გარემოება უნდა გადაეხადა თუ არა მოვალეს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენით და იგი შეიძლება აღემატებოდეს კრედიტორის შესაძლო ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის თანხას საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო სარჩელის აღძვრის შემდგომ აღარ ერიცხებოდა; სარჩელის აღძვრის შემდეგ კი, გასული იყო ერთი წელი. წინამდებარე სამართალწარმოება, თუ რომელიმე მხარე გამოიყენებდა საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებას, შეიძლება კიდევ 6 თვით გახანგრძლივებულიყო, რასაც ემატებოდა საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებიც.
ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიზანშეუწონელი იყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს შემცირება, რომელიც განსაზღვრულია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით, იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და იგი, დროის გასვლასთან ერთად, არ იზრდება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება იქცეს არაკეთილსინდისიერ მოვალეთა პასუხისმგებლობისაგან უსაფუძვლო გათავისუფლების, აგრეთვე, კეთილსინდისიერ მოვალეთა წაქეზების საშუალებად, დაარღვიონ ვალდებულება, მოსალოდნელი პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირების იმედით; ეს კი არ წაადგება სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო ბრუნვის სტაბილური, პროგნოზირებადი ხასიათით განხორციელებას.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ლ-- ფ-----მა, ი-- ბ-ემ, თ-- ფ--მა, ნ-- შ--ემ და მ- გ---ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
17. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ განზრახ აარიდა თავი 20.06.2008წ.-ის სესხის იმ ხელშეკრულებაზე მსჯელობას, რომლის საფუძველზე დაიტვირთა ლ.ფ-----ის სიძის - ი.ბ-----ის საცხოვრებელი ბინა, ხოლო სესხის თანხად განისაზღვრა 20,500 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებელს გადახდილი ჰქონდა 10 863 აშშ დოლარი. მოგვიანებით, მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. საბოლოოდ, მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია და 25.05.2010წ.-ს გაფორმდა მეორე სესხის ხელშეკრულება განსხვავებული პირობებით. მსესხებელს პირველი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაერიცხა ყველა ჯარიმა თუ საურავი და ბანკმა იგი დააბრუნა 20.06.2008წ.-ის საწყის მდგომარეობაში, ისე, რომ ბანკს მისთვის რაიმე შეღავათი არ გაუწევია.
კასატორები მიუთითებენ, რომ თავად მსესხებელი გამოცხადდა ბანკში ჯერ კიდევ, 14.12.2013წ.-ს, მიუთითა თავის გადახდისუუნარობაზე და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამდენად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ ბანკის მითითება თითქოს ორჯერ გაეგზავნა და ჩაბარდა შეტყობინება მსესხებელს როდი მიუთითებს მსესხებლის არაკეთილსინდიდიერებაზე. გარდა ამისა, კასატორები მიუთითებენ, რომ თუ ბანკმა გამოიყენა ხელშეკრულების შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით დადგენილი წესი, მაშინ ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა 2014 წლის თებერვლის თვეში. ბანკმა კი, სარჩელი წარადგინა 2014 წლის ოქტომბერში.
კასატორები მიუთითებენ, რომ ბანკის მიერ წარმოდგენილი დავალიანების ისტორიაში არაა გაშიფრული თუ რა წესით და რა პერიოდისათვის იქნა დარიცხული პირგასამტეხლო. სასამართლოში წარმოდგენილი არ არის 5 428,78 აშშ დოლარის გაანგარიშების წესი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
VII. საკასაციო პალატის დასკვნები:
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი დაკისრებული პირაგასამტეხლოს ოდენობის კანონიერებას შეეხება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ,,ვ- იას” სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. ლ- ფ--ს, ნ-- შ-ეს, თ-ფ-----ს და მ-- გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 4,808.67 აშშ დოლარის გადახდა სს ,,ვ --იას” სასარგებლოდ. პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2008 წლის 10 ივნისს სს ,,ვ- -იას“, როგორც „ბანკის“ მიერ ლ- ფ-ისათვის, როგორც „მსესხებლისათვის“ გახსნილი საკრედიტო ხაზის ფარგლებში, მხარეებს შორის, 2010 წლის 20 მაისს დაიდო №7618225105 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს ასესხა 20,650 აშშ დოლარი, 1826 დღის ვადით, წლიური 23% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელს, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- მსესხებელმა დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები.
- საბოლოოდ, მსესხებლის დავალიანებამ სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგინა 15,281.02 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხა იყო - 8,385.19 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1,553.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 5,342.67 აშშ დოლარი.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს და პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას, მისი ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების მიზანშეწონილობის შესწავლის თვალსაზრით.
23. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს და ამ კუთხით, მისი კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). განსახილველი შემთხვევის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 418-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს განსაზღვრას.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.
24. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის წინააღმდეგ, სააპელაციო პალატამ ბანკის სარჩელის საფუძვლიანობა დაუკავშირა იმგვარ გარემოებებს, როგორიცაა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისება, რათა პირგასამტეხლოს შემცირების იმედით მათ აღარ შეასრულონ ვალდებულება, რაც, პალატის მოსაზრებით, ხელს შეუშლის სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და არ წაადგება სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო ბრუნვის პროგნოზირებადი ხასიათით განხორციელებას.
25. წინამდებარე სამართალწარმოების გახანგრძლივების შემთხვევაში, საბანკო კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის აღსრულების ვადების გაჭიანურებაზე და ზოგადად, სხვა არაკეთილსინდისიერ მოვალეთა პასუხისმგებლობისაგან უსაფუძვლო გათავისუფლების, აგრეთვე, კეთილსინდისიერ მოვალეთა წაქეზების საშუალებებზე დეკლარირებული სახის მსჯელობამ (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ: III. 4-6), საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასამართლოს, როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური არბიტრის როლს, ისე, სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვან განხორციელებას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული „სამართლიანი სასამართლოს უფლება“, მოითხოვს ყოველ კონკრეტულ საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას და არა ზოგადი ხასიათის პრევენციების გატარებას.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.2012წ. საქმე Nას-1560-1463-2012; სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013).
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა.
28. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს სარგებლიან სესხს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობას, საკასაციო პალატა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 2008 წლის 20 მაისის საბანკო კრედიტის N7618225105 ხელშეკრულებაზე დარიცხული პირგასამტეხლოდან - 1534 აშშ დოლარს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, კანონშესაბამისია და სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას (იხ., სუსგ 04.12.2015წ. Nას-914-864-2015).
29. გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიაზე, რომელიც შეეხება სესხის რესტრუქტურიზაციას, ბანკის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით დადგენილი წესის დარღვევას და დავალიანების ოდენობისა და მისი დარიცხვის გაშიფვრას, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია გასაჩივრების პროცესუალური ფარგლები და დადგენილია ქცევის იმგვარი წესი, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარდგენა კანონით დადგენილი წესით, დასაშვებია გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილის მიმართ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო. წარმოდგენილი საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.03.2015წ.-ის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 10,472.35 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 8,385.19 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 1,553.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 534 აშშ დოლარი, ლ. ფ-ის, ი. ბ-ის, თ. ფ-ის, ნ. შ-ის, მ. გ-ის მიერ გასაჩივრდა მხოლოდ პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში (ტ.2. ს.ფ. 87) და ამავე ნაწილში შეეხო მას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სესხის ძირითადი თანხის დაანგარიშებისა და დარიცხვის კანონიერებაზე.
30. პროცენტის, რომელიც თავისი ბუნებით სარგებელს წარმოადგენს, დარიცხვის კანონიერებასთან მიმართებით კი, კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
VIII. სასამართლო ხარჯი
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
32. მოცემულ შემთხვევაში, ბანკის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ 547 ლარი.
ხოლო, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია პირგასამტეხლოს - (4808.67 - 1534) 3,274.67 აშშ დოლარის ნაწილში, ამ ნაწილში, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 163.73 ლარი მოწინააღმდეგე მხარემ უნდა აუნაზღაუროს კასატორებს.
ამ მოთხოვნათა გაქვითვის შედეგად, კასატორებმა უნდა გადაუხადოს მოწინააღმდეგე მხარეს 383.27 ლარი.
33. ამასთან, კასატორებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი 1553.16 აშშ დოლარის 5% - 77.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, შემდეგი საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მთლიანად. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის გათვალისწინებით კი საკასაციო საჩივრის ღირებულებას შეადგენს კასატორებისათვის დაკისრებული არამხოლოდ პირგასამტეხლო, არამედ სესხზე დარიცხული პროცენტიც (სარგებელი). კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში, რომელიც შეადგენს 240 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 574 ლარს. პროცენტის (სარგებლის) ნაწილში კი, სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორების მიერ დამატებით გადასახდელია 1553.16 აშშ დოლარის 5% - 77.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ვინაიდან ამ ნაწილში, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ- ფ-ის, ი- ბ-ის, თ- ფ-ის, ნ- შ-ის, მ- გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „ვ-იას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ლ-ფ-ს, ნ-- შ-ეს, თ--ფ--ს და მ-- გ-ეს სს „ვ--იას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პროცენტი - 1,553.16 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1,534 აშშ დოლარი.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს „ვ--იას“ სასარგებლოდ ლ- ფ-ისათვის, ნ- შ--ისათვის, თ- ფ-ისათვის და მ- გ--ისათვის ძირითადი დავალიანების 8,385.19 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის შესაბამისად;
7. სს „ვ-იას“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს;
8. ლ- ფ-ს, ი-- ბ-ეს, თ-ფ-ს, ნ- შ-ეს, მ- გ--ეს დაეკისროს სს „ვ-იას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, 383.27 ლარი;
9. ლ-ფ-ს, ი- ბ-ეს, თ- ფ-ს, ნ- შ-ეს, მ- გ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 77.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
10. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე