Facebook Twitter

№ას-256-244-2016 25 აპრილი, 2016წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ტ. ფ-ე, რ. ფ-ე, თ. ფ-ე, ლ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჩ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ჩ-ამ (შემდეგში მოსარჩელემ) მოპასუხების: ტ., რ., თ. და ლ. ფ-ეების (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით:

– სარჩელი დაკმაყოფილა;

– მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ზ-ის მე---- მ/რ-ის №----ში მდებარე უძრავი ნივთი, კერძოდ, მე---- სადარბაზოს მე---- სართულზე მდებარე №--- ბინა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განჩინებით:

– სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

– უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავდროულად, განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

9. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემომითითებული განჩინება 2016 წლის 24 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ო. ქ-ეს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 65-73; ტომი 2, ს.ფ. 66), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო შეტყობინების კასატორებისათვის ჩაბარებად.

10. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 25 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 29 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე – სამშაბათი. შესაბამისად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2016 წლის 29 მარტის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. კანონის ზემომითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ფ-ის, რ. ფ-ის, თ. ფ-ისა და ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე