Facebook Twitter

№ას-197-188-2016 25 აპრილი, 2016წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. ე-ი, შ. მ.ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში მოსარჩელემ) გ. ე-ისა და შ. მ.ის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის – 500 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

– სარჩელი დაკმაყოფილდა;

– მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 500 ლარის გადახდა, საიდანაც მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 200 ლარის მოცულობით.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავდროულად, განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განემარტათ, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

10. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემომითითებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს – გ. ე-ს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 14 მარტს (იხ.: ტომი 2, ს.ფ. 19). რაც შეეხება კერძო საჩივრის მეორე ავტორს – შ. მ.ს, კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ დასახელებული განჩინების ასლი მას ორჯერ გაეგზავნა საქმეში არსებულ ორ სხვადასხვა (მათ შორის, მის მიერ მითითებულ) მისამართზე, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა. ერთ შემთხვევაში გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმაზე, რომ მაცხოვრებელთა განმარტებით, იგი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს (ტომი 2, ს.ფ. 18, 20-22), ხოლო მეორე შემთხვევაში ასეთად დასახელებულია ის გარემოება, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატს არ იცნობენ და იქ სხვა პირები ცხოვრობენ (ტომი 2, ს.ფ. 23-25). ამდენად, ვინაიდან შ. მ.ს საქმეში არსებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა და ვერ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, ამიტომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების საფუძველზე, გზავნილი მისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა 2016 წლის 25 მარტს (გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ ფოსტის კურიერის მიერ აქტის მეორედ შედგენის დღე).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, გ. ე-ისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 21 მარტს, რამდენადაც ხარვეზის შევსების ბოლო დღე, 2016 წლის 19 მარტი და მისი მომდევნო დღე, არასამუშაო დღეები იყო (იხ.: სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ხოლო შ. მ.ისათვის ამ ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 26 მარტს – მისთვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ ფოსტის კურიერის მიერ აქტის მეორედ შედგენის დღის მომდევნო დღეს და ამოიწურა 2016 წლის 30 მარტს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ე-ისა და შ. მ.ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე