საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-901-851-2015 5 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ფ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ი-ა" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2011 წლის 9 სექტემბერს, შპს ”ი-ა”-ს (შემდეგში მოსარჩელე ან მენარდე) და სს ”ფ-ს” (შემდეგში მოპასუხე ან შემკვეთი) შორის, გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება #5 (იხ. ტ.1., ს.ფ.19-32), რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მენარდე შეასრულებდა საგზაო სამუშაოებს საკუთარი მუშახელით, მასალითა და ტექნიკით. შემკვეთი ვალდებულებას იღებდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის, მენარდისათვის გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება, კერძოდ, 2.50 აშშ დოლარი შესრულებული სამუშაოს ყოველ მ3-ში. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 629-ე, 630-ე მუხლები).
2. 2011 წლის 10 სექტემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტში დადგენილი საზღაურის, 2.50 აშშ დოლარის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ, 10.09.2011 წლიდან 10.11.2011 წლამდე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება - 2.50 აშშ დოლარი შეიცვალა და ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულება დაანგარიშდებოდა შემცირებული ტარიფით - 1.43 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ხოლო 10.11.2011 წლიდან, ხელშეკრულების ბოლომდე, შესრულებული სამუშაოს ტარიფი იქნებოდა, 2.50-ის ნაცვლად, 3.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
3. 2011 წლის ნოემბერში, მხარეთა შეთანხმებით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შეჩერდა სამუშაოები ყველა ქვეკონტრაქტორ საწარმოსთან, მათ შორის მენარდესთანაც. ამავე დროს, შემკვეთი მოითხოვდა 2011 წლის 9 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, ტარიფის შემცირების თვალსაზრისით. მენარდე ტარიფის ცვლილებას არ დათანხმდა.
4. შემკვეთმა 2012 წლის თებერვალ-მარტიდან განაახლა სამუშაოები, მათ შორის სამუშაოებიც, რომელიც მენარდეს უნდა შეესრულებინა.
5. მენარდემ 2013 წლის 18 ივნისს სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის, 82 500 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში, ანაზღაურება; მან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 629-ე, 394-ე, 411-ე მუხლებზე.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი დაკმაყოფილდა.
7. სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე გადაწყვეტილების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ შემკვეთმა დაარღვია ნარდობის ხელშეკრულების პირობები და გადაწყვეტილების დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით.
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 9 ივლისისა და 9 აგვისტოს წერილებით (ტ.1., ს.ფ.42-43) ირკვეოდა, რომ მენარდემ მიმართა შემკვეთს და მოითხოვა სამუშაოების განახლების ნებართვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2011 წლის ნოემბერში შეჩერდა მხარეთა შეთანხმებით, ხოლო საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მენარდის მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. ნარდობის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით დადგენილი იყო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. 5.1 პუნქტის თანახმად, შემკვეთს უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა ხელშეკრულება იმ პირობით, რომ შეწყვეტამდე 10 დღით ადრე, წერილობით შეატყობინებდა მენარდეს, ხოლო მენარდეს არ ჰქონდა პრეტენზიის გამოთქმის უფლება.
9. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა განმარტებით დადგინდა შემდეგი: შემკვეთმა 2012 წლის თებერვალ-მარტიდან განაახლა შეჩერებული სამუშაოები და მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოები სხვა კომპანიებმა ჩაატარეს. წერილებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებებით, დადასტურდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა უთანხმოება შესასრულებელი სამუშაოს ტარიფის შემცირების საკითხთან დაკავშირებით (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). სასამართლო სხდომაზე, მხარეთა განმარტებებით, გამოირკვა, რომ მითითებული საკითხი გახდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი, რისი უფლებაც, სასამართლოს მოსაზრებით, შემკვეთს არ ჰქონდა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეებს გააჩნდათ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები. მითითებული მოტივით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება გათვალისწინებული არ იყო. აღნიშნული გარემოებების გამო, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხემ უსაფუძვლოდ არ მისცა საშუალება მენარდეს, დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები და როგორც მეწარმე პირს, მიეღო შესაბამისი მოგება.
10. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შემკვეთის ან მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულების ან ერთმანეთისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დამნაშავე მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარისათვის აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო შემოსავალი, რომელიც შპს აუდიტურ-საკონსულტაციო კორპორაცია ,,ი-ის” დასკვნის (შემდეგში აუდიტის დასკვნა) შესაბამისად, შეადგენდა 142 043 აშშ დოლარს.
12. შემკვეთმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა იმ დასაბუთებით, რომ:
12.1. მხარეთა შეთანხმება, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გაფორმდა 2011 წლის 10 სექტემბერს, ე.ი. ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს, რა დროსაც მენარდეს ტექნიკის ქირავნობის შესახებ ან/და მუშა პერსონალთან არცერთი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მენარდე თანახმა იყო, გარკვეული პერიოდი, ემუშავა წაგებაზე, რადგან შემდეგ, გაზრდილი ტარიფით იმუშავებდა (იხ. ამ გადაწყვეტილების 1-2 პუნქტები), უსაფუძვლო იყო.
12.2. შემკვეთმა 2012 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ყველა ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან განაახლა სამუშაოები, ხოლო მენარდემ (მოსარჩელემ) უარი განაცხადა სამუშაოების გაგრძელებაზე და მხოლოდ 2012 წლის 9 ივლისს გაუჩნდა ამის სურვილი.
12.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოები სხვა კომპანიამ შეასრულა. შემკვეთი იძულებული გახდა, თურქეთიდან შემოეყვანა ტექნიკა საქართველოში და თვითონ დაესრულებინა შპს „ა-ის“ (გენერალური კონტრაქტორი) წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
12.4. არ არის სწორი სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს შემკვეთმა დაარღვია ნარდობის ხელშეკრულების პირობები. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდებოდა, რომ მენარდემ 2012 წლის 27 სექტემბერს წერილით მოსთხოვა შემკვეთს 2011 წლის ნოემბრის თვეში შესრულებული სამუშაოს აღიარება, რითაც საბოლოოდ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შემკვეთმა, როგორც კეთილსინდისერმა კონტრაჰენტმა, აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა და გადაუხადა მენარდეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსათვის 35 423 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. სასამართლომ დაუსაბუთებელად გაიზიარა აუდიტის დასკვნა (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტი), რადგან იგი არადამაჯერებელი იყო მასში მითითებული მონაცემების მიხედვით.
12.5. სასამართლო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 244-ე მუხლის მოთხოვნა. მენარდე ზიანის ოდენობას უკავშირებდა შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულების დარღვევას, რაც არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან. მოსარჩელემ, რომლის მტკიცების ტვირთსაც წარმოადგენდა ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, სარწმუნო მტკიცებულების წარმოდგენა ვერ უზრუნველჰყო, რაც უნდა გამხდარიყო სარჩელის უარყოფის საფუძველი. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა, შექმნილ ვითარებაში, რამდენად იყო მოსალოდნელი მისი მიღება, არ შეიძლებოდა, შემკვეთს დაჰკისრებოდა იმის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს.
15. სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მენარდემ უარი განაცხადა სამუშაოების გაგრძელებაზე. სასამართლომ მიუთითა ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებაზე და დაასკვნა, რომ 2012 წლის 9 ივლისის მიმართვის შემდეგ, მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს და შემკვეთმა მენარდეს აცნობა, რომ სამუშაოებს ასრულებდა სხვა კომპანია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 17.08.2012 წლის წერილითაც დასტურდებოდა, რომ შემკვეთი გამოთქვამდა თანხმობას, მენარდესთან გაეფორმებინა ახალი ხელშეკრულება, ახალ ფასზე შეთანხმებით.
16. სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთი 2011 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გავიდა, როდესაც სხვა კომპანიას გააგრძელებინა სამუშაოები; არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ შემკვეთმა დაიცვა ხელშეკრულებიდან გასვლის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, მენარდეს ვალდებულება არ დაურღვევია, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი გახდა შემკვეთის მხრიდან, ამ უკანასკნელისათვის უკეთესი პირობებით, სხვა კომპანიასთან გარიგების დადება. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა განხილულიყო ხელშეკრულებიდან გასვლის სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილ პირობად, ამ ნორმის საფუძველზე მხარეს არ მოეთხოვება ხელშეკრულების პირობების მკაცრად დაცვა, თუ ადგილი აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულების საფუძვლად არსებული გარემოების აშკარა შეცვლას, და მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა პირობებით, ეს ცვლილება რომ გაეთვალისწინებინათ.
17. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის გარეშე, ხელშეკრულებიდან გასვლის წესი, ასევე, დადგენილია სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვით, ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე. თავად პატივსადები საფუძვლების განმარტებისას კი, ყურადღება უნდა მიექცეს დაუძლეველ ძალის ფაქტორს და ორმხრივ ინტერესებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ შემკვეთმა დაარღვია კეთილსინდისიერი მხარის ქცევის ვალდებულება, კერძოდ, ის გარემოება, რომ შემკვეთმა აღარ მისცა მენარდეს სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა და ისინი დაასრულებინა სხვა კომპანიას. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ შემკვეთი, ხელშეკრულებიდან გავიდა ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე და დადგენილი წესის დაუცველად.
18. სასამართლომ არ გაიზიარა შემკვეთის მოსაზრება მოთხოვნის მოცულობასთან დაკავშირებით და, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, იხელმძღვანელა ზიანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე მენარდის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით და იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული დოკუმენტის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს წარმოდგენილი არ ჰქონდა (სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები).
19. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 316-317-ე, 394-ე 398-399-ე, 408-ე 411-ე მუხლებზე.
20. შემკვეთმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და კასაციის საფუძვლებში (მათ შორის 05.11.2015წ. წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში) მიუთითა:
20.1. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, მოდავე მხარეებს შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და, აქედან გამომდინარე, მხარეთა ვალდებულებები. სასამართლოს არ უმსჯელია სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილ უფლებაზე, რომლითაც შემკვეთს ნებისმიერ დროს შეუძლია ხელშეკრულების მოშლა, მაგრამ მენარდისათვის უკვე შესრულებული სამუშაოს და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზანის ანაზღაურების პირობით. ამასთან მხედველობაშია მისაღები ის, რომ მოხმობილი ნორმა ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის და არა მიუღებელი შემოსავლისათვის. კასატორი უთითებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (სუსგ-ები # ას-459-438-2015, # ას- 502-476-2011; ას-87-82-2010); კასატორი უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებულ საპროცესო დარღვევებზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
20.2. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობა (სსკ-ის 411-ე მუხლი) იმ პირობებში, როცა მენარდის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობის გამო, შემკვეთი იძულებული გახდა, თვითონ დაესრულებინა სამუშაოები. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოთხოვნილი თანხა არის განაცდური მოგება, ანუ ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია უფლებამოსილ პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. კასატორის მითითებით, მიუღებელი შემოსავალი საავარაუდო შემოსავალია, ამიტომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად იყო შესაძლებელი მისი მიღება, ვინაიდან არ შეიძლება მოვალეს იმის ანაზღაურება დაეკისროს, რისი გათვალისწინებაც მას არ შეეძლო.
20.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლო პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ მხარეს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც „მიუღებელია“ ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპისათვის. ზიანის ანაზღაურების ოდენობა ისე უნდა განისაზღვროს, რომ მას რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება არ მოჰყვეს. კასატორს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების უმნიშვნელოვანეს დათქმას უსაფუძვლო გამდიდრების აკრძალვა წარმოადგენს. ამ პრინციპის მიხედვით, მოვალემ უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელშიც კრედიტორი იქნებოდა, ვალდებულება, რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
20.4. კასატორი უთითებს ამ გადაწყვეტილების 12.2. ქვეპუნქტში დასახელებულ პრეტენზიაზე, ასევე, 3-4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მენარდემ, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, უარი განაცხადა სამუშაოს გაგრძელებაზე და მხოლოდ 2012 წლის 9 ივლისს, წერილობით მიმართა შემკვეთს, რომლითაც გამოთქვა სურვილი, დაბრუნებოდა სამუშაოს. შემკვეთი შეხვდა მენარდეს და განუმარტა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე განახლებული იყო სამუშაოები, პროექტის დროულად დასრულების ვალდებულებიდან გამომდინარე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემკვეთი თანახმა იყო, მენარდე ანალოგიურ სამუშაოებზე დაესაქმებინა. მხარეთა შორის ვერ შედგა შეთანხმება და იმავე წლის 9 აგვისტოს მენარდემ კვლავ მიმართა შემკვეთს ანალოგიური თხოვნით, რაზეც 2012 წლის 17 აგვისტოს შემკვეთმა უპასუხა, რომ მიუხედავად მენარდის მიერ სამუშაოს დროულად შეუსრულებლობისა, ის თანახმა იყო, სამოქალაქო ბრუნვაში არსებული კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, მასთან ახალი ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაზეც უარი განაცხადა მენარდემ. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მენარდემ ივლისში მოინდომა, რომ განეახლებინა ჯერ კიდევ მარტის თვეში დასაწყები სამუშაო, რაც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და ნარდობის ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენდა.
20.5. კასატორი უთითებს იმავე პრეტენზიაზე, რაც დასახელებულია ამ გადაწყვეტილების 12.3. ქვეპუნქტში და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 5 აპრილს დადებული ტექნიკის ქირავნობის ხელშეკრულება, ასევე საბაჟო დეკლარაციები, რომელთა თანახმად, დასტურდება, რომ შემკვეთის მიერ სამუშაოების დასასრულებლად დაქირავებული სპეცტექნიკა, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა 2012 წლის 19 აპრილს და 25 აპრილს, ხოლო ამ დრომდე შემკვეთი ელოდებოდა მენარდის მიერ ვალდებულების შესრულებას. სასამართლოს მტკიცება, რომ თითქოსდა შემკვეთმა არ მისცა მენარდეს საშუალება, დაესრულებინა სამუშაო, უსაფუძვლოა.
20.6. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემკვეთმა დაარღვია ნარდობის ხელშეკრულების პირობები და უთითებს ამ გადაწყვეტილების 12.4. ქვეპუნქტში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მათ შორის აუდიტორული დასკვნის დაუსაბუთებლობაზე.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ამავე წლის 26 ნოემბრის განჩინებით კი გადაწყდა, მხარეთა მონაწილეობით, საქმის ზეპირი მოსმენა, იმავე წლის 3 დეკემბერს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.
22. ზეპირი მოსმენით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე კასატორმა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის, იმ არგუმენტებზე მიუთითა, რომელიც დასახელებულია ამ გადაწყვეტილების მე-20 პუნქტში, აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისაგან, კერძოდ, მიუთითა საქმეზე # ას-459-438-2015. მხარეთა შორის არსებული ნარდობის ურთიერთობა სპეციალური ნორმებით რეგულირდება, რაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. შემკვეთმა მენარდეს აუნაზღაურა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
23. კასატორის პროცესუალურმა მოწინააღმდეგემ, მენარდემ აღნიშნა, რომ განსახილველი საქმე არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მიუთითა საქმეზე # 552-525-2013 (შპს „ბ-ის“ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება), სადაც სასამართლომ, ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, ანალოგიურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაასაბუთა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით; მენარდემ ისიც აღნიშნა, კასატორის მიერ მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები არ უკავშირდება განსახილველ დავას. შემკვეთმა მენარდეს დაუსაბუთებლად შეუწყვიტა ხელშეკრულება, არ გააგრძელებინა სამუშაოები, მაშინ როდესაც 3 დოლარიანი ტარიფით იმუშავებდა. მენარდემ ისიც, აღნიშნა, რომ ტარიფზე მხარეთა შეთანხმებით მოხდა ცვლილება, თუ ტარიფი სულ 3 აშშ დოლარი იქნებოდა, ალბათ არ იდავებდნენ, მაგრამ თუ არ მისცემდნენ მენარდეს სამუშაოების დასრულების შესაძლებლობას, ეს იქნებოდა დარღვევა შემკვეთის მხრიდან, რაც წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, ეს კი მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს და, განსახილველ დავაში, სწორედ ამას ითხოვს მენარდე. სხდომაზე გამოცხადებული მენარდის დირექტორმა და მისმა წარმომადგენელმა ისიც განმარტეს, რომ შემკვეთისადმი წერილის გაგზავნამდე, მარტის თვეში არაერთხელ მოხდა მხარეთა შეხვედრა შემდგომი ურთიერთობის თაობაზე შეთანხმების მიზნით, რა დროსაც სამუშაოს შესრულების ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა.
24. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით შემკვეთის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
25. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საკასაციო განაცხადი.
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, რაც სსკ-ის 629-ე მუხლით რეგულირდება. ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სსკ-ის 636-ე მუხლი შემკვეთის უფლებას ადგენს, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015).
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა გამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა, რადგან მოხმობილი ნორმის შინაარსს „ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, და ვალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015). აღნიშნული მჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-16 და მე-17 პუქნტები), ხოლო კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას, შემკვეთს უნდა დაეცვა ხელშეკრულებიდან გასვლის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი (სსკ-ის 398-ე მუხლი), ასევე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება პატივსადები საფუძვლებით ხელშეკრულებიდან გასვლის წესზე (სსკ-ის 399-ე მუხლი), რადგან ვალდებულების დარღევის ზოგადი დებულებების კონკურენციისას სპეციალურ რეგულაციასთან (სსკ-ის 636-ე მუხლი), სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება, ამავე პუნქტში მითითებული საკასაციო სასამართლოს მსჯელობის გათვალისწინებით.
28. სადავო სამართალურთიერთობის სსკ-ის 636-ე ნორმის საფუძველზე შეფასების შედეგად, საფუძველი გამოეცალა, სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთებულობასაც (იხ. ამ გადაწყვეტილების 26-ე და 27 -ე პუნქტები).
29. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული დასაბუთებულობა, ანუ თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი. სსსკ-ის 409-ე მუხლზე დაყრდნობითა და იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არაა სსსკ-ის 412-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა დასაბრუნებლად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საკასაციო საჩივარი.
30.სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში არ არსებობს მენარდის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინებას და, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, აკმაყოფილებს შემკვეთის საკასაციო საჩივარს, როგორც სამართლებრივად დასაბუთებულს; შესაბამისად, უარყოფილია მენარდის სარჩელი, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 მაისის განჩინების საფუძველზე, შემკვეთის საკუთრებად რიცხულ მოძრავ ნივთებზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება (სსსკ-ის 1991 მუხლი). შემკვეთის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მენარდეს დაეკისრება (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 38-ე, 39-ე, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "ფ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს "ი-ას" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ყადაღა მოეხსნას სს "ფ-ის" სახელზე რიცხულ შემდეგ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს:
4.1. მოდელი B-G B-D-4, სახელმწიფო ნომერი A.., სარეგისტრაციო მოწმობა A-1, გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1-9;
4.2. მოდელი B-G B-D-4, სახელმწიფო ნომერი E-, სარეგისტრაციო მოწმობა AL-, გამოშვების წელი 2009, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი 1-3;
4.3. მოდელი T-4, სახელმწიფო ნომერი B-B, სარეგისტრაციო მოწმობა A-5, გამოშვების წელი 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი/შასი J-7;
5. შპს "ი-ას" სს "ფ-ის" სასარგებლოდ დაეკისროს საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) 13 963.9 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდასამი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე