საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1187-1117-2015 5 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სად-ის №2 დაწესებულება, დ. ჯ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მინდობილობის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ფ-ა (შემდეგში: მოსარჩელე, მარწმუნებელი, ან ყოფილი მსჯავრდებული, კასატორი) 2011 წლიდან სასჯელს იხდიდა სად-ის №2 დაწესებულების (შემდეგში: სად-ის დაწესებულება). სასჯელის მოხდის პერიოდში, ამავე დაწესებულების მაშინდელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, დ. ჯ-ამ (შემდეგში: დირექტორი), 2011 წლის 15 ივლისს, პარასკევს, შეადგინა და ხელი მოაწერა # 110739376 რწმუნებულებას /მინდობილობა/[საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რომელიც სანოტარო რეესტრში დარეგისტრირდა მეორე დღეს- შაბათს, 16 ივლისს [„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, შემდეგში ნოტარიატის კანონი, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 2011 წლის 8 ივლისის მდგომარეობით: “სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს უთანაბრდება: პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ. (24.09.2010 N 3618)“]; ამავე კანონის 50-ე მუხლი, 51-ე მუხლის პირველი პუნქტი].
2. პირველ პუნქტში მითითებული მინდობილობის საფუძველზე, მსჯავრდებულმა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების განკარგვის უფლება მიანიჭა საკუთარ ძმას მ. ფ-ას (შემდეგში: რწმუნებული). მინდობილობით რწმუნებულს მიეცა უფლება, დაედო კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება, კერძოდ: უძრავი ქონების შესყიდვა, გადაფორმება, გასხვისება, გააჩუქება, საჩუქრად მიღება, გაცვლა, იპოთეკით დატვირთვა, გაქირავება; ყველა ამ შემთხვევაში, რმუნებულს მიეცა თანხის, ვადისა და სხვა პირობების საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრის უფლებამოსილება; მასვე მიენიჭა მარწმუნებლის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების, ნასყიდობის, გაცვლის, იჯარის, იპოთეკის, ქირავნობის, ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის, თითოეული გარიგების დარეგისტრირების, გარიგების შედეგად მიღებული თანხის განკარგვის, მარწმუნებლის ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტისა და კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაცემის უფლება, რეგისტრაციის შემდეგ მიღებული ყველა დოკუმენტის მიღების, იმავე მინდობილობით მარწმუნებლის სახელით ხელის მოწერისა და ამ დავალების შესრულებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელების უფლებამოსილებები [სსსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი] .
3. მსჯავრდებულმა 2015 წლის 11 თებერვალს სარჩელი აღძრა სადი-ის დაწესებულებისა და მისი ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მინდობილობის ბათილად ცნობა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
5. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა სსსკ-ის 102-ე, 103-ე, სსკ-ის 8.3-ე, 50-ე, 52-ე, 54-ე, 115-ე, მუხლები, ასევე, ნოტარიატის კანონის მე-2, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” პუნქტი, 50-ე, 51-ე მუხლები.
6. სასამართლომ, სსსკ-ის 102-ე მუხლზე მითითებით, არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დაწესებულების დირექტორს მისთვის არ განუმარტავს რწმუნებულების (მინდობილობის) შინაარსი და შესაძლო იურიდიული შედეგები; სასამართლომ მოსარჩელის არც ის არგუმენტები გაიზიარა, რომ მინდობილობაზე არ იყო მისი ხელმოწერა, სადავო რწმუნებულების ბათილად ცნობისათვის, საკმარისი იყო ის ფაქტი, რომ მინდობილობა შაბათს დარეგისტრირდა რეესტრში, ასევე, არ არსებობდა სარეგისტრაციო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
7. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების ამოსავალი პრინციპი ნების გამოვლენაა, ხოლო თუ ნების გამოვლენა ხარვეზიანია, კანონმდებელი ასეთი შემთხვევებისათვის შესაბამის იურიდიულ შედეგებს ითვალისწინებს
8. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიმნდობის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით, სადავო მინდობილობის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო შესაბამისი დარგის ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა, თუმცა, ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, ასეთის არსებობისას, მინდობილობის ბათილობის საფუძველი ვერ გახდებოდა, რადგან ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციის (შემდეგში ინსტრუქცია) დარღვევა, გარიგების ბათილად ცნობას ვერ დაედებოდა საფუძვლად, თუ მას გარიგების შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია.
9. სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რადგან მოსარჩელეს არ წარუდგენია სადავოდ მიჩნეულ მინდობილობაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის გამაბათილებელი მტკიცებულება, მან ვერ დაასაბუთა, რომ რწმუნებულების დადებისას, შეეზღუდა ნების გამოვლენა, რამაც გავლენა იქონია გარიგების შინაარსზე. მან ასევე სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ იგი ცდებოდა გარიგების შინაარსში. დადგენილი არ არის მოსარჩელის იძულების ფაქტი სადავო მინდობილობის გაცემის მიზნით.
10. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება სსკ-ის 52-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პრინციპი სრულად იყო დაცული. სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე მის მიერ აღძრული სარჩელისადმი, რაც გამოიხატებოდა სადავოდ ქცეული რწმუნებულების /მინდობილობის/ ბათილად ცნობაში, მისი ძალაში შესვლის დღიდანვე და მის საფუძველზე შესრულებული ყველა გარიგების ბათილად ცნობასა და გასხვისებული უძრავი ქონების დაბრუნებაში. სასამართლომ, სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით, იმსჯელა, რომ თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, აღიარებითი სარჩელის წარდგენა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. სარჩელის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე დარღვეულ ან შეზღუდულ უფლებას აღიდგენს, ასევე თუ იცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და აღიარებითი სარჩელის წარდგენა დარღვეული თუ შელახული უფლების აღდგენის ერთადერთი გზაა. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირს უნდა გააჩნდეს სასამართლოში მიმართვის იურიდიული ინტერესი, რაც დასაბუთებული და გამართლებული უნდა იყოს; ასეთი ინტერესი კი, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ იყო, რადგან მოსარჩელის განმარტებითვე, გასხვისებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო მესამე პირის საკუთრების უფლება და, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელისათვის სავარაუდო სასურველი შედეგი არ დადგება, რადგანაც უძრავი ნივთის შემძენის სავარაუდო კეთილსინდისიერებამ შეიძლება დაამტკიცოს მოთხოვნის განხორციელება [სსკ-ის 185-ე, 311-3, 312-ე მუხლები].
11. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გასაჩივრა გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
11.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, სადავო მინდობილობა გაიცა სანოტარო რეესტრში რეგისტრაციისა და 15.07.2011 დათარიღებული გაყალბებული განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის გარეშე. კანონდარღვევით გაცემული მინდობილობა სანოტარო რეესტრში დარეგისტრირდა 16 ივლისს და უკანონო სანოტარო აქტი დაკანონდა ანუ გაყალბდა;
11.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება, რომელიც გაცემული არის თავად მოპასუხის - სადი-ის მიერ და, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებული, რწმუნებულების შედგენის პროცესში, საკნიდან არ ყოფილა გაყვანილი;
11.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, უკანონო და მიკერძოებულია, რომლითაც უგულებელყოფილია არა მარტო მოსარჩელის არგუმენტაცია, არამედ თავად კანონის მოთხოვნებიც. ყოფილი მსჯავრდებულის მოსაზრებით, დარღვეულია ნოტარიატის კანონის 49-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსი ვალდებულია, სანოტარო მოქმედების შესრულებისას სანოტარო მოქმედებების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია, იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებივ კონსულტაციას. მსჯავრდებულისათვის არავის განუმარტავს, თუ რა სახის უფლებამოსილებას ანიჭებდა რწმუნებულს, უფრო მეტიც, მას არც კი შეხვედრია თავად დირექტორი, რომელსაც, კანონის საფუძველზე, უნდა შეესრულებინა ნოტარიუსის მოვალეობები;
11.4. დარღვეულია ამ განჩინების მე-8 პუნქტში დასახელებული ინსტრუქციის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „სანოტარო რესტრში სანოტარო მოქმედება რეგისტრაციაში ტარდება დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმისთანავე თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი“, შესაბამისად, მოპასუხეს სანოტარო მოქმედება რეგსიტრაციაში უნდა გაეტარებინა მინდობილობის გამოცემისთანავე, 2011 წლის 15 ივლისს (იხ. განჩინების პირველი პუნქტი), დარღვეულია სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ კანონიც;
11.5. ყოფილი მსჯავრდებული სსკ-ის 52-ე მუხლზეც აპელირებს, ასევე, იმასაც აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დადგა კალიგრაფიული ექსპერტიის ჩატარების აუცილებლობა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით (სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნტი) და სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
13. სასამართლომ, სსსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილსა და მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მოთხოვნაზე, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის დარღვევის მოტივით, გარიგების ბათილად ცნობაზე და სსსკ-ის 50-ე მუხლზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ გარიგების ბათილობას ნების გამოვლენის ნაკლი იწვევს. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 709-ე მუხლის დეფინიციაზეც, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით, რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, შესაბამისად, სადავო მინდობილობა შეფასდა, რომ 2011 წლის 15 ივლისს დავალების ხელშეკრულებად.
14.სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ბათილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არ გამოავლენდა მისი დადების ნებას, მაგ: თუ საბუთზე არსებული მისი ხელმოწერა იქნებოდა გაყალბებული, ან თუ ეს გარიგება დაიდებოდა მოტყუების, შეცდომის, იძულების და მსგავსი გარემოებების საფუძველზე, ამასთან, ამ შემთხვევაში, მარწმუნებელი უნდა შეცილებოდა გარიგების მხარეს - რწმუნებულს და არა საბუთის დამმოწმებელს (სად-ის დაწესებულება).
15. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის პრეტენზიები, რომელიც ამ განჩინების 11.2. და 11.3. ქვეპუნქტებშია მითითებული, მათი დადასტურების შემთხვევაშიც კი, გარიგების ანუ ნების გამოვლენის ბათილობას არ იწვევდა.
16. სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ინსტრუქციის ნორმების დარღვევა, თავისთავად არ იწვევდა დამოწმებული გარიგების ბათილობას. მან აღნიშნა: გარიგება ბათილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, გარიგება არ ჩაითვლება ფორმის დაცვით დადებულად ან თუ დარღვევა გამოიწვევდა მხარეთა მიერ გამოხატული ნების არსებით შეცვლას.
17. სასამართლოს შეფასებით, იმ დარღვევას, რომელზეც აპელანტი მიუთითებდა, გავლენა არ მოუხდენია მისი ნების გამოხატვაზე, ე.ი. მინდობილობაში აისახა აპელანტის ნება სწორედ იმ სახით, რა სახითაც იგი მან გამოხატა.
18. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
19. საკასაციო საჩივარი იმავე არგუმენტებს ეყრდნობა, რაც სააპელაციო საჩივარშია მითითებული (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. სსსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებმა განიხილეს მოსარჩელის მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა მინდობილობის ბათილად ცნობას, რაც თავისი არსით, აღიარებითი სარჩელის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუკი მოსარჩელე დაადასტურებდა დავისადმი იურიდიულ ინტერესს ანუ სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ„ ქვეპუნქტით, აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, სარჩელში უნდა აღინიშნოს ამავე კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი. „მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში“ (იხ. სუსგ 148- 138-2015-ბ, 27.11.2015). იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას წარმოადგენს (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) – საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: “ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ # ას-1061-1001-2015, 29.12.2015). ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა(იხ. სუსგ 148- 138-2015-ბ, 27.11.2015).
27. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015).
28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილია მინდობილობის ბათილად ცნობა თანმდევი შედეგის - დავისადმი მოსარჩელის იურიდული ინტერესის დასაბუთების გარეშე, განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე, რადგან მოსარჩელის სასარგებლოდ დავის გადაწყვეტის შემთხვევაში, მინდობილობის ბათლად ცნობას თავისთავად არ მოჰყვებოდა რაიმე სასარგებლო შედეგი დავის დაწყების ინიაციტორისათვის. საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40), ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40). მითითებული დასკვნებისა და წინამდებარე განჩინების 26-27 პუნქტებში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე