Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1196-1125-2015 5 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ-ა" (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი ან კასატორი) და შპს „ქ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი, საწარმო ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის 2013 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 911 ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება, იხ. ს.ფ.13 - 19), რომლითაც მიმწოდებელმა შემსყიდველის სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებაზე აიღო ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 477-ე მუხლი).

2. ხელშეკრულებით დეტალურად განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. კერძოდ:

ა) მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მე-10 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, ამ ხელშეკრულებით და კონკრეტული შეკვეთით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) 6.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიწოდებული მომსახურების ხარისხის, სურსათის ხარისხის, უვნებლობის და რაოდენობის (მოცულობის) ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ვიზუალური (მათ შორის სპეციალისტის მიერ დათვალიერება), აზომვითი, ტექნიკური, დოკუმენტური ან/და საქონლის გამოცდის (მათ შორის ლაბორატორიული გამოცდის) მეთოდით;

გ) 13.1 ქვეპუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რომლის გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა, შესაძლებელ მოკლე დროში, უნდა აცნობოს მეორე მხარეს საკუთარი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებით.

დ) 15.1 ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (მათ შორის: მენიუს არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 10000 (ათი ათასი) ლარი; ხოლო 15.4 ქვეპუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისაგან.

3. შემსყიდველის 2014 წლის 24 ივლისის # 911-27 აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 5.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №441 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდეგში ჯანდაცვის მინისტრის) 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანების მე-4 თავის მე-11 პუნქტის, მე-4 თავის მე-17 პუნქტის ’’ე’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა და მე-5 თავის 53-ე პუნქტის მოთხოვნები; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების მე- 8 მუხლის პირველი პუნქტის ’’ბ’’ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.

4. შემსყიდველმა 2015 წლის 23 იანვარს სარჩელი აღძრა მიმწოდებლის წინააღმდეგ, მისთვის პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები).

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და მიმწოდებელს, შემსყიდველის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, პირსაგამტეხლოს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ 2014 წლის 18 თებერვალს შედგენილი შემოწმების #35 აქტით დადგენილია, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის 2010 წლის 7 ოქტომბრის # 849 ბრძანების საფუძველზე, შემსყიდველმა, მიმწოდებლის სასადილოს მენეჯერის მონაწილეობით, შეამოწმა სასადილოს საწყობი, სადაც აღმოჩნდა 33 ყუთი ვაშლის ჯემი, დაფასოებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში, რომელიც მოთავსებული იყო „რ-ის“ ფირმის მეორად მუყაოს ყუთებში, ყუთზე მიმაგრებული იყო ეტიკეტი, დამოწმებული ბეჭდით შპს ’’გ-ა’’, აგრეთვე, 6 ტომარა წიწიბურა, რომელსაც ეტიკეტი მიმაგრებული ჰქონდა წებოვანი ლენტით. აქტში აღინიშნა, რომ სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ჩანგლები, რაც კვების პროცესის შეფერხებას იწვევდა.

7. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს გაუგზავნა რაიმე შეტყობინება ხელშეკრულების პირობების შესრულების შემაფერხებელ გარემოებებთან დაკავშირებით.

8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ აქტის თანახმად (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), რის გამოც მოპასუხეს, შემსყიდველის (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 10 000 ლარის გადახდა.

9. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, კვების უსაფრთხოების ნორმებს და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, რაც მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

10. შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებაზე (არასაკმარისი რაოდენობის ჩანგლების გამო, ფერხდებოდა კვების პროცესი - იხ. განჩინების მე-6 პუნქტი) მსჯელობისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ დაირღვა ხელშეკრულების 15.1. ქვეპუნქტი (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი). ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს გაუგზავნა შეტყობინება აღნიშნული ხელისშემშლელი გარემოების თაობაზე.

11. მიმწოდებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

12. სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ არგუმენტებზე:

12.1. მიმწოდებელს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, არც არაჯეროვანი შესრულება იყო სახეზე.

12.2. პირგასამტეხლოს დაკისრება უნდა ემსახურებოდეს ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამორიცხვის პრევენციას და არა სადამსჯელო ღონისძიებას. პროდუქციის მიწოდებისას, სასამართლოს მიერ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებად მიჩნეული ხარვეზი არ ყოფილა ზიანის მომტანი, ხოლო ამ ეტაპზე, ხარვეზის აღმოფხვრა შეუძლებელი იყო. მიმწოდებლისგან შემსყიდველმა სრულად მიიღო მომსახურება ისე, რომ ე.წ. დარღვევის გამოვლენიდან, 4 თვის შემდეგ შეატყობინა მიმწოდებელ საწარმოს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, შეეძლო, ნაკლის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ ეცნობებინა საწარმოსათვის, ასევე, მოეთხოვა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ხარვეზი, პროდუქციის მიწოდებისას, არ იყო მნიშვნელოვანი, შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით 10 000 ლარის დაკისრება არაადეკვატური და შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიაყენებდა საწარმოს.

12.3. საწარმო აღნიშნავდა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა, მან არ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და სრულიად უსამართლოდ მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულება არაჯეროვნად შეასრულა და არ განსაზღვრა ე.წ. ხარვეზიანი შესრულების შედეგები.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემსყიდველის სარჩელი უარყოფილი იქნა.

14. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4-ე, მე-5-ე, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 და მე-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა:

15.1. ხელშეკრულებას, 2014 წლის 07 თებერვლის № 911/1 შეთანხმების ოქმის საფუძველზე (ს.ფ. 20), დაემატა 7.5 ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილი გახდა, შეესყიდა სამზარეულოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებები (რომელთა ღირებულებას შემსყიდველი არ აანაზღაურებდა).

15.2. ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტის (ხელშეკრულების საგანი) თანახმად, მიმწოდებელი უზრუნველყოფდა შემსყიდველის მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, გაზრდილი კერძების რაოდენობით და საკვების მრავალფეროვნებით (იხ. ხელშეკრულება - გვ. 13).

15.3. ხელშეკრულების 8.1.1. ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია, უზრუნველჰყოს მიმწოდებელი, სამხედრო ნაწილებში არსებულ სამხედრო მოსამსახურეთა ერთდროული კვებისათვის საჭირო სამზარეულოთი, სამზარეულო ინვენტარით და სამზარეულოს მოწყობილობა - დანადგარებით, საველე პირობებში კვების საჭიროების შემთხვევაში, საველე სამზარეულოთი და საველე სამზარეულოს დანადგარის ტექნიკური მომსახურებით, რაზედაც მხარეები აფორმებენ მიღება- ჩაბარების აქტს (იხ. ხელშეკრულება - გვ. 13).

16. ხელშეკრულების 2.1 და 15.1 ქვეპუნქტების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის (მომსახურების) ხელშეკრულებიდან (სსკ-ის 629-ე მუხლი) და ამ ურთიერთობის ფარგლებში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს ანაზღაურება .

17. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად და პირგასამტეხლოს დაკისრების ერთ-ერთ საფუძვლად, შემსყიდველი უთითებდა შემოწმების # 35 აქტზე (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი).

18. ,,სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს № 301/ნ ბრძანების მეოთხე თავის მე-17 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია საკვები პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის და მათთან კონტაქტში მყოფი მასალების რეალიზაცია ნიშანდებას დაქვემდებარებული ეტიკეტის გარეშე, აგრეთვე იმ პროდუქტებისა, რომელთა დამღა ან ეტიკეტი არ შეიცავს წინამდებარე სანიტარული წესებით გათვალისწინებულ მონაცემებს.

19. შემოწმების #35 აქტის საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სასადილოს საწყობში აღმოჩენილი ”გ-ას” ვაშლის ჯემი შეფუთული იყო ჰერმეტულად, საკვებ პროდუქტთან თავსებადი პოლიეთილენის მასალით, სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დაცვით; ის გარემოება, რომ ასეთი შეფუთვის პროდუქტი, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით, მოთავსებული იყო „რ-ის“ ფირმის მუყაოს ყუთებში არ უნდა მიჩნეულიყო დარღვევად.

20. სასამართლომ აღნიშნა: იმის გათვალისწინებით, რომ #35 აქტში დაფიქსირებული დარღვევა, რომელიც შეიძლება ბრალად შეერაცხოს მიმწოდებელს, არ ფიქსირდება, შესაბამისად, არ არსებობს მითითებულ აქტში ასახული დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივი წინაპირობა.

21. შემსყიდველმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

22. კასატორის პრეტენზიები შემდეგ გარემოებებს ეხება:

22.1. სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივ ნორმები, არ შეესაბამება #35 აქტში დაფიქსირებულ დარღვევებს.

22.2. „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ მე-181 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში, ვალდებულია, უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსის და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. ამავე კოდექსის მე-101 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან... დაკავშირებული აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან, ხოლო იმავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის შეფუთვა, დაფასოება, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან და სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.

22.3. შემოწმების #35 აქტში დაფიქსირებული დარღვევა, რომ ვაშლის ჯემი ინახება „რ-ის“ ყუთებში, დამოწმებული ბეჭდით შ.პ.ს. „გ-ა“ წინააღმდეგობაში მოდის ზემოთმითითებულ ნორმებთან, ვინაიდან არ იძლევა მომხმარებლისათვის უტყუარ და სრულყოფილ ინფორმაციას პროდუქტის შემადგენლობაზე, მწარმოებელზე, რაც ართმევს მომხმარებელს არჩევანის საშუალებას. აღნიშნული კი მიმწოდებლის ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტის დარღვევაზე მიუთითებს და წარმოშობს 15.1 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემსყიდველის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ # ას-800-756-2015, 22.09.2015).

27. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. სასამართლო, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემდეგ არგეუმენტებზე უთითებს:

29.1. შემოწმების #35 აქტში დაფიქსირებული ფაქტების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს (იხ. განჩინების 17-19 პუნქტები). იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს მასში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო (სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები).

29.2. საკასაციო სასამართლო, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შემსყიდველის დასამტკიცებელი იყო, რომ შემოწმების აქტში მითითებული ფაქტები წარმოადგენდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას. სასამართლოს შეფასებით, შემსყიდველმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რა ზიანი მიადგა მას კონკრეტული კომოპანიის ეტიკეტით, სათანადად შეფუთული, დაფასოებული პროდუქტის, რომელიც განთავსებული იყო სხვა კომპანიის წარწერის მქონე მუყაოს ყუთებში, მიღებით; შემსყიდველმა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაესაბუთებინა საკუთარი პოზიცია, რითაც ვერ გააბათილა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები და ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება.

29.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება შემსყიდველის შეცდომაში შეყვანის, მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის მცდელობის ან არჩევანში ხელშეშლის ფაქტი, რაც კასატორის მიერ მითითებული სამართლებრივი აქტისა და შესაბამისად ხელშეკრულების პირობების დარღვევის წინაპირობა იქნებოდა (იხ. კასატორის პრეტენზიები - ამ განჩინების 22.2, 22.2 ქვეპუნქტები).

30.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა დაუსაბუთებელი, რაც მისი დაუშვებლად ცნობის გამო, განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე