Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1202-1129-2015 5 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ასპინძის რაიონის გამგეობასა (შემდეგში: გამგეობა, მეიჯარე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ხ. ს-ს (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე, აპელანტის ან კასატორის მოწინააღმდეგე) შორის, 2002 წლის 10 ოქტომბერს, გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება) რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 581-ე, 592-ე, 593-ე მუხლები).

2. ხელშეკრულების მე-2 პუნქტით, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობისათვის, მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირა განისაზღვრა წელიწადში 170 (ას სამოცდაათი) ლარით, რაც ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს უნდა გადაეხადა მოიჯარეს (სსკ-ის 581-ე მუხლი).

3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იჯარით სარგებლობისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ქირის გადაუხდელობისათვის, განისაზღვრა პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაუხდელი თანხის 0,1 % (სსკ-ის 417-ე მუხლი).

4. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ გადაიხდიდა იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვეში (სსკ-ის 558 მუხლი).

5. მოიჯარეს ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირა არ გადაუხდია. (სსკ-ის მე-400, 403-ე მუხლები).

6. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის (შემდეგში: სააგენტო) 29.04.2015 წლის # 1/2-140 ბრძანებით, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება შეწყდა და სააგენტოს დაევალა ქონების დაბრუნება და, საჯარო რეესტრის ამონაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა (სსკ-ის 588-ე მუხლი).

7. სააგენტოს წერილით მოიჯარეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, 15 კალენდარულ დღეში დაეფარა საიჯარო ქირა 2210 (ორიათასორასათი) ლარი და ჯარიმა 5140,29 (ხუთი ათას ას ორმოცი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარი უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ გატარდებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

8. ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარისათვის დაკისრებული ყოველწლიური გადასახდელი საიჯარო ქირა და ასევე, მისი გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, რადგან მათი გადახდისათვის დადგენილი იყო ყოველი წლის 10 ოქტომბერი (სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

9. მეიჯარემ 2015 წლის 20 მაისს სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ გადაუხდელი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მეიჯარის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოიჯარეს დაეკისრა ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ბოლო სამი წლის საიჯარო ქირის 510 (ხუთას ათი) ლარის გადახდა, ხოლო 2012 წლის 11 ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე - 2015 წლის 29 აპრილამდე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, პირგასამტეხლო 288,15 (ორას ოთხმოცდა რვა ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 2002-2011 წლების საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს თანხის გადასახდელად დაკისრებაზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (სსკ-ის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

11. მეიჯარემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივაციით:

11.1. სადავო ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან საკითხი უძრავი ქონების ფლობასთან, სარგებლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებულ უფლებას ეხება, კერძოდ, უძრავი ქონებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებაზეა დავა და მის მიმართ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა.

11.2. საიჯარო ქირის გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიჯარის მიერ წარმოდგენილი ქვითრები არ იყო გადახდილი შესაბამის სახაზინო კოდებზე და არ იქნა მიჩნეული საიჯარო ქირის გადასახადად; ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მოიჯარეს არ უდავია, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებით, სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, აღიარებულია ვალის არსებობა, რაც იწვევდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მეიჯარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და დასკვნები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 390- ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტი) და განჩინება დააფუძნა სსკ-ის 128.1-ე, 129-ე, 130-ე, 327-ე, 341-ე, 417-ე, 581-ე, 558-ე მუხლებს.

14. სასამართლომ მეიჯარის 11.2. ქვეპუნქტში მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტა, რომ განსახილველი დავა ეხებოდა არა უძრავი ქონების ფლობასთან, სარგებლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებულ უფლებას, არამედ უძრავი ქონებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნა ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაზე კანონიერი და დასაბუთებული იყო.

15. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მეიჯარის პრეტენზია (იხ. 11.2. ქვეპუნქტი) რომ მოიჯარემ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ გადახდილი ქვითრების წარდგენით აღიარა ვალის არსებობა, რაც იწვევდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. სასამართლომ მოპასუხის აღნიშნული ქმედება არ მიიჩნია ვალის აღიარებად, ვინაიდან, კანონი ვალის აღიარების ნამდვილობისათვის ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს. სსკ-ის 341-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში, კი სსკ-ის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის გაფორმებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ.). ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. სასამართლოს განმარტებით, უნდა არსებობდეს ისეთი წინაპირობები, რომლებიც მიუთითებენ მომავალში, კონკრეტულ შემთხვევაში, უკვე არსებული სამართალურთიერთობის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოიჯარემ გადახდის ქვითრები იმის დასადასტურებლად წარადგინა, რომ მას დავალიანება დაფარული ჰქონდა და ამ მტკიცებულებებით დასტურდებოდა სწორედ საიჯარო ქირის (ოდენობის მიხედვით) გადახდა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, რაც სასამართლომ არ მიიჩნია ვალდებულების შესრულებად. პირიქით, აღნიშნული ქვითრების წარდგენით მოპასუხე უარყოფდა ვალის არსებობას.

16. მოიჯარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

17. საკასაციო საჩივრის მოტივები სააპელაციო საჩივრის იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2015 წლის 14 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეიჯარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი მოტივაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გაანჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. ქვემოთ 23-ე პუნქტი).

22.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ. წინამდებარე განჩინების 13-15 პუნქტები) შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას საიჯარო ქირის გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობასა (იხ.სუსგ-ები: #ას-1688-1673-2011, 02.02.2012წ., # ას-1144-1090-2014, 23.02. 2015 წ.) და სსკ-ი 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებელ გარიგებად მიჩნევის წესისა და პირობების შესახებ არსებულ პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: #ას-392-371-2013 , 08.11.2013წ., #ას-1485-1401-2012, 11.11. 2013 წ., #ას-425-405-2015, 30.10.2015წ., #ას-1227-1168-2014 , 19.02.2015 წ.).

24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი, რის გამოც, იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე