საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1238-1161-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი –ქ. თბილისის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ც. ჯ-ემ (შემდეგში გამყიდველი, მესაკუთრე ან მოწინააღმდეგე) 2013 წლის 24 ოქტომბერს, გადახდის განვადებით, ე. პ-ს (შემდეგში მყიდველი) მიჰყიდა მის საკუთრებად წავკისში რიცხული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა 562 კვმ (საკადასტრო კოდი …) და იმავე დღეს გადასცა მყიდველს ნასყიდობის საგანი, (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 505-ე, 506-ე, 507-ე მუხლები; იხ. ხელშეკრულება, ტ.1., ს.ფ.17-20 ).
2. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 4500 აშშ დოლარით, რაც 9 თვის მანძილზე, უნდა გადაეხადა მყიდველს გამყიდველისათვის, კერძოდ, ყოველთვიურად - 500 აშშ დოლარი.
3. მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის მყიდველი მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში (სსკ-ის 183-ე, 311-ე-ე, 312-ე მუხლები; ტ.1., ს.ფ. 21).
4. გამყიდველმა 2014 წლის 17 აგვისტოს სარჩელი აღძრა მყიდველის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდეგში მერია ან პირველი მოპასუხე) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდეგში სამინისტრო ან მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა, გადახდის განვადებით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. სარჩელთან ერთად, გამყიდველმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 15 მაისს გაცემული # 2/17671-13 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება (ტ.1., ს.ფ.23), რომლის შესაბამისადაც, ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებას, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 10 ივნისის # 1… მიმართვის საფუძველზე, დაედო ყადაღა.
5. მყიდველის მოთხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების შესახებ, არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ და განჩინების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება, ამასთან, მყიდველს დამოუკიდებელი მოთხოვნით ჰქონდა აღძრული სარჩელი ისე, რომ თავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ (მისი გაუქმების თვალსაზრისით) პრეტენზია არ გააჩნდა, არ ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის # 2/17671-13 საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (იხ. 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება , ტ.1., ს.ფ. 53-55).
6. გამყიდველმა, იმავე სასამართლოს, იგივე მოთხოვნით, 2014 წლის 2 სექტემბერს მეორედ მიმართა და მიუთითა, რომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილება დარჩებოდა აღუსრულებელი, რადგან სამოქალაქო საქმეში, სადაც ქონების მყიდველს დაეკისრა თანხის გადახდა თბილისის მერიის სასარგებლოდ, გამყიდველი, როგორც მხარე ან დაინტერესებული პირი (თუნდაც მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხვნით ან მოთხოვნის გარეშე) ვერ ჩაერთვებოდა და ვერც ახლადაღმოჩენილი გარემობის გამო, მიმართავდა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს, ვინაიდან ამ საქმისადმი გამყიდველს არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი (ტ.1., ს.ფ. 58-59).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებით, გამყიდველის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, განუხილველად დარჩა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე: „სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით“.
8. მე-7 პუნქტში მითითებულ განჩინებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამყიდველს სასამართლომ უარი უთხრა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით (იხ. მე-5 პუნქტი), სასამართლოსადმი ხელმორედ მიმართვა, გამყიდველის მეორე მცდელობა იყო, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რადგან სასამართლოსადმი ორივე მიმართვის შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად ედო გამყიდველის მოთხოვნას იდენტური იყო, რის გამოც საკმარისი სამართლებრივი საფუძველი არსებობდა გამყიდველის 2014 წლის 2 სექტემბრის განცხადების გაუხილველად დატოვებისათვის.
9. ამ განჩინებაზე გამყიდველმა საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, აღნიშნა, რომ მის მიერ 2014 წლის 2 სექტემბერს წარდგენილი შუამდგომლობა ეხებოდა უძრავ ქონებაზე დაწყებული აღსრულების შეჩერებას, შესაბამისად, მისი წინა მოთხოვნის იდენტური არ იყო ამჟამინდელი განცხადება, რომლითაც ითხოვდა უძრავ ქონებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედებისა და დაწყებული წარმოების შეჩერებას (ტ.1., ს.ფ. 71-72).
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით გამყიდველის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიუთითა გამყიდველის მიერ 2014 წლის 29 აგვისტოსა და 2 სექტემბერს წარდგენილ შუამდგომლობებზე, სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 სექტემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობა და დასკვნები (იხ. ამ განჩინების მე-7 პუნქტი) და უარი უთხრა გამყიდველს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. იმავე განჩინებით, გამყიდველის საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (ტ.1., ს.ფ. 118-121).
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამყიდველის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება (იხ. მე-7, მე-8 პუნქტები).
12. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი მყიდველის წინააღმდეგ (იხ. წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტები) სრულად დაკმაყოფილდა, გარიგების მონაწილის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად, მოშლილად იქნა აღიარებული წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება (სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლები); იმავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გამყიდველი უნდა აღირიცხოს წავკისში მდებარე ქონების მესაკუთრედ და უძრავი ქონება გათავისუფლდეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 10 ივნისის # A… მომართვის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღისაგან (სსკ-ის 352-ე მუხლი, 405-ე მუხლის პირველი ნაწილი).
13. მე-12 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, სარჩელში მითითებულ მოპასუხეთაგან: მერიამ და სამინისტრომ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია გამყიდველის სარჩელში მოპასუხედ მითითებულ უძრავი ქონების მყიდველს (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი). სააპელაციო საჩივრებზე წარდგენილ შესაგებელში გამყიდველმა მიუთითა, რომ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
14. სააპელაციო სასამართლოში საქმისწარმოების ეტაპზე, გამყიდველმა (მოსარჩელემ), 2015 წლის 26 ოქტომბერს, წარადგინა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღინისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მან მოითხოვა უძრავ ქონებაზე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) სააღსრულებო წარმოების შეჩერება, რათა საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება არ დარჩენილიყო აღუსრულებელი. წარდგენილი შუამდგომლობის არგუმენტებად, გამყიდველმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და სამართლიანობის გამო, არ არსებობს, მისი გაუქმების საფუძვლები და გადაწყვეტილება უცვლელად დარჩება სააპელაციო სამართალწარმოების შემდეგაც. გამყიდველმა აღნიშნა, რომ მის მიერ სარჩელის აღძვრის დროს, წარდგენილი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა იმ ეტაპზე, სადავო ქონებაზე ამჟამად მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, ამდენად, დასაბუთებულია მისი შუამდგომლობა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 10 ივნისის # A… მომართვის საფუძველზე უძრავ ქონებაზე დაწყებული აღსრულების შეჩერების მოთხოვნით.
15. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა გამყიდველის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ და, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული # 2/1767-13 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება # A…) სადავო უძრავ ქონებაზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს 29.10.2015წ. განჩინება, ტ.2., ს.ფ. 69-75). [შენიშვნა: სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადებისა და 271-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 13.11.2015 წ, N 1/7/681 საოქმო ჩანაწერი].
16. სააპელაციო სასამართლომ განჩინების დასაბუთებისას, სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებზე და წინამდებარე განჩინების 5-12 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით, განმარტა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საქმისწარმოებისას უკვე ახალ გარემოებაზე მიუთითა, ხოლო სსსკ-ის 198-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად.
17. სააპელაციო სასამართლომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე მიუთითა, რომლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აღსრულება იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზეც მიქცეულია გადახდა, სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
18. მოპასუხეთაგან მერიამ, რომელიც ამ განჩინების მე-15 პუნქტში მითითებული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, არის კრედიტორი და მის სასარგებლოდ მყიდველს (გამყიდველის სარჩელში ერთ-ერთ მოპასუხეს) დაკისრებული აქვს 132 00 ლარის გადახდა (იხ. ტ.1.,მ ს.ფ. 23), საჩივარი შეიტანა მე-15 პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე, მიუთითა სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან გამყიდველს რამდენჯერმე უთხრა უარი სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენებაზე, გასაჩივრებულ განჩინებაში სასამართლო უთითებს ახალ გარემოებაზე, თუმცა, რომელი გარემოება მიაჩნია ასეთად და იმისგან განსხვავებულად, რაც სასამართლოთა მიერ პირველ ეტაპზე მსჯელობის საგანი არ ყოფილა, გაუგებარია.
19. თბილისის მერიის საჩვარი არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ) ახალი განცხადებით - ახალი მოთხოვნითა და ახალ საფუძველზე დაყრდნობით, ამჯერად უკვე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სწორედ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მისი ძალაში დატოვების შესახებ ალბათობისა და სარჩელის საბოლოოდ შესაძლო დაკმაყოფილების ვარაუდზე მითითებით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი) , სარჩელით სადავო უძრავ ქონებაზე დაწყებული აღსრულების შეჩერება. ამავე განჩინებაში, სასამართლომ სსსკ-ის 191-ე და 199-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, განავითარა მსჯელობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწინილობის თაობაზე, იმაზეც იმსჯელა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება (იხ. 15-17 პუნქტები) არ წარმოადგენდა სხვა დავის ფარგლებში გადასაწყვეტი გარემოების განსახილველ საქმეზე დადგენას და საჯარო აუქციონზე პოტენციურად ქონების შემძენი პირის კეთილსინდისიერების შეფასებას, როგორც ამაზე პრეტენზიას აცხადებდა საჩივრის ავტორი და დაასკვნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული იყო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება, რასაც ეფუძნებოდა განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.
20. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე მერიის საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, განსახილველი საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მერიის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინების 15-17 და მე-19 პუნქტებში და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და დასაბუთებული. სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ-გადაწყვეტილებაში განმარტა: „მითითებული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იგივე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით“ (იხ. სუსგ, # ას-234-219-2014, 14.03.2014). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რადგან გამყიდველის შუამდგომლობა (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი), სსსკ-ის 271-ე მუხლით დადგენილ, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირდება და არა მისი სარჩელის უზრუნველყოფას, რომელიც საქმისწარმოების გარკვეულ ეტაპზე სასამართლომ უარჰყო (იხ. განჩინების 4-9 პუნქტები). დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მისი მოწესრიგების საგანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხიც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, თუ რამდენად შეუშლის ხელს ამ ღონისძიების გამოუყენებლობა მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის „სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნას გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებალდ არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს, ხოლო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილება, აღსრულების ზოგადი წესისაგან განსხვავებული წესის გამო, მსგავსი ღონისძიების გატარებას სასამართლოს მხრიდან არ საჭიროებს, ვინაიდან მისი აღსრულების ეს სპეციალური წესი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის სპეციალურ სახედვე გვევლინება“(სუსგ # ას- 69-63-2015, 19.03.2015).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას. აღსანიშნავია, რომ „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც „სამართლიანი სასამართლოს“ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხლით, რომლის მიხედვითაც „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.“ კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და სსსკ-ის მე-10 მუხლში“ (იხ. სუსგ - ბს-476-464-(კ13), 24.04.2014).
24. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე “შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
25. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის არგუმენტი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე მართებულად გაიზიარა. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების მიზნით, დასაბუთებული და კანონიერია გასაჩივრებული განჩინება (29.10.2015წ.), რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის (სააპელაციო საჩივრის ავტორის - მერიის პროცესუალური მოწინააღმდეგის) მართლზომიერი შუამდგომლობა, რადგან სასამართლოს დისკრეციის ფარგლებშია სარჩელის თუ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ასეთი ღონისძიების სახის შერჩევის საკითხი (სსსკ-ის 191-ე, 198-199-ე მუხლები), რაც სარჩელში დასახელებული მოპასუხის უფლების იძულებით შეზღუდვას წარმოადგენს, რასაც დროებითი სახე აქვს და უზრუნველყოფს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას.
26. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო, დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით დაეძლია სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც მერიის საჩივრის უარყოფისა და იმავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიღებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 408.3 მუხლებით , 1971 მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე