საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1271-1193-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს-ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – რეგრესის წესით თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს-ის" (შემდეგში საწარმო ან მოსარჩელე) სარჩელი ა. კ-ის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა და მას, თ. ქ-თან ერთად, საწარმოს სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრა 354.72 ლარის გადახდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე, 998-ე, 832-ე, 463-ე, 464-ე მუხლების საფუძველზე.
2. კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი 2015 წლის 8 ივლისს ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ს.ფ. 68), მან გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2015 წლის 10 აგვისტოს (ს.ფ. 86), ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა იმავე წლის 24 აგვისტოს (ს.ფ . 87).
5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 369-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ აპელანტმა საჩივარი წარადგინა გასაჩივრების ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. მოპასუხის წარმომადგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
7. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მან 2015 წლის 10 აგვისტოს ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 86), ვინაიდან 22-23 აგვისტო იყო შაბათ-კვირა, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 24 აგვისტოს. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ გასაჩივრების ვადის ათვლას 2015 წლის 8 აგვისტოდან და მიიჩნევს, რომ ეს ვადა რეალურად 10 აგვისტოდან უნდა გამოთვლილიყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში განსახილველად მიიღო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მან კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი და სასამართლომ არასწორად დატოვა იგი განუხილველად.
12. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
13. საქმის მასალებით უდავოა, რომ კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა 2015 წლის 8 ივლისს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, მოხმობილი ნორმის თანახმად, მას გადაწყვეტილების ასლი უნდა ჩაებარებინა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მეორე დღიდან, ე.ი. 2015 წლის 9 ივლისიდან 30 დღის ვადაში, ე.ი. 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, რაც არ გაუკეთებია. ამავე ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის დენა ავტომატურად დაიწყო 2015 წლის 8 აგვისტოდან (პირველი დღე) და ამოიწურა 2015 წლის 21 აგვისტოს (პარასკევს).
14. უდავოა, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ასლი 2015 წლის 10 აგვისტოს ჩაიბარა, მაგრამ აღნიშნული არ აძლევდა მას უფლებას, გასაჩივრების ვადა ასლის ჩაბარებიდან აეთვალა, ამასთან, საქმის მასალებით, არ დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა, სსსკ-ის 2591-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში, მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით.
15. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა კანონით იმპერატიულად დადგენილი ვადაა, რაც გაგრძელებას და აღდგენას არ ექვემდებარება. ამიტომ საპროცესო ვადის დასაწყისი, კანონმდებელმა დაუკავშირა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, კონკრეტულ ვადაში, მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, გასაჩივრების ვადის ათვლა კანონითვეა განსაზღვრული და, მხარის სურვილისამებრ, გადაწყვეტილების ჩაბარებაზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, მხარის საპროცესო რისკია, რამდენად სწორად გამოიყენებს იგი კანონით მინიჭებულ ამ შესაძლებლობას. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, რაც უფრო გვიან ჩაიბარებს მხარე გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებას, მით უფრო ნაკლები დრო რჩება გასაჩივრებისათვის, ვინაიდან 14 დღის გასვლის შემდეგ, საპატიო მიზეზის მიუხედავად, გასაჩივრების შესაძლებლობა ესპობა.
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოთვალა, რომ აპელანტს გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 8 აგვისტოს (პირველი დღე) და ამოეწურა იმავე წლის 21 აგვისტოს (მეთოთხმეტე დღე).
17. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის და საქმის მასალებითაც დადასტურებულია, რომ სააპელაციო საჩივარი 2015 წლის 24 აგვისტოს, ე.ი. გასაჩივრების ვადის დაწყებიდან მე-17 დღეს წარადგინა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე