Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1276-1197-2015 23 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ჩ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრისა და 22 ივლისის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – რეგრესის წესით თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, სს სადაზღვევო კომპანია „ჯ-ის“ სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან კომპანია), ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992-ე და 832-ე მუხლები) მოპასუხე ზ. ჩ-ის (შემდეგში: მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 1365 ლარის ანაზღაურება.

2. პირველ პუნქტში დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც, საქმესთან ერთად, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და დარეგისტრირდა 2015 წლის 13 ივლისს.

3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით, მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა და დაევალა, წარედგინა მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარედგინა სასამართლოში.

4. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

4.1. სააპელაციო სასამართლოს 22.07.2015წ. განჩინება, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა ვადა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) და კონკრეტული მითითებები მიეცა, მის წარმომადგენელს - გ. ზ-ეს პირადად ჩაჰბარდა 25.09.2015წ. (იხ. მინდობილობა - ტ., 1, გვ.63; ჩაბარების დასტური - ტ.2., ს.ფ. 11)

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-60 მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის განჩინებით დადგენილი ხარვეზის ვადის ათვლა დაიწყო გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს - 2015 წლის 26 სექტემბერს და ამოიწურა იმავე წლის 5 ოქტომბერს.

5. სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსსკ-ის 373-ე, 374-ე, 70-ე, 74-ე, მე-60, 63-ე მუხლებით, 368 -ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, ამასთან, არც მისი აღმოუფხვრელობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი) კერძო საჩივარი შეიტანა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაჰბარებია არც მას და არც მის წარმომადგენელს, ამიტომ გასაჩივრებული განჩინება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით, მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 22.07.2015წ. განჩინება მოპასუხის წარმომადგენელს, პირადად ჩაჰბარდა 25.09.2015წ. (იხ. ამ განჩინების 4.1. ქვეპუნქტი).

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე განჩინების 4-5 პუნქტებში მითითებულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმის მასალებით უდავოდა დადგენილი, რომ მოპასუხეს, რომლისთვისაც კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან, შესაბამისი საფუძვლით, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, შეღავათების გავრცელების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 93-ე, 94-ე, 96-ე, 98-ე მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა, რომელსაც მარწმუნებლისაგან მინიჭებული ჰქონდა, ამ უკანასკნელის საქმისწარმოებისათვის საჭირო საპროცესო უფლებამოსილებები, ამასთან, მისი მინდობილობა იურიდიულად ძალაში იყო და მოქმედებდა სააპელაციო სასამართლოდან ხარვეზის განჩინების მიღების დროს. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულება, კანონით დადგენილი წესით ეცნობა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს, რაც ამ უკანასკნელისათვის გზავნილის ჩაბარებად მიიჩნევა და კანონი წარმომადგენელს ავალდებულებს უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ არც მას და არც მის წარმომადგენელს არ ჩაჰბარებიათ სასამართლოს გზავნილი გაბათილებულია საქმის მასალებში განთავსებული უტყუარი მტკიცებულებით (იხ. ამ განჩინების 4.1. ქვეპუნქტი), შესაბამისად, დადასტურებულია, რომ სინამდვილეს არ შეეფერება, რაც მისი უარყოფის საფუძველია.

13.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრისა და 22 ივლისის განჩინებები კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ჩ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრისა და 22 ივლისის განჩინებებზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრისა და 22 ივლისის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე