საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1288-1209-2015 29 თებერვალი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ი. გ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით ი. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა გ. მ-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინება (მოპასუხისათვის შესაგებლის წარსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ დ.კ-ს, საკასაციო საჩივარზე მითითებულ მისამართზე. 2016 წლის 27 იანვარს გზავნილი ჩაჰბარდა მინდობილ პირს, გ. წ-ს (პ/ნ …).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები.
საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 27 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაჰბარდა ი. გ-ას წარმომადგენლის, დ. კ-ის მინდობილ პირს, გ. წ–ს (პ/ნ …), რაც ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 28 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 8 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების ფაქტზე და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში ი. გ-ას მისამართად, ისევე, როგორც კასატორების წარმომადგენლების მისამართად მითითებულია: ქ. თ-ი, ს. ჩ-ის ქ. 16. ალტერნატიული მისამართი საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებიათ ი. გ-ას წარმომადგენლებს. უზენაესი სასამართლოს პირველად გაგზავნილი გზავნილი (საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი) ჩაჰბარდა დ. კ-ის მინდობილ პირს, მ. მ-ეს, 2016 წლის 14 იანვარს. თუმცა, 2016 წლის 21 იანვარს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ემ და სასამართლოს უკან დაუბრუნა კონვერტი, ვინაიდან დ. კ-თან არანაირი ნათესაური და სამსახურეობრივი ურთიერთობა არ აქვს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გზავნილი განმეორებით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს იგივე მისამართზე, ვინაიდან სხვა მისამართი სასამართლოსათვის უცნობია. განმეორებით გაგზავნილი გზავნილი 2016 წლის 27 იანვარს ჩაჰბარდა გ. წ-ს, რომელმაც საფოსტო დასტურზე მიუთითა, რომ ის არის მინდობილი პირი. გზავნილის ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავთ არც კასატორს, არც მის წარმომადგენელ დ. კ-ს და არც მინდობილ პირს, გ. წ-ს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. გ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი