Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1305-1225-2015 12 თებერვალი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ლ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი, მ. მ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი გ. გ-ისა და მ. მ-ის (შემდეგში მოპასუხეები) მიმართ გარიგების ბათილად ცნობის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2015 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს, ადვოკატ ი. ბ-ს 2015 წლის 2 დეკემბერს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა დანიშნულ დროს არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

5. მოწინააღმდეგე მხარეებმა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოითხოვეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

6. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387.1, 387.3, 229.2, 372-ე, 275.1.გ. მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი წინაპირობები. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, სადაც იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგემ კი მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება.

7. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

8.კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ გადაუხადა ადვოკატს ჰონორარი, რის გამოც, წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი, წარმოედგინა მისი ინტერესები, ასევე, სავარაუდოდ, წარმომადგენელზე გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა გასულია. შესაბამისად, სასამართლოს პირადად უნდა ეცნობებინა აპელანტისათვის დანიშნული სხდომის თაობაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყ ვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ადვოკატისათვის ჰონორარის გადაუხდელობა ამ უკანასკნელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. ჰონორარის გადაუხდელობა, ანუ კლიენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, თუ ადვოკატი ისარგებლებს ხელშეკრულებიდან გასვლის აღმჭურველი უფლებით.

13. სსსკ-ის 99-ე მუხლის მიხედვით მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს მის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს.

14. სსსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად კი, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი.

15.განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება წარმომადგენლის ან მარწმუნებლის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტი. ასეთ ფაქტს ადგილი რომც ჰქონოდა უფლებამოსილების მიმნიჭებელს არ შეუსრულებია უფლებამოსილების გაუქმებისას სასამართლოსათვის შეტყობინების ვალდებულება. საქმის მასალებში განთავსებულია კერძო საჩივრის ავტორის მიერ ადვოკატისათვის მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო აქტი (იხ. ტ.1., ს.ფ.19), რომლითაც დასტურდება, რომ მარწმუნებელმა განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა რწმუნება ადვოკატს, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა ადვოკატის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

16. საქმის მასალების მიხედვით, რაც კერძო საჩივრის ავტორს სადავო არ გაუხდია, ადვოკატი, სასამართლოს მოხელემ, კანონის შესაბამისად, გააფრთხილა სხდომის თაობაზე (ტ. 2, ს.ფ. 67).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე