საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-59-57-2016 11 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ე-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ლ. ჯ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (იხ. ტ. 1., ს.ფ. 241-244 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ, 230-ე მუხლი) დაკმაყოფილდა ლ. ჯ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი ა(ა)იპ ე-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, ფონდი ან კერძო საჩივრის ავტორი) და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა გადაწყდა მოსარჩელის სასარგებლოდ, კერძოდ:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი ფონდის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.2. მოსარჩელე აღადგინეს იურისტის თანამდებობაზე და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე დაეკისრა 2014 წლის 1 ივლისიდან ყოველი დაყოვნებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე და სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
2. სასამართლოს 03.12.2014წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ფონდის საჩივარი უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფონდის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინება და იმავე სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ, კერძოდ:
3.1. დასაქმებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ფონდის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
3.2. მოსარჩელე აღადგინეს ფონდის იურისტის თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში;
3.3. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს, დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - 2014 წლის 1 ივლისიდან იმავე წლის 31 დეკემბრამდე - 12 480 ლარი.
3.4. მოსარჩელეს დაეკისრა ფონდის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 495 ლარისა და 90 თეთრის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი) დასაქმებულის საკასაციო საჩივარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, განუხილველად დარჩა, დაუშვებლობის გამო, (იხ. საქმე # ას-887-837-2015; ტ.2., ს.ფ. 181-190).
5. საკასაციო სასამართლოდან საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების შემდეგ, დასაქმებულმა 2015 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი; მოსარჩელის განცხადება - ტ.2., ს.ფ. 199-201) უსწორობათა გასწორება (სსსკ-ის 260-ე მუხლი).
6. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის განცხადების შესწავლის შედეგად, სსსკ-ის 372-ე, 260-ე მუხლებზე მითითებით, 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა დასაქმებულის მოთხოვნა და ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების მიზნით, მასში შემდეგი ცვლილება შეიტანა: ა. გადაწყვეტილებას დაემატა შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი: „თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ბ. მოსარჩელეს ფონდის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2995.2 ლარის 16.6%-ის 497.20 ლარის ანაზღაურება.“
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2016 წლის 13 იანვარს მოპასუხემ კერძო საჩივარი (იხ. ტ.2., ს.ფ. 222-228) წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე # 2ბ/1921-15) და მოითხოვა მხარეთა შორის სასამართლოს მიერ არასწორად განაწილებული ბაჟის საკითხი განხილვა.
7.1. კერძო საჩივრის ავტორი, სსსკ-ის 53-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესატყვისად, სახელმწიფო ბაჟი შემდეგნაირად უნდა განაწილებულიყო: ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 83,4 %-ით და არ დაკმაყოფილდა 16,6 %-ით, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს- დასაქმებულს, ფონდის სასარგებლოდ, უნდა დაჰკისრებოდა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2995.2 ლარის 83,4 %, რაც 2497.99 ლარს შეადგენს. დამატებით არგუმენტად, ფონდი იმაზეც უთითებს, რომ მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე, სასამართლოს განჩინებით დადგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად აპელანტს უნდა გადაეხადა დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, 2995.2 ლარი.
7.2. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, რომ მოწინააღმდეგეს დაეკისროს ფონდის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი;
7.3. იგი, სსსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უსწორობის გასწორების განჩინებით არ ჰქონდა უფლებამოსილება ემსჯელა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებითი თანხები, კერძოდ, პირგასამტეხლო (0.07%) დაეკისრებინა ფონდისათვის.
8. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვარს გადმოეგზავნა ფონდის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, ხოლო ამავე სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით, ფონდს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვალს მომართა კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით, რომლითაც ხარვეზი გამოასწორა და, იმავე წლის 22 თებერვლის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, ფონდის კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად, ხოლო საქმის განხილვა, ზეპირი მოსმენის გარეშე, დაინიშნა 2016 წლის 11 მარტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რამდენად მართებულად განაწილდა მოდავე მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟი.
11. სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომელიც ამ განჩინების 7.1. ქვეპუნქტშია მითითებული, როგორც დასაბუთებულსა და საფუძვლიანს, ამასთან, იმ არგუმენტსაც, რომ სააპელაციო საჩივარზე, სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის განჩინებით, დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად (საქმე # 2ბ/1921-15; ტ.2.ს.ფ. 4-5) ფონდს დაევალა, დავის საგნის ღირებულების, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპისათვის განსაზღვრული 4% -ის გადახდა, რაც სასამართლოსავე მითითებით 2995,2 ლარს შეადგენდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფონდის სააპელაციო საჩივარი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი), შესაბამისად, კერძო საჩივრის მოთხოვნის, პროცესუალურ მოწინააღმდეგეთა შორის სახელმწიფო ბაჟის მართებულად განაწილების თაობაზე, დაკმაყოფილების მიზნით, საკასაციო სასამართლო აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების (უსწორობის გაწორების შესახებ; იხ. ტ.2., ს.ფ. 213 ) სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში რჩება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი (იხ. ტ.2., ს.ფ. 112), რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ფონდის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2495 ლარის და 90 თეთრის გადახდა;
12. იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ფონდის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ნახევრის 25 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს (სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
13. საკასაციო სასამართლო ამ განჩინების 7.3. ქვეპუნქტში მითითებული კერძო საჩივრის პრეტენზიის განხილვისას, უთითებს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინების (იხ. საქმე # ას-887-837-2015; ტ.2., ს.ფ. 181-190) მსჯელობასა და დასკვნებზე, კერძოდ: უზენაესმა სასამართლომ დასაქმებულის საკასაციო საჩივრის განხილვისას განმარტა: „სააპელაციო პალატამ გააუქმა რა საქალაქო სასამართლოს 3 აპრილის განჩინება და ნაწილობრივ შეცვალა ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიღებული ახალი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მას დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის დამსაქმებლისათვის დაკისრებაზე უარი მოსარჩელისათვის არ უთქვამს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება არა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების, არამედ დაინტერესებული მხარის მიერ სსსკ-ის 262-ე მუხლით განსაზღვრული საშუალებით სარგებლობის წინაპირობაა (მიღებული გადაწყვეტილების განმარტება)“. უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს (ფონდს) დაკისრებული აქვს დაყოვნებული თანხის 0,07 %. კერძო საჩივრის პრეტენზიის აღნიშნული ნაწილი სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რის გამოც უარყოფილია ფონდის მხოლოდ ეს პრეტენზია და გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩება უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ე-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი;
3. ლ. ჯ-ეს ა(ა)იპ ე-ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო განხილვისათვის გაწეული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟი) 25 ლარის გადახდა;
4. გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე