Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1230-1153-2015 4 მარტი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო. ქ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ს. გ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს. გ-მა (შემდეგში: მოპასუხე, ზიანის მიმყენებელი ან კასატორი), სამტრედიის რაიონის სოფ. ვაზისუბნის გზაზე მოძრაობისას, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები და დაეჯახა გ. ნ–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც წარმოადგენდა ო. ქ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ, 992, 998-ე მუხლები).

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, ზიანის მიმყენებელი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეშვიდე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით, ზიანის მიმყენებელთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება (იხ. განაჩენი, ს.ფ.15-20).

3. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს) 2015 წლის 13 თებერვლის N000813715 დასკვნის თანახმად: 2002 წლის გამოშვების ,,mersedes – benz 903.6 KA“ ავტომობილისათვის (შემდეგში დაზიანებული მიკრტოავტობუსი), მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგინა 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი. ავტომობილის მოდელის, მისი დაზიანებების შესაბამისად, ნარჩენმა საბაზრო ღირებულებამ საორიენტაციოდ შეადგინა 3 000 (სამი ათასი) ლარი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 21-28).

4. მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 აპრილის N002346915 დასკვნის თანახმად, დაზიანებული მიკროავტობუსის მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების მიხედვით, მისი ფასი საორიენტაციოდ 3 500 ლარით განისაზღვრა (იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 73-80).

5. დაზარალებულმა 2015 წლის 6 მარტს სარჩელი აღძრა და მოითხოვა, როგორც ფაქტობრივი, ისე მიუღებელი შემოსავალი, 28 167 (ოცდარვა ათას ას სამოცდაშვიდი) ლარი და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 992-ე , 411-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ, 309 17 , 309 20 მუხლებზე.

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, მოპასუხეს 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი დაეკისრა, ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 630 (ექვსას ოცდაათი) ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის -800 (რვაასი) ლარის გადახდა.

7. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა სსკ-ის 992-ე, 411-ე, სსსკ-ის მე-2, 102-ე, 105-ე, 30917-ე მუხლებზე, ასევე, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის (შემდეგში ევროპული კონვენცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

8. სასამართლომ აღნიშნა, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა, კანონის თანახმად, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებით – კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ან თუ აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობა შეიძლება დადგინდეს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა (სსსკ -ის 30917-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

9. ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგია. ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია

10. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო საკუთრების ხელყოფა, მოსარჩელის აქტივების შემცირება, შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხა ნაწილობრივ წარმოადგენდა ფაქტობრივად დამდგარ ქონებრივ დანაკლისს.

11.სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელმა დაადასტურა დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლები და ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

12. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად ექსპერტიზის დასკვნით გაანგარიშებული თანხის საპირისპიროდ (გარდა დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ფასის გაანგარიშებისა, იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი), რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მას ობიექტური შესაძლებლობა ჰქონდა, წარედგინა ალტერნატიული წერილობითი მტკიცებულება ან ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ დაზიანებული მიკროავტობუსი ავტოსადგომზე იდგა და იგი მოსარჩელეს არ გადასცემია.

13. სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობები შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობებით და დამოკიდებულია, ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემოსავლის მიღების ალბათობაზე. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მის დასადგენად აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მიუღებელი შემოსავალი არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯის გამოქვითვის გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად.

14. სასამართლომ განმარტა, რომ ვერც სასამართლო სხდომაზე და ვერც საქმის მასალებით ვერ დადგინდა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო რაიმე შემოსავალი და, მისი მიუღებლობით, დაზარალებულს ზიანი მიადგა. სასამართლომ იმსჯელა საქმეში განთავსებულ საგადასახადო მოთხოვნებსა და საგადასახადო დავალებებზე, მაგრამ ვერ დაადგინა, რაში გამოიხატა ანაცდური მოგება, ანუ ისეთი შემოსავალი, რომელიც უშუალოდ იქნებოდა მიმართული მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ.

15. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება 15 000 ლარის ფარგლებში.

16. ზიანის მიმყენებლის სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები შემდეგ გარემოებებს შეეხო:

16.1. იგი აღიარებდა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს 15 000 ლარის ფარგლებში, ხოლო 6000 ლარის დაკისრების, ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა (იხ. განჩინების მე-6 პუნქტი).

16.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, მიყენებული ზიანი შეადგენდა 21 000 ლარს; ავტოავარია მოხდა 2013 წლის 18 ნოემბერს, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა 2015 წლის 13 თებერვალს, ავტომანქანა კი მესაკუთრეს 2014 წლის 10 დეკემბერს გადაეცა. შესაბამისად, ეს დასკვნა ვერ ასახავდა მიყენებულ ზიანს მისი დადგომის მომენტისათვის.

16.3. სსსკ-ის 49.3-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს, 6000 ლარიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაჰკისრებოდა მხოლოდ 180 ლარი და არა 630 ლარი.

16.4. არასწორი იყო ექსპერტიზის ხარჯის 800 ლარის დაკისრებაც, რადგან არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა, ამასთან, მოპასუხემ იდენტური ექსსპერტიზისათვის გადაიხადა 70 ლარი.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული 630 ლარის ნაწილში და, ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, ზიანის მიმყენებელს დაეკისრა 180 ლარი, მასვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 450 ლარი. დანარჩენ ნაწილში, რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

18.სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები და შეფასებები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურების სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში (იხ.წინამდებარე განჩინების 7-14 პუნქტები).

19. სასამართლომ აღნიშნა, იმის გათვალისწინებით. რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო 15 000 ლარის ფარგლებში, სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნებოდა გადახდილი ბაჟის ნაწილი, მოპასუხის მიერ აღიარებული მოთხოვნის ფარგლებში, რაც 450 ლარს შეადგენდა, ხოლო დარჩენილი 180 ლარი უნდა დარჩენილიყო ბიუჯეტში და, შესაბამისად, უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

20. სასამართლომ არ გაიზიარა ზიანის მიმყენებლის მოთხოვნა, მისთვის დაკისრებული ექსპერტიზის ხარჯის (800 ლარი) ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ და, სსსკ-ის 53.1-ე მუხლზე მითითებით, აღნიშნა, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი, რაც, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, გონივრული იყო.

21. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და გადაწყვეტილების შეცვლით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

22. საკასაციო განაცხადის პრეტენზიები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნების იდენტურია (იხ.წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტი).

23.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და მტკიცებულებების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია, შემდეგი მოტივაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

27. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები (იხ.წინამდებარე განჩინების 17-20 პუნქტები) შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. (იხ. სუსგ-ები: საქმე # ას-970-1271-08, 08.07.2008; საქმე # ას-39-38-2010, 15.07.2010; საქმე # ას-81-171-2011, 18.04.2011).

28. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

30. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ზიანის მიყენებისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობები. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, უშუალო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და ფაქტობრივად დამდგარი ზიანი (სსკ-ის 992-ე მუხლი).

31. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის ოდენობა და იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ კასატორმა ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით. მას მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად ექსპერტიზის დასკვნით გაანგარიშებული თანხის საპირისპიროდ (გარდა დაზიანებული ავტომანქანის საბაზრო ფასის გაანგარიშებისა) რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. მოდავე მხარეებს წარდგენილი ჰქონდათ საექსპერტო დასკვნები, ამასთან, საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც, არ განიხილება პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ (სსკ-ის 106-ე მუხლი), თუმცა, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაშია გაანალიზებული და შეფასებული (სსსკ-ის 105-ე მუხლი).

32. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო, საკმარისი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს. გ-ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის ქვითარი №8936399, გადახდის თარიღი 2015 წლის 29 დეკემბერი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე