საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1234-1157-2015 14 მარტი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. უ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. უ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. პ-ის მიმართ ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. პ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით ლ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა, მოითხოვა აღნიშნული განჩინებისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ლ. პ–მა, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის გაგრძელება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ლ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. პ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსთვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 (სამასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით და საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება 2016 წლის 25 იანვარს ჩაჰბარდა ლ. პ–ის წარმომადგენელ კ. ს-ეს.
კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა, ფოსტის მეშვეობით, 2016 წლის 1 თებერვალს და წარმოადგინა მხოლოდ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, თუმცა არ დაუზუსტებია საკასაციო საჩივრის მოთხოვნა.
უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით იქედან გამომდინარე, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არასრულად იყო აღმოფხვრილი, სასამართლოს ინიციატივით მას დამატებით განესაზღვრა 3 დღის ვადა ხარვეზის სრულყოფილად შესავსებად.
აღნიშნულის თაობაზე 2016 წლის 4 მარტს სატელეფონო შეტყობინების სახით ეცნობა ლ. პ-ის რძალს, ნ. ბ-ს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით, გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით.
საქმეში განთავსებული სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 4 მარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა ლ. პ-ის რძალს, ნ. ბ–ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 5 მარტს და ამოიწურა 2016 წლის 7 მარტს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი სრულყოფილად შეევსო 2016 წლის 7 მარტის ჩათვლით.
მართალია, კასატორმა სასამართლოს, 2015 წლის 21 დეკემბრის განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, მომართა, მაგრამ არასრულყოფილად შეასრულა ის მოქმედება, რაც ხარვეზის განჩინებით დაუდგინდა, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არასრულყოფილად შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ლ. პ-ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ. ს-ისა (პ/ნ ...) და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი (საკრედიტო საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი 2015 წლის 8 დეკემბერი და საკრედიტო საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი 2016 წლის 1 თებერვალი);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი