№ას-1289-1210-2015 15 მარტი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ო.დ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.დ–ს (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ა.გ–ს (შემდეგში: გარდაცვლილი, მამკვიდრებელი) ერთმანეთთან წლების განმავლობაში კარგი ნაცნობობა აკავშირებდათ.
2. მოსარჩელე აცხადებდა, რომ გარდაცვლილმა მისგან ისესხა 5000 აშშ დოლარი, რომელიც არ დაუბრუნა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის მუხლი 624-ე მუხლი}.
3. 2014 წლის 16 ივლისს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს დეტექტივების განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ, მოტყუებით დაუფლების ფაქტზე {საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, შემდეგში სკ-ს მუხლი 180-ე მუხლი}.
4. თბილისის შსს-ს მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელთან ზეპირი გასაუბრების დროს, მამკვიდრებელმა არ დაადასტურა მოსარჩელისათვის თანხის გამორთმევის ფაქტი.
5. 2014 წლის 25 ივლისს მამკვიდრებელი გარდაიცვალა. მისი დანაშთი ქონება მიიღო პირველი რიგის მემკვიდრე, თ.გ–მა (შემდეგში მოსარჩელე, მემკვიდრე) {სსკ-ის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1424-ე, 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.
6. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2014 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე N მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
7. იმავე პროკურორის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით, მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება {სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი}.
8. 2015 წლის 18 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 5 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 3-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის, 1328-ე მუხლის და 1484-ე მუხლის პირველი ნაწილები, ასევე 624-ე მუხლი.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
10.1 სსკ-ის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. კონკრეტულ შემთხვევაში მოდავე მხარეებს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით, მან საჭიროდ არ ჩათვალა წერილობითი ფორმის გამოყენება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მამკვიდრებლის მიერ თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ამის შედეგად ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი.
10.2 მოწმეთა ახნა-განმარტებების გარდა, გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ მამკვიდრებელს მოსარჩელის მიმართ ჰქონდა ფულადი ვალდებულება, შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია მოსარჩელესა და მამკვიდრებელს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
13. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ გარდაცვლილს ასესხა 5000 აშშ დოლარი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა სადავო ფაქტი მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე; საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხოლოდ ისაა დადგენილ, რომ მამკვიდრებლის წინააღმდეგ საგამოძიებო უწყებაში დაწყებული იყო გამოძიება მოსარჩელის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა. წარმოდგენილი საგამოძიებო საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები კი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი არ იყო.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1. განსახილველ დავაზე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარისა და მოწმეების ახნა-განმარტებები, საგამოძიებო ორგანოების გამოძიების შედეგად მიღებული ოფიციალური საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება, გარდაცვლილის მიერ მოსარჩელის კუთვნილი 5000 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლების, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებისა და მისი დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილებები, ცალსახად ადასტურებდა, რომ გარდაცვლილი სადავო თანხას მოტყუებით დაეუფლა და შემდეგ კი მიითვისა.
14.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოძიება შეწყდა მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო და არა იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილს მოსარჩელის კუთვნილი თანხა არ მიუთვისებია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლია შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია:
18.1. საკასაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და კასატორის ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სასარჩელო მოთხოვნის (5000 აშშ დოლარის მემკვიდრეზე დაკისრება) დაკმაყოფილება შესაძლებელი გახდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კასატორი სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს დასაშვები და უტყუარი მტკიცებულებებით დაასაბუთებდა {სსსკ-ის 102-ე მუხლი}. მოცემულ შემთხვევაში ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს (როგორც სესხის ხელშეკრულებას {სსკ-ის 624-ე მუხლი}, ისე დელიქტს {992-ე მუხლი} ემყარება. მან ვერ შეძლო ვერც ერთი მათგანით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობების დამაჯერებლად დასაბუთება. სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლებოდა ორივე მხარის ურთიერთმფარავი ნების არსებობისა და სესხის საგნის, 5 000 აშშ დოლარის, გარდაცვლილისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში {სსკ-ის 623-ე მუხლი}. ურთიერთმფარავი ნების არსებობა თვითონ კასატორმა გამორიცხა, როცა მიუთითა რომ გარდაცვლილმა „ისარგებლა მისი კეთილგანწყობით და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას“. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სასესხო ურთიერთობის არ არსებობის თაობაზე, სწორია.
18.2. რაც შეეხება დელიქტური პასუხისმგებლობის {სსკ-ის 992-ე მუხლი} დამდგენ ფაქტობრივ გარემოებებს: გარდაცვლილის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით (დანაშაულით) მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას და აქედან წარმოშობილ ზიანს. კასატორმა, ვერც ამ გარემოებების დადასტურება შეძლო. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ის ყველა მტკიცებულებას აფასებს ერთობლივად და მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შემდეგ გამოაქვს დასკვნა {სსსკ-ის 105-ე მუხლი}. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის 2014 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც საქმეზე შეწყდა გამოძიება მამკვიდრებლის გარდაცვალების გამო, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად. ჯერ ერთი, დადგენილებაში მითითებული ფაქტები საჭიროებენ მტკიცებას {სსსკ-ის 106-ე მუხლი}, მეორეც, ეს ფაქტები არ შემოწმებულა სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის დროს და გარდაცვლილის მიმართ გამატყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ნადვილად იქნა ხელყოფილი მოსარჩელის საკუთრება და არსებობდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების კანონისმიერი საფუძველი.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება Nას-127-119-2015, 2015 წლის 30 აპრილის განჩინება Nას-183-170-2015, 2015 წლის 30 აპრილის განჩინება Nას-965-926-2014).
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ო.დ. -საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი