№ას-139-135-2016 10 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება; სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით:
1.2 არ დაკმაყოფილდა გ. მ-ის (შემდგომში მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და გ. მ-ის მიერ აღსასრულებელი მოთხოვნის შემდეგი სახით განსაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა – 24 250 აშშ დოლარი; საპროცენტო სარგებელი – 2 550 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 64.32 აშშ დოლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
3.1 მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ე. ყ-ის მიერ 2013 წლის 24 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 24250 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განახევრდა და მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დეკისრა 1953 აშშ დოლარის გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. მ-ემ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
6. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობის საფუძველზე, ზემომითითებული ხარვეზის ვადა კიდევ 5 დღით გაგრძელდა. დადგენილ საპროცესო ვადაში, კასატორმა წარმოადგინა ახალი განცხადება, რომელსაც თან დაურთო დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავდროულად, კასატორმა უზენაესი სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვადის 10 დღით გაგრძელება. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 22 მარტის განჩინებით, კასატორს შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის ვადა კიდევ 10 დღით გაუგრძელდა.
7. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით.
8. 2016 წლის 3 მაისს კასატორმა მეოთხედ მომართა სასამართლოს, წარმოადინა ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა ხარვეზისთვის დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავდროულად, განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
12. 2016 წლის 19 თებერვლიდან ამავე წლის 11 აპრილამდე კასატორის წარმომადგენელმა სამჯერ მომართა სასამართლოს (29.02.2016წ; 21.03.2016წ; და 04.04.2016წ) ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის, 22 მარტის და 11 აპრილის განჩინებებით შუამდგომლობა სამივეჯერ დაკმაყოფილდა.
14. 03.05.2016 წელს კასატორმა მეოთხედ მომართა სასამართლოს ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შუამდგომლობით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით კასატორის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მას ფინანსური სიძნელეების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამასთან, საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორს სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან სახელმწიფო ბაჟი სრული ოდენობით არ გადაიხადა. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია თითქმის სამი თვე, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
18. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19.მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მან სახელმწიფო ბაჟი, ნაცვლად 300 ლარისა გადაიხადა 200 ლარი.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ გ. მ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი (1. გადახდის თარიღი – 21.03.2016წ. საგადახადო დავალება № 0; გადახდილი თანხა -100 ლარი. 2. გადახდის თარიღი - 03.05.2016. საგადახდო დავალება N54; გადახდილი თანხა -100 ლარი).
4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე