Facebook Twitter

№ას-390-374-2016 29 აპრილი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. პ-ო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ვ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- შპს „ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მ. პ-ოს, შპს „ვ-ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 45 512.50 ლარის გადახდა;

- მ. პ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. პ-ომ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2015 წლის 28 დეკემბერს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მხარეები, მათ შორის, აპელანტის წარმომადგენელიც. აპელანტის წარმოამდგენელმა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოს მიმართა 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 1 თებერვალს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 28 იავარს და ამოიწურა ამავე წლის 10 თებერვალს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2016 წლის 12 თებერვალს, რითაც დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. პ-ომ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივირის წარმოებაში მიღება. ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოსამართლის თანაშემწესათან განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-ოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია საკასაციო საჩივრისათვის. სსსკ-ის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

7. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი, 31.03.2016 წელს, გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - დ. ჯ-ს (იხ. მინდობილობა, ტომი 2., ს.ფ. 73-76) მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ.რ-ი, ც-ის .., ბინა #2, იხ. ტომი 2., ს.ფ. 324, ტომი 4., ს.ფ. 10). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ზემოხსენებული განჩინების ასლი პირადად ჩაბარდა 01.04.2016 წელს (იხ. ტომი 4., ს.ფ. 11). სსსკ-ის 70.1 მუხლის მიხედვით, წარმომადგენლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება მიიჩნევა აპელანტისათვის ჩაბარებად. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 2 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 13 აპრილს (სამუშაო დღეს - ოთხშაბათს). საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. პ-ომ კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 14.04.2016 წელს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ტომი 4, ს.ფ. 12-18). მართალია, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი მის წარმომადგენელს ჩაბარდა 04.04.2016 წელს, მაგრამ აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, პირიქით, როგორც აღინიშნა, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს განჩინების ასლი პირადად ჩაბარდა 01.04.2016 წელს.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

10. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მ. პ-ოს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან მან კერძო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს, ასევე, კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სატელეფონო აუდიოჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე, ვინაიდან მითითებული მტკიცებულების გამოთხოვის საჭიროებას აპელანტი უკავშირებდა მისი კერძო საჩივრის დასაბუთებას, რომელიც განუხილველად დარჩა.

13. სსსკ-ის 399-ე და 374.3-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 396.3-ე, 284-ე, 285-ე, 264.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს მ. პ-ოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინებაზე;

2. განუხილველად დარჩეს მ. პ-ოს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სატელეფონო აუდიოჩანაწერის გამოთხოვის თაობაზე;

3. მ. პ-ოს დაუბრუნდეს დ. ჯ-ის (პ/ნ …..) მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50.00 ლარი (გადახდის თარიღი – 2016 წლის 14 აპრილი, საგადახდო დავალება № 0).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე