Facebook Twitter

№ას-561-532-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლეების მესაკუთრედ აღრიცხვა მოვალის სამკვიდრო ქონებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 05.12.2007 წელს სს ,,თ-სა“ (შემდეგში მოსარჩელესა ან ბანკს) და გ. ჯ-ეს (შემდეგში მსესხებელსა ან პირველ მოპასუხეს) შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #.… ხელშეკრულება, ხოლო ამ ხელშეკრულების საფუძველზე - 27.10.2010 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #...., რომლის მიხედვითაც მსესხებელმა ბანკისგან მიიღო კრედიტი - 20600 აშშ დოლარი 22.10.2016 წლამდე, წლიური 19%-ის დარიცხვით.

2. ზემოხსენებული ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით:

- 05.12.2007 წელს ნ. ჯ-ესა (შემდეგში მესაკუთრესა ან თავდებს) და ბანკს შორის გაფორმდა #... იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მესაკუთრის უძრავი ქონება (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - № …….);

- 05.12.2007 წელს მესაკუთრესა და ბანკს შორის გაფორმდა #.... თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარით.

3. ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მსესხებლისა და მესაკუთრის (თავდების) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, სოლიდარულად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 25 228.71 აშშ დოლარის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 08.11.2012 წლის გაჩინებით გარდაცვლილი მესაკუთრის (თავდების) უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ გარდაცვლილის შვილი - მსესხებელი და მეუღლე - მ. ჯ-ე (შემდეგში მეორე მოპასუხე).

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 27.11.2012 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს, ბანკის სასარგებლოდ, სლიდარულად დაეკისრათ 25228.71 აშშ დოლარის გადახდა;

- დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

6. სააღსრულებო წარმოების პროცესში ვერ განხორციელდა გარდაცვლილი მესაკუთრის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია, ვინაიდან ეს ქონება არ იყო რეგისტრირებული გარდაცვლილის უფლებამონაცვლეების სახელზე.

7. 14.03.2014 წელს ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს პირველი და მეორე მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა გარდაცვლილი მესაკუთრის (თავდების) სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აღრიცხვა მოპასუხეთა სახელზე ამ ქონების აუქციონზე რეალიზაციის მიზნით.

8. მოსარჩელის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის ამოღება ვერ ხორციელდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ვინაიდან ამ ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოპასუხეთა მამკვიდრებელი, ხოლო, მოპასუხეები ქონებას თავის სახელზე არ არეგისტრირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სამკვიდრო მიღებული ჰქონდათ ფაქტობრივი ფლობით.

9. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 23.04.2014 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- ბანკის სარჩელი დაკმაყოფლდა;

- მოპასუხეები აღირიცხნენ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - № …..) თანამესაკუთრეებად.

11. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 2321 მუხლზე და მიიჩნია, რომ, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის გამო, არსებობდა დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1336-ე, 1421-ე, 1328-ე, 1484-ე მუხლების თანახმად.

12. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მეორე მოპასუხემ.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.07.2014 წლის განჩინებით მეორე მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

14. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკის სარჩელი და თანდართული მასალები პირადად ჩაბარდა მეორე მოპასუხეს. მასვე ჩაბარდა სასამართლო გზავნილი პირველ მოპასუხეზე გადასაცემად, როგორც ამ უკანასკნელის ოჯახის წევრს. მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც შესაგებელის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

15. შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად სასამართლომ არ მიიჩნია მეორე მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოება იმის შესახებ, რომ იგი ავადმყოფია და მოკლებულია გადაადგილების უნარს, ხოლო პირველი მოპასუხე (მისი შვილი) იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხეს შეეძლო მოეთხოვა შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელება, თუ იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამას ვერ ახერხებდა. ამასთან, იგი ვალდებული იყო პირველი მოპასუხისათვის გადაეცა სასამართლო გზავნილი, ხოლო თუ ეს არ შეეძლო, მაშინ დროულად უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

16. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ.

17. ქუთაისის სააპელაციო სასაამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

18. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მეორე მოპასუხის აპელირება მის ავადმყოფობაზე, როგორც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობით არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მეორე მოპასუხეს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო შესაგებლის წარდგენა ან მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ავადმყოფობის მიუხედავად, აპელანტმა დროულად გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც და განჩინებაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

19. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ასევე, მეორე მოპასუხის აპელირება პირველი მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ჩაუბარებლობის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე, ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის დარღვეულ უფლებაზე ვერ იდავებდა, ვინაიდან თავად ამ უკანასკნელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

20. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად დასაბუთებული იყო აღნიშნა, რომ სსკ-ის 1336-ე, 1421-ე, 1328-ე, 1484-ე, 311-ე მუხლების თანახმად.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- კასატორისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება ქმედუნარიანი პირისათვის ჩაბარებად, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ შესწევს უნარი გაიაზროს თავისი მოქმედებების მნიშვნელობა.

22. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მისი ქმედუუნარობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. რაც შეეხება ავადმყოფობაზე მითითებას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მეორე მოპასუხეს ავადმყოფობის გამო არ შეეძლო შესაგებლის წარდგენა ან მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასამართლოსათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. გარდა ამისა, ავადმყოფობაზე აპელირების მიუხედავად, აპელანტმა დროულად გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც და განჩინებაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, შესაბამისად, მას შესაგებლის წარდგენაც შეეძლო, თუკი ამის სურვლი ექნებოდა.

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი