Facebook Twitter

№ას-617-584-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ვ-მ“ (შემდეგში მოსარჩელემ) ე. ბ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 53 540 ლარისა და 12 884 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა (შემდეგში მოთხოვნის მიმღებმა ან აპელანტმა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელემ (შპს „ვ-მ“) მას დაუთმო თავისი მოთხოვნა კომპანიის ყოფილი ბუღალტრის (მოპასუხის) მიმართ. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის მიმღებმა მოითხოვა საქმეში აპელანტად დაშვება და, როგორც უვადოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით 2141.60 ლარისა და 515.36 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა იმ კომპანიის დირექტორსა და პარტნიორს, ვისგანაც მოთხოვნა მიიღო, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტმა მიიღო მოთხოვნა, იგი ვალდებული იყო გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, რადგან მის მიმართ ვერ გავრცელდებოდა უფრო მეტი შეღავათი, ვიდრე მოთხოვნის დამთმობ პირს ჰქონდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე და 74-ე მუხლების მიხედვით, ჩაბარდა აპელანტს 2015 წლის 15 აპრილს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 16 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 27 აპრილს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სსსკ-ის 368.5-ე და 63-ე მუხლების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. კერძო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება მოთხოვნის მიმღებს (აპელანტს) დააკისრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 198-ე მუხლის საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლომ ერთმანეთისგან არ განასხვავა საპროცესო უფლებამონაცვლეობა და უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში. ამ თვალსაზრისით, მატერიალურ სამართალში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნაწილობრივ უფლებამონაცვლეობას. რაც შეეხება საპროცესო უფლებამონაცვლეობას, მართალია, უფლებამონაცვლე მთლიანად ცვლის წინამორბედს და მასზე სრული მოცულობით გადადის წინამორბედის ყველა საპროცესო უფლება და მოვალეობა, მაგრამ აქ იგულისხმება ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც, ასე ვთქვათ, „ჩავლილია“. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 92.2 მუხლში ასახული დებულება გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ უფლებამონაცვლეს არა აქვს უფლება, შეცვალოს ის, რასაც ადგილი ჰქონდა პროცესში მის შესვლამდე, შესაბამისად, ეს ნორმა ვერ გავრცელდება სამომავლო მოქმედებებზე, რომელსაც უფლებამონაცვლე საკუთარი სახელით ასრულებს;

- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამონაცვლეობის არსი, საქმეში არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების უგულებელყოფით, არასწორად განსაზღვრა საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში მხარის შესვლის ეტაპი, რომელიც გავლენას ახდენს საპროცესო უფლება-მოვალეობების სწორად განსაზღვრაზე, კერძოდ, მოსარჩელემ აპელანტს მოთხოვნა დაუთმო 2015 წლის 2 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მითითებული მომენტიდან, მოთხოვნის მიმღებს გააჩნდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება და მისი გასაჩივრების უფლება, შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი, მოცემული დროისათვის, საქმიდან გასული წინამორბედის რაიმე საპროცესო ვალდებულებებზე, ან უფლებებზე, რამდენადაც იგი პროცესში მხარეს აღარ წარმოადგენდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თუკი მოთხოვნის დამთმობი მოთხოვნის მიმღებს მოთხოვნას მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ დაუთმობდა, მაშინ, შესაძლებელია, მართებული ყოფილიყო უფლებამონაცვლისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

12. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, კანონმდებელი ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლასა და მის შეცვლას უფლებამონაცვლით.

13. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ, მოცემულ შემთხვევაში, 02.02.2015 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (სსკ-ის 198-ე და 199-ე მუხლები) საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია (სსსკ-ის 92.1 მუხლი), თუმცა, სასამართლომ მოთხოვნის მიმღებ პირს, როგორც აპელანტს, ისე დაუნიშნა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, რომ ეს უკანასკნელი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ არ უცვნია.

14. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება (მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ) ადგენს მოთხოვნის მფლობელიდან, მოთხოვნის მიმღებზე, მოთხოვნებისა და უფლებების გადასვლის ფარგლებს მატერიალურსამართლებრივი და არა საპროცესოსამართლებრივი გაგებით. საპროცესო უფლებამონაცვლეობის ფარგლები, როგორც მოთხოვნის დათმობისას, ასევე, უფლებამონაცვლეობის სხვა შემთხვევებში (სსსკ-ის 92.1 მუხლი), განისაზღვრება სსსკ-ის 92.2 მუხლით.

15. მითითებული საპროცესო ნორმის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში ასახული დებულება გულისხმობს იმას, რომ უფლებამონაცვლის წინამორბედის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ითვლება შესრულებულად უფლებამონაცლის მიერ (მაგალითად, უფლებამონაცვლის წინამორბედის მიერ სარჩელის საგნის შეცვლა, სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა, მორიგება და ა.შ. სავალდებულოა უფლებამონაცვლისათვის). უფლებამონაცვლეს არ შეუძლია, ასევე, მოითხოვოს იმ საპროცესო მოქმედებების ხელმეორედ (განმეორებით) შესრულება, რომელიც მისმა წინამორბედმა შეასრულა (მაგალითად, მას არ შეუძლია მოითხოვოს მოწმის განმეორებით დაკითხვა, საპროცესო ვადის თავიდან ათვლა, თუ ეს ვადა გაშვებული იყო ჯერ კიდევ წინამორბედის ხელში და ა.შ.). ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 92.2 მუხლში ასახული დებულება ვერ გავრცელდება უფლებამონაცვლის დაშვების შემდეგ შესასრულებელ იმ საპროცესო მოქმედებებზე, რომელთა შესრულების ვალდებულება უფლებამონაცვლის წინამორბედს არ გააჩნდა.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მაგრამ მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, შესაბამისად, უფლებამონაცვლე, უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ასეთი ვალდებულება უფლებამონაცვლის წინამორბედს არ წარმოშობია, ვინაიდან მას არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ აპელანტს მოთხოვნა დაუთმო გასაჩივრების უფლების გამოყენებამდე. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც უფლებამონაცვლის წინამორბედს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია და, შესაბამისად, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არარსებული საპროცესო ვალდებულება უფლებამონაცვლეზე ვერ გადავიდოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის უფლებამონაცვლე პირს არასწორად მოსთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივარზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა, ხოლო 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი