Facebook Twitter

№ას-836-787-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად

ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ. ბ-ი (შემდეგში მოსარჩელე) 2001 წლიდან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა სს „თ-თან“ (შემდეგში მოპასუხესთან) და 2001 წლიდან 2005 წლამდე ეკავა ტექნიკური ოპერატორის თანამდებობა, ხოლო 2005 წლის 25 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გადაყვანილ იქნა აუდიტი-ანალიტიკოსის პოზიციაზე და მისი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 1 650 ლარს (დარიცხული ხელფასი). შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან უვადოდ იყო დადებული.

2. მოპასუხე ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის 2012 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, განხილულ იქნა საკითხი შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, ორგანიზაციის საშტატო განრიგის გადახედვის შესახებ და გენერალურ დირექტორს რეკომენდაცია მიეცა, ორგანიზაციის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის, შად-ის თანამდებობების დასახელებისა და თანამშრომლების სარგოს ოდენობის ნაწილში №2 დებულების თანახმად, შად-ის რეორგანიზაციასთან და ფუნქციონალური ვალდებულებების გაფართოებასთან დაკავშირებით.

3. მოპასუხე ორგანიზაციის შიდა აუდიტის ხელმძღვანელის სამსახურებრივი წერილით დგინდებოდა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის რეორგანიზაციისა და მისი ფუნქციონალური მოვალეობების გაფართოებასთან დაკავშირებით შეთანხმების თანახმად, აღნიშნული დეპარტამენტის შემოწმების დატვირთული გრაფიკის გამო, რაც დამტკიცდა ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტის მიერ, გენერალურ დირექტორს ეთხოვა თანხმობა, 2012 წლის 1 მარტამდე, აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლების თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რომელთა შორის იყო მოსარჩელე – აუდიტორი.

4. მოპასუხე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის 2012 წლის 29 თებერვლის Nკ-35 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე 2012 წლის 1 მარტიდან გათავისუფლდა შიდა აუდიტის განყოფილების აუდიტორის თანამდებობიდან. ბრძანებაში განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, განთავისუფლების საფუძვლად მიეთითა სამსახურებრივ წერილზე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;

- სამსახურში აღდგენა აუდიტორის თანამდებობაზე;

- იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ დავაზე არასწორად გაავრცელა შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად ამოქმედებული სამართლებრივი რეგულაციები და არასწორად მიუთითა მოსარჩელის მიერ სარჩელის ვადის დარღვევით წარდგენასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2012 წლის 29 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა უნდა მოწესრიგებულიყო განთავისუფლების დროისათვის მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით.

10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე კომპანიაში, კონკრეტულად შიდა აუდიტის დეპარტამენტში, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული, რეორგანიზაცია განხორციელდა, რასაც მოჰყვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური მოვალეობების გაფართოება, მისი არსებითი ტრანსფორმირება, რომელიც მოითხოვდა წმინდა ფინანსური და ეკონომიკური განათლების მქონე პირების დასაქმებას, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტორული საქმიანობა თავის შინაარსით სპეციფიურ საქმიანობას წარმოადგენდა, მოსარჩელის განათლება და კვალიფიკაცია (დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის აკადემიური ხარისხი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია) დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართლზომიერ საფუძველს და სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს აქვს დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარ მიღების უფლება. სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე ყურადღება არ გაამახვილა და მოპასუხეს არ მოსთხოვა განმარტება, თუ რა გახდა მოსარჩელის დაუყოვნებლივ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე განთავისუფლების მიზეზი;

- მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულებების რაიმე სახის დარღვევას, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი სამსახურიდან დაუყოვნებლივ დათხოვნა;

- სასამართლომ არ გაითვალისწინა ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი, რომელიც აღიარებს ყველა დასაქმებულის უფლებას, უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე, საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან. ასეთი საპატიო მიზეზები მოპასუხეს არ წარუდგენია;

- შეუძლებელია კვალიფიკაციის შემოწმება მხოლოდ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით, სასამართლომ მოპასუხეს არ მოსთხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის მართლზომიერების დასაბუთება;

- სასამართლომ მიუთითა, რომ მოხდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური მოვალეობების გაფართოება, მისი არსებითი ტრანსფორმირება, რომელიც მოითხოვდა წმინდა ფინანსური და ეკონომიკური განათლების მქონე პირების დასაქმებას, თუმცა საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი.

12. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიაში, კონკრეტულად შიდა აუდიტის დეპარტამენტში, რომელშიც მოსარჩელე იყო დასაქმებული, განხორციელდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციონალური მოვალეობების გაფართოება, მისი არსებითი ტრანსფორმირება, რომელიც მოითხოვდა წმინდა ფინანსური და ეკონომიკური განათლების მქონე პირების დასაქმებას, ამასთან, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ აუდიტორული საქმიანობა თავისი შინაარსით სპეციფიურ საქმიანობას წარმოადგენდა, მოსარჩელის განათლება და კვალიფიკაცია (დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის აკადემიური ხარისხი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია) კი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.

20. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ დაიცვა გათავისუფლების შესახებ წინასწარი შეტყობინების წესი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუკი არსებობს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი, მხოლოდ წინასწარი შეტყობინების წესის დაუცველობა გათავისუფლების ბრძანების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დასაქმებულის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საწარმოში განხორციელებული რეორგანიზაცია, რის შედეგადაც დასაქმებულის განათლება და კვალიფიკაცია (დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის აკადემიური ხარისხი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია) აღარ შეესაბამებოდა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ თანამდებობას.

21. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება ევროპის სოციალური ქარტიის (ESC, /შესწორებული/, სტრასბურგი 03.05.1996წ.) 24-ე მუხლზე, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 01.07.2005წ. #1876-რს დადგენილებით სავალდებულოდ არის აღიარებული აღნიშნული ქარტიის კონკრეტული მუხლები, თუმცა, ამ ეტაპზე, საქართველოს არა აქვს აღებული ვალდებულება ქარტიის 24-ე მუხლზე - უფლება დაცვაზე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოსარჩელის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300.00 ლარის 70% – 210.00 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ქ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №8, გადახდის თარიღი - 07 აგვისტო 2015 წელი) 70% – 210.00 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი