Facebook Twitter

№ას-903-853-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ე-სა“ (შემდეგში მოსარჩელესა ან მენარდეს) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდეგში მოპასუხეს ან შემკვეთს) შორის, 2012 წლის 18 მაისს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №241 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მენარდემ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოები ქ.გ-ში, ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 724 700.22 ლარი.

2. ამავე მხარეებს შორის, 2013 წლის 12 დეკემბერს, დაიდო შეთანხმება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯით აღმოეფხვრა 18.05.2012 წლის #241 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას დაშვებული ხარვეზები. შეთანხმების 1.2. მუხლით განისაზღვრა იმ ხარვეზების ზუსტი ჩამონათვალი, რომლებიც მენარდეს უნდა გამოესწორებინა. ამავე შეთანხმების 2.6 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემკვეთს მენარდისათვის ასანაზღაურებელი ჰქონდა 77 851.69 ლარი, რომელიც შემკვეთს მენარდისათვის უნდა გადაეხადა ამ უკანასკნელის მიერ 12.12.2013 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლით მიღებული მონაცემებისა და 12.12.2013 წლის შეთანხმების აქტში დაფიქსირებული სამუშაოების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ მენარდეს შესრულებული ჰქონდა შეთანხმებაში მითითებული სამუშაოები.

4. მოსარჩელემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 77 851.69 ლარის დაკისრება.

5. მოსარჩელის განმარტებით, მან სრულად შეასრულა 18.05.2012 წლის #241 ხელშეკრულებითა და 12.12.2013 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოები, მოპასუხეს კი, სრულად არ გადაუხდია შეთანხმებული საზღაური, კერძოდ, 77 851.69 ლარი.

6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ: ა. 2012 წლის 18 მაისს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №241 ხელშეკრულება; ბ. მოსარჩელემ სრულად შეასრულა 2012 წლის 18 მაისის №241 ხელშეკრულებით და 2013 წლის 12 დეკემბრის შეთანხმებით განსაზღვრული სამუშაო; გ. მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია ხელშეკრულებით ნაკისრი საზღაური, კერძოდ, 77 851.69 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 77 851.69 ლარის გადახდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 და მე-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები და მიიჩნია, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 629-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 77 851.69 ლარის გადახდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-3 და 208-ე მუხლებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ასევე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზიანობის თაობაზე, ვინაიდან ამ გარემოებაზე მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 380-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ მითითებულ ახალ გარემოებაზე სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან არ დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ გარემოების მიუთითებლობის საპატიო მიზეზი.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გააჩნია გარკვეული ხარვეზები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ სრულად და ჯეროვნად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სსსკ-ის მე-3 და 208-ე მუხლებისა და სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

20. მართებულია, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებაც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მიერ მითითებული გარემოება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარვეზიანობის თაობაზე, ვინაიდან ამ გარემოებაზე მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია, ხოლო, სსსკ-ის 380-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებდა აპელანტის მიერ მითითებულ ახალ გარემოებაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში ამ გარემოების მიუთითებლობის საპატიო მიზეზი.

21. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, კასატორი უთითებს მენარდის მიერ 18.05.2012 წლის #241 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარკვეული ხარვეზებით შესრულების თაობაზე, მაგრამ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ 13.11.2015წ., საქმე #ას-1002-946-2015).

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი