აქმე №ას-1254-1176-2015 15 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ დ. რ-ი, ზ. ზ-ე, გ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. წ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩვრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. წ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. რ-ის, ზ. ზ-ისა და გ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული _ 9 380,77 ლარის, ასევე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება. სარჩელის თანახმად, ბინის შეძენის მიზნით, 2006 წელს მოსარჩელე დაუკავშირდა ამხანაგობა „ყ-ი 2005-ს“, გაწევრიანდა ამხანაგობაში და ამ უკანასკნელის საბინაო ფონდიდან გადაეცა 85 კვ.მ #... ბინა, რომელიც მდებარეობდა ქ.თბილისში, ა.ყ-ის გამზირის #...-ში. თანხის სრულად გადახდის შემდგომ, ამხანაგობასთან შეთანხმებით, მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე 100 კვ.მ #... ბინა 9 500 აშშ დოლარის დამატებით გადახდის სანაცვლოდ. ფართზე საკუთრების უფლება ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ უნდა აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, დაამონტაჟა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მრიცხველები. ამხანაგობის საქმის მწარმოებლისათვის გადაცემულ დოკუმენტაციაში აღნიშნული ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მოსარჩელე. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, მოსარჩელის მიერ დაკავებული ბინა მაკლერების: ზ.ზ-ისა და გ.ა-ისაგან შეიძინა დ.რ-მა და 2011 წლის ნოემბერში ამ უკანასკნელმა პრეტენზია განუცხადა მოსარჩელეს. ვინაიდან ვერ მოხერდხდა მოსარჩელისაგან ქონების გამოთხოვა, იგი მომავალი საკუთრების უფლებით აღირიცხა ზ.ზ-ის სახელზე. გ.ა-ი უკვე ზ.ზ-ესთან ერთად ცდილობდა უკანონო გზით მოსარჩელის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, თუმცა არც პოლიციის ჩარევით გახდა აღნიშნული შესაძლებელი, ხოლო 2012 წლის 1 ნოემბერს ზ.ზ-ემ, როგორც სადავო ბინის მესაკუთრემ, სარჩელი აღძრა სასამართლოში ამჟამინდელი მოსარჩელის მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე, რაც საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მოპასუხეები უარს აცხადებენ მოსარჩელის მიერ ნივთის კითილსინდისიერი მფლობელობისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მარტივი შესაგებლით გ.ა-მა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრე არ ყოფილა, მოპასუხე დ.რ-მა ნივთი მესაკუთრისგან და არა დანარჩენი მოპასუხეებისაგან შეიძინა, შესაბამისად, მოსარჩელე არც კეთილსინდისიერი მფლობელი იყო ნივთისა.
2.2. ზ.ზ-ემ დამატებით განმარტა, რომ მან სადავო ნივთი დ.რ-ისაგან შეიძინა. ბინის შეძენის შემდგომ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მოსარჩელე არასოდეს ყოფილა ქონების მესაკუთრე.
2.3. დ.რ-ი ასევე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენდა, მან ნივთი ფიზიკური პირის, მესაკუთრისაგან შეიძინა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ. რ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9 380,77 ლარის ანაზღაურება, დანარჩენი მოპასუხეების მიმართ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტების მოთხოვნა:
4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
4.2. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ.რ-მაც და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 9 380,77 ლარის, ასევე, სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 656,65 ლარის გადახდა;
5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დ. რ-ის, ზ. ზ-ისა და გ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2015 წლის 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. რ-ის, ზ. ზ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების ნაწილობრივ გაუქმების/უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ერთ შემთხვევაში აპელანტ დ.რ-ის, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგად სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართებულობა. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე:
1.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-მა და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების სოლიდარულად დაკისრება;
1.1.2. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ. რ-მაც და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
1.1.3. საქმეში წარმოდგენილი მინდობილობების თანახმად, დ. რ-ის, ზ. ზ-ისა და გ. ა-ის ინტერესებს იცავდა ლ. ლ-ია, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობები) გაცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და მათი მოქმედების ვადა დროში არ არის შეზღუდული;
1.1.4. 2015 წლის 5 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ამავე წლის 26 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნა მთავარი სხდომა, რაც არ შედგა სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო და გადაიდო 2015 წლის 2 აპრილს 16:00 საათზე. სხდომის თაობაზე მოპასუხეთა წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 25 თებერვალს. ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმეში არსებულ სატელეფონო შეტყობინების აქტსა და მოპასუხეების წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გამოთხოვილ სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს, თავის მხრივ, პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენლის სატელეფონო ინფორმირება სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს, ასევე, 72-ე მუხლის მოთხოვნებს;
1.1.5. 2015 წლის 2 აპრილს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი დ. რ-ი, ასევე, მოწინააღმდეგე მხარეები: ზ. ზ-ე და გ. ა-ი. გამოცხადებულმა მხარემ კი, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
1.2. კასატორები დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძველით მოითხოვენ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, რის გამოც სახეზეა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევა, კერძოდ:
1.2.1. მოსარჩელე სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ბინის ორი მესაკუთრისაგან იმ საფუძვლით მოითხოვდა, თითქოს სარემონტო სამუშაოები ორივე მოპასუხის (დ.რ-ისა და ზ.ზ-ის) მესაკუთრეობის პერიოდში განხორციელდა. სარჩელში სოლიდარულ მოვალედ მითითებულია გ.ა-იც, რომელიც შუამავალია (ე.წ მაკლერი). საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ნივთის გაუმჯობესება მხოლოდ დ.რ-ის მესაკუთრეობისას განხორციელდა და მხოლოდ მას დააკისრა თანხის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ შუამავლის მიმართ არასწორად დააკმაყოფილა სარჩელი, რადგან იგი ამ რემონტის შედეგად არ გამდიდრებულა, ამგვარ გარემოებაზე არც მოსარჩელეს მიუთითებია სარჩელში, იგი მოთხოვნას მესაკუთრის მიმართ, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელი, ისე აყენებდა, ამავეს იმეორებდა სააპელაციო საჩივარშიც, შესაბამისად, მისი მოთხოვნა შუამავლის მიმართ იურიდიულად გაუმართლებელია, სააპელაციო სასამართლოს გ.ა-ის მიმართ არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რადგან იგი არასოდეს ყოფილა უძრავი ქონების მესაკუთრე;
1.2.2. დ.რ-ისა და ზ.ზ-ისათვის რემონტის თაობაზე არ ყოფილა ცნობილი;
1.2.3. სააპელაციო სასამართლოს არ აუსახავს ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
1.3. კასატორთა პრეტენზიების სამართლებრივი საფუძვლიანობის შესამოწმებლად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით განსაზღვრულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგი და იგი, თავის შინაარსითა და საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ ნორმებში მითითების გამო, წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს ზემდგომ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობასთან მიმართებით. ნორმის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმადაც ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მისი პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სპეციალური დებულებების შესაბამისად.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სასამართლო უპირობოდ ეტყვის უარს სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ სახეზეა შემდეგი წინაპირობები: ა) არ გამოცხადდა აპელანტი, ბ) არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები (არაა სახეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევები) და გ) გამოცხადებული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
1.5. მოცემულ შემთხვევაში, კასატორ დ.რ-ს სადავოდ არ გაუხდია რა სასამართლოს სხდომაზე საკუთარი და/ან მისი წარმომადგენლის არასაპატიოდ გამოუცხადებლობის ფაქტი (სსსკ-ის 233.1 მუხლი), პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სავსებით კანონიერად არ დააკმაყოფილა დ.რ-ის სააპელაციო საჩივარი, შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა, ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.6. რაც შეეხება თ. წ-ის სააპელაციო საჩივარს, წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.1.1-1.1.5. პუნქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობების არსებობა დადასტურებულია. დამატებით შესამოწმებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნას.
1.7. პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მოთხოვნას მის მიერ სხვის ნივთზე ხარჯების გაწევას ამყარებს. მართალია, იგი, როგორც სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით გათვალისწინებული, არაუფლებამოსილი მართლზომიერი მფლობელი, იმგვარად ითხოვს ხარჯების ანაზღაურებას, თუმცა, საქმეში წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება (რომელი გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებებიც სადავოდ არ შეიძლება გახდეს მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას თანახმად სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 266-ე მუხლისა), რომლის მიხედვითაც თ.წ-მა ნივთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი ვერ დაადასტურა (3.2.2. პუნქტი), შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად ქვემდგომმა სასამართლომ სწორად მიიჩნია კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ვალდებულების გარეშე ხარჯების გაწევა ქონებაზე; ქონება არ უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს; მოვალემ ამ ხარჯების გაწევით უნდა მიიღოს სარგებელი. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ზ. ზ-ეს არავითარი სარგებელი არ მიუღია, არამედ ნივთი გაუმჯობესდა მაშინ, როდესაც მესაკუთრე იყო დ.რ-ი, თუმცა, სააპელაციო საჩივრის თანახმად, სარემონტო სამუშაოები მას შემდეგაც ხორციელდებოდა, რაც საკუთრების უფლება გადაეცა ზ.ზ-ეს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ზ. ზ-ეს დ. რ-თან ერთად მართებულად დააკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა (სკ-ის 463-ე მუხლი) კონდიქციური ვალდებულებისათვის.
1.8. რაც შეეხება გ. ა-ს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების ამ ნაწილში გაუქმების თაობაზე დასაბუთებული შედავებაა წარმოდგენილი, კერძოდ, არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში არ არის მითთებული იმგვარი გარემოებები, რომელთა დადგენილად მიჩნევის შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა შუამავლის მიმართ ვალდებულების წარმოშობის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე წინაპირობა (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან). მოსარჩელე მიუთითებდა გ.ა-ის არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე, თუმცა ამ ქმედებით რაში გამოიხატა მოსარჩელის უფლების შელახვა და რაში მდგომარეობს სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, სარჩელის მიხედვით არ დგინდება. ამდენად, გ.ა-ის მიმართ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა.
1.9. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა წინამდებარე საკასაციო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დადგენილად, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად, თავადაა უფლებამოსილი გადაწყვიტოს დავა (სსსკ-ის 411-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ა-ის მიმართ ნივთის გაუმჯობესებაზე, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 469,03 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. რ-ის, ზ. ზ-ისა და გ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გ. ა-ისათვის თანხის _ 9 380,77 ლარის, ასევე, სახელმწიფო ბაჟის _ 656,65 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. თ. წ-ის სარჩელი გ. ა-ის მიმართ თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. დ. რ-ისა და ზ. ზ-ისათვის 9 380,77 ლარის, ასევე საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება დარჩეს უცვლელად.
5. თ. წ-ს (პ/#...) გ. ა-ის (...) სასარგებლოდ დაეკისროს 469,03 ლარის ანაზღაურება.
6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ.ბაქაქური