გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-948-534(კ-05) 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: უკანონო მიშენების დანგრევა და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის «არქმშენინსპექციამ» 16.01.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და სახლის მიშენების დანგრევა, ტერიტორიის გაწმენდა ნანგრევებისაგან და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ასევე სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილსში, ... მცხოვრები თ. კ-ე, მშენებლობის სათანადო ნებართვის, დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი პროექტისა და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე აწარმოებდა ბინის ნაწილის რეკონსტრუქციასა და საერთო სარგებლობის ეზოს ხარჯზე მიშენებას. მიშენება ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მოპასუხე არ ფლობდა და რომელზედაც შენობა-ნაგებობის განთავსების უფლება მას არ გააჩნდა. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» განმარტებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა თ. კ-მ არ გამოასწორა აღნიშნული დარღვევები.
მოსარჩელემ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «თ.ა.» და «თ.დ.» ქვეპუნქტებისა და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე სახლზე წარმოებული მიშენების იძულების წესით დანგრევა, სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ტერიტორიის გაწმენდა ნანგრევებისაგან და გაწეული ხარჯების, მათ შორის, სასამართლო ხარჯების, მოპასუხისთვის დაკისრება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს 06.06.03წ. განცხადებით მიმართა ... მცხოვრებმა თ. კ-მ, რომელმაც მიუთითა, რომ აღნიშნული მიშენება ნაწარმოებია საერთო საკუთრების მიწის ფართობზე, რითაც უხეშად დაირღვა მისი კანონიერი უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა. კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 06.06.03წ. განჩინებით დააკმაყოფილა განცხადება და თ. კ-ე საქმეში მესამე პირად ჩააბა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.03.04წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» სარჩელი მოპასუხე თ. კ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. კ-ს დაევალა თავისი ხარჯებით ქ. თბილისში, ... არსებული მიშენების მოშლა და სახლის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.03.04წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. კ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.04.05წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 16.03.04წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილსში, ... 10.12.02წ. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» მიერ შედგენილი იქნა ოქმი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-ე ობიექტის მშენებლობას ახორციელებდა საკუთარი ძალებით. მის მიერ წარმოებულ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილ იქნა შემდეგი დარღვევები _ მშენებლობა მიმდინარეობდა დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი პროექტის, მშენებლობის სათანადო ნებართვისა და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ფლობისა და ამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების მოპოვების გარეშე, რითაც დაირღვა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ.ა.», «კ.ბ.» და «კ.გ.» ქვეპუნქტების მოთხოვნები. თ. კ-ეს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში გამოესწორებინა დარღვევები, რაც უშედეგოდ დასრულდა. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილებით თ. კ-ეს დაევალა 10 დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ქ. თბილისში, ... არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, არსებული მიშენების დანგრევა, ტერიტორიის გაწმენდა და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. მოპასუხე თ. კ-ს განემარტა აღნიშნული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა. თ. კ-ს სადავოდ არ გაუხდია და არც გაუსაჩივრებია თბილისის «არქმშენინსპექციის» 10.12.02წ. ოქმი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ და 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილება. თ. კ-ს მისივე განცხადების საფუძველზე კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 11.02.03წ. გადაუვადა შესაგებლის წარდგენის ვადა, რითაც მას ასევე არ უსარგებლია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. კ-ს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ მშენებლობას აწარმოებდა ექსპერტიზაგავლილი პროექტის, სათანადო ნებართვის და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის მეშვეობით. არ წარმოდგენილა აგრეთვე მიწის ნაკვეთის ფლობისა და ამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. კ-მ დაარღვია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მეორე მუხლის «კ.ა.», «კ.ბ.» და «კ.გ.» ქვეპუნქტების მოთხოვნები. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიების გაუტარებლობის შემთხვევაში არქმშენინსპექცია უფლებამოსილი იყო მიემართა სასამართლოსათვის თ. კ-ის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 26.04.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო. თ. კ-მ 22.07.05წ. წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ იგი ..., პირველ სართულზე აწარმოებდა უკანონო მიშენებას. კასატორის განმარტებით, მისი ბინა მდებარეობს ... საერთოდ არ არსებობს. ამავე დროს, მის საკუთრებას წარმოადგენს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მეორე სართული, თბილისის «არქმშენინსნექციამ» და სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნიეს, რომ იგი თავის ბინაზე პირველ სართულზე აწარმოებდა მიშენებას.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მიერ გამგეობის დადგენილებებისა და საინვენტარიზაციო გეგმების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმისათვის. კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევით დადგინდებოდა, რომ მას თვითნებური მშენებლობა არ უწარმოებია. კასატორმა აღნიშნა, რომ მისი ბინის შესასვლელი და მისაღები ოთახი იყო ხის მასალით აშენებული, სიძველისა და მიწისძვრისაგან დაზიანებული, რის გამო მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 31.01.03წ. დადგენილებით ნება დაერთო სიძველისა და მიწისძვრისგან დაზიანებული და სიცოცხლისათვის სახიფათო ხის მასალით აშენებული შესასვლელი და მისაღები ოთახის ნაწილი შეეცვალა უწვი მასალით, ხოლო შემდგომ, რადგან გამაგრებითმა სამუშაოებმა მოითხოვა, მიმართა გამგეობას, რომელმაც 01.04.03წ. დადგენილებით ნება დართო გამაგრებითი სამუშაოების შესრულებისას 3.0 კვ.მ-ით გაეფართოვებინა კიბის უჯრედი. კასატორის განმარტებით, იგი აწარმოებდა სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს და არა მიშენებას, რომელსაც სჭირდებოდა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს დავა უნდა განეხილა «მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარომოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის» ¹5 დანართის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალს, რომლებისთვისაც სავალდებულო არ არის მშენებლობის ნებართვა.
კასატორი თვლის, რომ ვინაიდან მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის ზემოაღნიშნული დადგენილების მეორე პუნქტის თანახმად სააღრიცხვო ბარათში სათანადო ცვლილებების შეტანა ტექაღრიცხვის სამსახურს დაევალა, ხოლო აღნიშნული დადგენილებებით არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანმება მას არ დავალებია, მშენებლობის ნებართვა ამ სამუშაოების განსახორციელებლად მას საერთოდ არ სჭირდებოდა. კასატორის განცხადებით, გამგეობის მიერ მისთვის ასეთი დავალების მიცემის შემთხვევაში იგი პროექტს არქიტექტურის სამსახურთან შეათანხმებდა. რაიონის გამგეობის წერილობითი დოკუმენტი (დადგენილება) ადასტურებდა, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რისთვისაც საჭირო არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს შემდგომი თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ მას გააჩნდა ზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ დადგენილების საფუძველზე აწარმოა შესაბამისი სამუშაოები და 01.04.03წ. დადგენილების მეორე ნაწილის შესაბამისად, სადავო ფართი ტექაღრიცხვის სამსახურში აღირიცხა. საქმეშია 16.04.03წ. საინვენტარიზაციო გეგმა, რომელიც ადასტურებს მიშენების კანონიერებას.
კასატორის განცხადებით, მართალია ... მდებარე ბინა მას ეკუთვნის, მაგრამ ამ ბინაში კასატორი არ ცხოვრობს და «არქმშეინსპექციის» თანამშრომლებს იგი არ უნახავთ, შესაბამისად, კასატორი ოქმის ხელმოწერაზე უარს ვერ განაცხადებდა. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული ოქმის მიხედვით, შემოწმება ჩატარებულია ... ქ. ¹14ბ-ის პირველ სართულზე, რომელიც მას არ ეკუთვნის.
«არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ დადგენილების გასაჩივრება. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მას ოქმი არ გაუსაჩივრებია. კასატორი თვლის, რომ თბილისის «არქმშენინსპექციის» 20.12.02წ. დადგენილება მიღებულია დარღვევის გამოსწორების შესახებ გაფრთხილების მიცემის გარეშე. ამასთანვე, დადგენილება ეხება ... პირველ სართულზე მდებარე ბინას, რომელიც მას არ ეკუთვნის.
სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» კანონის მიზანი არის არა შენობა-ნაგებობების დანგრევა ან დაჯარიმება, არამედ დადგენილი წესის მიხედვით მშენებლობის განხორციელება და დარღვევების აღმოფხვრა. აღნიშნული დასტურდება კანონის მე-6 მუხლის შინაარსითაც, რომლის თანახმად, დამრღვევს საჯარიმო სანქცია ეკისრება, თუ უარს იტყვის დარღვევის გამოსწორებაზე. კასატორს მიაჩნია. რომ «არქმშენინსპექციის» დადგენილება არ არის აუცილებლად შესასრულებელი აქტი, ვინაიდან სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას «არქმშენინსპექციის» სარჩელის საფუძველზე. სასამართლოს უნდა დაედგინა დარღვევის არსებობა, აღმოიფხვრა თუ არა იგი და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. თბილისის «არქმშენინსპექციის» 20.12.02წ. დადგენილების კანონიერების შემთხვევაშიც, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მისი გამოტანის შემდეგ თ. კ-ემ მიიღო რაიონული გამგეობისაგან მშენებლობის ნებართვის შესახებ დადგენილებები, რომელთა მიმართაც მას კანონიერი ნდობა ჰქონდა და 16.04.03წ. საინვენტარიზაციო გეგმა, რომლის მიხედვითაც სადავო ფართი კანონიერია. აღნიშნული ადასტურებს, რომ დადგენილების გამოტანის შემდეგ დარღვევა გამოსწორდა, მიღწეულ იქნა კანონის მიზანი და სასამართლოს, კასატორის მოსაზრებით, «არქმშეინსპექციის» საჩივარი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას მიწის ნაკვეთის ფლობისა და ამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორის განმარტებით, იგი, როგორც ... მდებარე ფართის მესაკუთრე, სკ-ის 208-ე მუხლის თანახმად თანამესაკუთრეა ასევე საერთო მიწის ნაკვეთისა და სხვა თანამესაკუთრეების თანაბარი უფლებები გააჩნია. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია, არის თუ არა შესაძლებელი ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა სახლისთვის ზიანის მიუყენებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით «არქმშენინსპექციის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს _ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” მიერ 10.12.02წ. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ შედგენილ იქნა ოქმი და დამრღვევს, თ. კ-ს, განესაზღვრა 10 დღიანი ვადა ოქმში მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად. მიუხედავად გაფრთხილებისა, უკანონო მშენებლობის მწარმოებელმა დადგენილ ვადაში დარღვევები არ აღმოფხვრა. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილებით თ. კ-ს მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და არსებული მიშენების დანგრევისათვის განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. მასვე დაეკისრა ტერიტორიის ნანგრევისაგან გაწმენდა და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. თ. კ-მ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” 10.12.02წ. ოქმისა და 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილების ჩაბარებასა და ხელმოწერაზე უარი განაცხადა(ს.ფ. 4, 5).
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გზავნილი, რომლითაც თ. კ-ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა, აგრეთვე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ასლი ადრესატს ჩაჰბარდა მისამართზე _ ქ. თბილისი, ... იგივე მისამართი აქვს მითითებული სააპელაციო საჩივარში თ. კ-ს, რაც ადასტურებს ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» აქტებში და სასამართლოს გადაწყვეტილებებში თ. კ-ის მითითებული მისამართის სიზუსტეს. კასატორი ვერ უთითებს სხვა რაიმე გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ 10.12.02წ. ოქმი და 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილება ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” თანამშრომლებს მისთვის არ გაუცვნიათ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მიშენება, რომელიც განახორციელა თ. კ-მ. ამდენად, საქმის მასალები ერთმნიშვნელოვნად იძლევა სადავო ობიექტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, საცხოვრებელი ბინის ნომრებს შორის საკასაციო საჩივარში მითითებული განსხვავება არ იწვევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აუცილებლობას. ამასთანავე, საკასაციო საჩივრის ხსენებული საფუძველი არ ყოფილა მოპასუხის მიერ დასმული ქვედა ინსტანციების სასამართლოებში. სსკ-ის 407-ე მუხლის I-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. კასატორის მიერ ვერ იქნა წამოყენებული ამ მიმართებით დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციამ” და სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და მის საკუთრებად ... პირველ სართულზე მდებარე ბინა მიიჩნია. ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილებით და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უკანონოდ არის მიჩნეული არა _ თ. კ-ის საკუთრებაში არსებულ პირველ სართულზე მდებარე ბინაზე მიმდინარე მშენებლობა, არამედ ... მდებარე სახლის პირველ სართულზე მიმდინარე მშენებლობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თ. კ-ე სადავო მშენებლობას მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 31.01.03წ. და 01.04.03წ. დადგენილებების საფუძველზე აწარმოებდა. განსახილველი დავის საგანს თ. კ-ის მიერ 2002 წელს განხორციელებული უკანონო მშენებლობა წარმოადგენს, რომლის თაობაზეც ქ. თბილისის «არქმშენინსპექციამ” კანონით დადგენილი წესით 16.01.03წ. სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კასატორს 05.02.03წ. ჩაჰბარდა. ამდენად, თ. კ-ის მიერ მითითებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის დადგენილებები მიღებულია უკანონო მიშენების წარმოების შემდეგ, რის გამო თ. კ-ე მათ საფუძველზე მშენებლობას ვერ განახორციელებდა, ამდენად უსაფუძვლოა კასატორის მითითება ამ აქტების მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შესახებ (სზაკ-ის მე-9 მუხ.), მით უფრო, რომ სსკ-ის 184.2 მუხლის თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ ადმინიტსრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი განიხილოს და გადაწყვიტოს სადავო საკითხი. იმჟამად მოქმედი, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.01წ. ¹72 ბრძანებით დამტკიცებული «მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის» თანახმად მშენებლობის ნებართვას გასცემდა არა ადგილობრივი მმართველობის ორგანო, არამედ ადგილობრივი არქიტექტურული სამსახური, არქმშენინსპექციიდან მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის მიღების შემდეგ (1.3 მუხ.). ამასთანავე, «არქიტექტურული საქმიანობის შესახებ» კანონის მე-3 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობისა და მართველობის ორგანოს გადაწყვეტილების მიღებას არა მშენებლობის ნებართვასთან, არამედ იმ ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც უნდა განხორციელდეს მშენებლობა, რაც საფუძვლად უნდა დაედოს არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემას, რომლის მიხედვითაც ხდება პროექტის შედგენა და მშენებლობის ნებართვის გაცემა. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც თ. კ-მ განახორციელა უკანონო მშენებლობა, წარმოადგენს მობინადრეთა საერთო საკუთრებას. ნებართვის მიღებისათვის ხელისუფლების მმართველობითი ორგანოს გადაწყვეტილება მშენებლობის შესახებ საჭირო იყო იმ შემთხვევაში, უკეთუ მიწის ნაკვეთი, ასაშენებელი ობიექტი ან არსებული შენობა-ნაგებობა, რომელზედაც გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის სამუშაოები, იმყოფება სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 31.01.03წ. დადგენილება საქმეში დაცული არ არის, ხოლო 01.04.03წ. დადგენილება დავის საგანს არ მოიცავს. უკანასნელი დადგენილებით თ. კ-ეს ნება დაერთო მეორე სართულზე თავის ბინაში სიძველისა და მიწისძვრისგან დაზიანებული ხის მასალით აშენებული შესასვლელისა და მისაღები ოთახის ნაწილი შეეცვალა უწვი მასალით და გამაგრებითი სამუშაოების შესრულებისას დაახლოებით 3.0 კვ.მ.-ით გაეფართოვებინა კიბის უჯრედი. დადგენილება არ ითვალისწინებდა საერთო საკუთრების ეზოში მიშენების აგებას. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 31.01.03წ. და 01.04.03წ. დადგენილებებით მან სადავო მშენებლობის ნებართვა მიიღო და მის მიერ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” აქტში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის გამო ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილების კანონიერად მიჩნევის შემთხვევაშიც სასამართლოს მისი სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. საკასაციო საჩივრის ამ მოტივის უსაფუძვლობას ადასტურებს აგრეთვე, მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 27.06.03წ. ¹150 დადგენილება, რომლითაც ბათილად იქნა ცობილი 31.01.03წ. და 01.04.03წ. დადგენილებები. ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ თ. კ-მ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე აწარმოა უკანონო მიშენება, ამასთანავე, მიშენება მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთზე, რომელსაც არ ფლობდა თ. კ-ეE და რომელზეც შენობა-ნაგებობის განთავსების უფლება მას არ გააჩნდა, აღნიშნული მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია მეზობელი, ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” მიერ გამოტანილია დადგენილება საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მიმდინარე მიშენების აღების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თ. კ-ე სადავო მშენებლობას სათანადო ნებართვის გარეშე, საკუთარი ძალებით, თვითნებურად ახორციელებდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თ. კ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი ნორმატიული აქტის მიხედვით, მას არ სჭირდებოდა სათანადო ნებართვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 20.12.01წ. ¹72 ბრძანებით დამტკიცებული «მშენებლობის ნებართვისა და მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის დროებითი წესის « ¹5 დანართის არც ერთი პუნქტი, რომელიც ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოების გამონაკლის შემთხვევებს ითვალისწინებს, არ შეესაბამება ამ კონკრეტულ შემთხვევას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თ. კ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას, როგორც ... მდებარე სახლის თანამესაკუთრეს, სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობის გარეშე, სადავო მშენებლობის განხორციელების უფლება ჰქონდა. სკ-ის თანახმად, ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების მოწილეც, ხოლო ბინის მესაკუთრის იდეალური წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის შეფარდებით ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ მთელ ფართობთან (სკ-ის 212-213-ე მუხლები). საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიაზე მიშენების აგება ფაქტობრივად აქცევს თ. კ-ეს წილის ინდივიდუალურ მესაკუთრედ და არა საერთო საკუთრების მოწილედ. კასატორის ინდივიდუალური საკუთრების ზრდის კვალდაკვალ შესაბამისად მცირდება საცხოვრებელი სახლის დანარჩენ მობინადრეთა წილი საერთო საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებაზე, რაც თავისთავად საჭიროებს მობინადრეთა სათანადო წესით გაფორმებულ თანხმობას. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საერთო სარგებლობაში არსებულ ფართზე თ. კ-მ მშენებლობა წამოიწყო ბინის თანამესაკუთრეების თანხმობის გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. კ-ე მშენებლობას აწარმოებდა დადგენილი წესით ექსპერტიზაგავლილი პროექტის, მშენებლობის სათანადო ნებართვის, მიწის ნაკვეთის ფლობისა და ამ ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების უფლების გარეშე, რაც წარმოადგენს «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევას, უნებართვო მშენებლობას.
«არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თ. კ-ს უფლება ჰქონდა უკანონო მიშენების დანგრევის შესახებ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” 20.12.02წ. ¹159-3 დადგენილება 10 დღის ვადაში გაესაჩივრებინა ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს დადგენილება არ გაუსაჩივრებია და არც სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოუდგენია სადავო მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (ექსპერტიზაგავლილი პროექტი, მშენებლობის ნებართვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის” სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოქმედ კანონმდებლობას და მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონში 22.12.05წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაბებობის მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მშენებარე შენობა _ ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივი შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ არის ადმინისტრაციული აქტი, რომლის აღსრულების უზრუნველყოფა განისაზღვრება ამ კანონითა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით (მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხსენებულ ნორმას არ უნდა მიენიჭოს უკუქცევითი ძალა, ვინაიდან კანონში შეტანილი ნოვაცია არ ამსუბუქებს დამრღვევის მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.04.05წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.