საქმე №ას-1195-1124-2015 4 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორი _ ნ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ე (მოპასუხე)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მესამე პირი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ნ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არასრულწლოვანი შვილების: ა., ა. და დ. მ-ეების საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის _ თითოეული არასრულწლოვანის სასარგებლოდ 150 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არც ჯანმრთელობა და არც მატერიალური მდგომაროება არ უწყობს ხელს, იზრუნოს არასრულწლოვნებზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში 2002 წლის 1 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ა. მ-ე (დაბადებული 20.06.2002 წელს), ა. მ-ე (დაბადებული 21.08.2003 წელს) და დ. მ-ე (დაბადებული 05.01.2009 წელს). შუახევის მაგისტრი სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
5.1.2. 2014 წლის 15 იანვარს, პირადი უთანხმოების საფუძველზე, ქ.ბათუმში ყოფნის დროს მოპასუხემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ მეუღლეს, რაც გახდა მიზეზი ცოლ-ქმარს შორის უკმაყოფილებისა. მოსარჩელემ მიატოვა ოჯახი, ბავშვები და საცხოვრებლად გადმოვიდა ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ#...ში მდებარე ბინა #...ში, სადაც ცხოვრობს დღემდე. აღნიშნული 70 კვ.მ ბინა თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მხარეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს.
5.1.3. მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მამასთან ერთად შუახევის რაიონის სოფ. ც-ში.
5.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 19.02.2015წ. და 28.04.2015წ. დასკვნა- რეკომენდაციების საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ე სწავლობს ც-ის საჯარო სკოლის მე-7 კლასში, არჩლ მ-ე _ ამავე სკოლის მე-5 კლასში, ხოლო დ. მ-ე არის ჭვანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი. ბავშვების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს მამა, რომელსაც ასევე ეხმარება საკუთარი დედა _ ე. მ-ე. ბავშვები არიან მოვლილები, მოწესრიგებულები და სუფთად ჩაცმულები, ა. და ა.– მ-ეები სწავლობენ კარგად. არასრულწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად მოპასუხე ცხოვრობს შუახევის რაიონის სოფელ ც-ში. აქვს ორსართულიანი სახლი, საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები დაცულია. ოჯახს ასევე გააჩნია 6000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ჰყავთ შინაური პირუტყვები. მოპასუხეს ასევე თანასაკუთრებაში გააჩნია 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ.ბათუმში, მ-ზე, საკუთრებაში გააჩნია უცხოური მარკის ავტომობილი „ტოიოტა-პრადო“. მას განათლება თურქეთში აქვს მიღებული, 2001 წელს დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, წლების განმავლობაში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში. ამჟამად უმუშევარია, დაკავებულია ბავშვების აღზრდითა და ოჯახის მოვლა-პატრონობით. სოციალური მუშაკის მიერ ბავშვებთან ერთდროული გასაუბრების დროს სამივე ბავშვის აზრი იყო თანმხვედრი, სურდათ მშობლები შერიგებულიყვნენ და ერთად ეცხოვრათ. ისინი რეგულარულად ხვდებიან დედას, სთხოვეს, რომ მათი ხათრით შერიგებოდა მამას და ეცხოვრათ ერთად, მაგრამ, თუ ეს არ მოხერხდებოდა ბავშვების სურვილი იყო, რომ სამომავლოდ ეცხოვრათ მამასთან, ბავშვებს სურთ სწავლა ც-ის საჯარო სკოლაში გააგრძელონ, სადაც მათ ასწავლიან მათი საყვარელი პედაგოგები და სადაც მათ ჰყავთ მეგობრები. უმცროს ბავშვს ასევე სურს იცხოვროს იქ, სადაც და-ძმა იცხოვრებენ.
5.1.5. ფსიქოლოგიური გამოკვლევის თანახმად, ბავშვები ძალიან განიცდიან ოჯახში არსებულ უთანხმოებას, აწუხებთ დარღვეული მთლიანობა, დედის თანდასწრებით ღიად აფიქსირებენ, რომ ძალიან უნდათ მშობლების ერთად ყოფნა, შერიგება, თუმცა თუკი არ შერიგდებიან იმ შემთხვევაში მამასთან უნდათ ცხოვრება.
5.1.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ 17.11.2014წ. გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო, სოციალური პაკეტის ბენეფიციარია და შუახევის რაიონული განყოფილებიდან იღებს თვეში 100 ლარს, სხვა შემოსავალი არ გააჩნია.
5.1.7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 მარტის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 111–1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ამავე კოდექსის 63-64 მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. აჭარის პრობაციის ბიუროს 24.03.2015.წ ცნობის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული სასჯელი _ პირობითი მსჯავრი 1 წლის გამოსაცდელი ვადით დაუმთავრდა 2015 წლის 18 მარტს.
5.1.8. მოსარჩელის მიერ ამჟამად დაკავებული, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართის საფასურს იხდიდა ოჯახი. საქმის განხილვის დროისთვის კვლავ გადასახდელია 8 ათასი აშშ დოლარი, რომლის გადახდის საშუალება მოსარჩელეს არ გააჩნია. იგი ამჟამად უმუშევარია, თუმცა მიიჩნევს, რომ თანხას მშობლებისა და ძმის დახმარებით გადაიხდის.
5.1.9. აპელანტმა 29.12.2014წ. სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიმართ და მოითხოვა თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი, ს.კ 22.01.303.302, 400 კვ.მ. მდებარე ქ.ბათუმი მ-ი; მიწის ნაკვეთი, ს.კ 22.02.02.025, 2500 კვ.მ. მდებარე ხელვაჩაური, სოფ. კაპრეშუმი 2/3) მის სახელზე აღრიცხვა საჯარო რეესტრში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
5.1.10. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხემ მზადყოფნა გამოთქვა მორიგებით დავის დასრულებაზე, მან სასამართლო სხდომაზე სთხოვა მოსარჩელეს, ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, შერიგებულიყვნენ, მაგრამ მორიგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
5.1.11. რაიონულმა სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ, მიუხედავად უმუშევრობისა, მას არ გაუჭირდება ბავშვების მოვლა-პატრონობა და მათზე ზრუნვა, რომ ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლებისა და ძმის სახით, ისინი ცხოვრობენ სოფელში, ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და ფინანსურად დაეხმარებიან მას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. მ-ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და ამ სტატუსის გამო იღებს შემწეობას, სხვა შემოსავლები არ გააჩნია. ოჯახის წევრების დახმარება არ იქნება საკმარისი, მარტომ შეძლოს სამი შვილის გაზრდა, ასევე, ბინის საფასურის გადახდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკეთესი საყოფაცხოვრებო და ეკონომიკური პირობები გააჩნდა არასრულწლოვანთა აღზრდისათვის. სოციალური მუშაკების დასკვნა-რეკომენდაციებისა და ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების თანახმად, არასრულწლოვანთა სურვილი იყო საცხოვრებლად მამის ოჯახში დარჩენა. ა.სა და ა.–ს სურვილი აქვთ, იყვნენ მეგობრების გვერდით, სწავლა გააგრძელონ იმ სკოლაში, სადაც ამჟამად სწავლობენ. ბავშვების სურვილია ასევე, რომ დედა და მამა შერიგდნენ და იცხოვრონ ერთად. მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე, ის ყოველთვის ეცდება, რომ შვილებს ნებისმიერ დროს ჰქონდეთ დედასთნ შეხვედრის უფლება, დაუკავშირდნენ მას ტელეფონით, თანახმაა, რომ შაბათ-კვირასა და სასკოლო არდადეგების დროს ბავშვები წაიყვანოს დედამ ღამის თევით.
5.1.12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1201-ე, 1202-ე მუხლებით, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლით და გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მამის ოჯახში არის უკეთესი პირობები, ჯანსაღი გარემო არასრულწლოვანთა ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. ბავშვებსა და მამას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო და ჰარმონიული მამა-შვილური ურთიერთობა, ოჯახში შექმნილია დაძაბულობისაგან თავისუფალი გარემო, სახლთან ახლოს არის საჯარო სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ, ჰყავთ მეგობრები, შეჩვეული არიან და უყვართ პედაგოგები, ანუ სახეზეა აღმზრდელობით დაწესებულებასთან მიჯაჭვულობის ფაქტორი და რაც მეტად გასათვალისწინებელია, ბავშვების სურვილია, რომ ისინი საცხოვრებლად დარჩნენ მამის ოჯახში. რაც შეეხება დედას, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებლად ვერ შეძლებს სამი არასრულწლოვანი შვილის აღზრდას. ამასთან, არ აქვს ამის ეკონომიკური შესაძლებლობა, ხოლო ის გარემოება, რომ აპელანტს ფინანსურად დაეხმარებიან მისი მშობლები, არ შეიძლება გახდეს გარანტია იმისა, რომ მოსარჩელე შეძლებს სამი შვილის მოვლა-პატრონობას, მათ ნორმალურ სწავლა- აღზრდას. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე კი, დედას უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს ყოფილ მეუღლესთან მცხოვრებ შვილებთან და ვალდებულიცაა მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდაში. მოპასუხეს უფლება არ აქვს, ხელი შეუშალოს მას ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვების აღზრდის ინტერესებს.
5.1.13. რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი და სწორადვე მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო ხელისშემშლელი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრისათვის. მართალია, მოპასუხემ სასჯელი მიიღო და მოიხადა ოჯახში ძალადობის გამო, მაგრამ ეს ძალადობა არ მომხდარა ბავშვების მიმართ, იგი ცოლ-ქმარს შორის მომხდარი უკმაყოფილებითა და კონფლიქტით იყო განპირობებული. მოპასუხე დადებითად იყო დახასიათებული სკოლის პედაგოგების, მოსწავლეთა მშობლების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის მიერ. შვილები მას მოიხსენიებენ, როგორც მზრუნველსა და მოსიყვარულეს, ამასთან, არ გამოხატავდნენ მის მიმართ წყენასა და საყვედურს, მათი სურვილი სწორედ მამის ოჯახში ცხოვრება იყო. გაზიარებულ იქნა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ემ ყოფილ მეუღლესთან დავის დროს უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა მატერიალური მხარის გადაწყვეტა, რაც გამოიხატა მის მიერ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 2/3-ის საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვის მოთხოვნაში, ხოლო შემდეგ წარადგინა სარჩელი იმავე სასამართლოში და მოითხოვა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება, რის გამოც არ არსებობდა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებლად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის, ასევე, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (სუსგ №ას-136-462-04, 14.06.2005წ; სუსგ №ას-441-416-2011წ, 27.09.2011წ.).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიუთითა იმ ნორმაზე, რომლის თანახნმადაც, კასატორს გააჩნია შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდის შესაძლებლობა. შვილების დედასთან ურთიერთობის თვალსაზრისით საქმეში არსებული სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევისა და ბათუმის ცენტრების მიერ გაცემული დასკვნები არ ასახავენ რეალობას. არასრულწლოვნებს ფსიქოლოგებთან არ განუცხადებით, რომ არ სურთ დედასთან ცხოვრება, ამ კუთხით ბავშვები განიცდიან ზეწოლას მამის მხრიდან, რაც სწორად არ შეფასებულა.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ შეაფასა აპელანტის განმარტება იმის თაობაზე, რომ მამამ არასრულწლოვანი ა.–ი მუსლიმურ სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანა და ბავშვი ორივე მშობლის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი.
6.1.3. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მამის მხრიდან, ბავშვების თანდასწრებით, კასატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
6.1.4. პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორი ჯანმრთელია, აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, გარდა სოციალური სუბსიდიისა, აღნიშნული დახმარების მიღებაში მას მოწინააღმდეგე მხარე დაეხმარა. არსებული სახსრებისა და იმის გათვალისწინებით, თუ მოპასუხეს დაეკისრებოდა ალიმენტი, მოსარჩელე შეძლებდა არასრულწლოვანთა ნორმალურ აღზრდას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით, მხარეთა შესაძლო მორიგების ხელშეწყობის მიზნით, ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2016 წლის 23 თებერვალს, 14:00 საათზე. ამავე პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით კი, ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მორიგების მიზნით, მხარეებს მიეცათ ერთი თვის ვადა. თავის მხრივ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ეთხოვა, შეესწავლა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომაროება, მათი საცხოვრებელი გარემო, საქმის განხილვის დაწყებიდან გასული ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით კვლავ შეემოწმებინა ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომაროება და ხელი შეეწყო არსებული დავის მორიგებით დასრულებასათვის.
1.2. 2016 წლის 29 მარტს დანიშნულ სხდომამდე საკასაციო სასამართლოს მომართა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, წარმოადგინა ფსიქოლოგის დასკვნა ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სადაც ასახულია დედისა და შვილების შეხვედრა, არასრულწლოვანთა ემოციური განწყობა მამის მეუღლისა და ახალი საცხოვრებელი გარემოს შესახებ, ასევე წარმოდგენილ იქნა სსიპ ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შედგენილი დასკვნა ამავე საკითხებზე. როგორც ერთ, ისე მეორე დოკუმენტში გადმოცემულია დედისა და შვილების გაუცხოების ფაქტი, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, წარმოადგენს ბავშვების დედასთან განშორებით გამოწვეული სტრესის შედეგს და მოცემულია რეკომენდაცია, სპეციალისტის (ფსიქოლოგის) ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ამ გაუცხოების აღმოფხვრის თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ. პირობების ურთიერთშეთანხმებისა და დაზუსტების მიზნით მათ მიეცათ დამატებითი ვადა. საბოლოოდ, 2016 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა ითხოვეს მორიგების აქტის შემდეგი პირობებით დამტკიცება:
1.2.1. მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვანთა სურვილი/ინტერესები საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) შვილების: ა. მ-ის (დაბადებული 20.06.2002წ.), ა.– მ-ისა (დაბადებული 21.08.2003წ.) და დ. მ-ის (დაბადებული 05.01.2009წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის _ ნ. მ-ის საცხოვრებელი ადგილი.
1.2.2. ნ. მ-ეს ნება დაერთოს, შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა შვილებთან, მათ შორის სატელეფონო.
1.2.3. უქმე, ასევე, სამუშაოსაგან თავისუფალ, არასასწავლო პერიოდში, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, ნ. მ-ეს უფლება აქვს, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას _ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№..., ბინა №...ში წაიყვანოს შვილები ღამის თევით.
1.2.4. ნ. მ-ეს უფლება აქვს, ბავშვებთან შეთანხმებით, სასკოლო არდადეგების ხანგრძლივობის ნახევარი გაატაროს შვილებთან ქ.ბათუმიდან დასასვენებლად მათი გაყვანის უფლების ჩათვლით.
1.2.5. მორიგების აქტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, ნ.-- მ-ე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვების მიყვანა ნ. მ-ის საცხოვრებელ ადგილას _ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№..., ბინა №...-ში. ასეთ შემთხვევაში, ნ. მ-ე ვალდებულია არ გამოცხადდეს ნ.-- მ-ის საცხოვრებელ ადგილას. ნ. მ-ეს უფლება აქვს, განახორციელოს სასწავლო დაწესებულებიდან ბავშვების წაყვანა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ნ. მ-ე თავისუფლდება ნ. მ-ის საცხოვრებელ ადგილას ბავშვების მიყვანის ვალდებულებისაგან.
1.2.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მეორე მხარეს სათანადოდ აცნობონ შვილების წაყვანისა თუ მათთან ღამის თევით დარჩენის თაობაზე.
1.2.7. მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგნტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი.
1.2.8. ა. მ-ის (დაბადებული 20.06.2002წ.), ა. მ-ისა (დაბადებული 21.08.2003წ.) და დ. მ-ის (დაბადებული 05.01.2009წ.) საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პერიოდში ნ. მ-ე არ მოითხოვს ალიმენტის ნ. მ-ისათვის დაკისრებას, თუმცა, გარემოებათა სხვაგვარად შეცვლის შემთხვევაში (ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა) ნ. მ-ე იტოვებს ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
1.2.9. ნ. მ-ესთან შვილების ურთიერთობის სრულყოფილად აღდგენის შემდგომ, ბავშვთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ნ. მ-ის საცხოვრებელი ადგილი _ ქ.ბათუმი, ჯ-ის ქ№..., ბინა №.... ასეთ შემთხვევაში ნ. მ-ე ისარგებლებს უფლებით, შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა შვილებთან, როგორც საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ისე, ღამის თევით ბავშვების დატოვების თვალსაზრისით, ამასთანავე, შენარჩუნებული იქნება არდადეგებზე ბავშვებთან მშობლების ურთიერთობის წესის თაობაზე მხარეთა შეთანხმება.
1.2.10. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.
1.2.11. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
1.4. განსახილველი საკითხის უკიდურესი თავისებურებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით, ასევე საოჯახო დავათა განხილვისას ამავე კოდექსის 352-ე-356-ე მუხლებით დაშვებული ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით, მორიგების ფარგლებში დასაშვებად მიიჩნია ახალი მტკიცებულებების _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისა და ფსიქოლოგ თ.ქ-ის დასკვნის შეფასება, პალატა გაეცნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 25 სექტემბრის სხდომის ელექტრონულ ჩანაწერს არასრულწლოვანთა განმარტების შესასწავლად, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არც საქმის მასალებით დასტურდება და არც კასატორს გაუხდია სადავოდ (როგორც საკასაციო საჩივრით, ისე საკასაციო სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებებში) მამისა და შვილების პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება, ის გარემოება, რომ ძალადობის ფაქტს შვილების მიმართ ადგილი არ ჰქონია და საქმეში არსებული, ასევე, საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად მიღწეული მორიგება სრულად ემსახურება „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულ ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ასევე „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გარანტირებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მიღწეული მორიგების პირობების თანახმად, არასრულწლოვანთა ოჯახთან გაერთიანება, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით დეკლარირებული ორივე მშობლის უფლება, აღზარდონ საზოგადოებისათვის ღირსეული შვილები, არასრულწლოვანთა ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობითა და დახმარებით განხორციელდება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სპეციალისტთა (ფსიქოლოგთა) რეკომენდაციებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მხარეთა, ასევე, მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
1.5. მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლო ხარჯების საკითხი:
2.1. სარჩელთან/გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა;
2.2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების თაობაზე პრეტენზიას არ აცხადებენ მხარეები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგების აქტი ნ. მ-ეს, ნ.-- მ-ესა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (არასრულწლოვანთა სურვილი/ინტერესები საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თვალსაზრისით) შვილების: ა. მ-ის (დაბადებული 20.06.2002წ.), ა. მ-ისა (დაბადებული 21.08.2003წ.) და დ. მ-ის (დაბადებული 05.01.2009წ.) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის _ ნ. მ-ის საცხოვრებელი ადგილი.
2.2. ნ. მ-ეს ნება დაერთოს, შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა შვილებთან, მათ შორის სატელეფონო.
2.3. უქმე, ასევე, სამუშაოსაგან თავისუფალ, არასასწავლო პერიოდში, ბავშვების სურვილის გათვალისწინებით, ნ. მ-ეს უფლება აქვს, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას _ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ№..., ბინა №...-ში წაიყვანოს შვილები ღამის თევით.
2.4. ნ. მ-ეს უფლება აქვს, ბავშვებთან შეთანხმებით, სასკოლო არდადეგების ხანგრძლივობის ნახევარი გაატაროს შვილებთან ქ.ბათუმიდან დასასვენებლად მათი გაყვანის უფლების ჩათვლით.
2.5. მორიგების აქტის მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულების მიზნით, ნ.-- მ-ე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვების მიყვანა ნ. მ-ის საცხოვრებელ ადგილას _ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ#..., ბინა #...-ში. ასეთ შემთხვევაში, ნ. მ-ე ვალდებულია არ გამოცხადდეს ნ. მ-ის საცხოვრებელ ადგილას. ნ. მ-ეს უფლება აქვს, განახორციელოს სასწავლო დაწესებულებიდან ბავშვების წაყვანა სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, ნ. მ-ე თავისუფლდება ნ. მ-ის საცხოვრებელ ადგილას ბავშვების მიყვანის ვალდებულებისაგან.
2.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, მეორე მხარეს სათანადოდ აცნობონ შვილების წაყვანისა თუ მათთან ღამის თევით დარჩენის თაობაზე.
2.7. მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგნტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი.
2.8. ა. მ-ის (დაბადებული 20.06.2002წ.), ა. მ-ისა (დაბადებული 21.08.2003წ.) და დ. მ-ის (დაბადებული 05.01.2009წ.) საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პერიოდში ნ. მ-ე არ მოითხოვს ალიმენტის ნ. მ-ისათვის დაკისრებას, თუმცა, გარემოებათა სხვაგვარად შეცვლის შემთხვევაში (ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა) ნ. მ-ე იტოვებს ალიმენტის მოთხოვნის უფლებას.
2.9. ნ. მ-ესთან შვილების ურთიერთობის სრულყოფილად აღდგენის შემდგომ, ბავშვთა სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ნ. მ-ის საცხოვრებელი ადგილი _ ქ.ბათუმი, ჯ-ის ქ№..., ბინა №... ასეთ შემთხვევაში ნ. მ-ე ისარგებლებს უფლებით, შეუზღუდავად იქონიოს ურთიერთობა შვილებთან, როგორც საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წაყვანის, ისე, ღამის თევით ბავშვების დატოვების თვალსაზრისით, ამასთანავე, შენარჩუნებული იქნება არდადეგებზე ბავშვებთან მშობლების ურთიერთობის წესის თაობაზე მხარეთა შეთანხმება.
2.10. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა.
2.11. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ნ. მ-ის სარჩელის გამო, ნ. მ-ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური