Facebook Twitter

საქმე №ას-157-153-2016 15 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნ.- ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ო-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების ნაწილზე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ. ო-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ 2010 წლის 26 ოქტომბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ, 50 კვ.მ უძრავი ქონების ნაწილში გაუქმებისა და ამ ფართის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, ჩუქების გაფორმების შემდგომ მხარეთა ურთიერთობა დაიძაბა, დასაჩუქრებული ავიწროებს და მორალურ შეურაცხყოფას აყენებს დამსაჩუქრებელსა და მის შვილს. ამასთანავე, მოსარჩელე ასაკოვანია, საჭიროებს მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას, რაზეც მოპასუხე აცხადებს უარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გარიგების დადებისას საუბარი არ ყოფილა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისა და მისი შვილის (დედისა და დის) დახმარებაზე, მოთხოვნის ამგვარად დაყენება გაუმართლებელია, რადგანაც მოსარჩელის ასაკის გათვალისწინებით, მოპასუხეს, როგორც შვილს, გააჩნია დედის მატერიალური დახმარების ვალდებულება, სარჩელის აღძვრის რეალური წინაპირობა გახდა დედის კუთვნილი ქონების მოპასუხისათვის ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემა, რამაც მისი დის უკმაყოფილება გამოიწვია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში, კ-ის ქ.#6---ში (ყოფილი ლ-ისა და ქ-ის ქ#6--) მდებარე უძრავი ქონებიდან 50 კვ.მ ფართის ნაწილში 2010 წლის 26 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და ქ.ბათუმში, კ-ის ქ#...-ში (ყოფილი ლ-ისა და ქ-ის ქ#...) მდებარე უძრავი ქონებიდან 50 კვ.მ ფართის მესაკუთრედ აღირიცხა მოსარჩელე.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე არის მოპასუხის დედა, რომელიც 2012 წლის 2 ნოემბრამდე გაჩუქებული ნივთის მესაკუთრე იყო, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა.

1.2.2. 2010 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოსარჩელემ კასატორს აჩუქა სადავო უძრავი ქონება, რომლის წილობრივი მონაცემი 178,20-ის 3/5-ს ანუ 106,92 კვ. მეტრს შეადგენდა. დასახელებული უძრავი ქონება, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.

1.2.3. საჩუქრად მიღებულ ქონებას დასაჩუქრებულმა მიაშენა ფართი, შეასრულა გარკვეული სახის სარემონტო და კაპიტალური სამუშაოები. ამჟამად სადავო ნივთის მესაკუთრე მოპასუხეა, რომელიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ნაჩუქარ ფართში. ამავე ფართში ცხოვრობენ ასევე მოსარჩელე და მისი ქალიშვილი (მოპასუხის და).

1.2.4. მოსარჩელე 89 წლისაა, შერყეული აქვს ჯანმრთელობა და საჭიროებს მზრუნველობას. მას ქალიშვილთან ერთად დაკავებული აქვს ცალკე საძინებელი და ცალკე სამზარეულო. ამ ფართში მოპასუხემ გამჩუქებლისა და მისი შვილის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის დაამონტაჟა შიდა მოხმარების ელექტრომრიცხველი.

1.2.5. მოპასუხე შპს „რ-ს“ ამბულატორიულ განყოფილებაში იმყოფებოდა აღრიცხვაზე 17.01.1979 წლიდან, დიაგნოზით - ეპილეფსია.

1.2.6. 2015 წლის 27 მაისს, პირველი ინსტნაციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ს. გ-მა განმარტა, რომ დაბადებიდან ცხოვრობს სადავო მისამართზე. დიდი ხნის წინ ქონება ფაქტობრივად გაიყო ორ ნაწილად. ერთ ნაწილში ცხოვრობდა მისი ძმა ოჯახთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილში _ თავად, დედასთან ერთად. ორივე მხარეს გააჩნდა საკუთარი საკუჭნაო. მას შემდეგ, რაც ჩუქება გაფორმდა, მოპასუხემ დედის კუთვნილი საკუჭნაო დაცალა, გააქირავა და იღებს შემოსავალს. ჩუქების გაფორმების შემდეგ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოპასუხე აყენებს შეურაცხყოფას, უკრძალავს ნათესავების მისვლას, ასევე, მათთან ტელეფონით დაკავშირებას. 2015 წლის 1 ივნისს, პირველი ინსტნაციის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ვ. ა-მა განმარტა, რომ არის მხარეთა მეზობელი, კარგი დამოკიდებულება აქვს მხარეებთან, კვირაში ერთხელ უწევს ოჯახში მისვლა, მიდის მოპასუხის მეუღლესთან. არასოდეს შეუმჩნევია დაძაბული ურთიერთობა. კარგი და მშვიდი ოჯახია, იტალიური ტიპის სახლია და მეზობლებისთვის უცნობია ოჯახში უსიამოვნების თაობაზე. დღესასწაულზე მხარეებს ერთად ხედავდა ოთახში, მათ ფართები გაყოფილი აქვთ, სამზარეულო ცალ-ცაკლე აქვთ, აბაზანა-ტუალეტი კი _ საერთო. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამავე სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნ. ბ-იამ ასევე დაადასტურა მოდავე მხარეთა დადებითი ურთიერთობა, მოწმის მითითებით, მოსარჩელისაგან იცის, რომ მოპასუხე ყიდულობს წამლებს. მოწმედ დაკითხულმა მოსარჩელის შვილიშვილმა _ ნ. მ-მა აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც ჩუქება გაფორმდა, დაახლოებით ბოლო სამი წელია, ოჯახში ცუდი მდგომარეობაა. მართალია ბებიას არ უშლიან იმ სახლში ცხოვრებას, მაგრამ დეიდას აყენებენ შეურაცხყოფას. მოპასუხე ამბობს, რომ ეს სახლი მისია და იქ არავინ არ უნდა მივიდეს. ამის გამო უკვე სამი წელია ბებიის სახლში აღარ ყოფილა, რადგანაც ერიდება უსიამოვნებასა და ბიძასთან კონფლიქტს, რომელსაც ახალგაზრდობაში მძიმე დაავადება აქვს გადატანილი და ნერვიულია. მართალია, სახლი ბიძამისზეა გაფორმებული, თუმცა ბებიას უვლის დეიდა ს., რომელიც გაუთხოვარია და მასთან ერთად ცხოვრობს დაბადებიდან. ადვოკატისათვის მიწერილ წერილში მოსარჩელემ განმარტა, რომ ჩუქების გაფორმების შემდგომ მოპასუხემ გააკეთა რემონტი, მათ სარგებლობაში არსებული სამი ოთახიდან ნებართვის გარეშე ჩამოართვეს ყველაზე ნათელი ოთახი, რის შემდეგაც და-ძმას შორის მოხდა უთანხმოება და დას აუკრძალეს სარეცხი მანქანით, თბილი წყლითა და ელექტროენერგიით სარგებლობის უფლება. დაუყენეს ინდივიდუალური ელექტრომრიცხველი. დასთან კონფლიქტური სიტუაცია დღემდე გრძელდება. მოსარჩელე არის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და სურს საკუთრება კანონით დადგენილი წესით დაიბრუნოს.

1.2.7. ელექტრომრიცხველის ცალკე მონტაჟთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ მრიცხველი დააყენა მისი დის საძინებელში იმ მიზნით, რომ ზედმეტად არ გადაეხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ს. (მისი და) თვითონ იხდის ამ მრიცხველის შესაბამისად ელექტროენერგიის თანხას თვეში 3-4 ლარის ოდენობით. შესაგებლითა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მანვე დაადასტურა დასთან უთანხმოების ფაქტი. უთანხმოების მოტივად მიუთითა ჩუქებით გამოწვეული განაწყენება, ამასთან, არ გაუბათილებია მოსარჩელესა და მოწმე ს. გ-ის მიერ მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს ერთ ოთახში, რომელსაც ფანჯარა არა აქვს და მეორე ოთახს, რომელიც დედ-მამის საძინებელი იყო, ჩუქების შემდეგ მოპასუხე დაეუფლა. დამოუკიდებელი ელექტრომრიცხველი დამონტაჟებულია იმ ოთახზე, სადაც მოსარჩელე და მისი ქალიშვილი ცხოვრობენ.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმადაც, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა ქონების გაჩუქების შემდგომ მოსარჩელის მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნის ფაქტი, ხოლო ამ თვალსაზრისით სასამართლოს მსჯელობა განსხვავდება სამოქალაქო კოდექსის 526-ე და 530-ე მუხლების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებისაგან (10.07.2013წ. #ას-257-247-2013).

1.5. პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას. მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი). გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მართებულად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი და სწორად განმარტა იგი, რაც შეეხება ნორმის შემადგენელი ფაქტობრივი ელემენტების დადგენის მართლზომიერებას, კასატორი შემოიფარგლა მარტივი შედევებით იმის თაობაზე, რომ მას მოსარჩელის და/ან მისი ახლო ნათესავისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც დიდი უმადურობა არ გამოუჩენია. ამ მხრივ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ემყარება მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით კვლევას.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არ განსხვადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან (იხ, სუსგ-ებები: №ას-471-450-2015, 20 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

2.1. საკასაციო სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა მ.გ-მა და წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის #ას-257-247-2016 განჩინების ასლი.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი განჩინების ასლის საქმისათვის დართვის წინაპირობა, შესაბამისად, იგი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 05.03.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 500 ლარის 70% _ 1 750 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ მ. გ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 05.03.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 500 ლარის 70% _ 1 750 ლარი.

3. მ.გ-ს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.07.2013წ. #ას-257-247-2013 განჩინების ასლი 9 (ცხრა) ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური