საქმე №ას-162-158-2016 8 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – დ. და თ. უ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის/სხვა ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
სს „ლ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.- ბ-ის, ი. მ-ის (შემდგომში _ თანამოპასუხეები), დ. უ-ისა და თ. უ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 31 241,23 ლარის დაკისრება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით დ. და თ. უ-ების კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი #56.02.43.0--; #56.02.43.0--; #56.02.43.0--; #56.03.57.0--) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი, იძულებითი აღსრულების თავდები პირების ქონებაზე მიქცევა. სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და დ. უ-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც დაიდო ასევე სესხის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დანარჩენ მოპასუხეებთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებაც, ხოლო მსესხებელმა საკუთარი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე უზრუნველყო იპოთეკით. მსესხებელმა დაარღვია ვალდებულების შესრულების შეთანხმებული გრაფიკი, რის თაობაზეც წერილობით ეცნობა როგორც მას, ისე თავდებ პირებს, თუმცა ამ შეტყობინებას რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა მარტივი შედავებით არ ცნეს სარჩელი და აღნიშნეს, რომ სესხი აიღო უშუალოდ დ. უ-მა, შესაბამისად, ვალდებულების შესრულებაც მას ეკისრება, ხოლო მოთხოვნილი თანხა, ასევე მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები მათ სადავო არ გაუხდიათ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 507,15 ლარის გადახდა (მათ შორის: ძირითადი თანხა – 23 711,05 ლარი; პროცენტი - 2 062,01 ლარი; ჯარიმა - 2 734,08 ლარი). ფულადი ვალდებულების გადახდევინება დადგინდა იპოთეკის საგნების (თ. უ-ის საკუთრებაში არსებული #56.02.43.0--, #56.02.43.0--, #56.02.43.0-- და #56.03.57.0-- უძრავი ქონების) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ასევე, დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეოდა თავდები პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. და თ. უ-ებმა, მოითხოვეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2012 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელესა და დ. უ-ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების #R... ხელშეკრულება და ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადა შეადგენდა 120 თვეს, მაქსიმალური წლიური საპროცენტო სარგებელი _ 48%-ს;
1.2.2. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 30 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის #5---- ხელშეკრულებით (აგროკრედიტი), მსესხებელს გადაეცა 28 837,10 ლარი. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 01.04.2015 წლამდე, სარგებელი _ წლიური 24%-ით. პირგასამტეხლოს ოდენობა _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ით;
1.2.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 15 აგვისტოს თ. უ-თან, თ.- ბ-სა და ი. მ-თან გაფორმდა თავდებობის N..., N... და N... ხელშეკრულებები და თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
1.2.4. გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2012 წლის 15 აგვისტოს ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა თ. უ-ის კუთვნილი ქონება (საკადასტრო კოდი #56.02.43.0--, #56.02.43.0--, #56.02.43.0-- და #56.03.57.0--). ხელშეკრულებების მე-13 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი ვალდებულებ(ებ)ის მსესხებლის მხრიდან შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია, მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან და ამ მიზნისათვის იპოთეკარი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
1.2.5. მოპასუხეთა დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენდა 31 241.23 ლარს: ძირი თანხა – 23 711,05 ლარი, პროცენტი - 2 062,01 ლარი, ჯარიმა - 5 468,17 ლარი. კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევა მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი.
1.2.6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 28 507,15 ლარის გადახდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 5 468,17 ლარი შეამცირა 2 734,08 ლარამდე, რასაც არ ეთანხმებოდნენ აპელანტები.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორთა პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სასამართლოს, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა 0,01%-მდე, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკაა, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უფრო მეტია, ვიდრე სარგებელი. გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა სააპელაციო საჩივარი, დაკისრებული პირგასამტეხლო მიჩნეულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო _ 5 468,17 ლარი შემცირებულია 2 734,08 ლარამდე და იგი უზრუნველყოფს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს სამართლებრივ ფუნქციას, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან (იხ, სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თ. უ-ის მიერ 27.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. და თ. უ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: დ. უ-სა (პ/#...) და თ. უ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №20--22900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ თ. უ-ის მიერ 27.02.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური