Facebook Twitter

საქმე №ას-258-246-2016 15 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ყ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მიყენებული ზიანის _ 1 600 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომიდან, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოსარჩელე, გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტს 2015 წლის 24 დეკემბერს გაეგზავნა და ჩაბარდა 2015 წლის 25 დეკემბერს. შეტყობინება გზავნილის ჩაბარების თაობაზე დასტურდებოდა აპელანტი სამინისტროს ადმინისტრაციის ბეჭდით. ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარის ჯეროვან ინფორმირებად განიხილებოდა. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩვრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 8 იანვარს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 11 იანვარს, ამდენად, მხარეს დარღვეული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, რასაც ადასტურებს „ს-ის“ საფელდეგერო სამსახურის 2016 წლის 8 იანვრის რეესტრი. კერძო საჩივრის ავტორის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

1.2.1. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს გაეგზავნა 2015 წლის 24 დეკემბერს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 25 დეკემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის კანცელარიას;

1.2.2. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი სასამართლოში შეტანილია 2016 წლის 11 იანვარს.

1.3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საპროცესო ვადის გამოთვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ პალატამ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა აპელანტისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს _ 2015 წლის 26 დეკემბერს.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა ამოიწურა 2016 წლის 8 იანვარს, რომელიც არც უქმე და არც დასვენების დღე არ ყოფილა. ამავე კოდექსის 63-ე მუხლი კი, ადგენს საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილი დოკუმენტების განუხილველად დატოვებას.

1.5. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვადის უკანასკნელ დღეს ჩააბარა საჩივარი ფოსტას, რაც არ შეიძლება ვადის დარღვევად მივიჩნიოთ. ამ თვალსაზრისით კი, მის მიერ წარმოდგენილია „ს-ის“ საფელდეგერო სამსახურის #2 რეესტრი. მითითებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნად 2016 წლის 8 იანვარს ფოსტას წარედგინა ერთი პაკეტი. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, რომელსაც ერთვის კონვერტი, თუმცა ეს მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას არ იძლევა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოხმობილი საპროცესო ნორმის შესაბამისად მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ს-ის“ საფელდეგერო სამსახურის მიერ გაცემული #2 რეესტრი არ შეიცავს ინფორმაციას გაგზავნილი კორესპოდენციის თაობაზე, კერძოდ, შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა დოკუმენტი გაეგზავნა მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს, სააპელაციო საჩივარზე დართული კონვერტი კი, რაიმე საფოსტო ინიციალს არ შეიცავს, იგი ბეჭედდასმულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახურის, ასევე, იურიდიული დეპარტამენტის მიერ და შეიცავს მინაწერს: „სამსახურებრივი ხ.ლ-ა“, შესაბამისად, გაზიარება იმისა, რომ მითითებული კონვერტი 2016 წლის 8 იანვარს ჩაბარდა ფოსტის საფელდეგერო სამსახურს, შეუძლებელია, მით უფრო ვერ იქნება დაშვებული მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ფოსტით გაგზავნის პრეზუმფცია იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი არაერთ დავას აწარმოებს, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში და გამორიცხვა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება ეკუთვნის არა სხვა საქმეზე სამინისტროს მიერ „ს-ის“ საფელდეგერო სამსახურისათვის გადაცემულ კორესპოდენციას, არამედ წინამდებარე საქმეზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეუძლებელია. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ფაქტის მტკიცების მიზნით, უტყუარი მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური