საქმე №ას-253-241-2016 15 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ა-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი, ძირითად სარჩელში მოპასუხე)
თავდაპირველი თანამოპასუხეები შეგებებულ სარჩელში _ ქ. ა-ი, ვ. ა-ი, გ.ე-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული სარჩელის ავტორების მოთხოვნა:
1.1. ვ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ქ.მცხეთაში, ჯ-ის ქ#...-ში მდებარე სახლზე, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ოჯახთან ერთად 1985 წლის 28 მარტიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზემოხსენებულ მისამართზე. უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა ნ. ა-ი, რომელთანაც მოსარჩელეს დადებული ჰქონდა საცხოვრებელ სადგომზე უფლების დათმობის შესახებ გარიგება, ამასთანავე, მოსარჩელე იხდის კომუნალურ გადასახადებს. ქონების დღევანდელ მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის ძმის ცოლი.
1.2. მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის, ასევე გ.ე-ის, ქ. და ვ. ა-ების მიმართ მოპასუხეთა მფლობელობიდან ქ.მცხეთაში, ჯ-ის ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე. შეგებებული სარჩელის თანახმად, მ.მ-ს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები „საცხოვრებელი სადგმით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მართლზომიერ მფლობელებს არ წარმოადგენენ.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. კვალიფიციური შესაგებლით თავდაპირველმა მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და აღნიშნა შემდეგი: მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მშობლების სახლში ქ.მცხეთაში, ა-ის #---ში, მათთან ერთად ცხოვრობდა მისი ძმა ა. ა-იც. ოჯახის წევრებს შორის არსებული უსიამოვნების გამო, ა. ა-მა მათ ნება დართო, დროებით ეცხოვრათ მამიდის სახლში, ქ.მცხეთაში, ი.ჯ-ის #--ში. ა.ს თხოვნის საფუძველზე მამიდამ, ნ. ა-მა, თავისთან საცხოვრებლად შეუშვა მოსარჩელე და მისი ოჯახი. კომუნალური გადასახადის გადამხდელებადაც ისინი აღირიცხნენ, რადგან ფაქტობრივად ამ მისამართზე ცხოვრობდნენ და ისინი სარგებლობდნენ ამ მომსახურებით. ნ. ა-ისათვის თანხა არ გადაუხდიათ, მას მუდმივად პატრონობდა და მატერიალურად ეხმარებოდა ანდერძისმიერი მემკვიდრე ა. ა-ი. მამიდის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელემ, ა. ა-ის თანხმობით, გააგრძელა ცხოვრება სადავო სახლში,ხოლო ა. ა-ი ოჯახთან ერთად ცხოვრობს მშობლების სამკვიდრო სახლში, რომლის ნახევარი მემკვიდრეობის გზით ეკუთვნის მოსარჩელეს.
2.2. შეგებებული სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა იმ საფუძვლით, რომ ისინი წარმოადგენენ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელებს, ჩაწერილები არიან მითითებულ მისამართზე, რეგისტრირებული არიან კომუნალური გადასახადების გადამხდელად, ამასთან, 1995 წელს თავდაპირველმა მოსარჩელემ სანოტარო ფორმის დაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ნივთის მესაკუთრესთან, რასაც ესწრებოდა მისი მეუღლე. მიუხედავად ქონების მესაკუთრესთან გაფორმებული გარიგებისა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1988 წელს შედგენილი ანდერძის საფძველზე უძრავი ქონება დარეგისტრირდა ა. ა-ის საკუთრებად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ა-ის, ქ. ა-ის, ვ. ა-ის, გ.ე-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მცხეთაში, ჯ-ის #...-ში მდებარე 460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი.
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ე-მა, ვ., ქ. და ვ. ა-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. კასატორი 1985 წლის 23 მარტიდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.მცხეთა, ჯ-ის ქ#.... ამავე მისამართზე 2002 წლის 13 ნოემბრიდან რეგისტრირებულია ვ. ა-ი, 2005 წლის სექტემბრიდან _ ქ. ა-ი, ხოლო გ.ე-ი 2005 წლის 12 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მცხეთაში, დ.ა-ის ქ#...-ში. ქ.მცხეთაში, ი.ჯ-ის ქ#...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კომუნალური მომსახურების აბონენტია ვ. ა-ი.
1.2.2. მ. მ-სა და ა. ა-ს შორის 2014 წლის 10 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქონების მესაკუთრეა მ. მ-ი, კერძოდ, 2014 წლის 10 ივნისს ა. ა-სა და მ. მ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ა. ა-მა მ. მ-ს აჩუქა სადავო მისამართზე მდებარე 460 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები #... და #....
1.2.3. მხარეთა შორის არ არსებობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგლამენტირებული ურთიერთობა. ვ. ა-ი 1985 წლის 28 მარტიდან ჩაეწერა მამიდის სახლში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბინის თავდაპირველი მესაკუთრის მიერ მოსარჩელის საცხოვრებელ სადგომში ჩაწერა განხორციელდა როგორც მისი ნათესავის და არა გარიგების საფუძველზე, მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენდა არა საცხოვრებელი სადგომის დათმობის გარიგებას, არამედ, ასახავდა ერთი ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობას. კომუნალურ გადასახადებს მოსარჩელე იხდიდა, როგორც ნ. ა-ის ოჯახის წევრი და არა როგორც მითითებული კანონიდან გამომდინარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე.
1.2.4. შეგებებული სარჩელის ავტორს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი შეზღუდული არ არის თავდაპირველი მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ქონების მართლზომიერი ფლობის უფლებით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველი ვერ გახდება კასატორის ის პრეტენზია, რომლის თანახმადაც სასამართლომ კასატორი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ არასწორად არ მიიჩნია, შესაბამისად, არასწორად შეაფასა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობა, კასატორის მიერ ქონებით მართლზომიერი სარგებლობისა და კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციას კასატორი უკავშირებს ქონების იმდროინდელი მესაკუთრის მიერ სარგებლობის უფლების დათმობას და აღნიშნავს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონი ნათესავებს შორის ურთიერთობას არ არეგულირებს. კასატორის ამ ძირითად პრეტენზიასთან მიმართებით პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა დავის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე სწორედ ვ.ა-ის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტებისა და მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ კვლევას ემყარება, ამასთანავე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. რაც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხს, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება ასევე სწორად ემყარება სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებს, ხოლო განჩინების ფაქტობრივი დასაბუთების თაობაზე კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არ განსხვადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1033-1226-08, 28 მაისი, 2009 წელი).
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური