Facebook Twitter

№ას-798-763-2014 25 ნოემბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. თ. ბ-სა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის, მოპასუხის №1003798113 განცხადების საფუძველზე, 2013 წლის 15 ივლისს დაიდო №2000653713 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გაეწია სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო მომსახურება ბრალდებულ გ. ბ-ის ფსიქიატრიული შემოწმების მიზნით. მოპასუხეს არ გადაუხდია შესაბამისი ტარიფით დადგენილი მომსახურების გადასახადი. ამასთან, მართალია ხელშეკრულება მოპასუხემ მოსარჩელესთან გააფორმა, როგორც გ. ბ-ის ადვოკატმა, თუმცა გ. ბ-ის მიერ გაცემული რწმუნებულებით მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაეცვა მარწმუნებლის ინტერესები მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და რწმუნებულება მას არ ანიჭებდა სადავო გარიგების დადების უფლებამოსილებას. ამდენად, მითითებული რწმუნებულებით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები არ მოიცავს წარმოდგენილი პირის სახელით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების (მოცემულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების) დადების შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშვა სწორედ მოპასუხეს.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მას, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დამცველს, ევალებოდა გამოერიცხა, გაექარწყლებინა ყველა ეჭვი ბრალდებულის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე ამ პირის ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, მან, როგორც გ. ბ-ის წარმომადგენელმა, გააფორმა ხელშეკრულება მოსარჩელესთან.

4. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს არ გამოუვლენია ნება სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო მომსახურების განხორციელების თაობაზე. გ. ბ-ის ოჯახის წევრებმა ისე, რომ ექსპერტიზის დასკვნა მოპასუხეს არ გადასცემია, წინასწარ შეიტყვეს მისი შინაარსი და დაკარგეს ინტერესი, შესაბამისად, უარი განაცხადეს ხარჯების ანაზღაურებაზე. ამდენად, ვინაიდან თავად მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გავრცელებას, რის გამოც ვალდებულმა პირებმა არ განახორციელეს შესრულება, მოპასუხეს არ შეიძლება მოეთხოვოს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და თ. ბ-ს, როგორც გ. ბ-ის ადვოკატს შორის 2013 წლის 15 ივლისს დაიდო საექსპერტო მომსახურების შესახებ №2000653713 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელს, ანუ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უნდა შეესრულებინა ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზის საექსპერტო ან სპეციალური სამუშაო, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფების შესაბამისად, გადაეხადა მომსახურების საფასური.

9. ხელშეკრულების დადებისას თ. ბ-ი მოქმედებდა, როგორც ბრალდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი, რისი უფლებამოსილებაც მას მინიჭებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გაცემული ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - ორდერის საფუძველზე.

10. საქმეში წარმოდგენილი ბრალდებულ გ. ბ-ის დამცველი ადვოკატის, თ. ბ-ის 2013 წლის 13 ივლისის განცხადების და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 21 აგვისტოს №003735913 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადვოკატ თ. ბ-ის განცხადების საფუძველზე დაინიშნა და ჩატარდა ბრალდებულ გ. ბ-ის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

11. პალატამ მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და გ. ბ-ის ადვოკატ - თ. ბ-ს შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ 2013 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვა არა თ. ბ-ს, არამედ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს - გ. ბ-ს.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილია ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობა. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს უფლება არა აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას.

13. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული ნორმა განსაზღვრავს გარიგების შედეგების ადრესატს წარმომადგენლობისას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.

15. სააპელაციო სასამართლოს აზრით, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულებით და თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებით დადგენილია, რომ საექსპერტო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმებისას ადვოკატი თ. ბ-ი მოქმედებდა ბრალდებულ გ. ბ-ის სახელით, მის ინტერესებში და სისხლის საპროცესო სამართლებრივ დაცვის ფარგლებში, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთის უფლებები და მოვალეობები წარმოეშვებოდა მხოლოდ წარმოდგენილ პირს - გ. ბ-ს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

18. კასატორის განცხადებით, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კერძოდ, განჩინების მე-4 პუნქტის ბოლო აბზაცში მითითებულია, რომ საექსპერტო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმებისას ადვოკატი თ. ბ-ი მოქმედებდა ბრალდებულ გ. ბ-ის სახელით, მის ინტერესებში და სისხლის საპროცესოსამართლებრივი დაცვის ფარგლებში, რაც იმთავითვე ცნობილი იყო კასატორისთვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთის უფლებები და მოვალეობები წარმოეშვება მხოლოდ წარმოდგენილ პირს - გ. ბ-ს. მითითებული დებულება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მასალას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნორმის მოთხოვნებს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2012 წლის 05 სექტემბრის განჩინება № ას-127-124-2011).

19. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების საფუძველზე მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების დამკვეთ მხარედ არასწორად მიიჩნია თ. ბ-ის დაცვის ქვეშ მყოფი გ. ბ-ი.

20. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2013 წლის 15 ივლისის №2000653713 ხელშეკრულებაში საექსპერტო მომსახურების შესახებ, არსად არის მითითებული, რომ ხელშეკრულების მხარე იყო გ. ბ-ი. ხელშეკრულება გაფორმდა სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსა და გ. ბ-ის ადვოკატ თ. ბ-ს შორის, რომელსაც ორდერით ევალებოდა ბრალდებულ გ. ბ-ის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა გამოძიების ორგანოებში და ყველა ინსტანციის სასამართლოში. ხელშეკრულების გაფორმებისას თ. ბ-ს არ წარმოუდგენია რწმუნებულება, რომელიც მას მიანიჭებდა უფლებამოსილებას გაეფორმებინა სამოქალაქო გარიგება გ. ბ-ის სახელით. თვით ხელშეკრულებაში არსად არის მითითება იმის თაობაზე, რომ თ. ბ-ი მოქმედებდა სხვა პირის სახელით. აღნიშნულის თაობაზე არაორაზროვნად უნდა ყოფილიყო ასახული ხელშეკრულებაში.

21. კასატორის განცხადებით, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა, ერთის მხრივ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და, მეორეს მხრივ, თ. ბ-ს შორის. მოცემულ შემთხვევაში. თ. ბ-ს გააჩნია სამართალსუბიექტობა, ანუ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართ წარმოშობილ ურთიერთობებში უფლებაუნარიანობა, ქმედუნარიანობა და დელიქტუნარიანობა.

22. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამდენად, მისი აზრით, იმისათვის, რომ სადავო ხელშეკრულებით უფლება-მოვალეობები წარმოეშვას გ. ბ-ს, თ. ბ-ს ხელშეკრულება დადებული უნდა ჰქონდეს თავისი, როგორც წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებში. ხელშეკრულება, რომელიც იყო გაფორმებული საექსპერტო დაწესებულებასა და თ. ბ-ს შორის, თ. ბ-ს არ დაუდია, როგორც წარმომადგენელს სამოქალაქო გარიგებაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან მას ექსპერტიზის ბიუროსათვის არ წარუდგენია მინდობილობა, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იგი უფლებამოსილი იყო გ. ბ-ის სახელით დაედო სამოქალაქო გარიგება (ნარდობის ხელშეკრულება). ხოლო საქმეში არსებული ორდერი ადასტურებდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თ. ბ-ი მოქმედებდა საგამოძიებო ორგანოებში და სასამართლო ორგანოებში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას გ. ბ-ის, როგორც ბრალდებული მხარის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.

23. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა თ. ბ-ის წარმომადგენლობის შესახებ სამოქალაქო გარიგების დადებისას, რამაც წარმოშვა სანარდო ვალდებულებითი ურთიერთობები უშუალოდ თ. ბ-ის მიმართ, ვინაიდან როგორც წესი სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილე ადვოკატებს არ გააჩნიათ დასაცავი პირის სახელით სამოქალაქო გარიგებების დადების უფლებამოსილება და ასეთი უნდა მიეთითოს სპეციალურ მინდობილობაში, რაც თ. ბ-ის მიერ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ბიუროსთვის არ ყოფილა სულ ერთი თუ ვისთან გააფორმებდა ხელშეკრულებას.

24. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში უდავოდ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2013 წლის 15 ივლისის საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო, ერთის მხრივ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა“ და, მეორეს მხრივ, გ. ბ-ის ადვოკატ, თ. ბ-ს შორის. უდავოდ დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას თ. ბ-ი მოქმედებდა, როგორც ბრალდებული გ. ბ-ის ადვოკატი (იხ. ტ.1, ს.ფ.21-23). ხელშეკრულების საგანი იყო ბრალდებული გ. ბ-ის ფსიქიატრიული შემოწმება, რომელიც ჩატარდა გ. ბ-ის მონაწილეობით - სტაციონარში გამოცხადებით (იხ. ტ.1, ს.ფ.24-29).

29. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს არ წარმოუდენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ეს გარემოებები დამტკიცებულად ითვლება საკასაციო სასამართლოსთვის.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ ადვოკატმა თ. ბ-მა ხელშეკრულება ბიუროსთან დადო საკუთარი სახელით. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ხელშეკრულებას ხელს აწერს, როგორც გ. ბ-ის ადვოკატი. საკუთარი სახელით ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, სავსებით საკმარისი იქნებოდა თ. ბ-ის მიერ მხოლოდ საკუთარი სახელისა და გვარის მითითება და საჭიროებას არ წარმოადგენდა იმის აღნიშვნა, რომ იგი არის გ. ბ-ის ადვოკატი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულზე მითითებით თ. ბ-მა დაადასტურა თავისი განზრახვა, რომ ხელშეკრულება დაედო გ. ბ-ის სახელით. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ თ. ბ-მა ხელშეკრულება დადო, როგორც გ. ბ-ის ადვოკატმა, გ. ბ-ის, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, სახელით.

31. თუმცა იმისათვის, რომ დადგინდეს აღნიშნული გარიგებით უფლება-მოვალეობები წარმოეშვა თუ არა გ. ბ-ს, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აუცილებელია შეფასდეს მარწმუნებლის სახელით გარიგების დადებისას მოქმედებდა თუ არა წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის შინაარსიდან არ გამომდინარებს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის უფლებამოსილება ბრალდებულის სახელით დადოს სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებები. სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების დადების უფლებამოსილება პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ადვოკატის რწმუნებულებაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმომადგენლობა თავისთავად არ გულისხმობს სამოქალაქო გარიგებების დადების უფლებამოსილებას, თუნდაც ეს პირდაპირ დაკავშირებული იყოს სასამართლოში მარწმუნებლის უფლებების დაცვასთან.

33. აღნიშნულს არ გულისხმობს არც „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, რომლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.

34. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობისა თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადების უფლებამოსილება მას გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში პირდაპირაა აღნიშნული ასეთი უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე“ (იხ. სუსგ #ას-127-124-2011, 5 სექტემბერი, 2012 წელი).

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ადვოკატი თ. ბ-ი 2013 წლის 15 ივლისის №2000653713 ხელშეკრულების დადებისას არ მოქმედებდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში (მას ასეთი უფლებამოსილება არ წარმოუდგენია), მიუხედავად იმისა, რომ მან ბიუროს მიუთითა საკუთარ წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე და ხელშეკრულება დადო, როგორც ბრალდებული გ. ბ-ის ადვოკატმა.

36. თუმცა, იმ საკითხის განსაზღვრისათვის, წარმოეშვა თუ არა აღნიშნული ხელშეკრულებით უფლება-მოვალეობები გ. ბ-ს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე, რაც, საკასაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რადგან სააპელაციო სასამართლის მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულ გ. ბ-ს ჩაუტარდა სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. აღნიშნული კი ვერ განხორციელდებოდა მისი თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე. ამრიგად, გ. ბ-მა საკუთარი მოქმედებით, კერძოდ, სტაციონარში გამოცხადებითა და სასამართლო ფსიქიატრიული ექპერტიზის პროცესში მონაწილეობით, თანხმობა გამოხატა ბიუროსთან დადებულ 2013 წლის ხელშეკრულებაზე, რითაც დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობა.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ 2013 წლის 15 ივლისის №2000653713 ხელშეკრულებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ წინაშე უფლება-მოვალეობები წარმოეშვა ბრალდებულ გ. ბ-ს და არა მის ადვოკატ თ. ბ-ს.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე