№ ას-526-499-2015 10 თებერვალი 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ააიპ „პ.მ.ს.ე.ა. - პ.ს. და ს.რ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ს.ო.ნ.ც-ი“ (მოპასუხე); ნ.მ-ა, ც.ს-ი, ნ.ქ-ე, მ.ქ-ე, ა.ჯ-ე, ე.ქ-ე, ჟ.თ-ე, ი.ჩ-ე, ხ.დ-ე, დ.ა-ე, თ.ს-ე, ი.ჭ-ი, მ.ღ-ი, ა.ე-ე, ნ.ქ-ა, ნ.ვ-ე, გ.ი-ე, ე.ღ-ი, ნ.დ-ე, ნ.ს-ე, ე.ძ-ი, რ.დ-ე, ა.ჩ-ი, ლ.ს-ე, შ.შ-ი, ნ.ბ-ე, ზ.ც-ე, ი.გ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 23 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.გ-ამ, ნ.მ-ამ, შ.შ-მა, დ.დ-ემ, ე.ქ-ემ, ი.ჭ-მა, ნ.ს-ემ, ი.გ-ემ, ი.გ-მა, ლ.ვ-ემ, ი.ვ-ემ, ნ.ქ-ემ, მ.ქ-ემ, ც.ს-მა, ნ.ვ-ემ, გ.ი-ემ, ე.ღ-მა, გ.მ-ამ, მ.ზ-ემ, ა.გ-ემ, ნ.ბ-ემ, ს.მ-ძემ, თ. რ-მა, ა.ე-ემ, მ.ღ-მა, ი.გ-მა, ი.ჩ-ემ, დ.ა-ემ, ჟ.თ-ემ, ე.ძ-მა, რ.დ-ემ, ა.ჩ-მა, ხ.დ-ემ, ნ.ქ-ამ, ი.დ-ემ, ნ.დ-ემ, ა.ჯ-ემ, მ.ა-ემ, თ.ს-ემ, ლ.ს-ემ და ზ.ც-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,ს.ო.ნ.ც-სა’’ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,პ.მ.ს.ე.ა.-პ.ს-ს და ს.რ.ც-ის’’ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. შპს ,,ს.ო.ნ.ც-ი’’ და ააიპ ,,პ.მ.ს.ე.ა-ა - პ,ს. და ს.რ-ი’’, მოქმედებდნენ რა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ინკურაბელური პაციენტებისთვის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განსახორციელებლად, 2011 წლის 26 დეკემბრიდან სხვადასხვა პერიოდში, შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ დადებული მოსარჩელეებთან.
3. მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის ხელშეკრულებები წერილობითი ფორმით არ გაფორმებულა. მათი შრომითი ურთიერთობა, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, წარმოიშვა ზეპირი გარიგების საფუძველზე. მოსარჩელეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დგინდება მათზე ხელფასების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტებით. დასაქმებულები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით. მოპასუხეებს მათთვის არ უცნობებიათ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ისინი აგრძელებდნენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
4. ყოველი თვის ბოლოს მოსარჩელეები დადგენილი წესით კოორდინატორს წარუდგენდნენ ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ. კოორდინატორი კი დამსაქმებელს აწვდიდა აღნიშნულ ინფორმაციას. მოპასუხეებმა დაარღვიეს ზეპირი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ აუნაზღაურეს სახელფასო დავალიანება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ამრიგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ორივე მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 120 000 ლარის დაკისრება.
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
6. მოპასუხე შპს ,,ო.ნ.ც-ის’’ განცხადებით, შპს ,,ო.ნ.ც-ის’’ შინაგანაწესის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ნარდობრივი სისტემის გამოყენებისას, ხელფასი გაიცემა დაწესებულებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამკვეთის მიერ გადახდის შემდეგ. დამკვეთს კი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ 2013 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. ამიტომ, მისი განმარტებით, ცენტრს მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანება არ წარმოშობია.
7. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ‘’ მიერ განხორციელდა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში, მათი დაწესებულების მიერ 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ინსპექტირება. შემოწმების შედეგად კი სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს’’ მიერ მიჩნეულ იქნა, რომ სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების დარღვევით, რითაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული მოსარჩელეთა მიერ მათი შრომითი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. აღნიშნულის გამოც დაწესებულებას დაეკისრა საკმაოდ დიდი თანხა ჯარიმის სახით.
8. მოპასუხე ,,პ.მ.ს.ე.ა.-პ.ს. და ს.რ-ის’’ განმარტებით, იგი 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, ოზურგეთშიც ახორციელებდა ინკურაბელურ პაციანტთა ამბულატორიული პალიატიურ მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში.
9. მხარეებს შორის არსებული შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ვალდებული იყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს ანაზღაურების მისაღებად მოპასუხისათვის წარედგინა წერილობითი ანგარიში მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, რაც მოსარჩელის მიერ სრულდებოდა მხოლოდ ზეპირი ანგარიშის დონეზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე რიცხავდა მოსარჩელეთა ანგარიშზე თანხებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
10. 2013 წლის მარტის თვიდან მოპასუხე მოსარჩელე მხარისაგან ითხოვს პროგრამაში ჩართული პაციენტების სამედიცინო ისტორიების წარმოდგენას, გაწეული მომსახურების რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისობის კონტროლის მიზნით. სამედიცინო ისტორიები მათი მხრიდან წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ფაქტის გამო არ მოხდა მოსარჩელეების ანგარიშზე ხელფასების ჩარიცხვა.
11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.გ-ას, ნ.მ-ას, შ.შ-ის, დ.დ-ის, ე.ქ-ის, ი.ჭ-ის, ნ.ს-ის, ი.გ-ის, ი.გ-ის, ლ.ვ-ის, ი.ვ-ის, ნ.ქ-ის, მ.ქ-ის, ც.ს-ის, ნ.ვ-ის, გ.ი-ის, ე.ღ-ის, გ.მ-ას, მ.ზ-ის, ა.გ-ის, ნ.ბ-ის, ს.მ-ის,ა.ე-ის, მ.ღ-ის, ი.გ-ის, ი.ჩ-ის, დ.ა-ის, ჟ.თ-ის, ე.ძ-ის, რ.დ-ის, ა.ჩ-ის, ხ.დ-ის, ნ.ქ-ას, ი.დ-ის, ნ.დ-ის, ა.ჯ-ის, მ.ა-ის, თ.ს-ის, ლ.ს-ისა და ზ.ც-ის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,ს.ო.ნ.ც-ის’’ და შპს ,,პ.მ.ზ.ს.ე.ა-ა - პ. ს. და ს. რ-ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, შპს ,,ს.ო.ნ.ც-ს’’ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი შემდეგი ოდენობით: დ.დ-ის მიმართ 3 612 ლარისა და 50 თეთრი, ლ.გ-ას მიმართ - 3 887 ლარი და 68 თეთრი, შ. შ-ის მიმართ - 3 752 ლარი და 48 თეთრი, ი.გ-ის მიმართ - 5248 ლარი და 80 თეთრი, მ.ზ-ის მიმართ - 1 848 ლარი და 18 თეთრი, ა.გ-ის მიმართ - 1 442 ლარი და 10 თეთრი, გ.მ-ს მიმართ - 1 505 ლარი, ი.ვ-ის მიმართ - 1 794 ლარი, ლ.ვ-ის მიმართ - 1 610 ლარი, ნ.ბ-ის მიმართ -1 726 ლარი და 60 თეთრი, ს.მ-ის მიმართ -1 597 ლარი და 30 თეთრი, ი.გ-ის მიმართ - 1 926 ლარი და 74 თეთრი, მ.ა-ის მიმართ - 2 215 ლარი და 30 თეთრი, ი.დ-ის მიმართ - 1 955 ლარი და 90 თეთრი, ზ.ც-ის მიმართ - 2 148 ლარი. მოპასუხეს, შპს ,,პ.მ.ს.ე.ა-ა - პ.ს-ო და ს.რ-ს’’ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ნ.მ-ას მიმართ - 4 882 ლარი, ც.ს-ს მიმართ - 2 240 ლარი, ნ.ქ-ის მიმართ - 2 528 ლარი, მ.ქ-ის მიმართ - 2 066 ლარი, ა.ჯ-ის მიმართ - 2 318 ლარ, ე.ქ-ის მიმართ - 6 143 ლარი, ჟ.თ-ის მიმართ - 2 150 ლარი, ი.ჩ-ის მიმართ - 2 903 ლარი, ხ.დ-ის (გ-ს) მიმართ - 2 792 ლარი, დ.ა-ის მიმართ - 750 ლარი, თ.ს-ის მიმართ - 2 917 ლარი, ი.ჭ-ის მიმართ - 6 062 ლარი, მ.ღ-ის მიმართ - 2 763 ლარი, ა.ე-ის მიმართ - 2 875 ლარის, ნ.ქ-ას მიმართ - 2 879 ლარი, ნ.ვ-ის მიმართ - 2 382 ლარი, გ.ი-ის მიმართ - 1 724 ლარი, ე.ღ-ის მიმართ - 2 699 ლარი, ნ.დ-ის მიმართ - 2 309 ლარი, ნ.ს-ის მიმართ - 5 360 ლარი, ე.ძ-ის მიმართ - 2 388 ლარი, რ.დ-ის მიმართ - 2 632 ლარი, ა.ჩ-ს მიმართ - 2 483 ლარი, ლ.(კ.)ს-ის მიმართ - 2 546 ლარი, შ.შ-ის მიმართ - 374 ლარი, ნ.ბ-ის მიმართ - 523 ლარი, ზ.ც-ის მიმართ - 177 ლარი, ი. გ-ის მიმართ -10.240 ლარი.
12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ს.ო.ნ.ც-მა’’ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ,,პ. მ.ს.ე.ა - პ.ს-ო და ს.რ.ც-მა’’.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა; არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ.მ.ს.ე.ა-ია - პ.ს. და ს.რ.ც-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ააიპ ,,პ. მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ-მა’’, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ.მ.ს.ე.ა. - პ.,ს. და ს.რ.-ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
17. საჩივრის ავტორის (აპელანტის) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,პ.მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ.ც-ის” წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მტკიცებულებად მიუთითა 2015 წლის 16 თებერვლიდან გახსნილი საავადმყოფო ფურცლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გ.ქ-ს დაენიშნა ამბულატორიული მკურნალობა მწვავე ბრონქიტის დიაგნოზის შესაბამისად. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სხდომის დღეს, რამდენიმე საათით ადრე, შეატყობინა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწეს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ.
18. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით (სერია ად №799036) დადგენილად მიიჩნია, რომ იგი გაცემულია შპს ,,მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკის” მიერ 2015 წლის 16 თებერვალს ,,ბ.ე.ს.კ-ის“ ადვოკატ გ.ქ-ზე; პაციენტს დაესვა დიაგნოზი: მწვავე რესპირაციული დაავადება, დასკვნითი დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი; მკურნალობის რეჟიმი: ამბულატორიული; გრაფაში: ,,ექიმის თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა” ხელს ნ.გ-ე-ჯ-ძე აწერს, ხოლო გრაფა: ,,სამედ. დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა” - ცარიელია.
19. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განმარტა, რომ კანონი აწესებს ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტის სავალდებულო რეკვიზიტებს: ა) იგი ხელმოწერილი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) მასში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
20. სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი ხელმოუწერელია შპს ,,მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკის” ხელმძღვანელის მიერ. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექიმი ნ. გ-ჯ-ე იმავდროულად სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელიცაა. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ თავისთავად, დაავადება - მწვავე ბრონქიტი, თუ იგი დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით გაცემული სამედიცინო ცნობით, ნამდვილად იქნებოდა მიჩნეული გ.ქ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის საპატიო მიზეზად, რადგან, ნებისმიერი საშუალო განვითარების ადამიანისათვის დამახასიათებელი ზოგადი ცოდნის შესაბამისად, მწვავე ბრონქიტი (მაღალი ტემპერატურით, თავისა და ყელის ძლიერი ტკივილით და სხვ.) მიუთითებს ადამიანის იმგვარ მდგომარეობაზე, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს ქალაქ თბილისიდან ქალაქ ქუთაისში სასამართლო პროცესზე დასასწრებად ხანგრძლივ მგზავრობას და საქმის განხილვაში სრულფასოვან მონაწილეობას. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით გაფორმებული სამედიცინო ცნობით ვერ დადასტურდა აპელანტის წარმომადგენლის 2015 წლის 19 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა ,,პ.მ.ს.ე.ა. - პ.,ს. და ს.რ.ც-მა’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
22. ააიპ ,,პ.მ.ს.ე.ა - პ.,ს.ს.რ.ცის’’ (შემდგომში: ,,ცენტრი’’) სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2015 წლის 19 თებერვალს - 16:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტს ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
23. 2015 წლის 16 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (დასკვნითი დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი) აპელანტის წარმომადგენელი გ.ქ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე). მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად 2015 წლის 18 თებერვლის საღამოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის გამოც მას გადაწყვეტილი ჰქონდა მეორე დღეს ქუთაისში გამგზავრება პროცესზე დასასწრებად.
24. 2015 წლის 19 თებერვალს დილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ გაუარესების გამო (მაღალი ტემპერატურა, თავის და ყელის ძლიერი ტკივილი და სხვ.), გ.ქ-მა ფიზიკურად ვერ შეძლო თბილისიდან გამგზავრება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება. ერთადერთი, რაც მან მოახერხა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (10:30 სთ-ზე) საკუთარი მობილური ტელეფონით (577 55 80 11) დაუკავშირდა და ხსენებულის შესახებ აცნობა მოსამართლის (დ.გ-ის) თანაშემწეს, რომელსაც განუმარტა, რომ საავადმყოფო ფურცელს მისი დახურვისთანავე წარუდგენდა სასამართლოს.
25. კასატორის განცხადებით, სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა მთავარი ექიმის მიერ (რომელიც ამავდროულად ასრულებდა მკურნალი ექიმის მოვალეობასაც) ხელმოწერილი და დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული საავადმყოფო ფურცელი (სერია: ად № 799036); ასევე, განხორციელებული ზარების ამსახველი დეტალური ამონაწერი, რომლითაც დასტურდება გ.ქ-ის მიერ სასამართლოსათვის ზეპირი შეტყობინების გაკეთების ფაქტი; შპს ,,მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკის’’ დირექტორის მიერ 2015 წლის 13 მაისს გაცემული ცნობა №2, რომლითაც დადასტურებულია საავადმყოფო ფურცლის გაცემის ფაქტი და მისი საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საავადმყოფო ფურცელში მითითებული დიაგნოზით გ.ქ-ი ვერ შეძლებდა თბილისიდან ქუთაისში პროცესზე დასასწრებად გამგზავრებას, თუმცა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი გაცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაცემისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები.
26. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ’’ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მკურნალ ექიმს უფლება აქვს საავადმყოფო ფურცელი გასცეს ერთპიროვნულად და ერთდროულად - 10 კალენდარულ დღემდე. შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. ამავე ბრძანების მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საავადმყოფო ფურცელი გაიცემა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) თანხმობით, ის საავადმყოფო ფურცელს ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდის დასმით გრაფაში ,,ექიმის ხელმოწერა’’.
27. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია კანონი, როდესაც არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გ.ქ-მა შეატყობინა სასამართლოს მისი ავადმყოფობისა და სასამართლო სხდომაზე თბილისიდან ქუთაისში გამგზავრების შეუძლებლობის შესახებ, ანუ ადგილი ჰქონდა დაუძლეევლ ძალას და მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 თებერვლის განჩინებით ააიპ „პ.მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ააიპ „პ.მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს. რ.ის“ საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტი ორგანიზაციის (ააიპ „პ.მ.ს.ე.ა. - პ.,ს. და ს.რ-ის“) წარმომადგენელს, გ.ქ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სხდომის თარიღი 2015 წლის 13 თებერვალს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 204). უწყება იმავე დღეს ჩაბარდათ მეორე აპელანტის, შპს „ს.ო.ნ.ც-ის“ დირექტორს, თ. ბ-ს და მოწინააღმდეგე მხარეების ლ.გ-ას, ნ.მ-ასა და სხვათა წარმომადგენელს ნ. დ-ს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 203, 205).
32. დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის 19 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის, ააიპ „პ.მ.ს.ე.ა. - პ., ს. და ს. რ-ის“ წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე (იხ. ტ. 2. ს.ფ. 208-212).
33. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
35. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
36. როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, საპატიო მიზეზად კი, იგი მიიჩნევს შემდეგს:
37. 2015 წლის 16 იანვრიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (დასკვნითი დიაგნოზი: მწვავე ბრონქიტი) აპელანტის წარმომადგენელი გ.ქ-ი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე (ბიულეტენზე). მედიკამენტოზური ჩარევის შედეგად, 2015 წლის 18 თებერვლის საღამოს მდგომარეობა გაუმჯობესდა, რის გამოც მას გადაწყვეტილი ჰქონდა მეორე დღეს ქუთაისში გამგზავრება პროცესზე დასასწრებად.
38. 2015 წლის 19 თებერვალს დილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ გაუარესების გამო (მაღალი ტემპერატურა, თავის და ყელის ძლიერი ტკივილი და სხვ.), გ.ქ-მა ფიზიკურად ვერ შეძლო თბილისიდან გამგზავრება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება. ერთადერთი, რაც მან მოახერხა, სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (10:30 სთ-ზე) საკუთარი მობილური ტელეფონით (577 55 80 11) დაუკავშირდა და ხსენებულის შესახებ აცნობა მოსამართლის (დ.გ-ს) თანაშემწეს, რომელსაც განუმარტა, რომ საავადმყოფო ფურცელს მისი დახურვისთანავე წარუდგენდა სასამართლოს. ამასთან, საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო შპს „მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკის“ ექიმის, ნ.გ-ჯ-ის მიერ ხელმოწერილი და ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული საავადმყოფო ფურცელი და აღნიშნა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
40. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
41. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს ავადმყოფობით ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული ავადმყოფობა ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა); 3. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ჩანაწერი იმპერატიულია და სასამართლოს ავალდებულებს გამოიკვლიოს გამოუცხადებლობის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმომწერი პირისა და მასში გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე მითითების არსებობა.
42. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით გაფორმებული სამედიცინო ცნობით არ დასტურდებოდა აპელანტის წარმომადგენლის, გ.ქ-ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა ავადმყოფობის გამო.
43. საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლით ირკვევა, რომ გ.ქ-მა სამედიცინო დაწესებულებას შპს „მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკას“ მიმართა 2015 წლის 16 თებერვალს. საავადმყოფო ფურცელში მითითებულია, რომ პაციენტს დაესვა დიაგნოზი - მწვავე ბრონქიტი და 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 26 თებერვლამდე განესაზღვრა სამუშაოდან გათავისუფლების რეჟიმი. დოკუმენტზე ასევე დასმულია დაწესებულების ბეჭედი და ხელმოწერილია ექიმის მიერ (იხ. ტ. 2. ს.ფ. 239). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმპერატიული დანაწესი ავადმყოფობის კანონით დადგენილი წესით დადასტურების თაობაზე, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. თუმცა პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის (სააპელაციო საჩივრის ავტორის) მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოს უნდა მიეჩნია აპელანტ ააიპ „პ. მ.ს. ე. ა. - პ.,ს. და ს.რ-ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
44. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი - ააიპ „პ.მ.ს.ე.ა. - პ.,ს. და ს.რ-ი“ არის იურიდიული პირი, რომლის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენს ადვოკატი გ.ქ-ი. დადგენილია ასევე, რომ გ.ქ-ს სააპელაციო სასამართლოში 2015 წლის 19 თებერვალს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა 2015 წლის 13 თებერვალს, ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 2015 წლის 16 თებერვალს. აღნიშნული საავადმყოფო ფურცლით მას განესაზღვრა სამუშაოდან გათავისუფლების რეჟიმი 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 26 თებერვლამდე. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2015 წლის 16 თებერვლიდან (საავადმყოფო ფურცელზე გადასვლიდან) 2015 წლის 19 თებერვლამდე (სასამართლო სხდომამდე) საკმაო დროს ჰქონდა იმისათვის, რათა საკუთარი მარწმუნებლისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე, რაც ააიპ „პ.მ.ს.ე.ა.-პ., ს. და ს. რ-ს“ საკუთარი უფლებების სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით დაცვის შესაძლებლობას მისცემდა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საპროცესო მხარეა იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლის ავადმყოფობა ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ.ქ-მა ავადმყოფობისა და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ მარწმუნებელს, ხოლო ორგანიზაციამ ინფორმაციის მიწოდებიდან სასამართლო პროცესის ჩატარებამდე ვერ შეძლო მისი ჩანაცვლება სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლით ობიექტური მიზეზების გამო (მაგ. დროის სიმცირის გამო). შესაბამისად, საჩივრის ავტორის მითითება, რომ მან ზემოაღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენა საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწე, ვერ მიიჩნევა ორგანიზაციის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საკმარის საფუძვლად.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია და იგი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, ააიპ „პ. მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ.-ის“ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ააიპ „პ.მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. კასატორ ააიპ „პ.მ.ს.ე.ა.-პ.,ს. და ს.რ-ს“ (ს/კ:…) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 4055.25 ლარის გადახდა;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე