№ ას-407-387-2015 11 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. წ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ვ-ე, გ. ვ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 18 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მშენებლობის დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. ვ-ემ და გ. ვ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. წ-ის მიმართ და მოითხოვეს უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი, მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა და ი. წ-ის ლ. და გ. ვ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აკრძალვა შემდეგი დასაბუთებით:
2. 1999 წლის 9 ოქტომბრისა და ამავე წლის 2 დეკემბრის ხელშეკრულებების საფუძველზე გ. ვ-ემ მ. ფ-ან დაბა ურეკში შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწის ორი ნაკვეთი, თითოეული 400 კვ. მეტრი, სულ 800 კვ. მეტრი. გ. ვ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 სექტემბერს და აღნიშნული ქონება მემკვიდრეობით მიიღეს შვილებმა, მოსარჩელეებმა - ლ. და გ. ვ-მა. იგივე მიწის ნაკვეთი მ. ფ-მა ხელმეორედ მიჰყიდა ვ. ზ-ეს 2006 წლის 28 სექტემბერს გ. ვ-ის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში. თავის მხრივ, ზ-ემ ნაკვეთი 2006 წლის 9 ოქტომბერს მიჰყიდა მოპასუხე ი. წ-ეს, რომელმაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ნაკვეთზე უკანონოდ ააშენა ორი შენობა.
3. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს ამ მშენებლობის ნებართვა არ მიუღია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან. მიწის ნაკვეთი მოპასუხეს საკუთრებაში რეგისტრირებული არ აქვს, ვინაიდან აღნიშნულზე საჯარო რეესტრმა უარი განუცხადა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან უკანონო მშენებლობას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ნაკვეთი მან შეიძინა 2006 წელს და საჯარო რეესტრიდან მიღებული აქვს მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა. მოპასუხის განცხადებით, მშენებლობის პროცესში მისთვის არავის წარუდგენია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც გაუფრთხილებია ვინმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშენებლობას შეაჩერებდა.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ის და გ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ი. წ-ეს დაეკისრა ლ. და გ. ვ-ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, საკადასტრო კოდი №..., საკუთარი ხარჯებით უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში (შენობების აშენებამდე) აღდგენა.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. წ-ემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 თებერვლის განჩინებით ი. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. 1999 წლის 2 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ფასიეშვილმა ოზურგეთის რაიონის დაბა ურკეში N206 სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N207) მიჰყიდა გ. ვ-ეს.
10. 1999 წლის 9 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. ფ-მა ოზურგეთის რაიონის დაბა ურკეში N206 სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 400 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი (მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N206) მიჰყიდა გ. ვ-ეს.
11. გ. ვ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 სექტემბერს.
12. მოსარჩელეები ლ. და გ. ვ-ეები არიან აწ გარდაცვლილი გ. ვ-ის შვილები.
13. ლ. და გ. ვ-ეებმა 2007 წლის 30 მარტს მიიღეს სამკვიდრო ქონება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნკვეთი, ფართით 800 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი N.... მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში.
14. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით N...2010 წლის 5 მაისის მონაცემებით რეგისტრირებულია მოსარჩელეების ლ. და გ. ვ-ეების სახელზე.
15. 2006 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ფ-მა გ. ვ-ეზე გაყიდული ნაკვეთი მიჰყიდა ვ. ზ-ეს.
16. 2006 წლის 9 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. ზ-ემ ოზურგეთის რაიონის დაბა ურკეში მდებარე 400.58 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი (სექტორი - დაბა ურეკი, კოდი - 28, კვარტალი - 02, ნაკვეთის ნომერი - 253) მიჰყიდა ი. წ-ეს.
17. 2006 წლის 9 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ვ. ზ-ემ ოზურგეთის რაიონის დაბა ურკეში მდებარე 399.44 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი (სექტორი - დაბა ურეკი, კოდი - 28, კვარტალი - 02, ნაკვეთის ნომერი - 254) მიჰყიდა ი. წ-ეს.
18. ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (სექტორი - დაბა ურეკი, კოდი - 28, კვარტალი - 02, ნაკვეთის ნომერი - 254, ფართობი - 399.44 კვ.მეტრი) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების მოწმობა გაცემულია ი. წ-ის სახელზე (განაცხადის რეგისტრაციის N26/06/02906, თარიღი 09.10.2006 წელი).
19. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის N962 პასუხის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაბა ურეკში N... მიწის ნაკვეთზე მოქალაქე ი. წ-ეზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.
20. ქუთაისის საპელაციო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ი. წ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ლ. და გ. ვ-ეების მიმართ სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამასთან, რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.
21. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები შეძენილია გ. ვ-ის მიერ ფ-ან 1999 წელს და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში პირველია. ანუ გ. ვ-ემ ფასიეშვილისაგან სადავო მიწის ნაკვეთები შეიძინა 7 წლით ადრე.
22. პალატამ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან ლ. და გ. ვ-ეები. მათი საკუთრების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ძალაშია. ზ-ეზე მიწის ნაკვეთის მიყიდვისას, 2006 წელს ფ-ი არ იყო ნივთის მესაკუთრე, არამედ მესაკუთრეები იყვნენ ვ-ეები. ანუ სადავო მიწის ნაკვეთი გაიყიდა ორჯერ უკანონოდ. ხელმეორედ მიწის ნაკვეთის გაყიდვა კი მოხდა საჯარო რეესტრის მხრიდან უძრავი ქონების ბაზის გადაუმოწმებლად.
23. ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით რეესტრის სამსახურმა უარი უთხრა ი. წ-ეს სადავო მიწის ნაკვეთების მის საკუთრებაში რეგისტრაციაზე, რაც მხარის მიერ არ გასაჩივრებულა.
24. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობა, რომელიც აწარმოა ი. წ-ემ უკანონოა და არ არსებობს მისი კანონიერების დამადასტურებელი საბუთი, ამასთან, ის, მართალია, აშენებულია ი. წ-ის ხარჯით, მაგრამ ვ-ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
25. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები.
26. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-12 მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად შეესწავლა სადავო მიწის ფართთან დაკავშირებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა მასთან დაცულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი ურთიერთშესაბამისობის შემთხვევაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება სადაო მიწის ფართზე ახალი უფლების რეგისტრაციის შესახებ.
27. პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ სწორად განმარტა, რომ დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა. არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარარელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. თუ სახეზეა ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიეკუთვნოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინსმწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.
28. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ერთსა და იმავე უძრავ ნივთზე ლ. და გ. ვ-ეების საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უფრო ადრე, ვიდრე ი. წ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი არის ლ. და გ. ვ-ეების საკუთრება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მშენებლობა, რომელიც აწარმოა ი. წ-ემ, უკანონოა და არ არსებობს მისი კანონიერების დამადასტურებელი საბუთი. ამასთან, მართალია, იგი აშენებულია ი. წ-ის ხარჯით, მაგრამ ვ-ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ქონების მესაკუთრეებს - ლ. და გ. ვ-ეებს სრული უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე განთავსებული უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში (შენობების აშენებამდე) აღდგენა.
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. წ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
30. კასატორის განცხადებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოპასუხეს დაავალა უძრავი ქონების დემონტაჟი და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, თუმცა საერთოდ არ იმსჯელა მოსარჩელეთა მეორე მოთხოვნაზე, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას უკავშირდება.
31. სასამართლომ უდავოდ დადგენილ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ი. წ-ემ უძრავი ნივთი შეიძინა კანონის სრული დაცვით მესაკუთრისგან, რომელსაც გააჩნდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ანუ რეგისტრირებული იყო საკუთრების უფლება და არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ-ის საკუთრების უფლების შესახებ, რაზეც ვრცელდება უტყუარობის პრეზუმფცია. ეს გარემოება არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ.
32. სასამართლო არ მსჯელობს ი. წ-ის საკუთრების უფლებაზე, ასევე არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი. წ-ის მიმართ მშენებლობის განხორციელების შესახებ არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუტანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი შეჩერების ან რაიმე აკრძალვის თაობაზე. წ-ემ მშენებლობა აწარმოა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
33. კასატორის განცხადებით, ფასეიშილმა მის სახელზე რიცხული ნივთი კანონის დაცვით მიჰყიდა ზ-ეს და თუ საჯარო რეესტრმა ეს არ გადაამოწმა, რა შუაშია წ-ის საკუთრების უფლება. მან ხომ ნივთი შეიძინა კანონის სრული დაცვით და არსებობდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაც ადასტურებდა ნივთის ზ-ისადმი საკუთრებას. კასატორის აზრით, სასამართლო ეწინააღმდეგება თვის მოსაზრებას, რომ რეგისტრაციის ჩანაწერით გაუქმდა ვ-ის საკუთრების უფლება.
34. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელიც უნდა გამოეყენებინა), თუმცა არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, ი. წ-ე ფლობს მის საკუთრებაში არსებულ ნივთს, რომელიც შეიძინა კანონის სრული დაცვით. მას, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს აქვს და ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ უძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრირებული იყო ზ-ეზე, არსებობდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, შეიძინა უძრავი ნივთი და დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. ამ გარემოებას არც სასამართლო თვლის სადაოდ. ესე იგი, წ-ეს ჰქონდა ქონების ფლობის და სარგებლობის უფლება და იგი ბოროტად არ იყენებს ამ უფლებას.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით ი. წ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ №ას-314-299-2013; №ბს-367-363(კ-12); №ბს-359-349(4კ-13)), სადაც განმარტებულია, რომ სარეგისტრაციო ჩანაწერთა დუბლირებისას მხედველობაშია მისაღები რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა და უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.
41. ამრიგად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ, ი. წ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს ა. ხ-ას (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 16 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე