Facebook Twitter

№ ას-526-499-2015 10 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ო. ნ. ც-ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ააიპ ,,პ. მზ. სა. ე. ა. - პ., ს., ს. რ-ი’’ (მოპასუხე); დ. დ-ე, ლ. გ-ა, შ. შ-ი, ი. გ-ე, მ. ზ-ე, ა. გ-ე, გ. მ-ა, ი. ვ-ე, ლ. ვ-ე, ნ. ბ-ე, ს. მ-ე, ი. გ-ი, მ. ა-ე, ი. დ-ე, ზ. ც-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. გ-ამ, ნ. მ-ამ, შ. შ-მა, დ. დ-ემ, ე. ქ-ემ, ი. ჭ-მა, ნ. ს-ემ, ი. გ-ემ, ი. გ-მა, ლ. ვ-ემ, ი. ვ-ემ, ნ. ქ-ემ, მ. ქ-ემ, ც. ს-მა, ნ. ვ-ემ, გ. ი-ემ, ე. ღ-მა, გ. მ-ამ, მ. ზ-ემ, ა. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ს. მ-ემ, თ. რ-მა, ა. ე-ემ, მ. ღ-მა, ი. გ-მა, ი. ჩ-ემ, დ. ა-ემ, ჟ. თ-ემ, ე. ძ-მა, რ. დ-ემ, ა. ჩ-მა, ხ. დ-ემ, ნ. ქ-ამ, ი. დ-ემ, ნ. დ-ემ, ა. ჯ-ემ, მ. ა-ემ, თ. ს-ემ, ლ. ს-ემ და ზ. ც-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,ს. ო. ნ. ც-სა’’ და ა. (ა.) ი. პ. ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ, ს. და ს. რ. ც-ის’’ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. შპს ,,ს. ო. ნ. ც-ი’’ და ა. (ა.) ი. პ. ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ, ს. და ს. რ. ც-ი’’, მოქმედებდნენ რა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ინკურაბელური პაციენტებისთვის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის განსახორციელებლად, 2011 წლის 26 დეკემბრიდან სხვადასხვა პერიოდში, შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ დადებული მოსარჩელეებთან.

3. მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის ხელშეკრულებები წერილობითი ფორმით არ გაფორმებულა. მათი შრომითი ურთიერთობა, როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, წარმოიშვა ზეპირი გარიგების საფუძველზე. მოსარჩელეებზე გაწეული შრომის ანაზღაურების ფაქტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დგინდება მათზე ხელფასების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტებით. დასაქმებულები თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით. მოპასუხეებს მათთვის არ უცნობებიათ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ და ისინი აგრძელებდნენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

4. ყოველი თვის ბოლოს მოსარჩელეები დადგენილი წესით კოორდინატორს წარუდგენდნენ ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ. კოორდინატორი კი დამსაქმებელს აწვდიდა აღნიშნულ ინფორმაციას. მოპასუხეებმა დაარღვიეს ზეპირი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ აუნაზღაურეს სახელფასო დავალიანება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. ამრიგად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ორივე მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 120 000 ლარის დაკისრება.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

6. მოპასუხე შპს ,,ო. ნა. ც-ის’’ განცხადებით, შპს ,,ო. ნა. ც-ის’’ შინაგანაწესის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ნარდობრივი სისტემის გამოყენებისას, ხელფასი გაიცემა დაწესებულებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამკვეთის მიერ გადახდის შემდეგ. დამკვეთს კი, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს’’ 2013 წლის 1 აპრილის შემდგომ პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. ამიტომ, მისი განმარტებით, ცენტრს მოსარჩელეების მიმართ სახელფასო დავალიანება არ წარმოშობია.

7. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ‘’ მიერ განხორციელდა ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში, მათი დაწესებულების მიერ 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდში გაწეული სამედიცინო მომსახურების ინსპექტირება. შემოწმების შედეგად კი სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს’’ მიერ მიჩნეულ იქნა, რომ სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნების დარღვევით, რითაც ეჭვქვეშ იქნა დაყენებული მოსარჩელეთა მიერ მათი შრომითი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. აღნიშნულის გამოც დაწესებულებას დაეკისრა საკმაოდ დიდი თანხა ჯარიმის სახით.

8. მოპასუხე ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ. სა. და ს. რ-ის’’ განმარტებით, იგი 2012 წლის 20 დეკემბრიდან 2013 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, ოზურგეთშიც ახორციელებდა საქმიანობას ინკურაბელურ პაციანტთა ამბულატორიული პალიატიურ მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში.

9. მხარეებს შორის არსებული შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ვალდებულნი იყვნენ ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს ანაზღაურების მისაღებად მოპასუხისათვის წარედგინათ წერილობითი ანგარიში მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, რაც მოსარჩელეების მიერ სრულდებოდა მხოლოდ ზეპირი ანგარიშის დონეზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარე რიცხავდა მოსარჩელეთა ანგარიშზე თანხებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

10. 2013 წლის მარტის თვიდან მოპასუხე მოსარჩელე მხარისაგან ითხოვს პროგრამაში ჩართული პაციენტების სამედიცინო ისტორიების წარმოდგენას, გაწეული მომსახურების რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისობის კონტროლის მიზნით. სამედიცინო ისტორიები მათი მხრიდან წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ფაქტის გამო არ მოხდა მოსარჩელეების ანგარიშზე ხელფასების ჩარიცხვა.

11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ას, ნ. მ-ას, შ. შ-ის, დ. დ-ის, ე. ქ-ის, ი. ჭ-ის, ნ. ს-ის, ი. გ-ის, ი. გ-ის, ლ. ვ-ის, ი. ვ-ის, ნ. ქ-ის, მ. ქ-ის, ც. ს-ის, ნ. ვ-ის, გ. ი-ის, ე. ღ-ის, გ. მ-ას, მ. ზ-ის, ა. გ-ის, ნ. ბ-ის, ს. მ-ის,ა. ე-ის, მ. ღ-ის, ი. გ-ის, ი. ჩ-ის, დ. ა-ის, ჟ. თ-ის, ე. ძ-ის, რ. დ-ის, ა. ჩ-ის, ხ. დ-ის, ნ. ქ-ას, ი. დ-ის, ნ. დ-ის, ა. ჯ-ის, მ. ა-ის, თ. ს-ის, ლ. ს-ისა და ზ. ც-ის სარჩელი, მოპასუხეების შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის’’ და შპს ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ. ს. და ს. რ-ის’’-ს მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს, შპს ,,ს. ო. ნ. ც-ს’’ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი შემდეგი ოდენობით: დ. დ-ის მიმართ 3 612 ლარისა და 50 თეთრი, ლ. გ-ას მიმართ - 3 887 ლარი და 68 თეთრი, შ. შ-ის მიმართ - 3 752 ლარი და 48 თეთრი, ი. გ-ის მიმართ - 5248 ლარი და 80 თეთრი, მ. ზ-ის მიმართ - 1 848 ლარი და 18 თეთრი, ა. გ-ის მიმართ - 1 442 ლარი და 10 თეთრი, გ. მ-ას მიმართ - 1 505 ლარი, ი. ვ-ის მიმართ - 1 794 ლარი, ლ. ვ-ის მიმართ - 1 610 ლარი, ნ. ბ-ის მიმართ -1 726 ლარი და 60 თეთრი, ს. მ-ის მიმართ -1 597 ლარი და 30 თეთრი, ი. გ-ის მიმართ - 1 926 ლარი და 74 თეთრი, მ. ა-ის მიმართ - 2 215 ლარი და 30 თეთრი, ი. დ-ის მიმართ - 1 955 ლარი და 90 თეთრი, ზ. ც-ის მიმართ - 2 148 ლარი. მოპასუხეს, შპს ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ. ს. და ს. რ-ს’’ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ნ. მ-ას მიმართ - 4 882 ლარი, ც. ს-ს მიმართ - 2 240 ლარი, ნ. ქ-ის მიმართ - 2 528 ლარი, მ. ქ-ის მიმართ - 2 066 ლარი, ა. ჯ-ის მიმართ - 2 318 ლარ, ე. ქ-ის მიმართ - 6 143 ლარი, ჟ. თ-ის მიმართ - 2 150 ლარი, ი. ჩ-ის მიმართ - 2 903 ლარი, ხ. დ-ის (გ-ას) მიმართ - 2 792 ლარი, დ. ა-ის მიმართ - 750 ლარი, თ. ს-ის მიმართ - 2 917 ლარი, ი. ჭ-ის მიმართ - 6 062 ლარი, მ. ღ-ის მიმართ - 2 763 ლარი, ა. ე-ის მიმართ - 2 875 ლარის, ნ. ქ-ას მიმართ - 2 879 ლარი, ნ. ვ-ის მიმართ - 2 382 ლარი, გ. ი-ის მიმართ - 1 724 ლარი, ე. ღ-ის მიმართ - 2 699 ლარი, ნ. დ-ის მიმართ - 2 309 ლარი, ნ. ს-ის მიმართ - 5 360 ლარი, ე. ძ-ის მიმართ - 2 388 ლარი, რ. დ-ის მიმართ - 2 632 ლარი, ა. ჩ-ს მიმართ - 2 483 ლარი, ლ. (კ.) ს-ის მიმართ - 2 546 ლარი, შ. შ-ის მიმართ - 374 ლარი, ნ. ბ-ის მიმართ - 523 ლარი, ზ. ც-ის მიმართ - 177 ლარი, ი. გ-ის მიმართ -10.240 ლარი.

12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,ს. ო. ნ. ც-მა’’ და ა. (ა.) ი. პ. ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ, ს. და ს. რ. ც-მა’’.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა; ა. (ა.) ი. პ. ,,პ. მ. ს. ე. ა. - პ, ს. და ს. რ. ც-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცველელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ააიპ ,,პ. მ. ს. ერ. ა.- პ, ს. და ს. რ-მა’’, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით ა. (ა.) ი. პ.,,პა. მზ. ს. ე. ა. - პ, ს. და ს. რ-ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

17. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ზეპირი ფორმით არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებმა შეასრულეს გარკვეული სამუშაო. ამ სამუშაოს ღირებულება დააფიქსირა თავად მოპასუხე მხარემ 2014 წლის 8 ივლისის №59 წერილით (ტ. 1, ს.ფ. 167-169) და მისი ანაზღაურება დაუკავშირა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სრულად დაფინანსებას თითოეულ მოსარჩელეზე შემდეგი ოდენობით: დ. დ-ე - 3612.5 ლარი, ლ. გ-ა - 3887.68 ლარი, შ. შ-ი - 3752.48 ლარი, ი. გ-ე - 5248.8 ლარი, მ. ზ-ე - 1848.18 ლარი, ა. გ-ე - 1442.1 ლარი, გ. მ-ა - 1505 ლარი, ი. ვ-ე -1794 ლარი, ლ. ვ-ე - 1610 ლარი, ნ. ბ-ე - 1726.6 ლარი, ს. მ-ე - 1597.3 ლარი, ი. გ-ი - 1926.74 ლარი, მ. ა-ე - 2215.3 ლარი, ი. დ-ე - 1955.9 ლარი, ზ. ც-ე - 2148 ლარი.

18. პალატამ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირება ვერ გახდებოდა მოსარჩელეებზე ხელფასის გაცემის შეჩერების საფუძველი; ეს გარემოება დაადასტურა თავად სააგენტომაც, 2014 წლის 27 იანვრის №02/6112 წერილით (ტ.1, ს.ფ.170), რადგან მოსარჩელენი ითხოვდნენ ხელფასის ანაზღაურებას 2013 წლის 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე გაწეული სამუშაოსათვის, სააგენტომ კი განახორციელა ინსპექტირება 2011 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 21 იანვრის №04/4186 წერილით (ტ.1, ს.ფ. 215-222) შპს ,,ს. ო. ნ.ც-ს” გადაეგზავნა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმად, სააგენტო აცხადებდა თანხმობას 2013 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდში გაწეული მომსახურებისათვის ცენტრისათვის გადაერიცხა საერთო ჯამში 78 991 ლარი, რაზეც ცენტრმა 2014 წლის 30 იანვრის №8 წერილით (ტ1,ს.ფ.223) განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ მიღება-ჩაბარების აქტებში დაკორექტირებულ თანხებს არ ეთანხმებოდა და ასაჩივრებდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს, რომელიც საფუძვლად დაედო ამ დაკორექტირებას.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის” შინაგანაწესზე, რომლის IV პუნქტის ბოლო აბზაცით დადგენი., რომ შრომის ნარდობრივი სისტემის გამოყენებისას ხელფასი გაიცემა დაწესებულებაში შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამკვეთის მიერ გადახდის შემდეგ (ტ. 1, ს.ფ. 206-214). თუმცა, პალატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელენი გაეცნენ ამ შინაგანაწესს და გამოთქვეს თანხმობა აღნიშნული შინაგანაწესი ქცეულიყო მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

21. გარდა ამისა, პალატამ დაადგინა, რომ დამკვეთი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო - მზად იყო გადმოერიცხა შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის” 78 991 ლარი, რაც აჭარბებდა მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ თანხას (საერთო ჯამში - 36 270.58 ლარი), რაზეც ცენტრმა განაცხადა უარი.

22. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ამავე კოდექსის 34-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში მოსარჩელეებზე ყოველთვიური ხელფასი არ გაცემულა. ასევე დაადგინა, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, დამსაქმებელი შპს ,,ს. ო. ნ. ც-ი” ვალდებული იყო 2013 წლის 1 ოქტომბრიდან არაუგვიანეს 7 დღისა მოეხდინა მოსარჩელე დასაქმებულებთან საბოლოო ანგარიშსწორება, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ს. ო. ნ. ც-მა‘’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

24. კასატორის განცხადებით, მას გადაეცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი, რომელზეც არ არის მოსამართლის ხელმოწერა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, (საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი) და არ გაიზიარა მოპასუხის არაერთი განმარტება, რომ შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის’’ შინაგანაწესი წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებების ნაწილს, რაც მოწინააღმდეგე მხარესაც არ გაუხდია სადავოდ. სასამართლოს შრომის შინაგანაწესის პირობები უნდა გაევრცელებინა შრომით ურთიერთობებზე, უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტით და ვინაიდან შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

26. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან ანგარიშსწორება შეჩერებული იყო სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს’’ მიერ სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების გამო. შესაბამისად, არასწორად დაეყრდნო ამავე სააგენტოს უფროსის წერილს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის რევიზია არ წარმოადგენს მომსახურების მიმწოდებლის მიერ არსებული ვალდებულებების (გაწეული მომსახურების ანაზღაურების) შეჩერების საფუძველს. ამასთან, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელებული მომსახურების ხარისხი ქცეულია სადავოდ და ეს საკითხი განიხილება სასამართლო წესით.

27. კასატორის განმარტებით, ვინაიდან შრომის ანაზღაურება გაიცემა შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ხარისხისა და მოცულობის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე კი დასაქმებული იყო მხოლოდ ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ მათ მიერ მომსახურება გაწეული იყო ზემოთ ხსენებული სახელმწიფო პროგრამის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოწინააღმდეგე მხარეს კი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

28. ამასთან, სასამართლო უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტო’’ მზად იყო გადმოერიცხა შპს ,,ს. ო. ნ. ც-ის’’ 78 991 ლარი, მაგრამ არ აღნიშნავს, რომ ეს გაწეული მომსახურების სრული მოცულობის - 225 445 ლარის მხოლოდ 35 %-ს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 65%-ის მოთხოვნის მართლზომიერება კი სადავოდ არის გამხდარი.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „ს. ო. ნ. ც-ის’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ო. ნ. ც-ის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

33. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს გააჩნდა ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. ის გარემოება, რომ მოსარჩელეები გაეცნენ შრომის შინაგანაწესს, რის შედეგადაც ეს დოკუმენტი შრომითი ხელშეკრულების ნაწილი გახდა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, მოპასუხის მითითება შინაგანაწესით განსაზღვრული წესის შესაბამისად დავალიანების ანაზღაურების შეუძლებლობაზე არ იქნა გაზიარებული პალატის მიერ.

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

35. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას შრომის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულების ურთიერთმიმართების თაობაზე, თუმცა, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ პირობის დადგომისათვის სავალდებულოა დასტურდებოდეს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე დასაქმებულისათვის შინაგანაწესის გაცნობის, ხოლო შემდგომ - მასში შეტანილი ცვლილებების გაცნობის ფაქტი. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი დამსაქმებელს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლის), რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დაძლეული. საკასაციო საჩივარში ის ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები. კონკრეტული მტკიცებულება, რაც დასაქმებულებისათვის შინაგანაწესის გაცნობის ფაქტს დაადასტურებდა, კასატორს არ მიუთითებია. ამდენად, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მართებულად მიიჩნია ხელფასის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა დადასტურებულად.

36. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1 813.53 ლარის) 70% – 1269.471 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ს. ო. ნ. ც-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს. ო. ნ. ც-ს“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 13 ივლისს №1436781816 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 813.53 ლარის 70% – 1269.471 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე