Facebook Twitter

№ ას-940-890-2015 22 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ი (ა-ი) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდეგნა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ. ქ-მა (ა-ი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიმართ და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ააიპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №474 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 15 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.

2. მოსარჩელის განმარტებით, მან 1969 წლის 1 სექტემბერს დაიწყო მუშაობა თელავის №... ბაგა-ბაღში აღმზრდელად. 1990 წლის 16 მარტს, შრომითი კოლექტივის მოთხოვნით, რაიონის განათლების განყოფილების №4 ბრძანებით იგი დაინიშნა ამავე ბაღის გამგედ. 2014 წლის 1 სექტემბერს, საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნ. ქ-ის №250 ბრძანების საფუძველზე, მასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით, 2014 წლის 15 ოქტომბრამდე.

3. 2014 წლის 15 ოქტომბერს ნ. ქ-ემ 2014 წლის 15 ოქტომბრის №474 ბრძანებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან ყოველგვარი შეტყობინებისა და მისგან ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე, რაც, მოსარჩელის აზრით, ამტკიცებს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონდარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე. უფრო მეტიც, გათავისუფლების შესახებ ბრძანება მოსარჩელეს გადაეცა 2014 წლის 29 ოქტომბერს, ანუ გამოცემიდან 24 დღის შემდეგ, ისიც მისი 2014 წლის 28 ოქტომბრის მოტივირებული განცხადების საფუძველზე. ამასთან, დამსაქმებელს იგი წინასწარ არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და არც კუთვნილი ერთი თვის ანაზღაურება მიუცია.

4. ლ. ქ-ის განმარტებით, მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონის უხეში დარღვევით. შესაბამისად, არსებობდა მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე. აღნიშნული პუნქტი კი არ ითვალისწინებს არც 30 დღით ადრე გაფრთხილებას და არც ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიღებას.

6. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ი-ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-ი-ა-მა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის (ა-ი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ქ-ის (ა-ის) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ თვითმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 15 ოქტომბრის №474 ბრძანება ქ. თელავის №... ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ლ. ქ-ი (ა-ი) ქ. თელავის №... ბაგა-ბაღის გამგის თანამდებობაზე; ა(ა)იპ თვითმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ლ. ქ-ის (ა-ის) სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის გადახდა 2014 წლის 15 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 300 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. ლ. ქ-ი-ა-ი თელავის №... ბაგა-ბაღის გამგედ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2007 წლის 1 ოქტომბრის #246 ბრძანებით დაინიშნა და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, შრომით ურთიერთობებს ახორციელებდა 2014 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. ქ-ი-ა-ი მოპასუხესთან უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა.

11. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2014 წლის 1 სექტემბერს ლ. ქ-ი-ა-თან გაფორმდა ვადიანი (თვე და 15 დღე) შრომითი ხელშეკრულება.

12. ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის №250 ბრძანებით მოსარჩელე ლ. ქ-ი-ა-სა და ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე ლ. ქ--ა-ს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 15 ოქტომბრამდე ქ. თელავის №2 ბაგა-ბაღის გამგის ფუნქციების შესრულება დაეკისრა.

13. ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის №250 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ლ. ქ-ი - ა-ის სახელფასო სარგო შეადგენდა თვეში 300 ლარს (დარიცხული).

14. მოსარჩელე სამუშაოდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის №250 ბრძანება და ლ. ქ-ი-ა-სა და ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შრომის კანონმდებლობას.

16. პალატამ ასევე იხელმძღვანელა ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის უვადო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენის პირობებში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, სამართლებრივი თვალსაზრისით, რამდენად დასაშვები იყო ლ. ქ-ი-ა-ის ვადიან (თვე და 15 დღე) შრომით ურთიერთობებზე გადაყვანა, მით უფრო, იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელდა და რომელიც დასაქმებულთა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

17. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

18. ამდენად, სააპელაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა კონკრეტულ ჩამონათვალს, რაც შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით გაფორმების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან დადოს, სულ მცირე, ერთწლიანი ხელშეკრულება, ან გააფორმოს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. ეს ჩანაწერი განაპირობებს 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა ისიც, რომ ეს რეგულაცია არ ახდენს დამსაქმებელთა ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებს „სხვა ობიექტურ გარემოებასაც“, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებმა შეიძლება თავად განსაზღვრონ სხვა (დამატებითი) ობიექტური გარემოების არსებობის ფაქტი, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისათვის, სასამართლოს დისკრეციაა. იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევის მიმართ, როდესაც ერთ წელზე ნაკლებ ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე უვადოდ დანიშნული დასაქმებულის გადაყვანა ხდება.

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2014 წლის 1 სექტემბრის №250 ბრძანება, დასაქმებულის (მოსარჩელის) მოკლევადიან შრომით ურთიერთობებზე გადაყვანის შესახებ მსგავს დასაბუთებას არ შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილთან, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ისეთი ობიექტური გარემოების არსებობას დაადასტურებდა, რომელიც, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის კონტექსტში, ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით დადებას გაამართლებდა. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ ლ. ქ-ი-ა-ი თელავის №... ბაგა-ბაღის გამგედ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის 2007 წლის 1 ოქტომბრის #246 ბრძანებით, განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა და მისი გადაყვანა ვადიან ხელშეკრულებაზე რაიმე ობიექტური გარემოებით განპირობებული არ იყო.

20. პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეები უვადო შრომით ურთიერთობებში იყვნენ, ამასთან, არ არის გამოკვეთილი დასაქმებულის ვადიან შრომით ურთიერთობებზე გადასვლის ინტერესი, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი (მოპასუხე) ვალდებული იყო შესაბამის ბრძანებაში (#250) მიეთითებინა დასაქმებულის ვადიან შრომით ურთიერთობებზე გადაყვანის მიზეზი (საფუძველი), რაც შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების ერთი თვისა და 15 დღის ვადით დადებას გაამართლებდა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილზე დაყრდნობით სააპელაციოო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ-ი-ა-სა და ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებას შორის 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდი განისაზღვრა, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის დანაწესს, რაც ხელშეკრულების აღნიშნული პირობის (ხელშეკრულების მოქმედების ვადის) ბათილობის საფუძველია.

22. პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით და აღნიშნა, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად. უფლების მართლზომიერად გამოყენების კონტექსტში კი, დაუშვებელია უვადოდ დასაქმებულის ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ მისი სამსახურიდან გაშვების მართლზომიერი საფუძველი შეიქმნას. მით უფრო მაშინ, როდესაც ამგვარი გადაყვანა, იმთავითვე კანონსაწინააღმდეგოა, რადგან 1 წელზე ნაკლებ ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.

23. პალატამ დამატებით განმარტა, რომ განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულის ვადიან შრომით ხელშეკრულებაზე გადაყვანა იმ მიზნით, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი სამსახურიდან გათავისუფლდეს, გარდა იმისა, რომ კანონსაწინააღმდეგოა, დასაქმებულთა თანაბარი მოპყრობის მოტივებიდან გამომდინარე, სახიფათოცაა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „ვადის ამოწურვის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

25. პალატამ საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე და 44-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში, ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

26. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მითითებული ბაგა-ბაღის გამგის (დირექტორის) თანამდებობა ლ. ქ-ი-ა-ის სამუშაოზე აღდგენის დროისათვის შეიძლებოდა დაკავებული ყოფილიყო. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება უკანონოდ გათავისუფლებული სუბიექტის სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდება, ვინაიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლო ვერ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დასაქმებულისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების თაობაზე, ამგვარი დამატებითი პოზიციის, ანუ ქ. თელავის №... ბაგა-ბაღის გამგის (დირექტორის) ტოლფასი თანამდებობის არარსებობისა და ასევე, მისი შექმნის შეუძლებლობის გამო.

27. რაც შეეხება კომპენსაციას, პალატამ აღნიშნა, რომ დასაქმებულის ინტერესის გათვალისწინებით და იმ სულისკვეთების მხედველობაში მიღებით, რაც კანონმდებელს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლში ცვლილება-დამატების განხორციელების პროცესში ჰქონდა, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, მისი გამოყენება მიზანშეწონილი და კანონშესაბამისია რეორგანიზაციის ან სხვა საფუძვლით იმავე თანამდებობის არარსებობის პირობებში, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს.

28. სააპელაციო სასამართლოს გადაწყევტილებაზე თვითმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

29. კასატორის განცხადებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ლ. ქ-ი-ა-ი ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა. 2014 წლის 14 აგვისტომდე ლ. ქ-ი მუშაობდა თელავის გამგეობის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. 2014 წლის 14 აგვისტოს კი შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერია და, შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანება. სწორედ ამ პერიოდიდან დაინიშნა ყველა ბაგა-ბაღის გამგე და თანამშრომლი და გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები. ათვლის წერტილიც 2014 წლის აგვისტოს თვიდან უნდა დაწყებულიყო. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 13 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თელავის №... ბაგა-ბაღის გამგეს ლ. ქ-ს გაუფორმდა ერთჯერადი შრომითი ხელშეკრულება, 2014 წლის 15 ოქტომბერს თვითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის №473 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი რომ მხარისათვის ცნობილი იყო, ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს მისი ხელმოწერა ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ იგი გადაყვანილი იქნა ვადიან შრომით ურთიერთობაზე, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, 2014 წლის 1 სექტემბერს გამოცემულ №250 ბრძანებაში მითითებულია, რომ „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-6 მუხლის 12 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტი შეიცავს ჩანაწერს - „არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას“. აღნიშნული ობიექტური გარემობა კი, კასატორის აზრით, ქ-ის ცნობილი იყო. კერძოდ ის დარღვევები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუს 2016 წლის 12 თებერვლის №ას-1251-1191-2014 განჩინება), სადაც განმარტებულია შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები, მისი გაფორმებისა და შეწყვეტის სამართლებრივი ასპექტები.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე