Facebook Twitter

ბს-949-535(კ-05) 26 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 2 ივლისს მოსარჩელე ზ. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა სარჩელის განხილვა, სამუშაოზე აღდგენა და მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ზ. ო-ი კავშირგაბმულობის, შემდგომში _ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე 40 წელი მუშაობდა. სამინისტროს აპარატში მუშაობა კი დაიწყო 1972 წლიდან. სამინისტროს აპარატში მუშაობისას მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ქების სიგელი, მათ შორის, ღირსების მედალი. იგი თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად და არ დაკისრებია ადმინისტრაციული სასჯელი. 2005წ. 5 ივნისს მას ეცნობა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან 2004წ. 1 ივნისიდან, საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე და ასევე “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლებით. აღნიშნული მოსარჩელემ მიიჩნია არაკანონიერად, რადგან, მისი აზრით, სამინისტროს ლიკვიდაცია არ მომხდარა. კანონის 35-ე მუხლით შეიქმნა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, სადაც გაერთიანდა ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ურბანიზაციის სამინისტრო. კონკრეტულად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია კი არსად აღნიშნული არ არის. მოსარჩელე აცხადებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, ლიკვიდაციის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დროს. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ რეორგანიზაცია განიცადა 2004წ. 11 თებერვალს ¹3277 კანონის საფუძველზე. ზ. ო-ი გააფრთხილეს, რომ ერთი თვის მანძილზე, ანუ 1 აპრილამდე, შესაძლებელი იყო მისი სამსახურიდან დათხოვნა. 1 აპრილს იგი აგრძელებდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მინისტრის აპარატის უფროსის ...ის თანამდებობაზე თავის მოვალეობას და დაინიშნა ახლად შექმნილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის ...ის, ხოლო შემდეგ, ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ...ის თანამდებობაზე. ორი თვის გასვლის შემდეგ მინისტრმა გამოუცხადა, რომ აღარ უგრძელებდა ხელშეკრულებას. ზ. ო-ი განმარტავდა, რომ ხელშეკრულება მას სამინისტროსთან არ გაუფორმებია და გაათავისუფლეს ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე. ბუღალტერიამ არ მისცა საბოლოო გამოსასვლელი ხელფასი და გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად არ გადაუციათ. აღნიშნულის თაობაზე კანცელარიის უფროსმა აცნობა ტელეფონით.

2004წ. 7 ივნისს მოსარჩელე ზ. ო-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121-კ ბრძანების ბათილად ცნობა, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის ...ის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა და ასევე, 2004წ. 1 ივნისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, განაცდურის ანაზღაურება 91 ლარის ოდენობით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელე ზ. ო-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, რომ სასამართლოს განეხილა მისი ძირითადი სარჩელი, ხოლო სხვა მოთხოვნებს აღარ აყენებდა.

მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დ. ა-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ზ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121-კ ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე ზ. ო-ის გათავისუფლების შესახებ ბათლად იქნა ცნობილი. მოსარჩელე ზ. ო-ი აღდგენილ იქნა მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში რანგით წინანდელის ტოლფას თანამდებობაზე. მასვე აუნაზღაურდა თანამდებობაზე აღდგენამდე იძულებით განაცდური დროის ხელფასი.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებდა შემდგომ გარემოებებზე:

“საქართველოს მთავრობის სტურუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის ამოქმედებისათვის განხორციელებულ ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, რომლის შესაბამისადაც მოხდა ამ სამინისტროს თანამშრომლების და მათ შორის, ზ. ო-ის წინასწარი გაფრთხილება და შემდეგ გათავისუფლება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე და 96-ე მუხლების პირველი პუნქტების შესაბამისად. აღნიშნულის შემდეგ ზ. ო-ს დაეკისრა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის ...ის მოვალეობის შესრულება 2004წ. 1 მაისამდე, იმავე მინისტრის 2004წ. 27 აპრილის ¹112-კ ბრძანებით ზ. ო-ს გაუგრძელდა უფლებამოსილება 2004წ. 1 ივნისამდე, რაც მას არ გაუსაჩივრებია. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე გათავისუფლდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 31 მაისის ¹121-კ ბრძანების საფუძველზე, რომლის ჩაბარებასა და გაცნობაზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მიიჩნევდა, რომ ზ. ო-ის თანამდებობიდან გათავისუფლებით სრულად იქნა დაცული “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94.1 მუხლი, რომლის თანახმადაც, სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იქნა არჩეული ან დანიშნული.

სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა დ. ა-ემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე ზ. ო-ი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ, რადგან ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 თებერვლის ¹01 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ზ. ო-ი, როგორც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს აპარატის ...ე, 2004წ. 20 თებერვალს, გაფრთხილებულ იქნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე, იმის შესახებაც, რომ მას უფლებამოსილება დროებით გაუგრძელდა 2004წ. 1 ივნისამდე, რაც ზ. ო-ს სადავოდ არ გაუხდია. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, სამსახურიდან თავისუფლდება პირი, რომელიც თანამდებობაზე გარკვეული ვადით იყო არჩეული და მოხელესთან სამსახურებრივი ურთიერთობები წყდება სამსახურის ვადის გასვლის მეორე დღეს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარკვეული ვადით დანიშნული პირი არ გათავისუფლდება სამსახურიდან, თუU იგი ახალი ვადით იქნება დანიშნული. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რამდენადაც ზ. ო-ი ახალი ვადით თანამდებობაზე დანიშნული არ ყოფილა, ამდენად, მოსარჩელესა და სამინისტროს შორის შრომითი ურთიერთობები შეწყდებოდა 2004წ. 1 ივნისს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ო-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ მომხდარა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია და იგი გადავიდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ”კანონის 96-ე მუხლის პირველი და 96-ე მუხლის მეოთხე პუნქტები, რის საფუძველზეც მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.

კასატორი მიუთითებდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი საოლქო სასამართლოში შეიტანა გასაჩივრების ვადის გაშვების შემდეგ, კერძოდ, 2005წ. 25 თებერვალს. გადაწყვეტილება გამოცხადდა 6 დეკემბერს და ამ დროს სხდომის დარბაზში იმყოფებოდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი. საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 2004წ. 25 იანვარი, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა.აქვე კასატორი აღნიშნავდა, რომ საოლქო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია მისი მოთხოვნა ბრძანებების (01 და 121-კ) უკანონოდ ცნობის შესახებ, მაშინ, როდესაც აღნიშნული ბრძანებები მიღებულია კანონებისა და ნორმატიული აქტების უხეში დარღვევით. ამასთან, სასამართლომ არ მიიღო მისი შეგებებული სარჩელი, რაც აშკარად მიუთითებს სასამართლოს ტენდენციურობაზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საოლქო სასამართლოს 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 6 მარტის ¹81 ბრძანებულების I პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია. ამავე ბრძანებულების მე-14 პუნქტის შესაბამისად, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო ჩაითვალა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლად.

ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის 2004წ. 19 თებერვლის ¹01 ბრძანების საფუძველზე კასატორი, როგორც ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს აპარატის ...ე, 2004წ. 20 თებერვალს, გაფრთხილებულ იქნა მისი მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ კასატორ ზ. ო-ს დაეკისრა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს აპარატის უფროსის ...ის მოვალეობის შესრულება, ხოლო ამავე მინისტრის 2004წ. 27 აპრილის ¹121-კ ბრძანებით უფლებამოსილება გაუგრძელდა 2004წ. 1 ივნისამდე.

ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121კ-ს ბრძანებით კასატორი “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 35-ე მუხლისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ზ. ო-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ზემოაღნიშნული ბრძანების კანონშესაბამისობის თაობაზე და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს:

კასატორის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ბრძანებით, “ საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე მუხლებზე მითითებით, სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

საყურადღებოა, რომ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო შეიქმნა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის საფუძველზე, რომლის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროები.

კასატორის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს არ წარმოადგენს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათავისუფლება მოხდებოდა ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის საფუძველზე და პირი ავტომატურად ვერ განაგრძობდა მუშაობას ახლად შექმნილ სამინისტროში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციას, აღნიშნული განხორციელდა “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2004წ. 24 ივნისის საქართველოს კანონით, რომლითაც შეიქმნა ახალი – ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ამავე კანონით, საქართველოს მთავრობას კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში დაევალა უზრუნველეყო ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

ამდენად, უდავოა, რომ კასატორის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში, ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს, ე.ი იმ სამინისტროს, საიდანაც მოხდა კასატორის დათხოვნა, ლიკვიდაცია არ განუცდია. შესაბამისად, არამართებულია გათავისუფლების საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითება, რომელიც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს დაწესებულების ლიკვიდაციას და რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121კ-ს ბრძანება მიიჩნიოს კანონშეუსაბამოდ.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია საქმის არსებითად განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას, თვლის, რომ საქმე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, იმ საკითხის გასარკვევად, არსებობს თუ არა ის თანამდებობა, რომელზედაც მხარე ითხოვს აღდგენას.

რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის 1 -თვიანი ვადის გაშვების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო წარმოება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების უფლების წარმოშობას უკავშირებს მხარისათვის სასამართლო აქტის გადაცემას, რომლითაც ამ უკანასკნელს განემარტება გასაჩივრების უფლება, გასაჩივრების ვადა და წესი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ჩაბარების ფაქტს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღებული აქვს საპროცესო ნორმათა დაცვით.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი შეგებებული საპელაციო საჩივრის წარმოებაში მიუღებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეში მოძიებული ვერ იქნა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის არსებობის ფაქტს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი და მითითებული არ არის არც თავად კასატორის მხრიდან, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ემყარება შესაბამის მტკიცებულებებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121კ-ს ბრძანების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

არაკანონიერად იქნეს ცნობილი ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2004წ. 31 მაისის ¹121კ-ს ბრძანება, ზ. ო-ის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.