Facebook Twitter

საქმე №ას-193-184-2016 22 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ფ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ზ. ს-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ფ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ლაგოდეხის რაიონში მდებარე #... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ მას სადავო ქონების ფლობის უფლება გააჩნია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ლაგოდეხის რაიონში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების #... მიწის ნაკვეთი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. 2015 წლის 3 დეკემბერს დანიშნული სააპელაციო სასამართლოს სხდომა აპელანტის წარმომადგნელის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2016 წლის 21 იანვარს, 10:15 საათზე, რის თაობაზეც აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად, 2015 წლის 10 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრ ბ. მ-ეს.

1.3.2. აპელანტი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სათანადოდ;

1.3.3. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი თ. წ-ი, თუმცა მის მინდობილობას ვადა ჰქონდა გასული;

1.3.4. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და ძირითადად პრეტენზიას გამოთქვამს შემდეგზე:

1.4.1. განჩინების გამოტანის დროს დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნები, რადგანაც უწყების მიმღები პირი არ არის აპელანტის ოჯახის წევრი, არამედ მასთან დაახლოებული პირია და არ შეიძლება სასამართლოს მხარე ჯეროვნად ინფორმირებულად მიეჩნია. პროცესის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელმა შეიტყო მოსამართლის თანაშემწისგან;

1.4.2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადის გასვლის თაობაზე მხარისათვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე, ამგვარ საკითხს საპროცესო კანონმდებლობა არ არეგულირებს, ასეთ შემთხვევაში, მსგავსად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლისა, სასამართლომ უნდა გადადოს სხდომა და მისცეს ვადა მხარეს უფლებამოსილების ხარვეზის გამოსასწორებლად;

1.4.3. სასამართლო სხდომაზე აპელანტს არ შეეძლო გამოცხადება ჯანმრთელობის გაუარესების გამო, აღნშნულის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელმა აცნობა სასამართლოს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას არ იქნა გათვალისწინებული. ამ გარემოების დადასტურების მიზნით, მხარემ კერძო საჩივარს დაურთო 2016 წლის 21 იანვარს გაცემული, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი სამედიცინო ცნობა.

1.5. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ან განუხილველად დატოვოს სარჩელის/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). როგორც წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3. პუნქტშია მითითებული, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო აპელანტის გამოუცხადებლობა, ხოლო მისი წარმომადგენლის სხდომაზე დასწრება არ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელ გარემოებად იმის გამო, რომ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს ვადა ჰქონდა გასული. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, რადგანაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის დაუსწრებელი გადაწყვეტილების/სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უმთავრესი წინაპირობა: პრეზუმფცია იმისა, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი დავის მიმართ და/ან იჩენს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას სამართალწარმოების მიმართ. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მხარე გამოცხადებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლოს სხდომაზე იგი წარდგენილი იქნება წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის უფლებამოსილებასაც შეიძლება გააჩნდეს გარკვეული ნაკლი. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის გამოცხადება მიანიშნებს დავის მიმართ მხარის ინტერესის არსებობაზე, რის გამოც სასამართლომ მას უნდა მისცეს გონივრული ვადა არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და შესაბამისი უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობის წარმოსადგენად (იხ. სუსგ-ებები: Nას-953-1259-07, 31 მარტი, 2008 წელი; №ას-677-644-2014, 12 თებერვალი, 2015 წელი). ამდენად, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადება, მიუხედავად იმისა, რომ უფლებამოსილებას ამოწურული ჰქონდა ვადა, არ შეიძლებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას დადებოდა საფუძვლად. ამასთანავე, პალატა დამატებით აღნიშნავს იმასაც, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინების პირისათვის ჩაბარება, რომელიც ადასტურებს, რომ არის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი სწორედ იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველია, რომ შეტყობინება ბარდება მხარეს და ეს გარემოება საპროცესო მოქმედების შესრულების საკმარისი წინაპირობაა. ამგვარი პრეზუმფციის დაშვების საფუძველს წარმოადგენს, როგორც მითთებული საპროცესო ნორმის, ისე _ 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება საკუთარი მისამართის სწორად მითთება და მისი ჩაუბარებლობის რისკს კანონმდებელი მასვე აკისრებს, ამგვარად შეიძლება განიმარტოს 74-ე მუხლის დებულებაც, რამდენადაც მხარის მიერ მითითებულ საკუთარ მისამართზე გაგზავნილ შეტყობინებას იბარებს პირი, რომელიც გამოთქვამს მზაობას შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემის შესახებ და ადასტურებს, რომ ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია.

1.7. პალატა ასევე არ იზიარებს მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ არსებობდა უშუალოდ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რადგანაც სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად (ფორმა #IV-100/ა) ირკვევა, რომ სასამართლო სხდომის დღეს აპელანტმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და დაუდგინდა დიაგნოზი მწვავე ბრონქიტი, ბრონქოსპაზმი, იგი იმავე დღეს გაეწერა ბინაზე, წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა არ ადასტურებს აპელანტის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.8. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ფ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე