საქმე №ას-210-200-2016 22 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. კ-ი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, მ. ჩ-ე
მესამე პირები _ ა. ჩ-ა, ს. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ვ. ჯ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები), ასევე, მესამე პირების: ე. კ-ის (შემდგომში _ აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), ა. ჩ-ასა და ს. კ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ.თბილისში, ჯ-ის ქუჩა #...ში მდებარე უძრავი ქონებიდან დ. ჯ-ას სახელზე რიცხული 1/4 წილი საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მ. ჩ-ის განმარტებით, საჯარო რეესტრში დ.ჯ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სადგომზე პრეტენზია არ გააჩნია, თუმცა მოსარჩელემ წლების წინ მიითვისა მისი მამკვიდრებლის კუთვნილი 40 კვ.მ ფართი, რომლის მოსარჩელისათვის გადაცემაზეც მოპასუხე თანახმა არ არის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ.თბილისში ჯ-ის ქუჩა #...ში მდებარე უძრავი ქონებიდან, დ. ჯ-ას სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი (1/4 ნაწილი), ცნობილ იქნა უმკვიდროდ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, ასევე, მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.
1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად:
1.3.1. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი და ეცნობა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განხილვა გადაიდო 2015 წლის 27 ნოემბერს, 11:00 საათზე;
1.3.2. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2015 წლის 10 დეკემბერს;
1.3.3. სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 11 იანვარს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდგომ, ამასთანავე, მართალია, აპელანტის წარმომადგენელმა 2015 წლის 29 დეკემბერს განმეორებით მიმართა სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, თუმცა, პალატის აზრით, ეს გარემოება საპროცესო ვადის გამოთვლაზე გავლენას ვერ იქონიებდა.
1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მან (წარმომადგენელმა) 2015 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების თხოვნით მიმართა, რადგანაც არ ესწრებოდა მის გამოცხადებას. სარეზოლუციო ნაწილი ადრესატს 2015 წლის 10 დეკემბერს ჩაბარდა, რაც მითითებულია საქმეში არსებულ ხელწერილშიც. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების დროისათვის ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20 დღეც არ იყო გასული და სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ვერ გადასცემდა მხარეს, ამასთანავე, მხარემ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 22 დეკემბერს და იგი ჩაბარდა ამავე წლის 29 დეკემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა დადგენილი ვადის დაცვით, 2016 წლის 11 იანვარს.
1.5. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტებს და ყურადღებას გაამახვილებს საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღზე, საქმეში არსებულ ხელწერილებსა და სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (27 ნოემბერი, 2015 წელი) მას ეცნობა კანონით დადგენილი წესით. 2015 წლის 27 ნოემბერს გამოცხადდა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ამ სხდომას არ ესწრებოდა აპელანტი. 2015 წლის 2 დეკემბრის განცხადების თანახმად, აპელანტის წარმომადგენელმა ითხოვა და 2015 წლის 10 დეკემბერს (იხ. ხელწერილი) ჩაიბარა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო 22 დეკემბერს მიმართა სასამართლოს და 29 დეკემბერს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება, თავის მხრივ, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2016 წლის 11 ნოემბერსაა წარდგენილი.
1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (იხ. სუსგ დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება). მითითებული ნორმის, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2015 წლის 17 დეკემბერი, 30-ე _ 27 დეკემბერი. მხარემ ამ ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ხოლო გადაწყვეტილების უშუალოდ გადაცემიდან მას არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა).
1.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას დამატებით იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტი დავაში ჩაბმულ იქნა მესამე პირის სტატუსით დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის, ასევე, სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტი პრეტენზიას აცხადებს საკუთრების უფლების შელახვაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს ამ თვალსაზრისით არ შეუმოწმებია, არსებობს თუ არა ე.კ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ, სუსგ-ებები: №ას-705-1078-06, 22 ნოემბერი, 2006 წელი; №ას-253-578-09, 28 მარტი, 2009 წელი; №ას-364-715-07, 16 ივლისი, 2007 წელი).
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან (სსსკ-ის 364-ე და 368-ე მუხლები) საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
1.9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ე.კ-ი წარმოადგენს მესამე პირს, რომლის სტატუსიც საქმის განხილვის ამ ეტაპზე არ არის შეფასებული (გააჩნია თუ არა მოთხოვნის უფლება), იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის იქნება მიჩნეული დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირად, მაინც არ იარსებებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წინაპირობა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. კ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება და ე. კ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე