Facebook Twitter

საქმე №ას-291-277-2016 22 აპრილი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – იბა „ქ-ი 43-ის“ თავმჯდომარე კ. ხ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. პ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. პ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში იბა „ქ-ი 43-ისა“ და მისი თავმჯდომარის _ კ. ხ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ მოსარჩელისათვის მისი საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ წარმოებული მშენებლობის შედეგად მიყენებული ზიანის _ 44 837 ლარისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნასა და მის ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ მშენებლობა ტექნიკური ნორმების დაცვითაა ნაწარმოები და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის _ 44 837 ლარისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი, ასევე, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვასა და ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „ქ-ი 43-ის“ თავმჯდომარე კ. ხ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო შეტყობინება საქმის განხილვის თაობაზე ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 7 დეკემბრის უწყებით;

1.3.2. მხარეს სასამართლოსათვის არ მიუმართავს განცხადებით სხდომის გადადების თაობაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია;

1.3.3. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც სასამართლოს დასკვნით, საფუძვლიანი იყო თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგს:

1.4.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2015 წლის 7 დეკემბერს, სასამართლოს მხრიდან დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნები;

1.4.2. სააპელაციო პალატას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გამოყენება შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მხარეს ეცნობებოდა სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით;

1.4.3. შპს „ს-ის“ ცნობა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აპელანტს უწყება არ გაგზავნია, ფოსტის განმარტებით, მას კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩასაბარებლად გადაეცა მხოლოდ გასაჩივრებული განჩინება.

1.5. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. ამდენად, აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებაც უნდა შემოწმდეს იმ საპროცესო წესების ფარგლებში, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიმართ.

1.5.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი კი, ადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის სტანდარტს და ნორმის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ასეთად მიიჩნევს მხარის ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოუწვევლობას. სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას.

1.6. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიის შემოწმების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებზე:

1.6.1. საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხე იბა „ქ-ი 43-ის“ დირექტორი კ.ხ-ე საკუთარ მისამართად მიუთითებს შემდეგს: ქ.თბილისი, ქ-ის 43, ხოლო ალტერნატიულ მისამართად _ ქ.თბილისი, ნ.რ-ის 33, ოფისი #...; სააპელაციო საჩივარში იბა „ქ-ი 43-ის“ მისამართად კვლავ მითითებულია ქ.თბილისი, ქ-ის ქ#43, ხოლო ალტერნატიულ მისამართად _ ქ.თბილისი, ქ-ის ქუჩა, კორპუსი #..., ბინა #...;

1.6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნა 2016 წლის 10 მარტს, 12:00 საათზე, შესაბამისად, სასამართლო სხდომის თაობაზე გაგზავნა შეტყობინებები მხარეებთან;

1.6.3. საქმეში წარმოდგენილი უწყებების თანახმად, სასამართლო შეტყობინება ამხანაგობის თავმჯდომარეს პირველად გაეგზავნა ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩაზე #... კორპუსის #... ბინაში. საფოსტო შეტყობინების თანახმად, მითითებულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა; კ. ხ-ეს ამავე მისამართზე, ხოლო იბა „ქ-ი 43-ს“ უწყება გაეგზავნა ქ.თბილისში, ქ-ის ქ#...-ში, პირველი სადარბაზოს მე-3 სართულზე, #... ბინაში. ამხანაგობისათვის გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის მიზეზად ფოსტამ არასრული მისამართი, ხოლო კ.ხ-ისათვის ჩაუბარებლობის მიზეზად ადრესატის არყოფნა მიუთითა. საქმეში მოიპოვება სასამართლოს გზავნილი (უწყება) ამხანაგობის სახელზე, სადაც ადრესატის მისამართად მითითებულია ქ.თბილისი, ქ-ის ქ#43, თუმცა, საფოსტო შეტყობინების თანახმად, უწყება ამხანაგობას არ ჩაბარდა მისამართზე ქ.თბილისი, ქ-ის ქუჩა, კორპუსი 7-, ბინა 18 იმ საფუძვლით, რომ შინ არავინ იმყოფებოდა.

1.7. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარის ინფორმირების ფაქტი, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ მითითებული 2015 წლის 7 დეკემბრის უწყება რომელიც ადრესატს ექნებოდა ჩაბარებული, რაც შეეხება შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტს, პალატა ვერც ამ კონტექსტში გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, უწყება ადრესატს გაუგზავნოს განმეორებით თუ იგი პირველი გაგზავნისას არ ჩაბარდა და შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ შეტყობინება გაგზავნილია უშუალოდ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე (სსსკ-ის 71.2 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება ის, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს არასწორ მისამართზე ეგზავნებოდა შეტყობინება, რაც შეეხება უშუალოდ ამხანაგობას, მას შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა უწყება თუმცა განმეორებით გაგზავნილ უწყებაში ადრესატის მისამართად მითითებულია ქ-ის ქ#43, ხოლო საფოსტო შეტყობინებაში _ ქ-ის ქუჩა, კორპუსი 7-, ბინა 18.

1.8. საკასაციო სასამართლო ვერ გზიაიარებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას _ შპს „ს-ის“ წერილობით პასუხს და აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულების, ისე, როგორც ზოგადად მტკიცებულებების შეფასება ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და მათ სანდოობას სასამართლო წყვეტს შინაგანი რწმენის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს არა ერთი შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის საწინააღმდეგოდაც შპს „ს-ის“ წერილი უთითებს იმაზე, რომ კ.ხ-ეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით არ გაგზავნია წერილობითი კორესპოდენცია. ამ გარემოებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას საკასაციო სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს და არ იზიარებს, მიუხედავად ამისა, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო შეტყობინების ჩაბარების თაობაზე კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია და არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „ქ-ი 43-ის“ თავმჯდომარე კ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე